საინფორმაციო ფურცელი
ავტომობილის დაზღვევა TBCI/MO/D-01/17
საინფორმაციო ფურცელი

გამარჯობა

თქვენ ეცნობით ავტომობილის დაზღვევის ძირითად პირობებს. ეს საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს დაზღვევის პირობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად, მისი გაცნობა ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

ვინ არის მზღვეველი?

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე

ეს საინფორმაციო ფურცელი შეიცავს ინფორმაციას იმ ხელშეკრულების შესახებ, რომელსაც ავტომობილის დაზღვევისას აფორმებთ.
თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენისას, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“.  „პოლისში“ მითითებულია დაზღვევის პირობები. იგი წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას.

„პოლისში“ მითითებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე www.tbcinsurance.ge.

თქვენ მიერ დაზღვევის შეძენისას იგულისხმება, რომ თქვენ დაეთანხმეთ ვებგვერდზე განთავსებულ და „პოლისში“ მითითებულ დაზღვევის პირობებს.

რა არის დაზღვეული?

ავტომობილის დაზღვევა შედგება სამი სექციისაგან:

A.   ავტომობილის ძარის დაზღვევა - ანაზღაურდება ავტომობილის როგორც სრული, ისე ნაწილობრივი დაზიანება, თქვენ მიერ შერჩეული და პოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობის გამოკლებით;

B.     მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - ამ დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილის მართვისას, მესამე პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებული ზიანი;

C. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა - ავარიის შემთხვევაში, ანაზღაურდება დაზღვეულ ავტომობილში მყოფი მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი.

 

რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?

·         ავტომობილის ძარის დაზღვევა ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), თუ თქვენს პოლისიში სხვა ქვეყნებიც არ არის მითითებული.

·         მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა ვრცელდება  მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).

 

რისგან ხართ დაზღვეული?

ავტომობილის დაზღვევის პირობებით, ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია ქვემოთ მითითებული სადაზღვევო რისკებით:

·         საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია);

·         ხანძარი, აფეთქება;

·         სტიქიური მოვლენები (მიწისძვრისა და სეტყვის გარდა, თუ პოლისში სხვაგვარად არ არის მითითებული);

·         მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი);

·         საგნის დაცემა.

 

თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:

დაზღვევის შესაძენად თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა შეიძლება იყოს სადაზღვევო პრემიის გადახდა. პრემიის გადახდის გრაფიკს, მზღვეველთან შეთანხმებით, თქვენ შეარჩევთ  და იგი პოლისში აისახება. თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა შესაძლებელია განისაზღვროს ფრანშიზის ოდენობითაც. თქვენ ირჩევთ, გადაიხდით თუ არა ფრანშიზით და ირჩევთ მის რაოდენობას. ფრანშიზა და მისი ოდენობა დაფიქსირდება პოლისში. ფრანშიზის არჩევის შემთხვევაში, თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე გასაცემ ანაზღაურებას დააკლდება სადაზღვევო პოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობა.

 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?

სადაზღვევო პოლისი აქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24 საათზე. იგი გააქტიურდება, თუ: 1. პოლისით განსაზღვრული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია გადახდილია სრულად; 2. მზღვეველმა გადაიღო დასაზღვევი ავტომობილის ფოტოები (სურათების გადასაღებად პოლისის შეძენისთანავე უნდა მიმართოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან დაუკავშირდეთ მზღვეველს ცხელ ხაზზე).

რა არ ანაზღაურდება?

ზარალი არ ანაზღაურდება შემდეგ შემთხვევებში:

·         ავტომობილს მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი;

·         ავტომობილის მართვისას, მძღოლი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში;

·         მძღოლი მანქანას იყენებდა კომერციული დანიშნულებით, სადაზღვევო კომპანიასთან შეუთანხმებლად (მაგ.: ტაქსი, გაქირავება და ა.შ.);

·         სადაზღვევო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინეთ მზღვეველს და პოლიციას;

·         სადაზღვევო შემთხვევის შემდგომ მოძრაობა განაგრძეთ მზღვეველთან შეთანხმების გარეშე, ან პატრულის მითითების გარეშე;

·         დაზღვეული ავტომობილი საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში გადაადგილდებოდა მოძრაობის წესების დარღვევით, გარდა იმ შემთხვევისა როცა არსებობდა სიცოცხლის ან ქონების გადარჩენის აუცილებლობა;

·         ავტოავარია გამოიწვია  ავტომობილის გაუმართაობამ, დაზღვევამდე არსებულმა დაზიანებამ;

·         ავტომობილი დაზიანდა მისი, როგორც ტვირთის ტრანსპორტირების დროს;

·         ზიანი გამოიწვია თვითმკვლელობის ან თვითდასახიჩრების მცდელობამ;

·         ავტომობილი დაზიანდა რბოლაში მონაწილეობისას;

·         ავტომობილი დაზიანდა აეროპორტის ტერიტორიაზე ან დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

·         ავტომობილი დაზიანდა რადიოაქტიურ ზონაში;

·         დამზღვევი/მოსარგებლე/უფლებამოსილი მძღოლი განზრახ გამოიწვევს ან შეეცდება გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა;

·         სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სრულად არ იყო გადახდილი პოლისში მითითებული პირველი, ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია;

·         დაზღვეული ავტომობილი არ წარგიდგენით მზღვეველის წარმომადგენელთან ფოტოების გადასაღებად;

·         ავტომობილი ასევე დაზღვეული იყო სხვა სადაზღვევო კომპანიაში, მზღვეველთან შეუთანხმებლად;

·         ზიანის აღმოსაფხვრელი ხარჯები გასწიეთ მზღვეველთან შეუთანხმებლად;

·         არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის  სხვა საფუძვლები.

 

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:

·         არ გადააადგილოთ დაზღვეული ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან (თუ ამაზე არ მიგითითებენ სამართალდამცავი ორგანოები ან მზღვეველი);

·         დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე - 242 22 22 - და აცნობეთ სადაზღვევო შემთხვევის/ავარიის შესახებ;

·         დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას.

 

ანაზღაურების ძირითადი პირობები

დაზღვევის პერიოდში, ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა პოლისითაა განსაზღვრული. პოლისში მოცემულია სადაზღვევო თანხის ლიმიტი - ანუ ის მაქსიმალური თანხა, რაც ზიანის დადგომისას აგინაზღაურდებათ. იმ შემთხვევაში, თუ, ზიანის დადგომისას, სადაზღვევო თანხის ლიმიტი ნაკლებია ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე, გამოიყენება ხელშეკრულებით განსაზღრული ანაზღაურების პროპორციული მეთოდი.

 

რამდენ დღეში ანაზღაურდება ზიანი?

ზიანი ანაზღაურდება ჩვენ შორის ზიანის ოდენობაზე წერილობითი შეთანხმების გაფორმებიდან 5  (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?

დაზღვევა შეიძლება შეწყდეს, როგორც თქვენი, ისე სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით, ნებისემიერ დროს. დაზღვევა შეწყდება იმ შეთხვევაში, თუ მისი შეწყვეტის ინიციატორი მეორე მხარეს წერილობით შეტყობინებას გაუგზავნის. საჭიროა, შეტყობინება დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში გაიგზავნოს. დაზღვევა შეიძლება ასევე შეწყდეს დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენ მიერ გადახდილი პრემიის უკან დაბრუნება, დაზღვევის პირობებში გაწერილი წესის შესაბამისად.

დაზღვევა ასევე  შეწყდება, თუ თქვენ არ იხდით სადაზღვევო პრემიას  და პოლისში მითითებული გადახდის თარიღიდან გადაცილებულია 30 კალენდარული დღე.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 242 22 22.

თქვენს შეტყობინებას განიხილავს ხარისხის მართვის განყოფილება შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

 

მონაცემთა დაცვა:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34

 

 

 

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!