facebook logo

მოგზაურობა

მოგზაურობა კამბოჯის უძველეს ცივილიზაციაში

მოგზაურობის დროს ძირითადად უნიკალურ  და ავთენტურ ადგილებს ვეძებთ, სადაც ბევრი ადამიანი ნამყოფი არ არის. ასეთი ადგილებისგან უფრო ნამდვილ გამოცდილებას ვიძენთ. ეს კი ისეთ გრძნობას გვბადებს, რომ გამორჩეულები ვართ და ამ ადგილების სულისკვეთებას შევიგრძნობთ. თუმცა, არის ისეთი ადგილებიც, რაც მიუხედავად უამრავი ვიზიტორისა, განსაკუთრებული და დაუვიწყარია.

ანგკორის ტაძარი, ქვის ნაგებობა, გოგონა

სწორედ ასეთი ადგილია სიემ რიპი, კამბოჯის დასავლეთით, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება - ტაძრების კომპლექსი ანგკორი მდებარეობს. მიუხედავად ამისა,  ეს არ ნიშნავს, რომ სიემ რიპში ადგილობრივების  ცხოვრებას ვერ ნახავ. ბაზარში ერთი შევლაა საჭირო, რომ სიემ რიპელი კამბოჯელების ყოველდღიურობაზე წარმოდგენა შეგექმნას.

ანგკორის ტაძრის გამოსახულებები

ანგკორი არა მარტო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, არამედ მსოფლიოში, ტაძრების ყველაზე დიდი კომპლექსია, რომელიც XII საუკუნის მეორე ნახევარში ქმერებმა ჰინდუისტურ ღმერთს ვიშნუს მიუძღვნეს და რომელიც საუკუნის ბოლოს ბუდისტურ ტაძრად გარდაიქმნა. კომპლექსის ზომის გამოზოგი ტურისტი მთელ კვირას მის დათავლიერებაში ატარებს.

ორ კაცს სტაფილოსფერ კაბაში მიაქვს ხის ტოტები

ანგკორის ტურის დაწყებამდე გვირჩიეს, რომ გიდი აგვეყვანა. ამ რჩევას არასდროს მივყვები ხოლმე და ეს გადაწყვეტილება არასდროს მინანია. ასევე გვირჩიეს, რომ ჯერ მუზეუმი გვენახა, სადაც დეტალურად მოთხრობილია კამბოჯისა და ტაძრის უძველესი ისტორია. ეს რჩევაც არ გავითვალისწინეთ. ზედმეტი მოლოდინის გარეშე, მეორე დღეს, დილიდანვე, კომპლექსისკენ ტუკ-ტუკით გავემგზავრეთ.

ანგკორის ტაძრის შესასვლელი, მანქანა

ნახევარ საათიანი ჯაყ-ჯაყის შემდეგ ნელ-ნელა გამოჩნდა ქვიშაქვის ნახევრად დანგრეული, ჯუნგლებთან შეზრდილი ტაძრები. ტროპიკული მცენარეებით დაფარული ქვის ნაგებობები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ბუნებამ, ერთ დროს ადამიანის მიერ შექმნილ, ძლიერ ცივილიზაციაზე გაიმარჯვა. ნანგრევების ზოგიერთ კედელს მწვანე ხავსი აქვს, ზოგს წითელი ფერი დაჰკრავს, რაც მზის შუქს საოცრად ირეკლავს. ტაძრებს უზარმაზარი, ტროპიკული ხეები ადგას, რომლის ფესვები ქვის კედლებზე სანთელივითაა.

ხის ფესვები ქვის გამოქვაბულზე

ქმერების მიერ შექმნილი უნიკალური არქიტექტურა საოცრად დიდებული და შთამბეჭდავია. ბუდას მომღიმარი სახეები, რომელიც თითქოს, გარშემო მდებარე ჯუნგლების განუყოფელი ნაწილია, ვიზიტორებს უსაზღვრო სულიერ სიმშვიდეს ჰმატებს. არამგონია დედამიწაზე ბევრი ასეთი ადგილი იყოს.

ქვის კედლები, ამოჭრილი ორნამენტები, გოგონა ზის

შთაბეჭდილებებით დაბრუნებულებს ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ჯერ ანგკორზე მზის ამოსვლა უნდა გვენახა და იქაურობა შემდეგ შეგვეფასებინა. ჩვენი სახლის მეპატრონემ Phnom Bakheng-ზე მისვლა გვირჩია, სადაც სიმშვიდე და ცოტა ხალხი დაგვხვდებოდა. დილის 4:00 საათზე უკვე მზად ვიყავით, რათა საათ-ნახევარში მზის ამოსვლას შევხვედროდით. მოკლე მგზავრობის შემდეგ, ტუკ-ტუკი გაჩერდა. მძღოლმა დანგრეული ინგლისურით აგვიხსნა, რომ დანარჩენი გზა ჩვენით უნდა გაგვეკვლია. ღამის წყვდიადს ტელეფონის ფანრით ვინათებდით. რამდენიმე წუთში ჩვენს გვერდით სხვა ვიზიტორებიც გამოჩდნენ. ყველანი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილში აშენებული ანგკორის ტაძრის ნანგრევებზე დავსხედით და დავიწყეთ პირველი განათების კვალის ძიება.


ქვაზე გამოკვეთილი ფიგურები, გოგონა, ტროსები


ჯუნგლებში მზის ამოსვლის დროს ბოლომდე იგრძნობოდა ბუნება როგორ იღვიძებდა, ნელ-ნელა სხვადასხვა არსებების ხმები ერთმანეთს ემატებოდა და მზის სხივები ტაძრებს ადგებოდა. ანგკორზე თუ ხარ, მზის ამოსვლა აუცილებლად უნდა ნახო.

კაცი უყურებს კლდეზე გამოკვეთილ ფიგურებს

მესამე დღეს, დილით ადგილობრივ ბაზარში გავისეირინეთ. ალბათ ქაოსის განმარტება ბოლომდე არ გეცოდინებათ, თუ მსგავს ადგილას ნამყოფი არ ხართ. თუ ცოტათი მაინც OCD-ს (Obsessive Compulsive Disorder) გარკვეული სახეობები გაწუხებთ, ამ შემთხვევაშიც მარტივად ვერ გადაიტანთ ამ გამოცდილებას. მთელი ბაზარი საოცარი სანახაობაა, ბოსტნეულის და ხილის ფერებით, ზღვის პროდუქტების მრავალფეროვნებით, ადამიანების უწყვეტი ფუსფუსით, უცნაური სურნელებით. 

თევზის ბაზრობაზე ზის ქალი ვარდისფერი შლაპით

ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო მაინც ის არის, რომ ხალხი უზომოდ კეთილგანწყობილია. არ ერიდებათ კამერის წინ გაღიმება. თავს გიკრავენ და ტკბილად გესალმებიან. იმავეს ნახავ კამბოჯის სხვა მხარეებში: კეპში, კამპოტში და კოჰ რონზე.

ბაზრობა, ხალხი ყიდის რაღაცებს, დიდი კალათები

ბაზარში აუცილებლად დილით უნდა მიხვიდეთ შუა დღისას უკვე გაუსაძლისი სიცხეა და პროდუქტიც ნაკლებია. ამიტომ ჩვენ შუადღეს მუზეუმში წავედით.

ფერად ტანსაცმლიანი ხალხი ბაზრობაზე

ანგკორის მონახულებას ყველას აუცილებლად ვურჩევდი, ვისაც ისტორია და რელიგია აინტერესებს, ველურ სილამაზეს აფასებს და ახალი ადგილების ნახვა უყვარს. ვფიქრობ სამი დღე ამისთის იდეალური დროა. თუ ამ ადგილას მოხვდებით, არ დაგავიწყდეთ ბაზარში შეიაროთ და უგემრიელესი კამბოჯის „წიწაკა კამპოტიდან“ შეიძინოთ. თუ უფრო თამამად გრძნობთ თავს შეგიძლიათ მორიელი ან გველი დააგემოვნოთ. ჩვენ გველს გირჩევდით. ეს ყველაფერი ნამდვილად განსაკუთრებული გამოცდილებაა.

ავტორი: ირინა ღუღუნიშვილი
ფოტო: თორნიკე შენგელია