facebook logo

ბიზნესი

ცა და დედამიწა თანამედროვე მენეჯმენტში

გიფიქრიათ - რას შეიძლება ალეგორიულად აღნიშნავდნენ ცა და დედამიწა თანამედროვე მენეჯმენტში? ან როგორ ტრანსფორმირდება აღმოსავლური სიბრძნე, ფილოსოფია და მიდგომები მართვის სისტემებში?

კავშირები და პასუხები, რომლებიც უცნაურად ჟღერს და ერთი შეხედვით არ არსებობს, კომპანია „A-live”-ის დამფუძნებელთან და ფილოსოფოსთან - ანდრო დგებუაძესთან ერთად ერთდროულად ფილოსოფიისა და მენეჯმენტის სამყაროში მოგზაურობისას, სრულიად რეალური, მარტივი და ცხადი ხდება.

თაობების ცვლასთან ერთად იცვლება აზროვნება, მენტალიტეტი და შესაბამისად პრიორიტეტებიც. ამ ყველაფერს კი აშკარა და ხელშესახები ტექნოლოგიური განვითარებაც ემატება. გარდაუვალი ცვლილებების დროში მოგვიწია ცხოვრება, ამიტომ წარმატებასთან ახლოს ის ადამიანები დგანან, ვინც მხოლოდ კი არ ეწევიან, არამედ წინასწარ განსაზღვრავენ და წინ უსწრებენ მოსალოდნელ ცვლილებებს. სწორედ ესაა დღევანდელი მმართველების მთავარი გამოწვევა - როგორი მენეჯერები უნდა იყვნენ ისინი იმ დროში, სადაც შესაძლებლობები უსაზღვროა, გარემო მუდმივად ცვალებადი, ცხოვრების აჩქარებულმა ტემპმა კი საკუთარ თავთან დარჩენის დრო წაგვართვა. წარმატებული მართვის საწყისი თავისუფლებისა და წესის თანაარსებობა და ამ ორ სამყაროს შორის მენეჯერის ლავირება აღმოჩნდა.

„რაც ყოველთვის მიყვარდა ჯაზში სწორედ ის იყო - როგორ ბედავდა ადამიანი თავისუფლება და წესი გაეერთიანებინა. ერთი შეხედვით, სადაც არის თავისუფლება, იქ როგორ უნდა იყოს წესი?! და თუ არის წესი, მაშინ იქ რა უნდა თავისუფლებას?! თუ ამ ორს შორის თანაკვეთა სადღაც მენახა, ერთ-ერთი სწორედ ჯაზური იმპროვიზაცია იყო.“

ინდოელმა მითოლოგმა და ავტორმა - დევდატ პატანაიკმა თანამედროვე ცხოვრებაში ანტიკური ინდური სკრიპტების, სიმბოლოებისა და რიტუალების ინტერპრეტირება მოახდინა და თანამშრომლების, კომპანიებისა და მომხმარებლის უკეთესი გაგებისათვის მენეჯერებს მითების ძალის გამოყენებაში ეხმარება. რა არის მენეჯმენტში ყველაზე მნიშვნელოვანი? - პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ უყურებთ თქვენს ბიზნესს - როგორც მიზნებისა და წესების, თუ როგორც ადამიანების ერთობლიობას? თუ თქვენი პასუხი ეს უკანასკნელია, მაშინ თქვენი თანამშრომლების მოტივაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაიგოთ - რას ფიქრობენ და რისი სჯერათ მათ. პატანაიკის აზრით, ბიზნესი ისე წარიმართება, როგორც იქცევი, შენ კი იქცევი ისე, როგორც გწამს. სწორედ ამ მიდგომაზე დაფუძნებით შეკრა 3 B-ს პრინციპი - As is belief, so is behavior, so is business. აღმოჩნდა, რომ ბიზნესშიც კი ყველაზე მაღალი ღირებულება რწმენაა. ამ ფილოსოფიამ მენეჯმენტის სრულიად ახლებური მიდგომებისაკენ გახსნა ფანჯარა, სადაც ანდრო დგებუაძის ტერმინით - მენეჯმენტის განსულიერების პროცესია დაწყებული.

„რაც კი რობოტის საქმე იყო, ყველაფერი მიაქვს კომპიუტერს და ადამიანისთვის მარტო ერთი საქმიანობა გამოთავისუფლდა - კრეატივი. ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს წაართმევს ადამიანს აღფრთოვანების უნარის, სინდისის ქენჯნისა და „გავიგე“-ს გარდა. „ვისწავლე“ უკვე წაიღო ხელოვნურმა ინტელექტმა, მაშინ, როდესაც რამდენიმე საათში აითვისა ის, რაც მთელმა კაცობრიობამ დღემდე. ამიტომ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ საერთოდ სხვა ეპოქაში შევდივართ. ეპოქაში, სადაც თუ არ ვტრანსფორმირდით სულიერ სამყაროში და კრეატიულ იდეათა სარტყელში, უბრალოდ ფუნქციას დავკარგავთ.“

ამ საუკუნის ყველა მენეჯერის ახალი გამოწვევა იქნება - როგორ დაბალანსდეს წესი და თავისუფლება გუნდის მართვისას? მილენიალები მსოფლიო სამუშაო ძალის ყველაზე დიდი თაობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამქირავებელი მუდმივად ცვალებად სამუშაო ძალასთან უნდა ადაპტირდეს. მილენიალებს აღიქვამენ, როგორც თავნებებს, ბიუროკრატიისადმი და ავტორიტეტებისადმი თანდაყოლილი მიუღებლობის მქონე ადამიანებს. ფიქრობენ, რომ იდენტობის ჩამოყალიბებისათვის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებებია. ამიტომ, ის, თუ რას ფიქრობენ მენეჯერზე და გარემოზე - მათთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

„ერთმა ადამიანმა კარგი მენეჯერობის საკუთარი ვერსია გამანდო - be an asshole! არის ამ ხუმრობაში რაღაც სიმართლის მარცვალი. მორჩილების მიდგომა მენეჯმენტში დიდხანს არსებობდა და გვეგონა, რომ სულ იარსებებდა. ამ მიდგომით შეიძლება იყო Good, მაგრამ ვერასოდეს იქნები Great მენეჯერი. დღევანდელი ახალგაზრდები ეროვნულ მორჩილებაში არ არიან გაზრდილები და თავისუფალი ნება ბევრად დიდი დოზით არის მათში. მილენიალები მოუთმენლები არიან და ვერ მოაქცევთ მათ წესებში. უნდათ დაეხსნან ავტორიტეტებს, ურჩევნიათ პროცესში შეიმეცნონ, შეცდომები დაუშვან და საკუთარი გამოცდილება დააგროვონ.“

საინტერესოა, სადამდე გრძელდება და მიდის ეს თავისუფლება? - თავისუფლება მაშინ გახდება გააზრებული და ღირებული, როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ სადღაც წესიც არსებობს. წესი, რომელსაც აღმოჩენა სჭირდება.

„სტივ ჯობსი სწორედ თავისუფლებით გავიდა წესზე. ის რომ ლეპტოპი მინიმალური და შეხებისას სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, ეს პირველს სწორედ მას დაებადა თავში აზრად. ტექნიკის უზარმაზარ ინდუსტრიაში მხოლოდ სტივმა თქვა - MacBook is a laptop you want to touch და ასე შემოიტანა გრძნობის ელემენტი. Feeling-ის საჭიროება მენეჯმენტმა ამ საუკუნემდე არ იცოდა. მიდგომაზე, რომელიც ფეხს ნელნელა იდგამს, სახელმძღვანელოებში არ წერია, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ყველა უფრთხის გრძნობებს. მაგრამ, მენეჯმენტი მივა იქამდეც და უფრო მეტი ადამიანი იტყვის: ჩემგან მორჩილი არ გამოვა, მომეცი გასაქანი! თქვენი - მენეჯერების კითხვა კი იქნება, როგორ მართოთ ის ადამიანები, რომელთა შიგნითაც ცხოვრობს ბრაჰმა, ანუ შემოქმდი.

“ მართვისა და ურთიერთობების ამ ახალ ფორმატზე გადასასვლელად წინდახედული, წარმატებული კომპანიები ცდილობენ მზად დახვდნენ სიახლეებს. სულ უფრო მეტ ქართულ ორგანიზაციაში ინერგება ლინ მენეჯმენტი და ეჯაილ ტრანსფორმაცია. ლინი ორიენტირებულია პროცესებიდან ზედმეტი ხარჯის აღმოფხვრაზე, არა თანამშრომელთა სამსახურიდან გაშვების გზით, არამედ წარმოების მოცულობის გაზრდითა და დროის ეკონომიით. ეჯაილი კი მართვის მოქნილი მეთოდოლოგიაა, რომელიც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, გაზარდოს საქმიანობის მარგი ქმედების კოეფიციენტი და შეამციროს პროექტების განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების ვადები - ეს ბიზნესის ენის განმარტებით. მარტივად კი რას გულისხმობს მართვის ის მეთოდები, რომლებზეც ნელ-ნელა კომპანიები გადადიან?

„ჰალსტუხის მოხსნის დრო დადგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს უბრალო არეულობას. თუ ბრძენი ადამიანები იქნებით და შორს გაიხედავთ, დაინახვათ, რომ გრძნობა დაემატება - ანუ გაადამიანურდება მენეჯმენტის პროცესიც და ასეთი მენეჯმენტის პირობებში დაბადებული პროდუქტიც. როგორც მენეჯერებმა, ადამიანს თავისუფლება უნდა მისცეთ, დიდ პერიმეტრზე კი - წესი. გაფართოებულ საზღვრებში თავისუფლების განცდა დღესდღეობით ძალიან დიდი მონაპოვარია თანამშრომლებისათვის. ეჯაილი სხვა კი არაფერია...“

ანდრო დგებუაძეს განსხვავებული მენტალიტეტისა და კულტურის ოთახის გერმანელი მეზობელი ჰყავდა, რომლის წლების წინ ნათქვამი დღესაც ახსოვს: do what you know and know what you do – that is quality. ფილოსოფოსმა ამ ერთგვარ განტოლებას გრძნობაც დაუმატა და საკუთარი გაგების სამოთხეც შექმნა: know what you feel, feel what you know, feel what you do and do what you feel!

„ქართულ კულტურაში ეს მიდგომა ნამდვილად დევს - შეგვიძლია თავისუფლებასა და წესს შორის არსებობა და ამის დასამტკიცებლად ქართული პოლიფონიაც კმარა. მოსმენის კულტურა გვაქვს და იმიტომ. თუ ეს კულტურა გაგაჩნია, ხარისხრობივად უკვე სხვა რანგის მენეჯმენტზე შეგიძლია გქონდეს პრეტენზია და არა მორჩილებაზე.“

და ბოლოს, იკვრება წრე, რომელიც ცისა და მიწის სიმბოლოების ერთიანობის უპირატესობას თვალნათელს ხდის ყველაზე რაციონალური მენეჯერებისათვისაც კი.

„ჩვენს საქმეში ჩვენივე შექმნილი უნდა იყოს სტანდარტი. სტანდარტსა და კრეატიულობას შორის არის თეზა - ყოველთვის აკეთე რაღაც განსხვავებული და აკეთე ისე, რომ სტანდარტში იჯდეს, იმიტომ რომ, რასაც სტანდარტს მიღმა გააკეთებ, არ ივარგებს. თან ყოველთვის იზრუნე, რომ სტანდარტი ცვალო და აამაღლო. დაასტანდარტე ის რაც ბევრი მცდელობის მერე კარგად გამოგივა - ამ მიდგომით არსებობს იაპონია. ქართველებს კი არ გვიყვარს სტანდარტი - ცარიელი კრეატივი გვირჩევნია. სწორედ ეს არის ის ცა და მიწა, რომელიც ჩვენს ყოფაში უნდა ჩავრთოთ და ის, რაც პროგრესსა და განვითარებამდე მიგვიყვანს.

“ თანამედროვე მენეჯმენტის, მოტივაციის ფაქტორებისა და მისი მართვის სხვადასხვაგვარი გამოცდილების ერთმანეთთან გასაზიარებლად უმაღლესი რგოლის მენეჯერები საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ პროექტ - „ბიზნეს კაფეს“ მორიგ შეხვედრაზე შეიკრიბნენ.  "ბიზნეს კაფე"-ს მხარდამჭერი თიბისი დაზღვევაა.  მისი მიზანია სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელებს შორის ლიდერობისა და მენეჯმენტის ირგვლივ პრაქტიკული გამოცდილების, ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების გაცვლა. ანდრო დგებუაძის ლექციის შემდეგ, შეხვედრების ამ სერიაში ორგანიზატორებს ახალი ჩანაფიქრი აქვთ - ახალბედა ლიდერები და სახეები წარმოაჩინონ და ფართო ბიზნეს წრეებს გააცნონ ისინი.

ავტორი: მარიამ ყანჩაველი