facebook logo

ბლოგი

ხელოვნების დაზღვევა - თიბისი დაზღვევის ახალი მიმართულება

1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოდან პარიზში წასული დავით კაკაბაძე, 1927 წელს უკვე საბჭოთა საქართველოში ბრუნდება და იძულებული ხდება მოდერნისტულ-ავანგარდისტულ დაჯგუფებებს მოწყდეს. სანამ არსებულ ვითარებაში გაერკვევა, მხატვარი ძირითადად თეატრისა და კინოსთვის მუშაობს. თანდათანობით კი მოახლოვდა დრო, როდესაც სოცრეალიზმი დაკანონდა როგორც ერთადერთი დაშვებული სტილი ხელოვნებაში.

მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინა, კაკბაძემ ხალიჩის მსგავს, იმერეთის აბსტრაჰირებულ პეიზაჟებში ელექტროსადგურის გამოსახულება ჩართო. არც ეს მოუწონეს - სოციალიზმის მშენებლები არ ჩანანო. ამიტომ ერთ-ერთ სურათში, იმერეთის მთის ქვეშ დემონსტრანტები დახატა, მათ ხელში ტრასნპარატნებზე კი - ლენინის, სტალინისა და ბერიას პორტრეტები. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ახალმა რეჟიმმა პიროვნების კულტის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა, კაკაბაძის ტილოზე ბერიასა და სტალინის სახეები საღებავებით დაფარეს. ფერწერულ ნამუშევარს პირვანდელი სახე მხოლოდ წლების შემდეგ, ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული აღდგენა-რესტავრაციის შემდეგ დაუბრუნდა.

1942 წლის ამ ისტორიულმა ტილომ, ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდის საცავი დროებით დატოვა და ფართო საზოგადოებისათვის ამჯერად თიბისი გალერეაში გამოიფინა. დამთვალიერებლს კი საშუალება აქვს თავად ნახოს, მინიატურული მასშტაბით გამოხატული მხატვრის დამოკიდებულება მაშინდელი რეჟიმისადმი და რა დათმობებზე უწევდა მას წასვლა. ეროვნული მუზეუმის ფონდში დაცული 4 ნამუშევარი: „მიტინგი იმერეთში“; „იმერეთი ომის დღეებში“, „ინდუსტრია“ და „მადნის დამუშავება სვანეთში“, თიბისი დაზღვევის დახმარებით, დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი მასშტაბური რეტროსპექტივის ნაწილი გახდა.

„ეს 4 ნამუშევარი კაკაბაძის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდს ასახავს და ლოგიკურად ეხმიანება მხატვრისა და გამომგონებლის იმ სამეცნიერო კვლევებსა და ჩანაწერებს, რომლებიც ასევე ამ ექსპოზიციაზეა წარმოდგენილი. ამ ადამიანის შემოქმედებაში ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში, ამიტომ რეტროსპექტივა, რომელიც ოჯახის უნიკალურ არქივთან ერთად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ფონდებში დაცულ კოლექციებსაც აერთიანებს, ეროვული მუზეუმის ამ ნამუშევრების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნებოდა. მთელი პროცესის განმავლობაში თიბისი დაზღვევის სრული მხარდაჭერა გვქონდა და მათი დახმარებით შევძელით ძალიან მოკლე ვადებში დაგვეზღვია ეს ნამუშევრები. მივესალმები ეროვნული მუზეუმის მზაობასა და ღიაობას, რომ მუზეუმის კოლექციების ექსპონატები მათი სივრცეების გარეთაც გამოიფინოს.“ - ნინა ახვლედიანი - თიბისის არტ-კურატორი; კაკაბაძის საიუბილეო პროექტის ავტორი.

,,განმცხადებლის მხრიდან შემოსული ოფიციალური წერილის განხილვისა და ეროვნული მუზეუმის მხრიდან მოთხოვნილი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ, დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია ექსპონატის დაზღვევის ფასს განსაზღვრავს. ყველა სახის დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანა უმნიშვნელოვანესია მუზეუმის გამართული ფუნქციონირებისათვის. ეროვნული მუზეუმი 1865 წლიდან ინახავს ერის საგანძურს, ამიტომ ჩვენც ვალდებულები ვართ, ეს უნიკალური კოლექციები სწორედ ასე მოწესრიგებული და შევსებული შევუნახოთ და გადავცეთ მომავალ თაობას.“ - ვახტანგ ცინცაძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

ტენიანობისა და ტემპერატურის რეჟიმი, დღისა და ღამის საათებში დაცვის სისტემა - ექსპონატის დროებითმა მასპინძელმა სივრცემ, სხვადასხვა მოთხოვნა და სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს. შემდეგი საფეხური კი დაზღვევაა. ბოლოს კი რესტავრატორების მიერ სპეციალური მეთოდითა და მასალით შეფუთული ექსპონატი, დანიშნულების ადგილზე დაცვის პოლიციას, მუზეუმის რესტავრატორისა და კურატორის თანხლებით გადააქვს.

„ხელოვნების დაზღვევის ინდუსტრიაში არსებობს ტერმინები - „ლურსმნიდან ლურსმნამდე“ და „კედლიდან კედლამდე“, რაც ხელოვნების ნიმუშის ერთ სივრცეში არსებობასა და სივრციდან მეორეში გადატანისას, ნებისმიერი შესაძლო საფრთხისგან და დაზიანებისგან დაზღვევას ნიშნავს. ამ ყველაფრის განხორციელებაში მხარს გვიჭერს ხელოვნების ნიმუშების დაზღვევაში გამოცდილი, ევროპული გადამზღვეველი კომპანია, რომელიც მაღალი სანდოობით სარგებლობს. თიბისი დაზღვევა მომხმარებელს არა მარტო ხელოვნების ნამუშევრების, არამედ ღონისძიებების (კონცერტები), ბილეთების, ფილმებისა და კლიპების გადაღების და ზოგადად, სახელოვნებო ინდუსტრიაში სხვა მრავალი მიმართულების დაზღვევას ვთავაზობთ.“ - დავით კიღურაძე - თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი დაზღვევა დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან დაკავშირებულ ყველა რეალურ თუ ნაკლებად მოსალოდნელ საფრთხეს ითვალისწინებს. ნამუშევრის დაზიანების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია მის აღდგენა-რესტავრაციას უზრუნველყოფს. ყაჩაღობის შემთხვევაში კი ანაზღაურებული თანხით მუზეუმმა საპირწონე ნივთი უნდა შეიძინოს.

,,ასეთი შემთხვევა არასოდეს მომხდარა და იმედია არც მომავალში გვექნება, იმიტომ, რომ ყველა ექსპონატი უნიკალურია და მსგავსი დანაკარგის ჩანაცვლება შეუძლებელია. საზღვარგარეთ გატანასთან შედარებით, ეროვნული მუზეუმიდან სახვითი ხელოვნების ნიმუშების ქვეყნის შიგნით გადაადგილება იშვიათია, იმიტომ რომ რთულია ჩვენი მოთხოვნებისა და პირობების დაკმაყოფილება. ძირითადად ისევ ჩვენს შემადგენელ მუზეუმებში ხდება ექსპონატების გადაადგილება და გამოფენების მოწყობა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც თანამშრომლობის სურვილის მიუხედავად, საგამოფენო სივრცეს ვერ დაუკმაყოფილებია ყველა სტანდარტი და უარი გვითქვამს.

ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როდესაც დოკუმენტაციაც და საგამოფენო სივრცეც წესრიგში იყო, მაგრამ დანიშნულების ადგილას მისულებს, ლოკაცია მოთხოვნილ პირობებთან შესაბამისობაში არ დაგვხდა და ექსპონატები უკან წამოვიღეთ. კაკაბაძის გამოფენისათვის თიბისი გალერეას იმიტომ ვანდეთ ნამუშევრები, რომ დაცვის მექანიზმი მაღალ დონეზე აქვთ. სხვა პირობებიც ჩვენს მოთხოვნილ სტანდარტებს შეესაბამება. როდესაც მშობელი შვილს უშვებს ბაღში, სკოლაში, თუ დასასვენებელ ბანაკში, ის ენდობა იმ ადამიანებსა და ორგანიზაციას, მაგრამ სანამ ბავშვი უკან დაბრუნდება, მაინც ნერვიულობს. ანალოგიურია მუზეუმის თანამშრომლების ემოციური მდგომარეობაც. რა თქმა უნდა, ვალდებულები ვართ, კარგ გამოფენას ხელი შევუწყოთ, მაგრამ სანამ თითოეული ექსპონატი თავის ადგილს არ დაუბრუნდება, მანამდე მუზეუმის თანამშრომლები მშვიდად ვერ გვგრძნობთ თავს.“ - ვახტანგ ცინცაძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

და ვინჩის „მონა ლიზა“, პიკასოს „მტრედი მწვანე მარცვლებით“, რაფაელის „ახალგაზრდა კაცის პორტრეტი“, გუსტავ კლიმტის „ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი“, პოლ გოგენის „გოგონა ღია ფანჯარასთან“; რემბრანდტის „შტორმი გალილეის ზღვაში“, კლოდ მონეს „ჩარინგ-კროსის ხიდი“, ედვარდ მუნკის „ყვირილი“ და „მადონა“ - ისტორია მსოფლიოს ცნობილი სამუზეუმო სივრცეებიდან გატაცებული, შემდეგ კი დაბრუნებული, ზოგჯერ კი განადგურებული ან გამქრალი ნამუშევრების ბევრ შემთხვევას ითვლის. სწორედ ამიტომ, სახელოვნებო სფეროში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეროვნული საგანძურის დაცვის უპირობო წესები და მათგან ერთ-ერთი უსაფრთხოების სისტემა და დაზღვევაა.

საქართველოში ხელოვნების დაზღვევა განსაკუთრებით აქტუალური და მოთხოვნადი ბოლო 1 წლის განმავლობაში გახდა. ბაზელი, ლონდონი, დუბაი, მადრიდი, ნიუ-იორკი - თბილისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მასპინძელი ქალაქების სიას შარშან შეუერთდა. დანიშნულების ადგილი - თბილისი; თარიღი - 17-19 მაისი - უკვე მეორე წელია ეს ლოკაცია და რიცხვი ადგილობრივი და საერთაშორისო სახელოვნებო წრეების წარმომადგენლების გეგმებშია ჩანიშნული. მეორე წელია თბილისი ასობით ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოლექციონერს, კურატორს, ხელოვანს, გალერეასა და უბრალოდ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს მასპინძლობს. წლის ყველაზე მასშტაბურმა, ყოველწლიურმა სახელოვნებო ღონისძიებამ - თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობამ, ბიძგი მისცა ლოკალურ სახელოვნებო სცენაზე პროცესების კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარებას, რაც საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებასა და ნამუშევრების დაზღვევასაც გულისხმობს.

დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტი, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 4 GB, სხვადასხვა ღონისძიება თბილისის საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში - მაისის არტ-კალედნარი საქართველოში დატვირთულია. მრავალფეროვნება ერთ სივრცეში, კავშირების დამყარების შესაძლებლობები, ადგილობრივებისათვის კი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში ახალი აღმოჩენების გაკეთება მოგზაურობის გარეშე - მასპინძელი თბილისი ახალი გამოცდილებებისა და არტ-სამყაროს ცხელი წერტილი ხდება.

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტო: სერა ძნელაძე