facebook logo

ბლოგი

როგორ ვიხეტიალეთ ვიეტნამში მოპედებით

საღამო, ტბა, მოხუცი ზის ქუდით

ცოტა რამ შეედრება იმ გრძნობას, რომელიც ჩვენთვის ახალი და საშიში გამოწვევების გადალახვის დროს გვებადება. მსგავსი გრძნობა მოგზაურობისას ხშირია. ალბათ, სწორედ ეს გვიბიძგემს იმისკენ, რომ თავი ჩვენთვის არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩავიგდოთ და სირთულეები გადავლახოთ. უმეტესად ასეთ შემთხვევებს საოცარი გამოცდილებები მოყვება. 
 

ბაზრობა, მოპედები, ადამიანები

პირველად მსგავსი შეგრძნება ვიეტნამში მოგზაურობისას მაშინ გამიჩნდა, როდესაც ჰო ჩი მინში (Ho Chi Minh City) ღამის 11:00 საათზე დანჯღრეული 125 CC ძრავიანი Yama Nouvo-ები ნახვისთანავე 200 დოლარად ვიყიდეთ და ამით ვიეტნამის ერთ-თვიანი მოტო ტური დავიწყეთ. სანამ ტრასაზე გავიდოდით, ჯერ იმ ქალაქში უნდა გვეხეტიალა, სადაც 8.5 მილიონი მოსახლე ცხოვრობს და თითო ოჯახს მინიმუმ ერთი მოპედი მაინც ყავს, რომელზე ცოლი, ქმარი, ორი ბავშვი და ძაღლი სხედან. ზოგ შემთხვევაში ამ ჩამონათვალს ლეიბები, საწოლის კონსტრუქცია, რადიატორი, ტელევიზორი და თივის ზვინი ემატება.  

ავტობუსი, ქუჩა, ყვიტელი მინდვრის ყვავილები

ქალაქის ქუჩების გავლის დროს პირველადი შიში გადავლახე და მივხვდი, რომ ტურის გეგმის განხორციელება რეალური იყო, იმის მიუხედავად, რომ ვერც დიდად მოპედებში ვერკვეოდით, რამდენიმე ჩვენგანს საერთოდ ტარების გამოცდილება არ ჰქონდა, არც მართვის მოწმობები გაგვაჩნდა და ვიეტნამის გზების ბევრიც არაფერი გაგვეგებოდა. 

მოპედი, გზა ხეები, ბუნება

ტურის დაწყებისთანავე მივხვდი თუ რამდენად მრავალფეროვანი, უსაზღვროდ ლამაზი და უნიკალურია ვიეტნამი. მოპედებით სულ სხვანაირად აღვიქვავდი გარემოს. თითქოს უფრო ახლო ვიყავი ბუნებასთან. ორი კვირის განმავლობაში მოვიხეტიალეთ თეთრი ქვიშიანი სანაპიროები, ტეხასის მსგავსი წითელი ლანდშაფტები, ველური ჯუნგლები, ბორჯომის მაგვარი ნაძვნარი და ლანტერნებით მორთული ძველი ფრანგული ქალაქი ჰოი ანი (Hội An). 

დამუშავებული მიწა, მწვანე ბუნება, მთა, კლდე, ადამიანი, მამალი

 ჰოიანიდან რამდენიმე საათში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გზას ჰაივანის უღელტეხილს (Hải Vân Pass) მივადექით. აქ ტროპიკული მცენარეებით დაფარული მთა ოკეანეს გამოდმოჰყურებს და ამ ორის უნიკალურ სიმბიოზს ქმნის.
ჩვენი იქ ყოფნის დროს მთაზე უზარმაზარი ღრუბელი იყო გადმოკიდებული, რომელიც ოკეანეში ნელ-ნელა ეშვებოდა და კიდევ უფრო ზღაპრულს ხდიდა იქაურობას. ცოტაოდენი შიშის მიუხედავად, განვაგრძეთ ნისლისკენ სვლა და რამდენიმე წუთში ამ თეთრ ღრუბელში გავეხვიეთ, თითქოს ცოტა ხნით უსასრულობაში გავუჩინარდით. ეს გრძნობა არასდროს დამავიწყდება. 


შლემი, გოგონა, ბიჭი, მოპედი, ხეები, გამწვანებული ბუნება

ქალაქიდან გვიან გავედით და არც გაგვკვირვებია, რომ ხეტიალში დაგვაღამდა. სიბნელეში და წვიმაში დანგრეულ ვიწრო გზას მივუყვებოდით, რომელიც ოკეანის და ტბის შორის გადის. დაღლილები და მშივრები ერთ-ერთ სოფელში გავჩერდით. ადგილობრივების გამომეტყველებიდან გამომდინარე მივხვდით, რომ ბევრი არავიეტნამელი იქ ხშირად არ ხვდება. ჯერ დავინახეთ ტრასაზე გამოდგმულ საოჯახო კაფეში  შვილიშვილი ბებიას ტილებს როგორი ზრუნვით აცლიდა თავიდან.

ქუჩის სამზარეულო, მინის კონტეინერი, ქალი ზის და ჩანთაში ყოფს ხელს

მსგავს სიტუაციას ტურის დროს ბევრ სხვა ადგილასაც წავაწყდით. მალე ჩვენთან ახალგზარდა ბიჭი მოვიდა და google translate-ის გამოყენებით გვკითხა დახმარება თუ გვესაჭიროებოდა. შემოგვთავაზა თავისთან დარჩენა. გვკითხა თბილი ტანსაცმელი და საჭმელი თუ გვქონდა. იმდენად თავს არ გვანებებდა, რომ რაღაც მომენტში ყველამ დავუშვით, რომ შეიძლება სერიული მკვლელიც კი ყოფილიყო. თუმცა, გამახსენდა უკაცრიელ ადგილას ახლად ფეხ-ადგმულმა ვიეტნამელმა ბავშვებმა როგორ გაგვიკეთეს მოპედი და ადგილობრივები როგორ გვეპატიჟებოდნენ თავისთან დასარჩენად სხვა მსგავს შემთხვევებშიც.   

მწვანე ჭაობში ტეთრი ფრინველი ზის

სირთულეების მიუხედავად, ხეტიალი განვაგრძეთ და რამდენიმე დღეში ვიეტნამის ძველ დედაქალაქ ჰუეიში (Huế)  აღმოვჩნდით. აქ ყველაზე ძალიან ტუ ტიენის პარკი (Tuy Tien Lake Park) დაგვამახსოვრდა, სადაც შესვლა საღამოს მხოლოდ იმიტომ შევძელით, რომ ჩვენი სასტუმროს მეპატრონე პარკის დაცვის ბიძაშვილი იყო.

დრაკონი, ხიდი, ტბა, ხეები, ბუნება

ეს პარკი ათ წელზე მეტია, რაც მიტოვებულია. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, აქ ადრე მთელი ვიეტნამიდან ოჯახები გასართობად მოდიოდნენ. ახლა კი პარკში ნახევრად დამსხვრეული აკვარიუმები, ცარიელი სასრიალოები, გამხმარი პალმების ტოტებით სავზე აუზები, და ტბის შუაგულში აღმართული დრაკონის ფიგურა დგას. ეს პარკი არაა ისეთი მხიარული როგორც ადრე, თუმცა უნიკალური და მომაჯადოვებელია ისეთი, როგორიც ახლა არის.

მთვარე, ვირი, გზა, ხეები, ბიჭი

ისე ვერ გავივლიდით ვიეტნამს ფუონგ ნასთან (Phong Nha), რომ არ მოვმხვდარიყავით, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოქვაბულები მდებარეობს. ხავსით და ტროპიკული მცენარეებით შემოსილი მთები, რომელსაც ფუანგ ნას მთელი ტერიტორია უჭირავს, ვიეტნამის სხვა ნაწილებშიც გვხვდება. მსგავსი მთები ნინ ბინის (Ninh Bình)  მდინარეებში ვნახეთ. იმის მერე რაც მოპედებით ძლიერ წვიმაში კიდევ ერთხელ მოვყევით და მივხვდით, რომ ნიმ ბიმიდან ჰანოიმდე (Hanoi) ისევ ტრაილერების შორის უნდა გვეარა, გადავწყვიტეთ მოპედები ავტობუსით წაგვეღო.

მოპედი, ადამიანები, ავტობუსი, ქუჩა

იმ დროს არ ვიცოდით, რომ მოპედებს ფაქტობრივად მუხლებზე დადებულს გამოგვატანდნენ. თუმცა გზაში, რომ ვუყურებდით გიჟურ მოძრაობას, მოპედთან ასეთ ახლო ურთიერთობაზე თანახმა ვიყავით. ასე დავამთავრეთ ჩვენი მოტო ტური, რის შემდეგაც რამდენიმე დღე გავატარეთ ვიეტნამის დედაქალაში, რომელიც მისი დიდი ზომის მიუხედავად თავისი სიმყუდროვით და ძველებური შარმით გამოირჩევა. 

ძალიან ლამაზი ორნამენტებით მოქარგული შენობა

 ჰანოიში დრო მქონდა დავფიქრებულიყავი იმაზე თუ რა ვნახეთ და გამოვცადეთ, იმის მერე რაც ჩვენი მოპედები ქართველზე და უკრაინელზე გავასაღეთ. მივხვდი, შიში რომ არ დაგვეძლია და მოპედებით ვიეტნამში არ გვეხეტიალა ვერც იმ ნისლის ღრუბელში გასვლას გამოვცდიდით, ვერც ვიეტნამის ბუნებას ასე ახლოს შევიგრძნობდით. 

ზღვის სანაპიროზე მეთევზეები არჩევენ თევზს

 ვერც იმ უანგარო სიკეთეს ვნახავდით, რომელიც პოტენციურმა სერიულმა მკვლელმა და ბევრმა სხვა ვიეტნამელმა გამოიჩინა ჩვენს მიმართ მთელი ამ მოგზაურობის დროს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნლოვანიც ზუსტად ასეთ ღია და კეთილ ადამიანებთან დაუგეგმავი შეხვედრები აღმოჩნდა.

შავებში ჩაცმული ქალი ფეხით ატარებს ნავს

ყველასთვის არ არის მსგავსი გამოცდილება, თუმცა ვისაც თავგადასავალი და გამოწვევები უყვარს, იმას აუცილებლად ვურჩევდი ვიეტნამში ასეთ მოგზაურობას, უბრალოდ მეტი უსაფრთხოების ნორმების დაცვით.