facebook logo

ბლოგი

ლიდერობის გზა ანიდან ჰოემდე

ადამიანებს აინტერესებთ და უყვართ ისტორიები ადამიანებზე. განსაკუთრებით კი, zero-to-hero ისტორიები.

„Starbucks”-ის ყავის იმპერიის შემქმნელი - ჰოვარდ შულცი, პოპულარული ტელეწამყვანი - ოპრა უინფრი, „ჰარი პოტერი“-ს ავტორი - ჯოან როულინგი, დიზაინერი - რალფ ლორენი, მილიარდერი - რომან აბრამოვიჩი, მსახიობი - ჯიმ კერი - სანამ ამ ადამიანებს მსოფლიო გაიცნობდა, აღიარებამდე იყო ხანგრძლივი გზა, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში იმედგაცრუებასთან, უართან, დეპრესიასთან, დაბალ პოზიციებთან, ფინანსურ თუ პირად პრობლემებთან იყო დაკავშირებული. სხვადასხვა სფეროში ლიდერად ქცეული ადამიანების გამოცდილება იმედს და რწმენას გვაძლევს, რომ შეუძლებელი არაფერია.

„ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს გვირტყამს, მაგრამ არ დაკარგო რწმენა.“ - ეს იმ ადამიანის სიტყვებია, რომელიც ერთ დროს, თავისივე შექმნილი კომპანიიდან გაათავისუფლეს. მაგრამ სტივ ჯობსისათვის „Apple”-დან გამოშვება საუკეთესო ბიძგი აღმოჩნდა. წარმატების სიმძიმე ისევ დამწყებად ყოფნის სიმარტივით შეიცვალა. ამ ეტაპით კი მისი ცხოვრების ყველაზე შემოქმედებით პერიოდი დაიწყო.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანების ისტორიაში შემთხვევითობასა და იღბალს არაფერი გადაუწყვეტია. არსებობს თვისებები და უნარები, რომლებიც ადამიანს წარმატებულ ლიდერად აყალიბებეს, მტკივნეულ გამოცდილებას კი ახალ ენერგიად და იდეებად აქცევს.

თანამედროვე ბიზნესსამყაროში მმართველი ადამიანი ლიდერით იცვლება, რომელიც ზრუნავს გუნდის წევრებზე; თანმიმდევრული და მშვიდია ფიქრებსა და ქმედებებში; ხვალინდელი დღის, საკუთარი თავის, ადამიანებისა და ახალი შესაძლებლობების რწმენა აქვს - სწორედ ასეთი ლიდერებისაა მომავალი. მსოფლიოს მსხვილი ორგანიზაციების მსგავსად, ბოლო წლებია ქართულ ბაზარზეც იცვლება ადამიანის როლი და მნიშვნელობა. ამიტომ, საინტერესოა იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებიც ქართულ რეალობაში ლიდერებად ჩამოყალიბდნენ და რომლებიც მართვის თანამედროვე ტენდენციებს ქმნიან.

  •  ასაკი - 19 წლის
  • კომპანია - „ბრითიშ პეტროლიუმი“
  • პოზიცია - მძღოლი

ასეთი იყო 2000 წელს ჯერ კიდევ სტუდენტი გიორგი მაკარიძის კარიერული გზის დასაწყისი, რომელიც დღეს უზბეკეთში, ავტოლიზინგის ლატვიურ კომპანიას - „მოგო“-ს ხელმძღვანელობს.

„ძალიან ადრე, 19 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. პარალელურად, „კავკასიის ბიზნეს სკოლაში“ ვსწავლობდი. ეს ის დრო იყო, როდესაც სამსახური არ იშოვებოდა. მძღოლის ვაკანსია გამოჩნდა და დავთანხმდი. 2 წლის განმავლობაში, უზარმაზარ დეპარტამენტში, განსხვავებული ასაკის ადამიანებთან ურთიერთობა და საერთო ენის გამონახვა ვისწავლე.“

პირველი დიდი გამოცდილება თიბისი ბანკი იყო, სადაც 3 წლის თავზე საკრედიტო ანალიტიკოსიდან, უფროს საკრედიტო ანალიტიკოსად დაწინაურდა.

„თიბისი იყო პირველი ადგილი, სადაც კორპორატიული ღირებულებები და ბიზნესეთიკა ჩამომიყალიბდა. ხშირად შუაღამემდე ვმუშაობდი. დიდი პორტფელი მებარა. ზუსტად ამ დროს, ჩემმა მეგობარმა - ნიკა ქურდიანმა, რომელიც დღეს თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილეა, მადრიდში სწავლა მირჩია. რეიტინგით მსოფლიოში მე-6 ადგილზე მყოფ „IE Business School“-ში ჩავაბარე, სტუდენტური სესხი ავიღე და მადრიდში გავემგზავრე. ჯგუფში 40 სხვადასხვა ქვეყნის 60 სტუდენტი ვსწავლობდით. ფინანსური საკითხების განხილვისას ვიღაც ინდოეთზე, ბარბადოსზე, იაპონიაზე ყვებოდა, მე კი საქართველოზე, რამაც ხედვის არეალი გამიფართოვა და გლობალურად დავიწყე ფიქრი. მინდოდა საერთაშორისო გამოცდილება დამეგროვებინა და 2-3 წლით დავრჩენილიყავი საზღვარგარეთ.“

სწორედ ამ დროს, 2008 წელს ამერიკაში ფინანსური კრიზისი დაიწყო, რომელიც ნელ-ნელა მსოფლიო ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა. ყველაზე განვითარებულ 30 ქვეყანაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა.

„ეს იყო სწავლის დასრულების შემდეგ ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად ყველაზე ცუდი პერიოდი. საბანკო გამოცდილების მქონე ქართველი, ევროპაში ვეძებდი სამსახურს მაშინ, როდესაც ევროპელი ბანკირები უმუშევრები დარჩნენ. 50-მდე კომპანიასთან გავგზავნე CV, Skype-ინტერვიუსთვის მხოლოდ ორმა დამირეკა და პირველივე კითხვა იყო - მქონდა თუ არა ევროკავშირში მუშაობის უფლება. პასუხის მოსმენისთანავე დამემშვიდობნენ. მეუღლით, 2 ბავშვით, სესხით და უმუშევარი საქართველოში დავბრუნდი.“

ყველა ადამიანს არ შეუძლია მსგავს სიტუაციაში არ დათრგუნოს უიმედობამ. არადა, დაუძლეველი პრობლემებით გამოწვეულ წარუმატებლობაზე მეტად, გაცილებით ხშირია კრახი, რომლებსაც დროებითი კრიზისების გამო ადამიანების დემოტივაცია იწვევს. საბოლოოდ, ადამიანები მაინც იქ აღმოვჩნდებით ხოლმე, სადაც საჭირო ვართ. მაგალითად ისე, როგორც გიორგი ისრაელში - საქართველოს ბანკის წარმომადგენლის სტატუსით.

„მეთოდი, რომელიც მაშინ ჩემს ასაყვანად გამოიყენეს, მომავალში მე თვითონაც არაერთხელ ვიხმარე. ბოლო ეტაპზე მითრხეს, რომ მოსაფიქრებლად სახლში ვერ გამიშვებდნენ - ხელშეკრულებისთვის ან იქვე უნდა მომეწერა ხელი, ან უნდა დავშლილიყავით. ოთახში განუსაზღვრელი დროით და ტელეფონით დამტოვეს. მეუღლესთან დავრეკე - ჩაალაგე, ისრაელში მივდივართ-მეთქი. ასე აღმოვჩნდი ისრაელში 3 წლით.“

ბოლო 5 წელია „მოგო“-ს გუნდს შეუერთდა, სადაც თავიდან ქართულ ბაზარზე კომპანიის ნულიდან განვითარება დაავალეს.

„ყოველთვის დიდი კორპორატიული გუნდის ნაწილი - გამართულ საათში ერთი პატარა მექანიზმი ვიყავი. უცებ კი ფაქტიურად სტარტაპში აღმოვჩნდი, რომელსაც მხოლოდ შპს და ბანკის ანგარიში ჰქონდა დარეგისტრირებული. მეშინოდა, რაღაც არ გამომსვლოდა, შეცდომა არ დამეშვა. შემდეგ დავმშვიდდი და ნელ-ნელა მივყევი პროცესს. იმ 10 კაციდან, რომლებიც თავიდან ავიყვანეთ, ყველაზე მაგარი 2 მათგანი აღმოჩნდა - ერთ-ერთს ბანკში 1 თვე ჰქონდა განავდების მენეჯერად ნამუშევარი, მეორე კი საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდველი იყო. არც ერთს არ ჰქონდა ფინანსურ სფეროში სერიოზული გამოცდილება. უბრლაოდ, ზუსტად ის თვისებები აღმოაჩნდათ, რომლებიც ჩვენ გვჭირდებოდა. ყოველი საქმის საწყის ეტაპზე 2 მიდგომა არსებობს - სანამ იდელაურად არ ვიქნებით მზად, არ დავიწყოთ პროცესი, ან - მოდი, დავიწყოთ და პროცესში განვავითაროთ საქმე. მე მეორე მიდგომას ვემხრობი. დასაწყისში, როდესაც შეცდომების მეშინოდა, ერთ ფრაზას წავაწყდი, რომელიც მას შემდეგ ყოველთვის გონებაში მაქვს - „minimize the cost of a mistake and make many mistakes“. შეცდომების დაშვება შეიძლება. მთავარია, ისინი ფატალური არ იყოს.“

დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლიდერის მოქნილობასა და ცვლილებების განხორციელების უნარს; მის მიერ ერთბაშად მიღებული და შესრულებული გადაწყვეტილებების რაოდენობასა და ხარისხს. ასეთ პირობებში ორგანიზაციისათვის თითოეული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, რადგან სწორედ ადამიანია იდეებისა და შესაძლებლობების ამოუწურავი წყარო. როგორ ახერხებენ ახალი თაობის მენეჯერები საკუთარი გუნდის წევრების რესურსის უკეთ გამოყენებას? ზოგს ჰგონია, რომ ლიდერებად იბადებიან. სინამდვილეში კი ყველას შეუძლია გახდეს კარგი ხელმძღვანელი, ვინც გუნდთან ერთად მიზნებსა და ამ მიზნების მიღწევის გზებს განსაზღვრავს, ცალკეულ ამოცანებზე გუნდის წევრების პასუხისმგებლობასა და კომპეტენციებს ანაწილებს.

„როდესაც კომპანიის თავდაპირველი, სწრაფი განვითარება შენელდა, დავინახეთ, რომ 5 ადამიანის გასაკეთებელს 10 კაცი აკეთებდა. ყველა თანამშრომლისათვის KPI (key performance indicators - საქმიანობის შეფასების სისტემა) დავსახეთ. 1 თვის შემდეგ დავსხედით და გავაანალიზეთ - როგორ შესრულდა ისინი; ვისაც რაღაც არ გამოუვიდა, სწორი მიმართულება მივეცით. 3 თვის თავზე ვისი საქმიანობაც ეფექტური აღმოჩნდა, გუნდში ის დარჩა. გაბრაზებული არავინ წასულა - თავად დაინახეს სხვების და საკუთარი შედეგები და იმიტომ.“

ისრაელში ქართული კომპანიის, საქართველოში კი საერთაშორისო კომპანიის მენეჯერობის შემდეგ, ახალი გამოწვევის - უცხოური კომპანიის უცხო ბაზარზე ნულიდან განვითარების ჯერი დადგა.

„მოგო“ 2 ქვეყანაში შედიოდა და არჩევანის საშუალება მომცეს სად წავსულიყავი - ყაზახეთში თუ უზბეკეთში. მივხვდი, რომ საქმეს კარგად ვართმევდი თავს და ამიტომ გამომიცხადეს ნდობა. უზბეკეთი ავირჩიე - ქვეყანა, რომელიც ახლა გამოდის ძილის რეჟიმიდან და სრულიად აუთვისებელი ბაზარია. რა თვისებები დამეხმარა ცხოვრების ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპზე? - ის, რაც თავის დროზე ცუდი უფროსებისგან არ მომწონდა, იმას არასოდეს ვაკეთებ; ვცდილობ გუნდში არ მყავდეს მუდმივად შეწუხებული, ნეგატიური განწყობის მატარებელი ადამიანები; რამდენჯერაც კომფორტის ზონაში ვიგრძენი თავი და თავს მოდუნების უფლება მივეცი, იმდენჯერვე გაფუჭდა საქმე და ჭკუა ვისწავლე; არ მეშინია ცვლილებების და ყოველთვის გახსნილი ვარ სიახლეებისათვის.“

საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ პროექტ - „ბიზნეს კაფეს“ მიზანი, სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელებს შორის ბიზნესსფეროში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების გაცვლასთან ერთად, ბიზნესწრეებისათვის სწორედ ასეთი, ახალბედა ლიდერების გაცნობაა. „ბიზნეს კაფეს“ მხარდამჭერი თიბისი დაზღვევაა და ის უმაღლესი რგოლის მენეჯერებისათვის თანამედროვე ტენდენციებისა და გამოცდილების ერთმანეთთან გასაზიარებლად ტარდება.

ავტორი: მარიამ ყანჩაველი