facebook logo

ბლოგი

ის, რაც გზებზე #ხდებახოლმე

დაუსრულებელი საცობებითა და მანქანებით სავსე ქალაქში, ყველაზე მარტივად შეიძლება იმის ამოცნობა, ვინ არის კარგი მძღოლი - ის, ვინც იცის სიჩქარის ლიმიტი, ყურადღებითაა საჭესთან, შორ მანძილზე ხშირად ისვენებს და მანქანაზე არასოდეს ჯდება არაფხიზელ მდგომარეობაში. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელია მართავ მანქანას და რამდენად გამოცდილი ხარ - ამ ყველაფრის შესრულების მიუხედავად, გზაზე არასასიამოვნო შემთხვევები ჩვენგან დამოუკიდებლად მაინც ხდება ხოლმე.

სადაზღვევო კომპანიაში შემთხვევის ადგილიდან შემოსულ ზარს დაზღვევის აგენტები სიტყვასიტყვით შიფრავენ. თუკი ტექსტის 99% ინფორმაციულია, დანარჩენი 1% ზოგჯერ განწყობის ამაღლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც მასზე წვდომა აქვს. საბოლოოდ, ყველაფერი დაზღვევის პირობებზეა დამოკიდებული - სხვადასხვა კომპანია, სხვადასხვა პოლისსა და პირობებს სთვაზობს მომხმარებელს. თუმცა, არსებობს შემთხვევები და უჩვეულო გარემოებები, რომლებიც მკაცრად და დეტალურად გაწერილ ჩამონათვალში ვერ ჯდება. მაგრამ, გაგიმართლებთ, თუკი ამ დროს თქვენს სადაზღვევო კომპანიას იუმორის გრძნობა აღმოაჩნდება.


ფერების ფესტივალი

ანა გაბუნიას საბავშვო ბაღების ქსელი აქვს. რამდენიმე თვის წინ, ფილიალებში სარემონტო სამუშაოებისას, ერთი ფილიალიდან მეორეში გადასატანად, მანქანა მორჩენილი საღებავების ქილებით დატვირთა. ვეფხისა და მოყმის ძეგლთან, საცობში, მკვეთრად დამუხრუჭება მოუწია. პედალზე ფეხის დაჭერა და ფერადი საღებავების ამოხეთქვა და ძლიერ ნაკადად გადმოღვრა ერთი იყო.



„როგორც ჩანს, საბარგულისა და უკანა სავარძლის გამყოფი ზურგი კარგად არ იყო ჩამაგრებული. საღებავებით მომენტალურად დავიფარეთ მეც, ჩემი თანამგზავრიც და მთლიანად მანქანაც. ტანსაცმელი, თმები, სახე - აღარაფერი გვიჩანდა. ჩემი შოკირებული მეგობარი მანქანიდან გადახტა, ვერც დავინახე ამ მდგომარეობაში სად გაიქცა - იმ დღეს საერთოდ აღარ მინახავს. დავურეკე თიბისი დაზღვევას. იმ მომენტში ნამდვილად არ მეცინებოდა. მხოლოდ ტირილი შემეძლო. მოვიდა აგენტი და დავხვდით მე და მანქანა ვარდისფრად, ყვითლად, ცისფრად - საბავშვო ბაღის მხიარულ ფერებში გადაღებილი.“

დაზვევით, არ ეკუთვნოდა, თუმცა თიბისი დაზღვევა შევიდა მდგომარეობაში და ანას ფერადი მანქანის ქიმწმენდა და პირვანდელი იერსახის დაბრუნება მთლიანად აანაზღაურა.


არ გაბრაზდე, გვიყვარხარ

ის, რომ ქართული სუფრა და ქეიფი ხშირად არასასიამოვნო ინციდენტებით სრულდება, არავის უკვირს. თუმცა, ალბათ წინასწარ ძნელი წარმოსადგენია, რომ მეზობლად მოქეიფე სტუმრების სამიზნე შესაძლოა არა ვინმე, არამედ მანქანა გახდეს, თანაც, მაინცდამაინც თქვენი.

დილას სახლიდან გამოსულ რატი გრიგოლავას მანქანის ერთ მხარეს შეჭეჭყილი კარი, დასაბალანსებლად კი მეორე მხარეს - სასიყვარულო გზავნილი დახვდა.

„მანქანაზე გულები და სიტყვა „მიყვარხარ“ იყო ამოკაწრული. მეზობლის სახლიდან გამოსულან ნასვამი გოგონები. მანქანით დაეჯახნენ ჩემი მანქანის კარს. რომ არ გავბარზებულიყავი, როგორც ჩანს, ბოდიშის მოხდის მიზნით, ეს გამოსავალი იპოვეს. გამოუვიდათ კიდეც - დღემდე ვიცინი რომ მახსენდება. თან, თიბისი დაზღვევამ თანხა სრულად ამინაზღაურა. არც დამიწყია გოგონების ვინაობის გარკევა. რომც გამერკვია, არაფერს ვეტყოდი. როგორ უნდა გაბრაზდე, როცა უცნობი ადამიანი ნასვამზე ამდენს იწვალებს და მიყვარხარო - დაგიწერს.“


ფრთხილად! გზაზე ავი ძაღლია

ირმა მელაძეს უცხო უბანში არასტუმართმოყვარე ძაღლი დახვდა, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად მშიერი ან გაბრაზებული აღმოჩნდა.



„ჯერ უბრალოდ გამოეკიდა მანქანას, შემდეგ კი კბილებით ჩაეჭიდა და აღარ გაუშვა. გაჩერება და გადმოსვლაც შემეშინდა - მეც ზედ არ მივეყოლებინე. მთელს უკანა ბამპერზე ძაღლის ნაკბენები იყო, კანტი კი ბოლომდე შეჭმული. მანქანაზე მეტად, თიბისი დაზღვევაში დარეკვაზე ვდარდობდი. ვიცოდი, რომ არარეალურად მოეჩვენებოდა მზღვეველს ჩემი მონაყოლი. ამიტომ, დავრეკე თუ არა - სრულიად ფხიზელი ვარ, თუ გინდათ ჩემით გამოვიძახებ პატრულს-მეთქი - პირდაპირ ასე დავიწყე. დამიჯერეს და ყველაფერი ამინაზღაურეს. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ 13 წელია მძღოლი ვარ, სულ 2-ჯერ დამჭირდა თიბისი დაზღვევის დახმარება და ორივე შეთხვევა კურიოზული აღმოჩნდა. პირველად, შუქნიშანზე ვიდექი გაჩერებული. გვერდითა მანქანის მძღოლს პატრულმა მობილურზე საუბრის გამო მანქანის გადაყენება მოსთხოვა. რა ახსნა უნდა, რომ პატრულმა მწვანეს ანთების შემდეგ, გვერდითა ზოლში ნელ-ნელა გადასვლა და გაჩერება იგულისხმა. ამ გოგომ კი მაშინვე გადმოაყენა და მე დამეჯახა. ამ ამბის მერე, ნამდვილად მერიდებოდა ისევ თიბისი დაზღვევაში დარეკვა, ამჯერად ტექსტით - დამეხმარეთ, ძაღლმა ჩემი მანქანა დაკბინა.

“ ფაქტი ერთია - ასეთი ისტორიების გამიზნულად თუ გაუაზრებლად შემოქმედი ადამიანები, დაზარალებულების მეხსიერებაში სამუდამოდ რჩებიან.

მაგალითად, ძველი სასიყვარულო ისტორიები დროსთან ერთად დავიწყებას ეცემა, თუმცა არა ის ყოფილი მეგობარი გოგონა, რომელიც მანქანას ბლაგვი საგნით დაგიმტვრევთ, შემდეგ კი სადაზღვევო კომპანიაში დარეკავს და გაბრაზების მიუხედავად აღიარებს - ეს მე ჩავიდინეო. ან როგორ დაგავიწყდებათ მამაკაცი, რომელიც თავშესაფრის საძებნელად შორს არ წავა, თქვენი მანქანის შუშებს ჩაამტვრევს, შეძვრება და პატრულს ნასვამი და ჩაძინებული დახვდება შიგნით. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, აფექტის მდგომარეობაში, მძღოლს თურმე ისიც შეიძლება მოეჩვენოს, რომ ლისის ტბის გზაზე ცხოველმა - სავარაუდოდ ვეშაპმა გადაურბინა.

თიბისი დაზღვევის არქივი ამ და კიდევ ძალიან ბევრ მსგავს ისტორიას ინახავს. კომპანიაში არანაირი შინაარსის ზარი არ უკვირთ და იციან, რომ ხდება ხოლმე. თუმცა, სასურველია სასაცილო თუ სერიოზულ შემთხვევებს თქვენც მომზადებული დახვდეთ და ზუსტად იცოდეთ - რისგან აზღვევს თქვენს ავტომობილს თიბისი დაზღვევა: ავტოავარია; ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა; სეტყვა, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები; ხანძარი, აფეთქება და ვანდალიზმი; საგნის დაცემა.

სხვა შემთხვევების გათვალისწინებით, თიბისის ავტოდაზღვევა დამატებით ნაკრებსაც გთავაზობთ: თუ ავტომობილის მართვისას თქვენ ან სხვა მგზავრს ჯანმრთელობა დაგიზიანდათ, მკურნალობის ხარჯებს თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს. მესამე პირის დაზიანებისას კი ქონების შეკეთებას ან მკურნალობის ხარჯებს დაფარავს.

იმედია არ დაგჭირდებათ, მაგრამ თუ თქვენ და თქვენი ავტომობილი სახალისო ან ნაკლებად სახალისო სიტუაციაში აღმოჩნდებით, დაუყოვნებლივ დარეკეთ ნომერზე: 2 42 22 22 და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის მითითების გარეშე მანქანა არ გადააადგილოთ.

გისურვებთ უსაფრთხო და ბედნიერ მგზავრობას!

ავტორი: მარიამ ყანჩაველი 

მსგავსი ბლოგები