facebook logo

ბლოგი

როგორ ვაქციოთ ჯანსაღი კვება ცხოვრების წესად

მესიჯის ბოქსის ილუსტრაცია

ადამიანების აღქმით, კვების ინდუსტრიაში სწრაფი კვების გამოჩენა თანამედროვე ცხოვრების არანორმალურმა ტემპმა და მოუცლელი ადამიანების გრაფიკმა განაპირობა. არადა, სინამდვილეში ისტორია ათასწლეულების წინ იწყება, როდესაც ჯერ კიდევ ძველ რომში, ფარდულებში ცომის ფირფიტები იყიდებოდა, რომლებსაც ზეითუნის ზეთი ესვათ.

აღმოჩნდა, რომ ადამიანებს თავიდანვე გვქონდა სწრაფად, მარტივად და იაფად დანაყრების მოთხოვნილება. თუმცა, დროთა განმავლობაში, განვითარებულ ქვეყნებში სწორმა პრიორიტეტებმა ჯანსაღი კვება აუცილებელი, სოციალურმა ქსელებმა კი - ტრენდული გახადა. ტენდენციამ ნელ-ნელა საქართველომდეც მოაღწია.

ბოლო 3 წელია გამოიკვეთა, რომ ადამიანებმა დაიწყეს იმაზე დაკვირვება, თუ რას ჭამენ. თანამედროვე თაობაში უფრო მეტი ადამიანია პატარა ასაკიდანვე დასაქმებული, უფრო მეტი ახალგაზრდა ცხოვრობს დამოუკიდბელად, ამიტომაც საკუთარ თავზე ფიქრი მოუწიათ. ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის წინაპირობაა. შეფ-მზარეული თამთა კიკალეიშვილის ყოველდღიური რჩევები დაგვეხმარება - როგორ გადავიდეთ ნელ-ნელა სწორ კვებაზე.


ილუსტრირებული ხილი, მარწყვი, საზამთრო

რა გვგონია და რა არის სინამდვილეში სწორი

თუ საუზმე ზედმეტად დატვირთულია, მთელი დღე უფრო მეტად გვაქვს შიმშილის გრძნობა. წლების განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ნოყიერი საუზმე კარგია ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევებით მტკიცდება, რომ ასე სულაც არ არის.

დილას რაც უფრო ზომიერად მივირთმევთ, ასევე ზომიერად გრძელდება დღე. შავი, დაპრესილი, მარცვლებიანი პური, კვერცხი, ცოტა ყველი და ყავა - ასეთია სწორი საუზმე.

ყველას ძალიან გვიყვარს, მაგრამ სამზარეულოში ყველა გავლაზე ყველს რომ მივირთმევთ - არ არის სწორი. ამ გზით ძალიან ბევრ ცხიმს ვაწვდით ორგანიზმს. შეეცადეთ დღეში 50-60 გრამზე მეტი ყველი არ მიირთვათ. პროდუქტი, რომელიც სასურვლია საერთოდ დავივიწყოთ, არის კარტოფილი ფრი, ასევე - მაიონეზი. თუმცა, შეგვიძლია უკონსერვანტო, უფრო გემრიელი მაიონეზი სახლში მოვამზადოთ.


არსებობს უპირობოდ ჯანსაღი და სასარგბელო პროდუქტები, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება და რაციონის გადახალისება. ყოველ დღე ერთი სახის ხილი ან ბოსტნეული არ უნდა მივიღოთ. ცოტა ზეითუნის ზეთი და ლიმნის წვენი, ავოკადო, ბროკოლი, სატაცური - ასეთი სალათი ვიტამნიების მთელი კოქტეილია. ცოტა თხილეულიც დაამატეთ - კანისთვის და თმისთვის აუცილებელი ცხიმი რომ მიიღოთ.

სწორი კვება ერთდროულად ჯანსაღი პროდუქტი და მომზადების ჯანსაღი წესია. ვიცით, რომ ბოსტნეული სასარგებლოა, თუმცა ყველამ არ იცის მისი ისე მომზადება, რომ საჭირო ნივთიერებები არ დაიშალოს. ყველაზე მავნებელი გარკვეულ გრადუსზე მაღლა გახურებული ზეთია. ამიტომ, უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულის, თევზისა თუ ხორცის ორთქლზე მომზადებას, მოთუშვასა და ღუმელში გამოცხობას.

ყველაზე შეზღუდულ დროშიც კი შეგვიძლია სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ასეთ დროს ჯანსაღი და ყველაზე მარტივი გამოსავალია შავ პურზე ავოკადო, მარილი, პილპილი და ნიორი. მიირთვით კვერცხთან ერთად და ენეერგიით დიდი ხნით აივსებით.

დაბლენდერებულ სელის მარცვლებს კვერცხის წებოვნება აქვს. მუხუდოს კონსერვის ქილაში დარჩენილი წვენი კი კვერცხის ცილის მაგიერია - შეგვიძლია სახლში მომზადებულ ვეგანურ მაიონეზში გამოვიყენოთ. უკეთესი გემოც აქვს და 7-ჯერ ნაკლები ქოლესტერინიც. საფუარიანი პურის ჩანაცვლება თხელი ლავაშით შეიძლება. ხორცის შემადგენელი ცილა ერთი მხრივ აუცილებელია, მაგრამ იგივე ცილებს ლობიოდანაც ვიღებთ.
ავოკადო, ლიმონი

ღუმელში გამომცხვარი ხილი თაფლით - მარტივი, ჯანსაღი და ყველაზე გემრიელი დესერტია. ზოგადად, თაფლი საოცარი, სამკურნალო თვისებების მატარებელი და შეუცვლელი პროდუქტია. სახლში კომპოტები შაქრის მაგივრად თაფლით დაატკბეთ - ასე ამოიღებთ რაციონიდან მავნე გლუკოზას.

ბავშვს სასარგებლო კერძი რომ მოვაწონოთ და მოვანდომოთ, უნდა იყოს ჭრელი და ვიზუალურად მიმზიდველი. ასევე, კვება ბავშვისთვის ერთგვარ რიტუალად უნდა ვაქციოთ და არა უბრალოდ დანაყრების პროცესად. ყველა ბავშვს მოსწონს ლამაზ თეფშზე და მაგიდაზე ლამაზად გაწყობილი სადილი. მოამზადეთ მათთან ერთად, აქციეთ ოჯახური სადილები ტრადიციად.

მითის დამსხვრევაში, რომ ჯანსაღი კვება დიდ დროს მოითხოვს, შედეგად კი არც თუ ისე გემრიელ კერძს ვიღებთ, თამთას ჯანსაღი, მარტივი და გემრიელი კერძების რეცეპტები დაგვეხმარება.


კოვზი და ჩანგალი


კოვზი, ჩანგალი, პამიდორი

კოვზი, ჩანგალი, დაჭრილი ქამა სოკო
ავტორი: მარიამ ყანჩაველი 

გაიგე მეტი