facebook logo

ბლოგი

ნუცას და ლუკას სახლი

ზაფხულის ერთ ძალიან ცხელ დღეს გადავწყვიტეთ, ჩვენს ძველ ბინას დავმშვიდობებოდით და საცხოვრებლად უფრო დიდი სივრცე მოგვეძებნა.

გოგო და ბიჭი, ძაღლი, პოსტერები კედელზე, დივანი

როდესაც ჩვენი ახალი ბინა პირველად ვნახე, ის სცენა გამახსენდა, Sex And The City-ში ქერი ბრედშო ბინას რომ არჩევს და ბიგთან ერთად მანჰეტენის პენტჰაუსში ადის. დიახ, ეს იყო ჩემი პენტჰაუსი მანჰეტენზე.

ყვავილები, ქალაქის ხედი

ბევრი ფანჯარა, ნათელი ოთახები და დიდი ღია სივრცე ვერანდიდან. ტვინმა ავტომატურად დაიწყო კომბინაციების დალაგება. თავიდანვე ვიცოდი სად რას დავდგამდით და როგორ მოვაწყობდით.

სამზარეულო, ჩაიდანი, სკამი, მაგიდა, ბოლი, ბლენდერი, ონკანი

კომბინაციების დაწყობისას არც სამზარეულოს დიდი ფანჯარა დამრჩა უყურადღებოდ, რადგან სულ ვოცნებობდი, მქონოდა სახლი, რომელსაც ასეთი დიდი ფანჯარა ექნებოდა და მე მცენარეების გაშენებას შევძლებდი.

ყვავილები8, ხის თაროები, წიგნი

ემოციური კავშირი და პირველი შთაბეჭდილება საკმარისი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მისაღებად. ასე სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო ჩვენი ახალი ბუნაგის ისტორია.

ბავშვის ოთახი, ბავშვის ტანსაცმელი, სათამაშოები, ხალიჩა

ჩვენთვის სახლი არის ყველაზე კომფორტული სივრცე და მასთან გარკვეული მიჯაჭვულობაც კი გვაქვს. მაშინაც კი, როდესაც დასასვენებლად მივდივართ, სულ გვენატრება და უკან მოგვეჩქარება.

წიგნები, ყვავილები, პოსტერები, კომიქსები

სახლში ყველაფერია რისი კეთებაც გვიყვარს… ტელევიზორი ხმარებიდან ამოვიღეთ და პროექტორით ჩავანაცვლეთ. შესაბამისად კინოთეატრში სიარული აღარ გვიწევს. გვიყვარს მუსიკა, დავიწყეთ ფირების შეგროვება და სახლში კარგი ხმის სისტემა გავაკეთეთ.

პოსტერები, დინამიკი, მიქშერი

ჩვენს ბინაში ინტერიერი სადაა, კედლები თეთრია. სამაგიეროდ, გვაქვს ძალიან ბევრი პოსტერი და დეკორატიული ნივთი.

კუბიკრუბიკი, სათამაშოები, წიგნები, ჟურნალები

ეს პოსტერები წლების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში შევაგროვეთ და ყველა თავის უნიკალურ ისტორიას ჰყვება. ზოგი მათგანი ქუჩაში, აფიშებიდან გვაქვს მოხსნილი, ზოგი კი იმ გამოფენებიდანაა, რომელზეც ნამყოფები ვართ. ასევე, გვაქვს ქართველი არტისტების ბევრი ნამუშევარი (მუსია, მაშოლენდი, Tamooz).

სამი სხვადასხვა ილუსტრიე=რებული პოსტერი თეთრ კედელზე

ჩვენი ბინის ინტერიერი თანამედროვე და ძველი ნივთების მიქსია. სახლში გვაქვს ფარდაგი, რომელიც თითქმის 2 საუკუნისაა და ლუკას წინაპრებს ეკუთვნოდათ. გვაქვს სკივრიც, რომელიც ლუკას დიდი ბაბუის არის - გამოდის რომ ის თითქმის საუკუნეზე მეტისაა. ახლა მასში ადიდასის ბევრი ბოტასი ინახება. ეს საათი ბებიამ მაჩუქა  საბჭოთა კავშირის გადმონაშთია… როცა გაგარინი კოსმოსში გაფრინდა მაშინ გამოუშვეს...

საათი, მინის ქილა

სახლში არ გვაქვს ძვირადღირებული ნივთები, მაგრამ რაც გვაქვს ძალიან გვიყვარს, რადგან ყველას თავისი მოგონება და ემოციური კავშირი ახლავს თან. ვაგროვებთ წვრილმან ნივთებს, ჩვენს სახლში ბავშვიც ბევრ გასართობს მოძებნის და მოზრდილიც. მონეტები, ჩიბუხები, სამაგიდო თამაშები, წიგნები, დეკორატიული ნივთები, ვინტაჟური სათამაშოები – ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სახლში ბინადრობს და დადებით განწყობასა და სიმყუდროვეს ქმნის.

ძაღლი იყურება ფანჯარაში

არ დაგვავიწყდეს ჩვენი ძაღლი ლილუც! ვისაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავს, დამეთანხმებით, რომ როდესაც იცი, სახლში ვინ გელოდება, იქ დაბრუნება სულ სხვანაირია.

საქანელა ოთახში, დერეფანი

გვიყვარს მცენარეები და ვცდილობთ, მათი რიცხვი გავზარდოთ. ინტერიერის გალამაზების გარდა, ჩემთვის მათი მოვლა ერთგვარი თერაპიაა. რიტუალივით მაქვს, კვირა დღე მათ დავუთმო.