facebook logo

ბლოგი

სიმწვანე ინტერიერში

ჩვენი საცხოვრებელი სივრცე სახლთან ერთად, ის ყველაფერია, რაც მის კედლებს შიგნით ხდება. რა გარემოში ვიღვიძებთ და რას ვუყურებთ მთელი დღის განმავლობაში - თანაბარ გავლნას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და მენტლურ ჯანმრთელობაზე.

ურბანიზაციის პროცესში, მანქანებითა და მშენებლობებით სავსე ქალაქში შიდა გამწვანება ბოლო რამდენიმე წელია ჩვენთანაც მისაბაძ ტენდენციად იქცა. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა იწყებს საცხოვრებლის მოწყობას არა მხოლოდ ახალი ავეჯით, არამედ მცენარეებითაც.

ინტერიერის გამწვანება სცდება ესთეტიურ მხარეს. მცენარე აკეთებს ზუსტად იმის საპირისპიროს, რასაც ადამიანი სუნთქვის დროს - მცენარე შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოჰყოფს ჟანგბადს. სახლში მშვიდი და მწვანე გარემოს შექმნაში ცოცხალი მცენარეების მაღაზია-სალონ „ანემონე“-ს დამფუძნებლის, ანი არველაძის რჩევები და გამოცდილება დაგვეხმარება.


სასარგებლო თვისებები

ჰაერის გასუფთავებასთან ერთად, ბევრი მცენარე სხვა დამატებით სასარგებლო ფუნქციასაც ასრულებს. მაგალითად, ალოე ჰაერს ფორმალდეჰიდისგან და ბენზოლისგან ასუფთავებს. მისი სითხე კი ჭრილობისთვის და დამწვრობისთვის უებარი საშუალებაა; ლავანდა და ჟასმინი სასიამოვნო სურნელის ფრქვევასთან ერთად, მწერებს აფრთხობენ; სანსევიერია იმ მავნე ნივთიერებების ერთ-ერთი საუკეთესო ფილტრია, რომლებსაც სხვადასხვა სახის საწმენდი პროდუქცია შეიცვას. ბამბუკის პალმა კი ავეჯის მიერ გამოყოფილ მავნე ნივთიერებებს შთანთქავს. თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, საძინებელში როზმარინი დაიდგით, რომელიც დაღლილობას შველის.

მცენარის შეძენისას, აუცილებელია მის აგროტექნიკას და მოვლის თავისებურებებს გავეცნოთ. არსებობს ეტაპები, რომლებიც უნდა გავითვალიწინოთ იმისთვის, რომ მცენარეები არ დავაზიანოთ და დიდხანს იცოცხლონ.


ნიადაგი

პირველ რიგში სწორი ნიადაგი უნდა შევარჩიოთ. არსებობს ისეთი მცენარეებისთვის განკუთვნილი ნარევები, რომლებსაც ნიადაგის შემადგენლობის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ.



მაგალითად, კაქტუსის მიწაში უნდა იყოს მეტი ქვიშა, ორქიდეასთვის განკუთვნილი ნარევი უნდა იყოს მსუბუქი და ფხვიერი, აზალიებს კი მაღალი მჟავიანობის მიწა სჭირდებათ. დეკორატიული მცენარეებისთვის ტორფის საფუძველზე დამზადებული, ფხვიერი ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ქოთანი

ნიადაგის სწორად შერჩევის შემდეგ, მთავარი ქოთნის ზომაა. მცენარის თავიდანვე დიდ ქოთანში გადარგვა შეცდომაა - დიდ სივრცეში ფესვი ვერ ხვდება, როგორ უნდა განვითარდეს. მცენარეებს ბოლქვოვანი სისტემით კი პირიქით, მჭიდრო ქოთანი სჭირდებათ.



კვება არსებობს მცენარის ორი სახის სასუქი: მშრალი და თხევადი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საკვებ ნივთიერებას სწრაფადმზარდი და ძლიერად განვითარებული ფესვთა სისტემის მქონე სახეობები მოიხმარენ: ამარილისი, ვარდები, ჰიბისკუსი, ნემსიწვერა, ჟასმინი, ფუქსია. მცენარეს არ უნდა დავუყაროთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კვერცხის ნაჭუჭი და ჩაის ფერი - ისინი მიწის დაბინძურებასა და მწერების გამრავლებას უწყობს ხელს. 

მორწყვის რეჟიმი

არარეგულარული, ან ხშირი მორწყვა და ზედმეტად ცივი წყალი თანაბრად ცუდი შედეგების მომტანია. ფესვებს არა მხოლოდ წყალი, არამედ ჰაერიც სჭირდებათ. ნიადაგში ზედმეტი ტენი მცენარეებისთვის სახიფათოა.



ნიადაგი 2 სანტიმეტრის სიღრმეზე, თითებით უნდა შევამოწმოთ და თუ ვიგრძენით, რომ შრალია, მაშინ მოვრწყათ. მორწყვის გარდა, სქელფოთლიან მცენარეებს შესასხურებლით ხშირად დანამვა უყვართ. სუსტ ფოთლიანებს კი დანამვა არ არგებთ. მცენარეებისთვის ოთახში ჰაერის ტენიანობაც მნიშვნელოვანია, რომლის შენარჩუნებაც აკვარიუმით ან იონიზატორით შეგიძლიათ.

გადარგვა

მას შემდეგ, რაც ფესვთა სისტემა გაიზრდება და განვითარდება, მცენარე გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში ახალ ქოთანში უნდა გადავრგოთ, როცა ცივა და სინათლე ნაკლებია.



ახალ ქოთანში გადარგვისას, დრენაჟის ფენას ვყრით, შემდეგ კი მიწას. დრენაჟი ქვების ფენაა, სადაც ზედმეტი წყალი უნდა დაიწრიტოს. თუ მცენარე ტორფიან ნიადაგში იყო ჩარგული, ტორფი უნდა გამოვწიწკნოთ ფესვებიდან და ამ გზით ერთგვარი სტიმული მივცეთ მცენარეს.

ჩრდილის მცენარეები

ყველა მცენარეს არ უყვარს მზე, მაგალითად: გვიმრას, ასპარაგუსს, ზამიოკულკასს. ისინი ნახევრად ჩრდილის მოყვარულები არიან.



იმდენად ნაზი ფოთლები აქვთ, რომ მზე აუცილებლად დაწვავს. ეს მცენარეები საოფისედ გამოდგება, იმიტომ რომ იქ ბუნებრივი განათება ნაკლებია, ხელოვნურ განათებაზე კი კარგად გრძნობენ თავს.

საძინებელი

არიან მცენარეები, რომლებიც ღამით დიდი რაოდნეობით ჟანგბადს გამოჰყოფენ და რეკომენდირებულია მათი საძინებელში ყოლა. სანსევიერია სისხლის მომოქცევასა და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. დაგეხმარებათ კონცენტრაციაში და დაღლილობასთან ბრძოლაში.



სპატიფილუმი ისეთ მავნე ნივთიერებებს შთანთქავს, როგორიცაა ბენზოლი და ქსილოლი. უყვარს განათებული ადგილი და ზომიერად მორწყვა. ასევე, საძინებელში შეგიძლიათ გყავდეთ ფალაენოფსისი, რომელიც ღამით უამრავ ჟანგბადს გამოჰყოფს.

სამზარეულო

სტეფანოტისი სამზარეულოს ჰაერს აჯანსაღებს. კარგი მოვლის შემთხვევაში კი, მთელი წლის განმავლობაში თეთრად ყვავილობს. სამზარეულოსთვის ასევე კარგია სენპოლია, რომელიც ჭიანჭველებს დევნის სახლიდან.

აბაზანა

სველ წერტილებში შეგვიძლია დავდგათ გვიმრა, ასპარაგუსი, ორქიდეა. ასევე სანდერის დრაცენა, ანუ ბედნიერების ბამბუკი, რომელთაც სიმშრალე არ უყვართ.
პალმა ჰაერს ამიაკისგან წმენდს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა აბაზანაში ქიმიური წმენდის შემდეგ.

ოფისის მცენარეები

ცოცხალი გამწვანება უფრო ენერგიულსა და პროდუქტიულს გვხდის. ამიტომ, მწვანე საფარი თანამედროვე ოფისებისა და სამუშაო სივრცეების მთავარ ატრიბუტად იქცა.



მაგალითად: დრაცენა, იუკა, ზამიოკულკასი, სტრომანთე, ქამედორეა, ჰოია. ეპიპრემნუმი შეგიძლიათ სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერის გვერდით დადგათ. სწრაფად იზრდება და ხშირად მორწყვაც არ სჭირდება. დრაცენა კი იმ მავნე ნივთიერებებს შთანთაქვს, რომლითაც პრინტერები და ქსეროქსები გარემოს აბინძურებენ. გარდა ამისა, დრაცენას დამამშვიდებელი და სტრესის მომხსნელი ეფექტიც აქვს.

მწვანე კედელი

ცოცხალი კედელი, ვერტიკალური ბაღი ან ვერტიკალური გამწვანება – ყველა ამ სახელით მოიხსენიებენ დეკორაციას, რომელსაც სულ უფრო ხშირად ვხვდებით ოფისებში. თუმცა, დადებითი თვისებების გამო მისი განთავსება საცხოვრებელ სივრცეშიც შეგვიძლია.



სტენდზე ათეულობით ქოთანია დამონტაჟებული. თითო ქოთანს თავისი სარწყავი სისტემა მიეწოდება და ავტომატურად ირწყვება. ასეთი გამწვანება კომფორტულია, რადგან ადამიანის ჩარევა მინიმალურადაა საჭირო. თუ კედელი ოფისისთვის გვინდა, სასურველია მასზე ნახევრად ჩრდილის მოყვარული მცენარეები განთავსდეს, თუმცა, ძლიერი ლედ-განათებების დაყენების შემთხვევაში, უფრო მეტად სინათლის მოყავრული, მოყვავილე მცენარეებიც შეიძლება.

ჩემი პირველი მცენარე

ვისაც ჯერ საერთოდ არ გყავთ მწვანე მეგობარი, ურთიერთობის დაწყება ყველაზე მარტივად მოსავლელი კაქტუსით შეგიძლიათ. მორწყვა ნაკლებად სჭირდება. შეგიძლიათ თქვენს სამუშაო სივრცეში, კომპიუტერთან დაიდგათ, რადგან ეკრანის გამოსხივებას შთანთქავს და თქვენს მხედველობას მავნე გამოსხივებისგან დაიცვას.



თუ უფრო კონტაქტური მცენარე გინდათ, მაშინ ეპიპრემუმი დაიმეგობრეთ, რომელიც წყალი დააკლდება თუ არა, ფოთლებს დაბლა დახრის, მოიწყენს და გაგრძნობინებთ, რომ თქვენი ყურადღება სჭირდება.

ავტორი: მარიამ ყანჩაველი