facebook logo

ბლოგი

გადამალული ფოტოების ამბები

როგორ იწყებენ წერას? მე ამ საქმეში დიდი გამოცდილება არ მაქვს, ამბის მოყოლა ფოტოებით მირჩევნია, თუმცა ახლა ფრიად საინტერესო გამოწვევის წინაშე ვარ-ფოტოებით ის ადამიანები უნდა გაგაცნოთ, ვინც ჩემს ობიექტივში მოხვდნენ.



ევროპის ქალაქებში 2015 წლიდან ვმოგზაურობ, ვიღებ ფოტოებს და ყოველ ჯერზე გამოფენას გპირდებით... სამწუხაროდ, გამოფენის თარიღი ისევ უცნობია, თუმცა კადრები ქალაქების რაოდენობასთან ერთად იზრდება. ამ ბლოგის წერა სინდისის ქენჯნას შემიმსუბუქებს, რადგან ფოტოებით სავსე სკივრი სანახევროდ იხსნება და აქამდე დამალულ ფოტოებს ბლოგის საშუალებით გაგიზიარებთ.



ამბის მოყოლას ვიწყებ პარიზით, ხოლო წერის გასამარტივებლად ვერნონ დიუკის ცნობილ მელოდიას – April in Paris-ს ვიშველიებ. ეს ის მელოდიაა, რომლის გამოც პარიზში წასვლა გადავწყვიტე. მაშინ 19-ის ვიქნებოდი. მახსოვს, ჩავიბურტყუნე – აუცილებლად წავალ პარიზში, ოღონდ აპრილი უნდა იყოს-მეთქი.



ეს არ იქნება ტურისტული რჩევებით გაჯერებული ტექსტი. ამ ბლოგის მიზანი გაჩერებული წამების სივრცეში გიდობაა, საერთო ევროპული ამბის მოსათხრობად. ამბის მთავარი გმირები ადამიანები არიან. ჩვენ ერთანეთს არ ვიცნობთ, თუმცა ხშირად მეფიქრება – ნეტავ, ახლა როგორ არიან? მათთან ძალიან ახლოს მიგორებასაც ვახერხებ, თუმცა არავინ იცის, რომ ვუღებ, გარდა ერთი მიმტანისა – თუმცა, მასზე მოგვიანებით დავწერ.



რამდენიმე მათგანზე მე მოგიყვებით, დანარჩენი თქვენი ფანტაზიით გააგრძელეთ.

მხარზე ვიღაც მიკაკუნებს:
– ხომ იცი, რომ აქ გადაღება არ შეიძლება?
უხერხულად ვიღიმი.
– თუ არ გინდა რომ გაგთქვა, ერთი ფოტო მეც გადამიღე და არავის ვეტვი.




ასე ამოვხედეთ მე და ჩემმა კამერამ მოსაწევად გამოსულ მიმტანს, რომელმაც პირობა შეასრულა, თუმცა გული მწყდება - ნეტა იცოდეს, მის ფოტოს რამდენი ნახავს!

ცოტა გაუგებარია, როგორ მოახერხა ეტლით მოსარგებლე ფოტოგრაფმა სადღაც ისე აძრომა, ეს წყვილი რომ გადაეღო, მაგრამ ესეც იმ იღბლის დამსახურებაა, რომლითაც ცოტას ვიტრაბახებ.




უცნაურია, მაგრამ ხშირად, კადრი თვითონ ლაგდება. ადამიანები ადგილისთვის შესაფერისად, სულ რამდენიმე წამით, კამერის წინ დაბარებულებივით მოდიან.

გურულებს სულ სადღაც გვეჩქარება. პარიზული შურით შემშურდა ამ ბიჭის სიდინჯის. მისი სიმშვიდე სამწუხაროდ დროებით, მაგრამ მაინც გადამედო.




შუა პარკში, სულ მარტო, ალბათ რამდენ საინტერესო თემაზე ესაუბრებოდა საკუთარ მეს. ეს ის ფოტოა, რომელზეც ბევრი ვიკამათეთ. მიუხედავად იმისა, რომ პარიზი საკმაოდ ფერადი ქალაქია, აფრენამდე ვიცოდი, რომ პარიზული აპრილის ფოტოსერია შავ-თეთრი იქნებოდა. ამ ფოტოს გაშავთეთრებას დღემდე არ მპატიობს ჩემი მეგობარი ლია, ვისთან ერთადაც 5 ქვეყანაში ვიმოგზაურე. მისთვის ეს ადამიანები ისეთივე ახლობლები არიან, როგორც ჩემთვის.

ამ ფოტოს ფერთა შინაარსი უნდა იცოდეთ: 70 წელს გადაცილებული ფრანგი ქალბატონი, ნარინჯისფერი ვარდით თმაში, წითელი მინდვრის ყვავილებით კაბაზე და, რაც მთავარია, ასევე ფერადი სანდლებით, აპრილის მზეს ეფიცხება. დროდადრო თმას ისწორებს და კაბას მუხლზე იწევს – დღეს ფრანგული რუჯის მისაღებად შესაფერისი ამინდია!


 

 

 


და ბოლოს და მაინც – პარიზი ეიფელის გარეშე წარმოუდგენელია. 6 დღიანი მოგზაურობის განმავლობაში წვიმიანი მხოლოდ ერთი დღე იყო, თუმცა სიტყვაზე მენდეთ, ბანალური რომანტიზმი არაფერ შუაშია – წვიმის დროს პარიზი ფერს იცვლის.

ავტორი: ანა გოგუაძე