facebook logo

ბლოგი

როგორ დავიწყოთ ცხოვრება აქ და ახლა

სამყაროში, სადაც ადამიანებს ცხოვრების მოსასწრებად დრო არ გვრჩება, თითქმის ყოველთვის წარსულსა და მომავალზე ვფიქრობთ – მუდმივად რაღაცას ვნანობთ, ვგეგმავთ, განვიცდით, „ვსქროლავთ“ და უამრავ ინფორმაციას ვიღებთ. ასეთ ტემპსა და გარემოში არსებობს პროცესი, რომლის დროსაც ემოციური ბალანსი – აღდგენას, გონება კი გათიშვას ახერხებს. ეს არის მდგომარება, როდესაც მთლიანად აწმყოში – აქ და ახლა ვართ.

გოგონა ვარჯიშობს იოგას, ქალაქის ხედი

თუკი, ჩემსავით, იოგაში არასოდეს გივარჯიშია და აქამდე შენც გეგონა, რომ ეს მხოლოდ თავდაყირა დგომა იყო, სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის აუცილებლობაზე სტუდია „ლუმოსის“ იოგას ინსტრუქტორი – ნანიკო ნანიტაშვილი მოგიყვება. ის აგიხსნის, რომ ყოველთვის ვერ გააკონტროლებ, რა ხდება შენ გარშემო, თუმცა შეგიძლია გააკონტროლო, რა ხდება შენ შიგნით. ასე იწყება ხანგრძლივი მოგზაურობა და თავგადასავალი, რომელიც საბოლოოდ ყველაზე საინტერესოს – საკუთარ თავს აღმოგაჩენინებს.

დღესდღეობით, იოგა სრულფასოვანი ფიზიკური პრაქტიკაა. ყველა კუნთის გასამკვრივებლად 1-1,5 საათიანი ვარჯიშია საჭირო. იოგას სისტემა 8 საფეხურისგან შედგება. პირველი ორი საფეხური – იამა და ნიამა – ერთგვარი ეთიკურ-მორალური საფუძვლები და თვითდისციპლინის მეთოდებია. შემდეგ მოდის სხეულის სტატიკური მდგომარეობა (ასანა –იოგას პოზები), სუნთქვის კონტროლი (პრანაიამა), განყენება (პრატიაჰარა – დისტანცირება, რომლის დროსაც აკვირდები ხატების დინებას და არ იგივდები), გრძნობების კონტროლი, კონცენტრაცია (დჰარანა), მედიტაცია (იგივე ჭვრეტა – დჰიანა) და კულმინაცია – გასხივოსნება (სამადჰი). კლასიკური პოზები იოგის არცერთ მიმართულებაში არ იცვლება. განსხვავება იმაშია, თუ რა რაოდენობისა და სიმძლავრის ენერგიას ჩადებ მოძრაობებში. ასე ვიღებთ სხვადასხვანაირ იოგას – სტატიკურს, ძალისმიერსა თუ დინების მსგავსს.

რატომ იოგა?

სხვა ფიზიკურ აქტივობებთან შედარებით, იოგის მთავარი განსხვავება მოიცავს სუნთქვის, თვითრეგულაციისა და კონცენტრაციის ერთობლიობას. იოგას დარბაზში მოსული ადამიანები, ტელეფონებთან ერთად, გარეთ ტოვებენ ფიქრებს, პრობლემებსა და ყოველდღიურ პასუხისგებლობებს.

თეთრებში გამოწყობილი მლოცველები

მთავარი პრინციპი – ინდივიდუალიზმი

თუკი ფიზიკური აქტიურობის გამოცდილება არ გაქვს, ინდივიდუალური სტილის იოგა შენთვის ყველაზე შესაფერისია. ყველა მოსწავლე იაზრებს და იმახსოვრებს პოზების დადგენილ თანმიმდევრობას და სხვებისგან დამოუკიდებლად, საკუთარი ტემპითა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ვარჯიშობს. ბევრს ჰგონია, რომ მოუქნელია ან იოგა მისთვის არაა. ინდივიდუალური სტილის უპირატესობაც ესაა – ადამიანი იმდენ ხანს მუშაობს ერთ პოზაზე, რამდენიც მის დასახვეწად სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ახალზე.

იოგა კლდეზე

სხეულის ისტორია

სხეულს თავისი ისტორია, გონი და მეხსიერება აქვს, რომელშიც დალექილია ყველა ჩვენი განვლილი სტრესი, ბენდიერება, დეპრესია, შფოთი. ამიტომ, იოგას დასაწყებად არ აქვს მნიშვნელობა, ოდესმე გვივარჯიშია თუ არა – სხეულით ჩვენს ყველა ისტორიას ვატარებთ. თუკი ვინმეს მმართველი ან მენეჯერი ვართ, საკუთარი თავისა და სხეულის მართვა განსაკუთრებულად გვჭირდება. ყველაზე მეტად იმ ადამიანების გონება და სხეული განიცდის სტრესს, რომელთა ცხოვრების წესიც მჯდომარეა – მათი მოქნილობა ბუნებრივისგან ძალიან აცდენილია. ამ შემთხვევაში, იოგა შინაგანი ორგანოებისა და მდგომარეობის ჰიგიენაა. სხეულს – როგორც გარედან, ისე შიგნიდან – სჭირდება მოვლა და გათავისუფლება სტრესისგან, განცდებისგან, შფოთისა და შიშებისგან.

ჯანსაღი ცხოვრების სხვა წესები

იოგა საუკეთესო შედეგს ცხოვრების სწორ რეჟიმთან კომბინაციაში გვაძლევს. ვარჯიშს სწორი კვების კულტურას თუ დავუმატებთ, შედეგი საშუალოდ 20%-ით უკეთესი იქნება. უნდა გავაკონტროლოთ, რას, რა თავსებადობით და დღის რომელ მონაკვეთში მივირთმევთ. პარალელურად, უნდა დავიცვათ ძილის რეჟიმი – დავიძინოთ მაშინ, როდესაც ბიოლოგიურად პასიური საათები იწყება და გავიღვიძოთ მაშინ, როდესაც თენდება. ძილი ყველაზე ეფექტური 23:00-დან 03:00 საათამდე შუალედშია. ამ დროს ორგანიზმში ის აუცილებელი ნივთიერებები გამომუშავდება, რომლებიც დღე-ღამის სხვა მონკვეთში აღარ გამოიყოფა.

ქვიშა, ზღვა

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვერ ვიგრძნოთ, მაგრამ ორგანიზმი დაღლილი გაიღვიძებს. იოგის მიზანია, სხეული ბუნებრივად მოქნილი გახდეს, გაძლიერდეს და სისხლმა ენერგია ყველა ორგანოსთან მიიტანოს. ეს ენერგია დანიშნულ ადგილამდე სწორად რომ მივიდეს, სხეული მზად უნდა დახვდეს. ამისთვის კი უნდა გვეძინოს წესების დაცვით, ვიკვებოთ შესაბამისად და მივდიოთ ზომიერ ფიზიკურ აქტივობას.

შედეგები

მართალია, იოგათი მიღებული შედეგის დანახვას რეგულარული ვარჯიში სჭირდება, თუმცა პირველი, რასაც ადამიანები გრძნობენ, გათავისუფლებაა. ჩვენს ნერვულ სისტემაში ორი ერთმანეთის საპირისპირო სისტემა არსებობს – სიმპათიკური და პარასიმპათიკური. პირველი მობილიზებასა და გადარჩენაზეა ორიენტირებული, მეორე კი – რელაქსაციასა და მოშვებაზე. ეს ორი სისტემა თავისით ვერ ჩაირთვება და გამოირთვება. გამოუცდელ ადამიანებს კი სხეულზე არ გვაქვს იმხელა მმართველობა, რომ რომელიმე მათგანი ჩვენით ჩავრთოთ ან გამოვრთოთ. რასაც უნდა ვაკეთებდეთ – დიასახლისობა იქნება ეს თუ საოფისე საქმე – მუდმივად მობილიზების სისტემა გვაქვს ჩართული.

მედიტაცია

ხშირად დაძინება გვინდა და ვერ ვიძინებთ. ეს ნიშნავს, რომ მარტივ, ბიოლოგიურ პროცესთან არ გვაქვს ჯანსაღი კავშირი. სწორედ აქ გვეხმარება იოგა – გვათავისუფლებს, გვძინავს კარგად, საჭირო რაოდენობის ენერგიას ვაწვდით ყველა ორგანოს, კუჭ-ნაწლავი სწორად ფუნქციონირებას იწყებს... ასე სხეულს საკუთარი ინტელექტი უყალიბდება და ადამიანს დასვენების მდგომარეობა ერთვება, რაც მექანიკაში გამჯდარი, სხვა ქმედებების მსგავსად, ნელ-ნელა ქვეცნობიერში გადადის და ილექება. იოგა გვასწავლის, რა ტექნიკები დავიხმაროთ იმისათვის, რომ საკუთარ სხეულზე მმართველობა გვქონდეს და ჩვენი მდგომარეობა გარე ფაქტორებზე აღარ იყოს დამოკიდებული.

ბუდას თეთრი ქანდაკებები

იოგათი ზომიერებას ვსწავლობთ – როგორ ჩავერთოთ ყველა ფიქრსა და განცდაში გარკვეული დოზით და შემდეგ როგორ შევძლოთ გამოსვლა და გამიჯვნა. ჩვენ არ უნდა გავიგივდეთ იმ სტრესთან, დეპრესიასა და შფოთთან, რომელიც ცხოვრებაში გამოგვივლია. იოგა ასეთი გამოცდილებებისგან დისტანცირებასა და მათთვის ფილმის სიუჟეტივით ყურებას გვასწავლის.

იოგას ვარჯიში ზღვის პირას ქვიშაში

თუ საკუთარი თავისა და ემოციების მართვას ზომიერების ფარგლებში შევძლებთ, ჩვენს თავთან ჰარმონიულად ყოფნას ვისწავლით და გარეთ აღარ მოვძებნით იმას, რაც თურმე შიგნითაც გვაქვს. სწორედ ეს არის მთელი არსი: „შეიცანი თავი შენი და შეიცნობ სამყაროს. ეს იმიტომ, რომ სამყარო სხვაგან არ არის – სამყარო არის იქ, სადაც ხარ შენ.“

ავტორი: მარიამ ყანჩაველი