facebook logo

ბლოგი

სტოკჰოლმი მეტროში ჩავიდეთ რა

რადგან ფოტო ბლოგის წერას ვაგრძელებ, პირდაპირ მეტროში ჩავიდეთ! სტოკჰოლმი - ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი მანდ თუ მომიწევდა წასვლა. ყველაფერი ერთ ღამეს გადაწყდა, რის შესახებაც ბოლოსკენ დავწერ, ჯერ მეტროში ჩავიდეთ!

სტოკჰოლმის მეტრო თიბისი დაზღვევა

მიუხედავად იმისა, რომ კითხვაც მიყვარს, ისე ვიყიდე ბილეთი მერე აღმოვაჩინე, რომ კარლსონის სამშობლოში მივდიოდი. მოულოდნელი სიხარული ისიც იყო, რომ კონცერტამდე ასტრიდ ლინგრენდის იუნი ბაკენიც მელოდებოდა, სიხარულისგან იქაც იმდენი ვიტირე რამდენიც პოლის დანახვისას, თუმცა ხომ ვთქვი ამაზე მერე დავწერ–მეთქი?

ბიჭები სტოკჰოლმის მეტროში

კარგი, მოკლედ: ვერ ვიტან სიცივეს, დიდხანს ჯდომის გამო ჩემი სისხლის მიმოქცევა „გურულების ტემპით“ ვერ მოძრაობს, ამიტომ სამოგზაუროდ და, მით უმეტეს, გადასაღებად ყოველთვის თბილ სეზონებს ვარჩევ. რუკაზეც უფრო ის ადგილები მეპიტნავება, რომლებიც 2 მთავარ კომპონენტს უზრუნველყოფს: ეტლისთვის ადაპტირებულ გარემოს და მეტ–ნაკლებად თბილ ჰავას. მოკლედ, როცა სხვას თბილა, მე - მცივა, ხოლო სხვას თუ სცხელა, მე - მთბილა.

ბავშვი სტოქჰოლმის მეტროში

დავრწმუნდი რომ ადაპტირებული სამოთხე არსებობს და ის დედამიწაზეა! დღემზე ამ აზრზე ვრჩები – სტოკჰოლმი ყველაზე უბარიერო ქალაქია, მაგრამ ცივა და მეტროში ჩავიდეთ რა!... ეს ის ფრაზაა რომელსაც ყველაზე ხშირად ვამბობდი და ეს ადამიანები ვის ფოტოებსაც ახლა ათვალიერებთ მეტროში შემხვდნენ.

ისვენებს სტოკჰოლმის მეტროში

სიცივეში თან გადაღება, თან მოგზაურობა არც თუ ისე სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კამერით ხარ და ყველაფერი მოსწრებაზეა. გაყინული ხელების გამო თუ ვერ დააფოკუსე რაღა გამოვა?

თიბისი დაზღვევა სტოკჰოლმი

სტოკჰოლმში სულ სხვა მიზნით წავედი, ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთი დასამახსოვრებელი დღე ამ მოგზაურობას უკავშირდება, თუმცა პარიზის მსგავსად, თან უნდა გადამეღო, თან უნდა მემოგზაურა და მთავარ დღემდე დარჩენილი დრო ნაყოფიერად გამომეყენებინა - ე.ი ბევრი უნდა გადამეღო...

ესკალატორი სტოკჰოლმი

პირველი 2 დღე ისე დავიარებოდი წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა გადამეღო, რადგან ძალიან ციოდა– მეტროში კი თბილოდა!

სტოკჰოლმის მეტროზე ფოტოებით ვსაუბრობ, აქაც ბევრი ადამიანი შემხვდა, ზოგი ტელეფონში იყურებოდა.

ტელეფონები სტოკჰოლმის მეტროში

 ზოგისთვის არაფერი არ არსებობდა იმ ერთი ადამიანის გარდა,

კოცნა სტოკჰოლმის მეტროში

ზოგი ბევრს ფიქრობდა, ზოგიც ისე უბრალოდ ყოველდღიურობით ტკბებოდა.

რუტინა სტოკჰოლმის მეტრო

ამ მოგზაურობის დროს ისიც აღმოვაჩინე, რომ ერთი შეხედვით ყველაზე ხალხმარავალ მეტრო სადგურებზე, ადამიანი მარტო სულიერად კი არა ფიზიკურადაც რჩება... ხანდახან არც ადამიანები ჩანდნენ და არც მატარებლის ლიანდაგებზე ქროლვის ხმა არ ისმოდა.

სარკეში „სელფის“ გადაღების მოყვარული არ ვარ. ქორეოგრაფიის მუზეუმის აღმოჩენა ისეთივე შემთხვევითობის ბრალია, როგორიც მთელი ჩემი შვედური მოგზაურობა. ცეკვაში დიდი გამოცდილების რა მოგახსენოთ, მაგრამ სტოკჰოლმის მეტროში მოხეტიალე ფოტოგრაფის, ანუ ჩემი თავის გადაღებაც მოვასწარი.

– მეტროდან ამოვიდეთ რა, პოლის კონცერტი იწყება! სტოკჰოლმის მეტროდან ამოსული პოლის მოსასმენად, სტადიონისკენ გავგორდი. პოლი, იმიტომ, რომ ჩემთვის ის ოჯახის წევრივით ახლობელია, მე ხომ მას 4 წლიდან ვუსმენ! მაკარტნის კონცერტზე მეორედ მივდივარ!!! სტოკჰოლმში წასვლა მისი კონცერტის გამო გადავწყვიტე. პირველად ვარშავაში მოვისმინე, მაგრამ, რადგან ამ ბლოგის წერისას პირადი ამბების გაზიარებას დაგპირდით, სიმართლეს ვიტყვი - პირველად როცა ვიყავი, ძალიან ცუდი ამბავი შემემთხვა... მე, როგორც გადამკვდარი „ბიტლომანი“, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს შანსი მეორედაც მომეცემოდა, მაგრამ როგორც ჩემი მეგობარი, ნინო ქათამაძე ამბობს – „სასწაულები ხდება“ და ის უსიამოვნო დღე მაკარტნის კონცერტზე მეორედ მოხვედრით დასრულდა. სტადიონზე შესვლამდე ფოტოების გადაღება სხვებთან ერთად ამიკრძალეს, მაგრამ მე პოლის გამო სტოკჰოლმში ჩავედი და სხვა ფოტოებთან ერთად მისი ფოტოს გადაღებაც მოვახერხე.  

პოლ მაკარტნი

კონცერტის შემდეგ კოკისპირულად გაწვიმდა: – მეტროში ჩავიდეთ რა, თან გადავიღებ თან სახლისკენ წავიდეთ. კონცერტის შემდეგ კოკისპირულად გაწვიმდა: – მეტროში ჩავიდეთ რა, თან გადავიღებ თან სახლისკენ წავიდეთ. 

სტოკჰოლმის მეტროში

ავტორი: ანა გოგუაძე