facebook logo

ბლოგი

ტალინი - სხვადასხვანაირი ქალაქი

როცა მოგზაურობას გეგმავ, ტალინი ნამდვილად არაა პირველი ქალაქი, რომელიც გახსენდება, თუმცა ეს ადგილი ბევრ ისეთ რამეს ინახავს, რაც მას მოკლეხნიანი ვიზიტისთვის ნამდვილად მიმზიდველს ხდის. შუასაუკუნეების დროინდელი ძველი ქალაქი, ინდუსტრიული დასახლება და მისი „ჰიფსტერული“ ქუჩა, პარკის გარშემო გაშენებული ხის ორნამენტიანი სახლები და საბჭოური ბეტონის კვარტალები, დაახლოებით 426,000 ადამიანით დასახლებულ ესტონეთის დედაქალაქს კონტრასტულსა და საინტერესოს ხდის.

გუმბათებიანი ტაძარი ტალინში

სეზონებიც ასეთი განსხვავებულია: ძალიან მკაცრი, თოვლიანი ზამთარი, როდესაც ტემპერატურა -30 გრადუსამდე ეცემა და გადაყვავებული, ხასხასა მწვანე ზაფხული, როცა შეგიძლია მეგობრებს ხელი დაავლო და ქალაქის რომელიმე დიუნებიან პლაჟზე საპიკნიკოდ წაიყვანო. 

მზის ცასვლა სანაპიროზე და თოლიები

ტალინის ძველი ქალაქი ვიწრო, მოკირწყლული ქუჩებითა და წითელი კრამიტით გადახურული სახლებითაა გაშენებული, რომელთა შენობების ფასადებზე ძველი რელიეფები და ფრესკები სუფთად შეუნახავთ. კონსერვაციაც ისე გაუკეთებიათ, რომ ძველისა და ახალი ნაწილების გარჩევა ადვილად შეძლო.

ქვაფენილიანი გზა და ლამაზი ძველი უბანი

ძველი ქალაქის ცენტრში მოედანია, რომელიც ბევრ ტურისტს პრაღას აგონებს. ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნების დედაქალაქებისგან განსხვავებით, ტალინი მეტად გორაკიანია, ამიტომ გადმოსახედი პუნქტებიც მეტია. ზამთარში, როცა ყველაფერი თოვლით იფარება და ესტონელები საშობაოდ ემზადებიან, საუკეთესო დრო დგება ძველი ქალაქის სანახავად. ქუჩები  ნაძვის ხეებითა და ყვითელი განათებებით ირთვება, საშობაო მარკეტები ეწყობა და ქალაქი მაშინვე საშობაო ფილმების პავილიონებს ემსგავსება. სიცივეში შეგიძლია დარიჩინიანი ცხელი სასმელით გათბე და ნახევარ საათში ყველაფერი ფეხით შემოიარო. 

ტალინის მოედანი ძალიან გავს პრაღის მტავარ მოედანს

ინდუსტრიული დასახლების დათვალიერება კი სხვა დროს ბევრად უკეთესია. კარგ ამინდში ტალინელები გარეთ გამოდიან და თეთრ სხეულებს ამზეურებენ. ზოგი ველოსიპედით, ზოგიც კი სკეიტბორდით დახრიგინებს „კალამაიას“ უბანში. ეს უბანი ხელოვანებისა და დიზაინერებისთვის საცხოვრებლად საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება. მასვე განეკუთვნება ტელისკივის ქუჩა, რომელიც 10 წლის წინ ხელოვანებმა აითვისეს და როგორც სხვა ქვეყნებში ხდება ხოლმე, მალე პატარ-პატარა თუ მსხვილი ბიზნესების ყურადღებაც მიიქცია.

წითელი კრამიტებიანი სახურავი ძველი უბანი

თავდაპირველად მეგობრების მცირე წრემ მუსიკის მოსასმენად და სკეიტზე სასრიალოდ პატარა, მიტოვებულ ქარხნის ტერიტორიაზე თავშეყრა დაიწყო. ამას მოყვა F-Hoone-ეს (კაფე) გახსნა, რომელიც დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო შესაკრებ ადგილად ითვლება. მალე ტელისკივის მიდამოებში, უამრავი სახელოსნო, მაღაზია, კლუბი და კაფე-ბარი სოკოებივით ამოიზარდა. ყველაზე მეტი სტრიტ არტიც სწორედ აქ გვხვდება. აქ ხშირად ეწყობა სახელოვნებო ფესტივალები, სტარტაპ კონფერენციები, ჰაკათონები თუ კონცერტები. თუკი ელექტრონული მუსიკის მოყვარულები ხართ, შედარებით „ანდერგრაუნდ“ კლუბებიც კალამაიაში უნდა ეძებოთ. 

ვინტაჟური კაფე ტალინში

კალამაია ძველი ქალაქის ერთ მხარესაა გაშენებული, რომლის საპირისპიროდ კი სულ განსხვავებულ სამეზობლოში ამოჰყოფთ თავს. კადრიორგის პარკი ქალაქის ყველაზე დიდი პარკია, სადაც პიკნიკი და სეირნობა ერთი დიდი სიამოვნებაა. ამ პარკის მიმდებარედ გვხვდება ხის ძველი საცხოვრებელი შენობები, რომელთა ფასადები ესტონური ორნამენტებითაა მორთული. პატარ-პატარა კაფეებში და ვეგანურ რესტორნებში გემრიელი ყავისა და საკონდიტრო ნაწარმით შეგიძლიათ დატკბეთ.

ულამაზესი პარკი ნოტინგჰილს გავს

თუკი პარკს გაუყვებით და ამინდიც ხელს გიწყობთ, ბალტიის ზღვის სანაპიროს მიადგებით. კადრიორგის პარკიდან რამდენიმე კილომენტრში, პატარა ტყის განაპირას, „პირიტას“ პლაჟია. მიუხედავად იმისა, რომ წყალი საკმაოდ ცივი და ხავსიანია, პლაჟზე გარუჯვა უმზეო ზამთრის მერე მისწრებაა. პირიტას გარდა, ტალინში კიდევ რამდენიმე პლაჟია, თუმცა უფრო ველური. აქვე უნდა აღინიშნოს ტალინის პორტი, საიდანაც პარასკევობით გემებს ალკოჰოლურ სასმელს მონატრებული ფინელები ჩამოჰყავს და კვირაობით სახედაკარგულებს უბრუნებს სამშობლოს. 

მწვანე სნააპირო

როგორც ყველა პოსტ საბჭოთა ქვეყანაში, ტალინშიც, მუსტამაესა და ლასნამაეს უბნებში, ბევრ ბეტონის მრავალბინიან სახლებს მონახავთ, სადაც ძირითადად ესტონელი რუსები, დაბალბიუჯეტიანი ესტონელები და სტუდენტები ცხოვრობენ. თუმცა ალბათ აქვე უნდა ითქვას, რომ საბჭოთა ესთეტიკა დასავლეთ ევროპის, აზიის, აფრიკისა თუ ამერიკის სტუდენტებისთვის საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველია. ბევრჯერ შეხვდებით გაფაციცებულ უცხოელს ფოტოაპარატით ხელში, რომელიც ჩემთვის გაუგებარი სიამაყით აფიქსირებს ამ უსახურ სახლებს.

ტაძრის ნანგრევები და სასაფლაო

მიუხედავად ქალაქის ასეთი მრავალფეროვნებისა, ის საკმაოდ პატარაა და ყველაფერი საფეხმავლო მანძილზეა. აეროპორტიდანაც კი შეგიძლიათ ქალაქის ცენტრში ფეხით დაბრუნდეთ და გზად რამდენიმე ტბაც მოინახულოთ. ტალინის სანახავად საშობაო პერიოდი, გვიანი გაზაფხულ-ზაფხული და ადრეული შემოდგომა ყველაზე კარგია, რადგან შეგიძლიათ დატკბეთ როგორც ლამაზი დათოვლილი ქალაქით, ასევე გადაჭრელებული ქუჩებით, ხანდახან კი სანაპიროდან ჩრდილოეთის ციალსაც შეიძლება მოკრათ თვალი. 

დაღუპულთა მემორიალი ტალინში

ავტორი: მაშო მარგიშვილი