facebook logo

ბლოგი

მცენარეების სასარგებლო თვისებები

არქეოლოგიური მტკიცებულებები გვიყვება, რომ მცენარეებით მკურნალობის პირველი ნიშნები ათასწლეულების წინ გაჩნდა. ჯერ კიდევ შუმერები სასარგებლო მცენარეების სიებს ადგენდნენ, ძველ ეგვიპტეში კი სამკურნალო მცენარეების შესახებ ცნობები სამარხებში ნაპოვნ პაპირუსებზე ამოიკითხეს

თუკი ხალხურ მედიცინაში მცენარეების შემადგენლობა შესწავლილი არ იყო, მოგვიანებით, ბიოლოგიური და ქიმიური ანალიზების, კლინიკური ცდებისა და ბიოსამეცდიცინო შესწავლის შედეგად, მცენარეების შემადგენელი ელემენტები ცნობილი გახდა და მკურნალობაში დამკვიდრდა; განისაზღვრა მათი გამოყენების ვადები, სიხშირე და ეს მაჩვენებლები თანამედროვე ფიტოთერაპიად ჩამოყალიბდა. როგორ გამოვიყენოთ მცენარეების დადებითი თვისებები ჩვენთვის სასარგებლოდ, ამაში ფიტოთერაპევტ - ირაკლი ჩოკორაიას რჩევები და გამოცდილება დაგვეხმარება.

იასამნისფერი მცენარე

პირველ რიგში, არ უნდა გვეგონოს, რომ ფიტოთერაპია და ფარმაცევტული პრეპარატები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ორივეს საკუთარი უპირატესობები და დატვირთვა აქვს. ფიტოთერაპია პროფილაქტიკისა თუ მკურნალობის მიზნით, მცენარეებისგან მიღებული ნეიტრალური მოლეკულების გამოყენებაა. მცენარეების ზემოქმედება ორგანიზმზე გაცილებით უვნებელი და ნაკლებად ტოქსიურია, არ იწვევს მიჩვევას და ალერგიას.

მწვანე ქინძი დაცვარული

მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მცენარეების უკუჩვენება მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემით შეიძლება იყოს განპირობებული, რაც ნებისმიერი სახის მკურნალობისას უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, ქრისტესისხლა ხალხურ მედიცინაში ისე გამოიყენებოდა, როგორც ორგანიზმის გამწმენდი საშუალება და ძლიერი დამამშვიდებელი. თუმცა, მეცნიერულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ქრისტესისხლას ნაყენის მიღება 1 კვირაზე დიდხანს თურმე არ შეიძლება. ასევე წიწაკა, რომელიც სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, მაგრამ მისმა ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გასტრიტი ან კუჭის წყლული გამოიწვიოს. 

წითელი წიწაკა სახლში მოყვანილი

ინფორმაცია მცენარეებში
ყველა მცენარე გარკვეული ინფორმაციისა და გამოცდილების მატარებელია. როდესაც ის ბუნებრივ გარემოში იზრდება, ნაყოფზე ადამიანის მზრუნველი დამოკიდებულება აისახება. მოვლის დროს გაცემული ემოციები და ენერგეტიკა, მოგვიანებით ანალოგიურად გვიბრუნდება ბუნებისგან. ამ დროს კი დიდ პლანტაციაში, პესტიციდებითა და ჰერბიციდებით გაბერილი, ტენქიკით დამუშავებული პროდუქტი გარემოდან საპირისპირო ინფორმაციას იღებს და ამიტომ, ის ვერასოდეს იქნება გემრიელი, არომატული და სასარგებლო. ეს არ არის მისტიკა და ფანტაზია. ეს რეალობაა, რომელსაც უბრალოდ თანამედროვე ადამიანი ჩამოშორდა.

ბუნებაში გადარგული მწვანე მცენარე
 
პრობლემის პრევენცია
როდესაც მაგალითად, თავი გვტკივა, წამალს ვსვამთ, რომელიც რამდენიმე წუთში მოქმედებს. არადა, ბევრად სწორი მიდგომაა - სანამ შედეგის მკურნალობა დაგვჭირდება, პრობლემის პრევენციაზე ვიზრუნოთ. სასარგებლო მცენარეების კვების რაციონში დამატება ექიმთან უამრავ ვიზიტს აგვარიდებს თავიდან. თუკი ქონდარის, ბექონდარას, ოხრახუშისა თუ ნიახურის ჩაის მივიღებთ, ეს უკვე პრევენციაა. მაგალითად, მწარე აბზინდა ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. რადგან მისი გამოყენება მწარე გემოს გამო კულინარიაში ვერ დამკვიდრდა,  სხვა კომპოზიციაში - ნაყენში ჩაჯდა და დეტოქსის ფუნქცია შეიძინა.

მცენარეების ნაყენი ყავის შემცვლელია

ფიტოთერაპია და კულინარია
მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ჩვენი დღის რაციონის როგორც გემოვნურ, ასევე სასარგებლო თვისებებს. ოხრახუში, ქინძი, ნიახური, ქონდარი, ბექონდარა, ზაფრანა, შაფრანი - ამ ყველაფერს, რასაც კულინარიაში ისედაც ვიყენებთ, სამკურნალო თვისებებიც აქვს. შესაბამისად, კერძებიც ავტომატურად ფუნქციურად დატვირთული ხდება. დაუმატეთ სალათს პიტნის ან ომბალოს ფოთოლი. ასევე რუკოლა, რომელიც ეთერზეთებსა და გლიკოზიტებს შეიცვას და სისხლის მიმოქცევისთვის სასარგებლოა.

სალათი

შეგიძლიათ ყავა და ენერგეტიკული სასმელები ჯანსაღი კოქტეილით ჩაანაცვლოთ - გახეხეთ 3-4 სმ კოჭა, ანუ იგივე ჯანჯაფილი. დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. დატოვეთ 20-30 წუთით. გემოვნებით დაუმატეთ ცოტა თაფლი და ლიმონის ახლადგამოწურული წვენი. ყავის შემცვლელია ასევე, ციკორი, რომლის ფესვებისგან დამზადებული სასმელი ვიტამინებითაა სავსე და გემოთი და არომატით ყავას ჰგავს.

განაჯანსაღებელი ფრეში ჯანჯაფილით ლაიმით და პიტნით

დღის სწორი დასაწყისი
თანამედროვე ცხოვრების წესმა და ტემპმა დღის რაციონში ჭარბი რაოდენობით სწრაფი კვება და მზა კერძები გააჩინა. ასეთ კვებას თავს ბოლომდე ვერ ავარიდებთ, ამიტომ სასურველია დილა ნაყენით დავიწყოთ, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის დეტოქსის ფუნქციას შეასრულებს. გვირილა, თავშავა, შვიტა, ასკილი - თითო სუფრის კოვზ ამ პროდუქტს დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი. 10 დღის განმავლობაში, საუზმის წინ, თბილი ან ცივი სახით მიიღეთ.

გვირილას ნაყენი

მცენარეები დამამშვიდებელი ფუნქციით

ქონდარი, ანისული, ბექონდარა - საღამოს საათებში მათი ნაყენის მიღება ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ასევე, თუკი სპირტზე დაყენებულ, დაჩეჩქვილ ნიორს ძილის წინ მიიღებთ, მთელი ღამე მშვიდად იძინებთ - წვრილად დაჭრილი ან დანაყული ნიორი სპირტში აურიეთ. 10 დღე ბნელ ადგილას შეინახეთ, შემდეგ კი გადაწურეთ. 1 კვირის განმავლობაში მიიღეთ, წვეთების რაოდენობა კი ნელ-ნელა გაზარდეთ. ნივრის დაუმუშავებელი სახით ხშირი მიღება კი ორგანიზმის გამძლეობას ზრდის; აფერხებს ავთვისებიან სიმსივნის განვითარებას.

ნიორი და მისი დამამშვიდებელი ფუნქცია

ჭინჭარი
ჭინჭრის ფოთლები ვიტამინებს შეიცავს, ასევე კაროტინსა და ქლოროფილს. მისი ნაყენი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. ჭინჭრის ფოთლის, ძმრისა და წყლის ნახარში კი თმის ცვენას შველის. 

შვრიის ნაყენი
ერთ ჩაის ჭიქა შვრიას დაასხით ორი ჩაის ჭიქა ცივი წყალი. გააჩერეთ 24 საათი და დაამატეთ 3 ლიტრი წყალი. ადუღეთ მანამ, სანამ სითხე 1 ლიტრამდე არ დადგება. გააციეთ და გადაწურეთ. მიღებული სითხე დღეში სამჯერ, ჭამის წინ დალიეთ. ის ხელს უწყობს სხეულიდან ქვებისა და ნალექების გამოდევნას.

შვრიის ნაყენი

ქრისტესისხლა
ჯერ კიდევ ადრე, ხალხმა ქრისტესისხლას სახით ადამიანის მშველელი აღმოაჩინა და მადლიერების ნიშნად ასე უწოდა. რამდენადაც ძლიერია, იმდენად ფრთხილად და სწორი დოზებით უნდა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ არ მოვიწამლოთ. ქრისტესისხლას ნაყენი უამრავი პრობლემის პრევენციას ახდენს. უმჯობესია აყვავებამდე, აპრილ-მაისში შეაგროვოთ. ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ქრისტესისხლას ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და 24 საათი გააჩერეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი ჭამის წინ, 15 წუთით ადრე, 1 კვირის განმავლობაში.

პიტნა და ლაიმი ყინულიტ გაზირებული

ქაცვი
ბიოქიმიური შემადგენლობით, ქაცვი უნიკალური მცენარეა. თანამედროვე მედიცინასა და კოსმეტიკაში გამოიყენება ნაყოფის როგორც წვენი და რბილობი, ასევე ზეთი. ქაცვი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს; აქვს ანტიბიოტიკური ფუნქცია. ქაცვის ზეთი შეგიძლიათ წაისვათ დამწვარ კანზე. სასარგებლოა ზეთის შერევა მცენარეულ ზეთებთან, ხილისა და ბოსტნეულის ფაფებთან, ბოსტნეულის წვნიანებთან.

ქაცვიტ დამზადებული ზეთი
 
ორგანიზმის გამწმენდი ნაკრები
შემდეგი მცენარეებით შეგიძლიათ ორგანიზმის გამწმენდი ნაკრები დაამზადოთ: ასკილი, შვიტა, სიმინდის ულვაში, ფარსმანდუკი, დიდი კამა, ჭინჭარი, ცერეცოს თესლი. ნაყენი ორგანიზმს შლაკებისა და მავნე ნარჩენებისგან წმენდს, აწესრიგებს კუჭს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და მკვეთრად აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. ორგანიზმის გაწმენდაში შემავალი თითოეული მცენარე ცალკე აღებულიც სასარგებლოა. მცენარეულ ნაკრებს არ ახასიათებს არანაირი გვერდითი მოვლენა.

ავტორი: მარიამ ყანჩაველი