facebook logo

ბლოგი

ყველაფერი ადგილზე მიტანით

"ადამიანი თვის განმავლობაში საშუალოდ 30-ჯერ საუზმობს, სადილობს და ვახშმობს. ამას ემატება ყავა და „სნექები“. მხოლოდ რამდენიმე ბიზნესმოდელს აქვს თვეში ტრანზაქციების ამ რაოდენობით შესრულების პოტენციალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკვების მიტანის სფეროს ჯერ მხოლოდ ზედაპირზე ვართ.“ - იოჰანეს ბრუდერი, Delivery Hero

ყველაფერი იტალიაში დაიწყო, როდესაც ერთ ზაფხულს მეფე უმბერტო I და მისი მეუღლე - დედოფალი მარგერიტა სავოიელი ნეაპოლის რეზიდენციაში ისვენებდნენ. დედოფლის დაბადების დღეზე სასახლეში იმ დროს ყველაზე ცნობილი  მზარეული - რაფაელე ესპოზიტო მოიხმეს, რომელმაც მათთვის 3 სახეობის პიცა მოამზადა... 

საჭმლის მიტანის სერვისის გამოგონებას ზოგი - კორეაში ნუდლსს, ზოგი - ამერიკაში Pizza Hut-ის პიცას, ზოგიც ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ ჩინურ რესტორანს უკავშირებს. თუმცა, 1889 წელს ნეაპოლის სამეფო რეზიდენციაში მომხდარი ნამდვილი თუ გამოგონილი ამბავი, საკვების ადგილზე მიწოდების ჩანასახად შემორჩა ისტორიას.  

რესტორნების საკუთარი მიტანის სერვისს, მოგვიანებით მიწოდების ახალი მეთოდი წამოეწია - მომხმარებელსა და კვების ობიექტებს შორის დამოუკიდებელი, შუამავალი კომპანიები გაჩნდა. იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ნაწილი საკვების გამოძახებას თავის ყოველდღიურობაში ამკვიდრებდა, ქართულ ოჯახში დიასახლისის მომზადებული კერძების ჩანაცვლებას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა, 2014 წელს ქართულ ბაზარზე ამ სფეროში პირველი საერთაშორისო კომპანია გამოჩნდა და ახალი ქცევებიც დაამკვიდრა. 

„ფუდპანდა“ ერთგვარი ნოუ-ჰაუ იყო იმ დროისათვის. თავიდან, ფაქტიურად, ჰაერს ვყიდდით, უბრალოდ სახელი გვერქვა. საინტერესო და აზარტული პროცესი იყო. დასაწყისში რთულად მოდიოდნენ რესტორნები თანამშრომლობაზე. ზოგს, ალბათ, არც სჯეროდა, რაზე აწერდა ხელს. უბრალოდ, იცოდა, რომ დიდს არაფერს კარგავდა და რისკავდა. როდესაც კომპანია პოპულარული გახდა, რესტორნები უკვე აქეთ მოდიოდნენ და თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამდნენ. საბლოო ჯამში, „ფუდპანდა“  ნამდვილად გახდა success case-ი,” - გიგა ქერქაძე, Glovo-ს საქართველოს გენერალური მენეჯერი.

„ფუდპანდამ“ საქართველოს მოსახლეობას საკვების ადგილზე მიწოდების სერვისი გააცნო და მოაწონა. თუმცა, ბაზარზე Wolt-ისა და Glovo-ს შემოსვლით სფეროს ხარისხმა სრულიად სხვა საფეხურზე გადაინაცვლა.
„ფუდპანდას“ დახურვის შემდეგ, მაინტერესებდა, რომელი კომპანია დაინტერესდებოდა ქართულ ბაზარზე შემოსვლით. ამ პერიოდში ლინკდინზე დაიპოსტა, რომ Glovo-ს გაფართოებისათვის თანხები ჰქონდა მოზიდული. მაშინვე მოვძებნე კომპანიის დამფუძნებელი და მივწერე. უკუკავშირიც მალე მივიღე იმიტომ, რომ ზუსტად იმ დროს ფიქრობდნენ, სად გაფართოებულიყვნენ და საქართველოც ერთ-ერთ პოტენციურ ბაზრად ჰქონდათ მონიშნული. სწორ დროს მოხდა ჩვენი დაკავშირება. Wolt ამ დროს ბაზარზე 6 თვის შემოსული იყო და ძალიან პოპულარულიც. ეს არ გვაშინებდა, პირიქით - იმაზე მიანიშნებდა, რომ ამ მხრივ საინტერესო იყო ბაზარი.  

საქართველო პირველი ქვეყანა იყო, სადაც Glovo და Wolt კონკურნეტები გახდნენ. გამოწვევის წინაშე ვიდექით - ბაზარზე ძლიერი კონკურენტის მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტი დაგვხვდა, რამაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაგვიჩინა. როდესაც მაღალია კონკურნცია, ამით ბაზარი და მომხარებელი იგებს, თვითონ კომპანიები კი უფრო სწრაფად ვითარდებიან. მუდმივად ვუყურებთ რეგიონში ვის როგორი შედეგი აქვს - Glovo-ს ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთი ლიდერია როგორც ოპერაციული, ისე სერვისის კუთხითაც.“

ქართულ ბაზარზე საკვების ადგილზე მიტანასთან ერთად, კიდევ ერთი ახალი გამოცდილება - სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის შეკვეთის შესაძლებლობაც გაჩნდა. მსოფლიოში სულ რამდენიმე ბრენდია ამ სფეროში, რომელსაც მულტიკატეგორია აქვს. 

„საკვების ონლაინ შეკვეთისგან განსხვავებით, მომხმარებელი სხვა პროდუქციის შეკვეთას ჯერ არაა შეჩვეული. თუმცა, მიწოდების სერვისის მამოძრავებელი ძალა და ლოკომოტივი მაინც საკვებია. ყველაზე მეტი შეკვეთა ჯერ კიდევ აქ მოდის, თუმცა, მულტიკატეგორიაც ნელ-ნელა საკუთარ ადგილს დაიკავებს. ყველაზე რთული ჩვევის შეცვლაა. სიახლის დასამკვიდრებლად, მან ჯერ „early adapters“ სტადია უნდა დაძლიოს.

მაგალითად, სუპერმარკეტიდან შეკვეთა ძალიან მოსახერხებელია - არ გიწევს რიგში დგომა და მძიმე პარკების ტარება. ამის მიუხედავად, სახლის გზაზე მიმავალი სუპერმარკეტში მაინც შევდივარ და მხოლოდ მერე ვხვდები, რომ დროს ვკარგავ. რთულია ახალ ჩვევებზე გადართვა. თბილისი Glovo-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ძალიან კარგად მიიღო და აითვისა ადგილზე გამოძახების სერვისი. ფაქტია, რომ სიახლეები მოგვწონს, ადვილად ვახდენთ ადაპტირებას.“

აპლიკაციას ჯადოსნური ღილაკის ფუნქციაც აქვს - ველი, სადაც შეგიძლია შეუკვეთო და შეიძინო ის, რაც სხვა კატეგორიებში არაა ჩამოთვლილი. თუმცა, მომხმარებლებს ჯადოსნობა ზოგჯერ პირდაპრი გაგებითაც ესმით. 

„ერთმა გოგომ ჩაწერა, გათხოვება მინდაო და კურიერი მართლაც მივიდა მის მისამართზე. ისიც ჩაუწერიათ - ბავშვი გამომიყვანეთ ბაღიდანო. ასეთი „შეკვეთების“ მიუხედავად, მუდმივად გვახსოვს ბრენდის დაპირება - ის მეგობარია, რომელიც ყველაფერში გეხამრება. ზოგადად, ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი, სპეციფიკური მოთხოვნები აქვს და ამის გათვალისწინებით ერგება კომპნია ბაზარს. ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც არაა ბევრი ბანკომატი, ქეშის მიტანის სერვისია პოპულარული - კურიერს ბარათს ატანენ, რომელსაც ბანკომატიდან მათთვის ფული გამოაქვს.“




ცხოვრება იცვლება და ყველაფერი ციფრულ სამყაროში გადადის. შესაბამისად, ყველა დიდი კომპანიის საფიქრალია - მომავალში რა მოუნდება და დასჭირდება თანამედროვე ადამიანს. წარმატებული კი ის იქნება, ვინც ამას მომხმარებელზე ადრე იგრძნობს და გათვლის.

საკვების მიტანა და ტაქსი ის 2 სფეროა, რომელიც ტექ.კომპანიებში ყველაზე დიდი რაოდენობით თანხებს იზიდავს და დღეს გლობალურად ყველაზე ცხელი თემაა. შვეიცარიული ბანკის - UBS 2018 წლის კვლევის თანახმად, საკვების მიწოდების ბაზარი 2030 წლისთვის 10-ჯერ დიდი, ანუ დაახლოებით 365 მილიარდი დოლარის ღირებულების გახდება. 

„დღეს ამ მიმართულებებით უზრმაზარი ფული იმიტომ იხარჯება, რომ ბრძოლა დიდი ბაზრის მოსაგებად მიდის - როდესაც ბაზარი გაჯერებული გახდება, რომელი კომპანია მოიგებს და ვინ გახდება სფეროს გიგანტი. დღევანდელი ფინანსური სარგებლისთვის არ მიდის თამაში,  მომავალში ვინ როგორ გადაინაწილებს ბაზარს - ესაა მთავარი თემა. დიდი ფულის ჩადება დიდ კონკურენციას ქმნის და დიდ ბაზრებზე, სადაც მილიონობით მომხმარებელია თავმოყრილი, კამპანიები და კონკურენცია ძალიან აგრესიულია.“




ამერიკაში 2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს ტერმინი „Gig Economy“ გაჩნდა - თავისუფალი ბაზარი დროებითი პოზიციებით, სადაც კომპანიები დამოუკიდებელ ფრილანსერებს მოკლე პერიოდით ეთანამშრომლებიან. ტერმინი gig სლენგია, რომელიც ადრე მხოლოდ მუსიკოსების მისამართით გამოიყენებოდა და ის დროებით სამუშაოს აღნიშნავს.

თუკი კრიზისის დროს ერთდროულად სხვადასხვა საქმით დაკავება ერთგვარი გამოსავალი იყო, დღეს „Gig Economy“ კულტურისა და ბიზნესგარემოს ცვლილების ნაწილია და ის უამრავი თანამედროვე ადამიანის ხედვას ემთხვევა. უფრო სტაბილური და გარანტირებული ტრადიციული სამუშაო სისტემის მიუხედავად, ზოგიერთი ადამიანი მეტ თავისუფლებასა და მოქნილ სამუშაო გრაფიკს ამჯობინებს. სწორედ სამუშაო გარემოს ასეთმა ცვლილებამ გააჩინა ონლაინ, ფრილანს პლატფორმები. ერთ-ერთი ასეთი პირველი პლატფორმა ტაქსის გამოძახების მობილური აპლიკაცია - Uber იყო.  

„ეს არის თაობა, რომელსაც ყველაფერი აქვე და ახლავე უნდა. სწორედ ამ თაობის ტრენდებზეა აწყობილი ყველა პოპულარული სერვისი: სახლიდან გასვლა აღარ გჭირდება, რადგან გაქვს Amazon, Netflix... სწორედ ამიტომ, სხვა კომპანიებიც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების ასეთ წესს ერგებიან.“

კითხვაზე - „რა დასჭირდება მომავლის ადამიანს იმისათვის, რომ ბოლომდე კომფორტულად და კმაყოფილი იყოს“ – ტექნოლოგიებთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამინისგან მოულოდნელ პასუხს ვიღებთ:
„ალბათ, ყველაზე კომფორტულად ადამიანი მაინც ბუნებაშია. თუკი ჩვენი ახლანდელი განვითარება სამწუხაროდ იმაში გამოიხატება, რომ ბუნებას ვანადგურებთ, მომავალში ეს პროცესი პირიქით შემობრუნდება - ადამიანის ტექნოლოგიებთან კავშირი ბუნებასთან მეგობრული და ჰუმანური მიზნებისკენ იქნება მიმართული.“

საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ პროექტ -  „ბიზნეს კაფეს“ მიზანი, სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელებს შორის ბიზნესსფეროში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების გაცვლასთან ერთად, ბიზნესწრეებისათვის სწორედ ასეთი, ახალბედა ლიდერების გაცნობაა. „ბიზნეს კაფეს“ მხარდამჭერი თიბისი დაზღვევაა და ის უმაღლესი რგოლის მენეჯერებისათვის თანამედროვე ტენდენციებისა და გამოცდილების ერთმანეთთან გასაზიარებლად ტარდება. 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი