დავიჯერო, ზაფხულის მიწურულს, ჟაკეტით სერნობა მარტო მე მენატრება? ზამთარში კი პირიქით - მძიმე ტანსაცმლისგან, ხშირად დამძიმებულ სხეულს ერთი სული აქვს, როდის დათბება და ასე დაუსრულებლად - ზამთარში ზაფხული გვენატრება, ზაფხულში კი ზამთარი.
ბავშვობაში, როცა ზაფხულს და გეტრების ჩაცმას ველოდებოდი, ხოლო არდადეგების გამო თამაშისთვის მეტი დრო იყო, ხშირად მომიკრავს ყური უფროსების ნათქვამი ფრაზისათვის - თუ ზღვაზე წასვლაა, სექტემბრის ბოლოს უნდა წახვიდე - „ბარხატნი სეზონია“!
მაშინ ვერაფრით ვერ ვხვდებოდი როგორი უნდა იყოს სეზონი „ბარხატნი“, ან შემოდგომაზე ზღვაზე რატო უნდა წახვიდე, როცა მთელი 3 თვე სულ ზღვაზე წასვლის ამინდია?
მერე, როგორც ხდება, იზრდები და დიდების ენაზე იწყებ საუბარს, თუმცა, თუ ძალიან გაგიმართლა, არც ისეთი წყალწაღებული ხარ. როგორც “პატარა უფლისწულში” წერია - ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს).
ასე აღმოვჩნდი “დიდობის ჟამს” ესპანეთის სანაპიროზე თანაც გაგანია შემოდგომას!
მადრიდსა და ბარსელონაში მოგზაურობისას აღმოვაჩინე, რომ ამ სამოგზაურო ფოტოალბომის ერთი-ერთი დამახასიათებელი დეტალი გადაღების რაკურსია. თურმე რა საინტერესო კადრების აღმოჩენის შესაძლებლობა მქონია მჯდომიარეს.
ამ კუთხიდან გადაღებისას, ამბის დასრულების შენებური ვერსიებისთვის, უფრო ფართო არჩევანი გაქვს. მაგალითად: რაზე საუბრობენ ხილის დახლთან ჩამომსხდარი გოგონები...
ამ სამიდან ვისია ძაღლი და ასე დაუსრულებლად...
რახან აღმოჩენებზე წერა დავიწყე, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ თურმე შემოდგომას ზღვაზე წასვლას არაფერი სჯობია. თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი წლის ძალებს ზაფხულის მიწურულს ერთიანად, ზღვაზე წასვლით აღიდგენთ, გადაღებისთვისაც სულ სხვანაირი განაათებაა...
ლამაზფეხება პალომაზეც უნდა მოგიყვეთ! ხომ იცით, ჩემი ფოტოების გმირებმა, ხშირ შემთხვევაში, არც იციან რომ ვუღებ, მაგრამ პალომას გვერდს ვერ ავუვლიდი… თან რაც შეიძლება ახლოს უნდა მივსულიყავი - ხოდა გავბედე და მივგორდი!
- ანტონიო ანტნიო!! მერე რაღაცას ესპანურად ამბობს რაც არ მესმის, მაგრამ ჩემი ინტერპრეტაციით ბიჭებს ეუბნება, რომ ამ გოგოს, ანუ მე, მისი გადაღება მინდა, რაც მთავარია, გაუხარდა ..
პალომა, ასე ჰქვია ამ ქალს რომელიც საღამოობით „ბიჭებთან“ ერთად “ფიესტაზე” მხვდებოდა. ისე მინდოდა მისი ახლოდან გადაღება, რომ გამონაკლისის სახით არ ვიპაპარაცე.
ამ მოგზაურობის დროსაც მარტოდ მყოფმა ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს.
მადრიდიც და ბარსელონაც, ხალხმრავალი, მხირაული და თავისუფალი ქალაქია, მაგრამ ადამიანებს შორის ჩაკარგულ, დაფიქრებულ ადამიანებს მაინც ვპოულობდი...
ჩემი დაკვირვებით, როცა სამეგობროში წელიწადის დროებზე ვსაუბრობთ, ერთი ასეთი აზრი აუცილებლად გაიჟრერებს - არა, მე ზაფხული არასდროს არ მბეზრდება!
ოქტომბერი იყო, მაგრამ ძალიან თბილოდა, როცა ეს გოგო დავინახე, ვფიქრობ, მასაც ჩემსავით ჟაკეტით სეირნობა ენატრებოდა...
ავტორი: ანა გოგუაძე