facebook logo

ბლოგი

მარიამ კაკაბაძის სახლი

ამ სახლში ვიზრდებოდი, ცხოვრების უდიდესი ნაწილი აქ გავატარე და ჩემთვის, ამ გარემოს ყველა დეტალი ორგანულია. თავდაპირველად, სახლი ბებიაჩემის მშობლებმა შეიძინეს, საიდანაც იწყება ისტორიაც. ამ სახლში სამ თაობას უცხოვრია, თითოეული მათგანის კვალი, ვფიქრობ, წარუშლელია.

დიდი ნათელი ფანჯრები, მზის სხივები შემოდის ფანჯარაში, ნახატები, ყვავილები

სახლში ბევრი წლის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრების მიერ შეგროვილი ავეჯი და ნივთებია, ახალი ნივთებისთვის უკვე აღარ რჩება ადგილი, თუმცა მე ვერც ერთ ნივთს ველევი, რადგან ყოველ ნივთს თავისი ამბავი აქვს. სახლი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ფაქტობრივად, შენ ხარ ამ საგანძურის მცველიცა და მემატიანეც, რომელმაც უნდა შეუნახოს ის მომავალ თაობებს.

წითელკაბიანი გოგონა და ორი პატარა ბავშვი

ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი შუშაბანდიანი, მზის სხივებით გაჟღენთილი ოთახია, რომელიც მამას, ამირ კაკაბაძის, სახელოსნო იყო, თუმცა ის აქ არასდროს მუშაობდა. სამუშაო კუთხეს ცენტრალურ ოთახებში აწყობდა და განსაკუთრებით უყვარდა, როცა სამივენი ერთად ვიკრიბებოდით. მამას სახელოსნო ჩემი ოთახის გაგრძელებად იქცა, რომელიც მეგობრების შეკრების, გათენებული ღამეების და დაუვიწყარი მოგონებების განსაკუთრებული ადგილია, რომელმაც დროდადრო უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა.

სხვადასხვა ნახატი დაკიდებულია თეთრ კედელზე

ამირის ნამუშევრებს ყველა ოთახსა და კუთხეში შეხვდებით, მართალია მამას ნამუშევრები ბავშვობაში ცოტა საშიშად გვეჩვენებოდა, მაგრამ ყველაფერი იმდენად ორგანული, იმდენად ახლო იყო, რომ ხასიათისა და ხედვების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა.

გოგონა ზის სავარძელში, და ხელში უჭირავს ნახატი, რომელსაც უყურებს

მოგონებები ამ სახლზე ჩემთვის ჯერ კიდევ ცოცხალია. საკმარისია ჩემი საიდუმლო უჯრა გამოვაღო, რომელიც ბავშვობაში დამაბრუნებს. უჯრა როიალის ქვეშ იყო და დღესაც არსებობს, აქ ვინახავდი ღირებულ ნივთებს, წერილებს, ნახატებს. გარკვეული დროის შემდეგ მავიწყდებოდა და მათი თავიდან აღმოჩენა ძალიან მახარებდა.

ჩანგალი ნახატზე

ეს არის სივრცე, რომლის ყოველი კუთხე თავისი უნიკალური ისტორიით გამოირჩევა. ყველა ადამიანს აქვს უნარი, საკუთარი ხედვით მოიწყოს პირადი სივრცე. ჩემთვის, ეს სახლი არამხოლოდ კედლები და ოთახები, არამედ სამი სხვადასხვა თაობის მიერ შექმნილი ნამუშევარია.

მანეკენის ხელის მტევანი, სურათის ჩარჩო

მგონია, რომ ეს სახლი მათი შინაგანი სამყაროს ვიზუალური, გარეგნული გამოხატულებაა. ჩემთვის, მინიმალური დეტალიც კი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია და ყოველთვის ვცდილობ, რომ ამ უნიკალურ სივრცეში შემთხვევითი ნივთი არ მოხვდეს. თითქოს, რაღაც გკარნახობს, რომ ბალანსი შეინარჩუნო და სიმშვიდე და სიმყუდროვე შეიგრძნო.

წიგნებით სავსე წიგნების კარადა, შავთეთრი სურათი წიგნების კარადის ვიტრინაში

ჩემთვის, ეს სახლი ცოცხალი ორგანიზმია, სიხარულით, ტკივილით და იმ ხასიათით, რომელიც მნიშვნელოვანი ადამიანების გავლენით შეიქმნა. 

ავტორი: მარიამ კაკაბაძე