facebook logo

ბლოგი

ევროტური, ნაწილი II

ბუდვასა და დუბროვნიკის მონახულების შემდეგ, გავუყევით მონტენეგროს გზას... ბუდვადან დუბროვნიკში გადასვლისას, გაგიკვირდებათ და, კიდევ ერთი ქვეყანა გადავკვეთეთ, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ერთ ქვეყანაში მეორე რომ იყოს შეჭრილი.

დუბროვნიკი, ხორვატია, ზღვა, მთები

ბოსნია-ჰერცოგოვინა - ეს ქვეყანაც ფანჯრიდან ვნახეთ მხოლოდ, მაგრამ აი საინტერესო ფაქტები: დამოუკიდებლობის მოპოვებისას, ბოსნიას, სანაპიროს ზუსტად 10 კმ მისცეს, გეგონება, ზრდილობის გულისთვის, საწუწუნო რომ არ ჰქონოდათ, გადაუგდეს ნამცხვრის ნაჭერიო... აქაც, იტალიასავით, ფერდობებზე შეფენილი თეთრი სახლები, ხვეული გზა და მწვანე ბაღები. 

მონტკოტორი, ქვის სახლები კლდის ძირას, მთები

მონტენეგრო - თუ შეიძლება ქვეყანა აღმოჩენა გახდეს - ჩვენთვის ასეთად მონტენეგრო იქცა. ეს მთაგორიანი ქვეყანა გაგაოცებთ თავისი პეიზაჟებითა და სანაპიროებით. ბევრ სანაპიროს ლურჯი დროშა აქვს მინიჭებული. სანაპიროები, ძირითადად, წვრილკენჭიანია. წყალი საოცრად შაბიამნისფერი. 

ხორვატია, მონტენეგრო, პალმები, სახლის კლდის ქვეშ

თუ პატარა, რომანული სტილის ქუჩებში ბოდიალი და უინესკოს ქალაქ-ძეგლის თვალიერება გსურთ, კოტორში უნდა წახვიდეთ. პატარა და საყვარელი შუასაუკუნოვანი ქალაქია, რომელიც ყურეს ნაპირზე მდებარეობს. აქ ზღვას მყინვარის ნადნობი წყალი უერთდება. როდესაც კოტორში ცურავ, ხალიან, ძალიან ცივ და ხან კი თბილ, მარილიან წყალში ხვდები... სისხლძარღვებისათვის ნამდვილი თერაპიაა. 

კოტორი, მთები, ქალაქ-ძეგლი, იუნესკოს ძეგლი, ზღვა

მონტენეგროელები, ისევე როგორც ჩვენ, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. ენა სლავურისა და თურქულის უცნაური მიქსია. ავტოსტოპი პრობლემას არ წარმოადგენს (პირველად ვიმგზავრეთ კაბრიოლეტით). თუ ველური „ქემფინგი“ გნებავთ - კი ბატონო, სადაც მოისურვებთ - უფასოა.

კოტორი, ძველი სახლები

სამზარეულო საკმაოდ საინტერესოა, აქ შესაძლოა თქვენთვის ცნობილი კერძები სხვანაირი აქცენტებითა და პრეზენტაციით აღმოაჩინოთ. დიდია ვეგეტარიანული არჩევანიც. 

მონეტენეგრო, კოტორი, გოგონა ტატუთი ზურგზე, პიცერია, ვიწრო ქუჩა

ალბანეთი - როდესაც ალბანეთში მოხვდები - „რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდას“ შეგრძნება გაქვს: ჯერ ისევ ევროპაში ხარ და რამდენიმე კილომეტრი ზღვის იქით, თითქოს, იტალიაა, შემდგარი, რაფინირებული და გემოვნებიანი სახელმწიფო მაგრამ, რეალურად, შენ შენს აწმყოში, გეგონება, რომ ინდოეთში იმყოფები.

ალბანეთი, მატარებლის სადგური

მართლაც რომ ევროპის ინდოეთია - ამდენი საყოფაცხოვრებო ნარჩენი, გაჭირვებული და სოციალურიად დაუცველი ადამიანი, რომელიც ამ ნარჩენებში ცხოვრობს, არსად მინახავს.

ალბანეთი, ალბანელი ბავშვი

საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის ისე, როგორც მოესურვება და ჩერდება არა საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის განკუთვნილ გაჩერებებზე, არამედ მძღოლის წარმოსახვით შემქნილზე. ეს ფაქტი ნამდვილი კულტურული შოკი იყო.

ალბანეთი, კიბეები

ალბანეთი კონტრასტების ქვეყანაა... უკეთ რომ მიგახვედროთ, აქ 2000 წლამდე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, მაგრამ მშვიდობის დადგომის შემდეგ, ქვეყანამ ტურიზმის განვითარების გზით გადაწყვიტა წინსვლა და არ უნდა გაგიკვირდეთ თუ აქ გვერდიგვერდაა 5* სასტუმროები და ბოშათა სამოსახლო.

ქვეყანას ძალიან დიდი რესურსი გააჩნია როგორც ბუნებრივი, ასევე კულტურულიც. სწორადწარმართული პოლიტიკის წყალობით, 10-15 წელიწადში, შესაძლოა, განვითარების კუთხით ძალიან დიდი ნახტომი გააკეთოს კიდეც... იქამდე კი, მოგიწევთ დანაგვიანებული ზღვით ტკბობა, რომელიც განგში განბანვას ჰგავს (ზღვაზე ვიყავით და ვერ ვაძალებდი თავს წყალში ჩასვლას).

ალბანეთი, ზღვის სანაპირო, მწვანე შეზლონგები და ქოლგები, სათამაშო სპილო

გაგიკვირებათ და, ქვეყნის არატურისტული მთიანი რეგიონები უფრო მდიდრული და მოვლილია. მევენახეობასაც ეწევიან, მიწათმოქმედებას, სოფლები სუფთა და გამწვანებულია. რაც უფრო უახლოვდები საბერძნეთის საზღვარს, მით უფრო ეტყობა კეთილდღეობა.

ალბანეთი, სოფელი, კაფე

ალბანეთი ევროკავშირს არ ეკუთვნის, ევროსთან მიმართებაში, კურსი დიდად სახარბიელო არ არის და იმპორტული საქონელი (ხილისა და ბოსტნეულის გარდა, ფაქტობრივად, 80% პროდუქტი იმპორტულია) საკმაოდ ძვირია, ხოლო მასწავლებლის საშუალო ხელფასი 200 დოლარს უტოლდება. არასახარბიელო პერსპექტივაა. თუმცა, ტურისტისთვის ევროპასთან შედარებით, საცხოვრებლის, საკვები ობიექტების, ზღვის პროდუქტების ფასები ძალიან მიმზიდველია და ბევრი ევროპელისთვის ეს ქვეყანა ნამდვილი აღმოჩენა ხდება.

ალბანეთი, კაფე, წიგნები

თავად ხალხი ძალიან მეგობრულია, ჯერ კიდევ შერჩათ ინტერესი ტურისტების მიმართ და ცნობისმოყვარეობით შემოგცქერიან. თუ შედარებით გარეუბანში მოხვდებით, სადაც ტრანსპორტი განსაკუთრებული პრობლემაა, ყველა მზადაა ტაქსის როლი შეასრულოს. საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, ასე მაგალითად, ერთ-ერთ გაცვლით პუნქტში მოლარე ბებომ ხელები დაგვიკოცნა და ჩაგვეხუტა, როდესაც გაიგო, რომ საქართვეოდან ვართ..

ალბანეთი

საკმაოდ ახლო კონტაქტი გვქონდა ადგილობრივებთან. ბოშათა უბანშიც ვიარეთ, გარეუბნებშიც და არასდროს გვქონია შეგრძნება, რომ ჩვენს უსაფრთხოებას რამე ემუქრება. რაღაცნაირი ხასხასა შთაბეჭდილებებით კომფორტის ზონიდან გამოსვლა გამოგვივიდა, რის შემდეგაც საბერძნეთი სიმყუდროვისა და კომფორტის ადგილად იქცა.

ალბანეთი, ზღვა, ლურჯი, ცისფერი, ყვავილი

საბერძნეთი - ამ აბზაცში უფრო სწორი იქნება დავწეროთ სალონიკი და არა საბერძნეთი, ვინაიდან მხოლოდ 2 დღე გვქონდა და სალონიკის და ახლომდებარე აგია ტრიადას ნახვა მოვახერხეთ, თუმცა კაფე-რესტორნების ასეთი სიმრავლე არსად შეგვხვედრია.

საბერძნეთი, თესალონიკი, ლუდის მანქანა-კაფე

ბევრგან ქართულადაც საუბრობენ... ვეგანურით დაწყებული, სტეიკ-ჰაუსით დამთავრებული ყველანაირი დაწესებულება შეგხვდებათ - „სფეშელთი“ ყავის კაფეები, საცხობები, სანაყინეები...

საბერძნეთი, თესალონიკი, ქვიშიანი სანაპირო, ნავი

საკვებით ნამდვილი სიამოვნება მივიღეთ აგია ტრიადაზე, სადაც სანაპიროს გამო წავედით და ძალიან ვისიამოვნეთ ზღვით და საკვებითაც. საბოლოოდ, „chill-out“ დღეები გამოვიდა ალბანეთის ოდნავ დაძაბული შემოვლის შემდეგ.

ავტორი: კიწი სამსონაძე
ფოტო: კიწი სამსონაძე