facebook logo

ბლოგი

ევროტური, ნაწილი I

რა შეიძლება იყოს მოგზაურობაზე საინტერესო? ალბათ, მხოლოდ მოგზაურობა.
ჩემთვის ნათელია, რომ ვერასდროს შევაგროვებ ფულს მანქანისთვის, ან რამე სხვა მატერიალური ნივთისთვის, ვინაიდან, როგორც კი თანხა მიგროვდება - მაშინვე სამოგზაუროდ ვხარჯავ, ვერ ვზოგავ სხვა რაღაცებისთვის...
წელს, როგორც ყოველთვის, იდეისა და ავანტიურის ინიციატორი მე ვიყავი - ჩასვლა ვენაში, გამოფრენა სალონიკიდან. როგორია? 8 ქვეყანა, რომელიც 3 კვირაზე უფრო ნაკლებ დროში, კონკრეტულად კი, 18 დღეში უნდა შემოგვერბინა. 

ავსტრია, შუქურა, ბუნება, ტბა

ავსტრია - ხელოვნების, მაღალფარდოვნებისა და არისტოკრატიის ქვეყანა. საოცრად მოწესრიგებული, სუფთა. კეთილდღეობას ასხივებს თითქოს, მაგრამ რაღაცნაირად ცივი... სასახლეებისა და მუზეუმების სიმრავლით გამორჩეული, უამრავი გამოფენის, ფესტივალის, კონცერტისა და წვეულების მასპინძელია.

ვენა, ავსტრია

აქ, ქუჩებში, მართლაც ცეკვავენ ვალსს, კლიმტს იცნობენ და ბელვედერს მიჰყვებიან კვალდაკვალ. თუმცა, ამ ფუფუნებას აკლია სითბო და ტემპერამენტი, რევერანსებისა და ბაროკოს სტილს კი ადმიანურობა. თვით ბუნებაც, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება შვეიცარიისას და ცისა და წყლის საოცარი ფერით გამოირჩევა, მაინც უცნაური სიცივის შეგრძნებას გიტოვებს. თითქოს ეს სილამაზე არ გიკარებს, ან ჩვენ ვერ გავითავისეთ.

ავსტრია, მთები, ცა, ბუნება, ტბა

გერმანია - გადავკვეთეთ თუ არა ბავარიის საზღვარი, ერთიათად მომრავლდნენ ველოსიპეტისტები. გეგონებოდა, მეორეხარისხოვანი გზები ველოსიპედებისთვის კი არა - მანქანებისთვის იყო დაგებული. 
თუ უხეშად ავსტრიულ დახვეწილობასა და კოხტა სახლებს ბევრ ყვავილს, მოკაზმულობას და მეტ ადამიანურობას შესძენ, მიიღებ ბავარიულ სოფლებს, სადაც ყოველ კარზე გინდება მიკაკუნება და გგონია, რომ ლუდითა და ძეხვეულით გაგიმასპინძლდებიან.

გერმანია, ბავარია, ბავარიული სოფელი, ყვავილები

კეთილდღეობა და სიმდიდრე მიუნხენსაც ეტყობა. სტუდენტების მრავალრიცხოვნებიდან გამომდინარე, ქალაქი ახალგაზრდებითაა სავსე. ბევრია მუზეუმი, პინაკოთეკა, სასახლე...

გერმანია, მიუნხენი, პინაკოთეკა

სიმდიდრე გახდა მიზეზი იმისა, რომ XX საუკუნის დასაწყისში, აქ სს-ისა და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინები იყო განთავსებული. ჰიტლერი აქ იწყებდა თავის პოლიტიკურ კარიერას. იწერებოდა ისტორიის ბნელი ფურცელი... 

გერმანია, მიუნხენი, ნიმფენბერგის სასახლე

თვალშისაცემია, ხალხის სპორტულობა. ბევრია სპორტულად „გამომშრალი“ ადამიანი. ფაქტობრივად, ყველა ველოსიპეტით დადის.

გერმანია, მიუნხენი, სკეიტბორდი, სკეიტბორდისტი, ბიგ მაკის ტრამპლინი, პარკი, პარალონები ბალახზე

სხვათა შორის, ძალიან ბევრია ველოსიპეტის ბილიკი და, ველოსიპეტისტების მოთხოვნით, სულ უფრო და უფრო მეტს ამატებენ. ფაქტობრივად, მანქანისათვის განკუთვნილი სამოძრაო ზოლები ვიწროვდება. ჩვენი იქ ყოფნის დროს, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს ველორბოლის გასამართად.

გერმანია, მიუნხენი, რედბული, ველორბოლა, მოტოციკლი, მოტოციკლისტი

გერმანიიდან, სლოვენიის გავლით, ხორვატიაში ვაპირებდით გადასვლას. მოგეხსენებათ, სლოვენია, იუგოსლავიის ნაწილი იყო საბჭოთა კავშირში შემავალი, რაც აისახა როგორც ქვეყნის ეკონომიკურ, ისე სოციალურ მხარეზე, შესაბამისად, ეს ქვეყანასაც დაეტყო ვიზუალურადაც. მოკლედ, სლოვენიაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან, მხოლოდ ავტობუსიდან შევძელით მისი მცირე ნაწილის ნახვა. 

კოშკი, ზადარი, ხორვატია

ზაგრებში, ქალაქის განაპირას, მეგობრებთან ვრჩებოდით. საცხოვრებელი უბნები საბჭოთა არქიტექტურის კლასიკური მაგალითია. რაღაცით, გლდანს ან ვარკეთილს მოგაგონებს, იმ განსხვავებით, რომ უფრო მწვანეა. არის სასეირენო ზონები და საველოსიპეტო ბილიკები. 

ტრამვაი, ზაგრები, ხორვატია

ძველი ქალაქი, თბილისის მსგავსად, ფერდობებზეა შემოფენილი. შემორჩენილია შუასაუკუნოვანი გალავანი, ულამაზესი გოთიკური ტაძარი და თეთრი ავურით ნაშენი სახლები, თავისი პატარა, შიდა ეზოებით. ძველ ქალაქს, გარედან, თითქოს სარტყელის მსგავსად აქვს შემორტყმული სტალინურ სტილში ნაგები საცხოვრებელი სახლები. ხოლო განაპირა უბნები, კიდევ უფრო გვიანდელი, 60-80-იან წლებს ეკუთვნის. 

ჩვენი მოგზაურობის მთავარი ნაწილი და კულმინაცია ზღვის სანაპირო უნდა გამხდარიყო, სადაც უდარდელად და თავისუფლად, კარვით ვაპირებდით გაჩერებას. ამიტომ, ზაგრებიდან ზადარში, შემდეგ კი სპლიტსა და დუბროვნიკში გადავედით. ხორვატია, 5-10 წლის წინ,  ტურისტებისთვის, აღმოჩენა იყო თავისი პლაჟებით, პატარა საყვარელი კუნძულებითა და კოხტა სახლებით. თუმცა, თუ აქამდე ეს ქვეყანა სიიაფითაც იყო მომხიბვლელი, „სამეფო კარის თამაშების“ გადაღების შემდეგ, ტურისტები მოაწყდნენ და ფასებმა 4-5-ჯერ აიწია. დღესდღეობით, ფასებით დაახლოებით იტალიის ფასებს უტოლდება, თუმცა მომსახურების ხარისხით, ჯერჯერობით, ვერ მიდის ევროპის ტურისტული ქვეყნების დონემდე.
ამ ქვეყანას ვერ დავუკარგავ სანაპიროების ხარისხსა და პეიზაჟებს... ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე.

ხორვატია, ზღვა, ყვითელი, ლურჯი

ჩვენი გეგმა - დავრჩენილიყავით კარვით ველურ სანაპრიოზე ხორვატიაში, კრახით დასრულდა, ვინაიდან ველური „ქემფინგი“ აკრძალულია, ხოლო დამრღვევებს 400 ევროთი აჯარიმებენ. ბევრია ორგანიზებული საკარვე ადგილი, თუმცა საფასო პოლიტიკა ისეთი აღმოჩნდა, რომ იმავე ფასად მიწაზე წოლას პატარა სასტუმროებში გაჩერება ვარჩიეთ. 

ავტორი: კიწი სამსონაძე