facebook logo

მოგზაურობა

სტუმარმასპინძლობა ქართულ კინოში

ესტონელი ივოს, ქართველი ნიკასა და ჩეჩენი აჰმედის შეხვედრის ისტორია თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ამბავია, რომელიც კაცობრიობის ყველაზე მთავარ პრინციპზე - კაცთმოყვარეობაზე დგას.

2014 წელს ოსკარზე და ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინირებული „მანდარინები“, ერთი შეხედვით, პოლიტიკურ, კულტურულ და ეთნიკურ კონფლიქტს ეხმაურება, თუმცა, დაპირისპირების მიზეზები ფილმში ქვეტექსტად უფრო იკითხება, წამყვანი თემა კი მაინც ადამიანური ღირებულებებია.

მანდარინები, ქართული ფილმი, რეჟისორი ზაზა ურუშაძეფილმი: „მანდარინები“  რეჟისორი: ზაზა ურუშაძე

აფხაზეთში, ესტონურ სოფელში, ერთმანეთს დაპირისპირებული ორი დაჭრილი ადამიანის ერთჭერვეშ შეხვედრა სწორედ იმ ადამიანთან, რომელიც ზნეობრივი ავტორიტეტია, რომელსაც შენდობა, მიტევება და სიყვარული შეუძლია მხოლოდ შემთხვევითობის გამო არ ხდება.

თანამედროვე ცხოვრების სტილმა და ტემპმა ბევრ ტრადიციას უცვალა სახე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც გადააფასა. დღევანდელ ინდუსტრიულ გარემოში უფრო მნიშვნელოვანი ისეთი ღირებულებები გახდა, როგორიცაა მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა. თუმცა, არსებობს, თითქოს გენეტიკურ კოდში ჩადებული მახასიათებლებიც, რომლებიც ერის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამის შედეგია ჩვენ მიმართ წარმოთქმული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დახასიათება - სტუმართმოყვარე ქართველები. 

მანდარინები, მოხუცი კაცი, ფილმი, რეჟისორი ზაზა ურუშაძეფილმი: „მანდარინები“  რეჟისორი: ზაზა ურუშაძე

სტუმარმასპინძლობა დღეს შეიძლება მხოლოდ ქართულ სუფრასთან ასოცირდებოდეს, თუმცა ეს ღირებულება ისტორიულმა წარსულმა, კულტურულმა მემკვიდრეობამ და ყოველდღიურმა ცხოვრებამ გააჩინა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ XXI საუკუნის ფილმიც იმ იდეალებზე დგას, რომელზეც ვაჟა 2 საუკუნის წინ წერდა. „მანდარინებში“ ივოს დიალოგებისას შეუძლებელია არ გაგახსენდეს „სტუმარ-მასპინძლიდან“ – „დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა.“

„როცა გამზადებულ ფილმს ვუყურებ, ვხვდები, რომ ვაჟას პირდაპირი გავლენაა. ალბათ, ყველა ქართველს გვაქვს ეს გავლენა ქვეცნობიერად“, - ამბობს რეჟისორი - ზაზა ურუშაძე.

ტყე, მანქანა, სამი ადამიანი, თოფი, მანდარინები, ფილმი, რეჟსორი ზაზა ურუშაძეფილმი: „მანდარინები“  რეჟისორი: ზაზა ურუშაძე

კინო-ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ხერხებიც ეპოქასთან ერთად იცვლება და ვითარდება, მაგრამ არ იცვლება ის თემები, რომლებიც ადამიანებს ათწლეულებია აინტერესებთ, აწუხებთ, ან უბრალოდ მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, სტუმარმასპინძლობის ტრადიცია, როგორც ჩვენი იდენტობის შემადგენელი კომპონენტი, ყველა ეპოქის კინოში თანაბრად აქტუალური აღმოჩნდა.

ვაჟამ მოახერხა ყოფილიყო ყველაზე ჰუმანისტი, უსაზღვრო დიაპაზონით მოაზროვნე, შეექმნა შედევრები და მუდმივი საფიქრალი დაეტოვებინა სხვებისათვისაც. თუ ვაჟასთვის ერთ-ერთ მნიშვენლოვან თემას ზაზა ურუშაძემ თანამედროვე ინტერპრეტაცია მისცა, 1967 წელს თენგიზ აბულაძემ პირდაპირ - „ალუდა ქეთელაურისა“ და „სტუმარ-მასპინძლის“ სიუჟეტური ხაზები გააერთიანა და ეკრანზე ისეთი მხატვრული სახე გამოსახა, რომელიც სტილითა და თხრობის მანერით არც ერთ სხვა ქართულ ფილმს არ ჰგავს.

ვედრება, ფილმი, რეჟსორი თენგიზ აბულაძეფილმი: „ვედრება“ რეჟისორი: თენგიზ აბულაძე

ფილმში „ვედრება“ ბევრი სიუჟეტი პოემების პასაჟებს ზედმიწევნით იმეორებს, თუმცა ის მაინც არ წარმოადეგნს რომელიმე ერთი პოემისა თუ ლექსის ეკრანიზაციას - თხრობა ვაჟას შემოქმედების განზოგადებულ სამყაროში მიმდინარეობს. „ვედრება“ პროზისა და პოეზიის  ეკრანიზაციის მცდელობაა, სადაც რეჟისორმა უამრავი სახე-სიმბოლოთი ის ფილოსოფიური საკითხები წამოსიწია წინ, რითიც გაჯერებულია ვაჟას შემოქმედება. 

ქართულ კინოში სტუმარმასპინძლობას უბრალო ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისა და მისი ბუნების ჩვენების ფუნქციაც ჰქონდა. 1975 წელს რეზო ჩხეიძემ, „ქართული ფილმის“ დირექტორმა, მოსკოვიდან დაბრუნებულ ვალიკო კვაჭაძეს მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება ურჩია. შიო არაგვისპირელის ნაწარმოებით აღფრთოვანებულმა რეჟისორმა არჩევანი „ღვინის ქურდებზე“ შეაჩერა და ეკრანიზაციისათვის ასე შეიქმნა შეძლებული გლეხის - ელიბოს ისტორია, რომელიც მის მარანში შეპარულ მწყემსებს გამოიჭერს, მაგრამ გაბრაზებას სტუმართმოყვარეობა გადაწონის და მასპინძელი დაუპატიჟებელი სტუმრების ქეიფს მრავალჟამიერის სიმღერით შეუერთდება.

კახი კავსაძე, ქვევრი, ღვინის ქურდები, რეჟისორი ვალერიან კვაჭაძეფილმი: „ღვინის ქურდები“ რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე

საერთო იდეის მიუხედავად, სტუმარმასპინძლობის კულტურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულია. იმერეთი ამ მხრივ ყოველთვის გამოირჩეოდა და ეს მხარე, ლიტერატურის მსგავსად, კინომაც არაერთხელ აირჩია. იმერული ხასიათი მართლაც გამორჩეული რომ არ ყოფილიყო, ვერც ნანა მჭედლიძის „იმერული ესკიზები“ გამოვიდოდა ასეთი გულწრფელი და ნამდვილი. ფილმად შეკრულ ჩანახატებსა და მინიატურებს ცენტრალური გმირი - ბებია მარიამი აერთიანებს, რომელიც ყველა იმ ემოციას იწვევს, რომელთა დეფიციტსაც ხშირად განვიცდით თანამედროვე ადამიანები. 

იმერული ესკიზები, რეჟისორი ნანა მჭედლიძე   
„იმერული ესკიზები“ რეჟისორი: ნანა მჭედლიძე

ფილმის ფრთიანი გამონათქვამები ყველა თაობის მაყურებელმა იცის. ფაცია, ნასტია, თამარა, ვასო, ვალიკო - ყველას ჩაგვესმის ყოველ ჯერზე როგორ უხმობს შვილიშვილის ჩამოსვლით გახარებული ბებია ღობის იქით მეზობლებს. ბებია, რომელიც ოჯახის წევრებისთვის და თანასოფლელებისთვის ყველაზე საიმედო ადამიანია, განსაკუთრებული მზრუნველობითა და პატივისცემით მაინც უპოვარ ოლია მათხოვარს ხვდება და სუფთა გადასაფარებელზე თანაბრად უნაწილებს შვილიშვილებისათვის გამზადებულ სადილს. წლების შემდეგ კი, სოფლიდან შორს წასულ შვილებსა და შვილიშვილებს ისევ ამ ეზოში, სწორედ მთავარი გმირის ის სითბო, სიყვარული და მზრუნველობა კრებს, რომლის მიცემაც მხოლოდ საყვარელ ბებიას შეუძლია.

სიმინდის ყანა, მოხუცი კაცი, მდინარე, ნავი, ქოხი, ფილმი სიმინდის კუნძული, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
ფილმი: „სიმინდის კუნძული“ რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი

ქართული კინო, სადაც სტუმარმასპინძლობასთან ერთად სხვადასხვა დროს სხვადასხვა თემა ცოცხლდება, 19-26 ოქტომბერს თავად იქნება ვალიადოლიდის რიგით 64-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი. ქართული ფილმების რეტროსპექტივა გააერთიანებს  ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში შექმნილ 20-მდე ფილმს: „შანტრაპა“, „შემთხვევითი პაემნები“, „სიმინდის კუნძული“, „სხვისი სახლი“, „ნამე“, „პატარძლები“, „დედე“ და სხვა.

ფილმი შანტრაპა რეჟისორი ოთარ იოსელიანი, ფილმი სხვისი სახლი რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, ფილმი შემთხვევითი პაემნები, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი   „შანტრაპა“ რეჟისორი: ოთარ იოსელიანი                                    „სხვისი სახლი“ რეჟისორი: რუსუდან გლურჯიძე                          „შემთხვევითი პაემნები“ რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი

1956 წელს დაარსებული საავტორო კინოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი წელს ქართულ კინოსთან ერთად, საერთაშორისო ჟიურის სკამზე ქართველ რეჟისორს - ქეთი მაჭავარიანსაც მასპინძლობს.

„სტუმარმასპინძლობა ჩემთვის ერთ დაუვიწყარ მოგონებას უკავშირდება, როდესაც რამდენიმე წლის წინ, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში - დიცში და დვანში გადაღებებისთვის ჩავედი. ფოტოც მაქვს, სადაც ადგილობრივები, რომლებიც ზუსტად გამყოფ ხაზთან ცხოვრობდნენ და რომლებსაც არაჩვეულებირვი ბაღები ჰქონდათ გაშენებული, დარაბებს აღებდნენ და პირდაპირ ფანჯრებიდან გვაწვდიდნენ თავისი ხელით მოყვანილ ხილს. მიუხედავად იმისა, რომ სულ მალე ამ ბაღების დატოვება მოუწევდათ, იმ უმძიმეს წუთებშიც კი თავს ჩვენს მასპინძლებად თვლიდნენ.“

ფილმი პატარძლები რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, ფილმი ნამე რეჟისორი ზაზა ხალვაში, ფილმი დედე რეჟისორი მარიამ ხაჭვანი„პატარძლები“ რეჟისორი: თინათინ ყაჯრიშვილი                                  „ნამე“ რეჟისორი: ზაზა ხალვაში                                                        „დედე“ რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი

ქეთი მაჭავარიანი ერთ-ერთი სტუმრად მასპინძელი იქნება, რომელიც სულ მალე ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში ჩავა, კინოსამყაროს რომელიმე წარმომადგენელს სამაჯურს გადასცემს და ამ გზით საქართველოს მომავალი სტუმრის სტატუსს შესძენს.

„რას ვურჩევდი ადამიანს, რომელიც საქართველოში ჯერ არასოდეს ყოფილა? პირველ რიგში ჩემს საყვარელ კუთხეებში - კახეთში და იმერეთში ჩავიდეს, დააგემოვნოს ქართული ღვინო, მოისმინოს ქართული პოლიფონია, თბილისში „ფაბრიკაში“ მივიდეს, სადაც იგრძნობს, რომ საქართველო ნამდვილად ზის ევროპის კონტექსტში; და ბოლოს - ბევრი იაროს ფეხით, ოღონდ იქ, სადაც უბრალო ადამიანები დადიან.“

ავტორი: მარიამ ყანჩაველი