facebook logo

ბლოგი

მაროკო - ერთი ამოსუნთქვის ქვეყანა

საქართველოში დაბრუნებულს, მაროკოში გატარებული ექვსი კვირა ერთი ამოსუნთქვით მახსენდება. იმის მიუხედავად, რომ თითოეული ქალაქი სხვადასხვა ემოციას იწვევს მნახველში, საბოლოოდ, ჩემს მეხსიერებაში, მაროკო მაინც იმ ერთ მთლიან საოცნებო ქვეყნად დარჩა, სადაც მოხვედრაზე დიდხანს ვოცნებობდი. მაროკოს ნებისმიერ ქალაქში ჩასვლისას, იქნება ეს ტურისტებით სავსე მარაკეში, თუ ევროპული არქიტექტურის პატარა ქალაქი - იფრანი, ქაოსში იკარგები და ფიქრობ, რომ ვერასდროს გახდები მისი ნაწილი, თუმცა რეალობა მოლოდინს ბევრად სჯობს.

მაროკო, მოედანი, ხალხი, ფერადი ბუშტები

მაროკოს ქალაქები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, დასავლური სტილიდან აღმოსავლეთისკენ იცვლება, როგორც ურბანიზაციის დონით, ასევე არაბული კულტურისა და არქიტექტურის სიმრავლით. ადგილობრივები სწორედ ამ მიზეზს ასახელებენ იმის ასახსნელად, რომ მარაკეში ყველაზე ტურისტული ქალაქია მაროკოში, რომელიც მის შუაგულში, არც ძალიან დასავლეთით და არც ძალიან აღმოსავლეთით მდებარეობს. თუმცა, ჩემს შემთხვევაში, მარაკეშიში ჩასვლიდან 5 წუთში გაუცნობიერებლად აღმომხდა, რომ შეყვარებული ვიყავი ამ წითელ ქალაქზე, რომელიც აწოწილი პალმების ფონზე მზის ჩასვლისას თიხისფრად იფერებოდა.

მარეკეში, ბოსტნეულის ბაზრობა

მარაკეშიში, დღის საათებში, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ივ სენ-ლორანის მუზეუმსა და იქვე მდებარე ბოტანიკურ ბაღს - Jardin Majorelle-ს. მუზეუმში ივ სენ-ლორანის კარიერის სხვადასხვა დროის ნამუშევრების ნახვაა შესაძლებელი. ბოტანიკურ ბაღში კი, რომელიც სავსეა უზარმაზარი კაქტუსებითა და საოცარი სიმწვანით, შეგიძლიათ უბრალოდ დასხდეთ და მუსიკას მოუსმინოთ. აქვეა დიზაინერის ლურჯ ფერებში გადაწყვეტლი სახლი, ბერბერული (ჩრდილოეთ აფრიკის ძველი ეთნიკური ჯგუფი) და ისლამური მუზეუმი. ქალაქის მთავარი მოედანი კი, რომელიც სავსეა ქუჩის მუსიკოსებით, სხვადასხვა წარმოდგენითა და ჩასაბერი ინსტრუმენტის თანხლებით მოცეკვავე გველებით, აუცილებლად ღამით უნდა მოინახულოთ. იქვეა უამრავი ტრადიციული რესტორანი გემრიელი კუსკუსითა და ტაჟინით. კაფეებიც არ უნდა გამოგრჩეთ, სადაც ვერცხლისფერი ჩაიდნიდან ჩამოსხმულ პიტნის ჩაის დააგემოვნებთ.

მაროკო, კაქტუსები, ბუნება

სვხა მრავალ დადებითთან ერთად, მარეკეში ის ქალაქია, რომლის გავლითაც მოხვდებით მაროკოს უდაბნოში. ქალაქიდან ერთი დღის სავალზეა უდაბნო ზაგორა, ხოლო მერზუგა, რომელიც უფრო დიდი და ლამაზია, ორდღიან ტურს მოიცავს. მერზუგაში წასვლისას, გზად გავიარეთ ქალაქ ოურზაზატეში მდებარე წითელი სასახლე (Red Khabr), რომელიც ისეთი ფილმებისა და სერიალების გადაღებისთვის გამოიყენეს, როგორიცაა გლადიატორი, მარია მაგდალინელი, სამეფო კარის თამაშები და სხვა. მეორე დღეს ღია უდაბნოში ამოვყავით თავი. ადგილობრივმა ბერბერებმა, რომლებიც ახლა ბედუინები არიან, გვასწავლეს თავსაბურავების გაკეთება და აქლემებზეც აღმოვჩნდით. აქლემებით ერთსაათიანი მოგზაურობის შემდეგ, უკვე უდაბნოს შუაგულში, მთის წვერზე ვიყავით და მზის ჩასვლას ვუყურებდით. ღამე კარვებით უდაბნოში გავატარეთ. ძილის წინ ადგილობრივებმა ცეცხლის ფონზე პატარა პერფორმანსი გაგვიმართეს ტრადიციული საკრავებითა და მუსიკით.

იურზაზატე, უდაბნო, ბედუინი

უდაბნოდან შეგიძლიათ ისევ მარაკეშიში დაბრუნდეთ და გააგრძელოთ მაროკოს სამხრეთში მოგზაურობა, თუმცა ჩვენ ჩრდილოეთით წასვლა ვამჯობინეთ. თითქმის თორმეტსაათიანი მგზავრობის შემდეგ, რომელიც, ალბათ, არა გზის სიდიდით, არამედ მაროკოელების არაპუნქტუალობით იყო გამოწვეული, მაროკოს კულტურულ დედაქალაქ ფესში აღმოვჩნდით. თითოეულ ქალაქში იპოვით ძველ მედინას, რომელიც ძველი ქალაქის სინონიმია. მათი ვიწრო და ლაბირინთივით ქუჩები, დღესდღეობით, ჰოსტელებისა და მაღაზიების ცენტრადაა ქცეული.

ფესი, მაროკოს დედაქალაქი, სახლები, სარეცხი

ფესის ძველი მედინა ჩემს მიერ ნანახი ყველა სხვა ქალაქის ძველი მედინისაგან გამოირჩეოდა. სწორედ ფესიში კეთდება ტყავის ნივთები ნატურალური საღებავებისაგან და შემდეგ ნაწილდება მთელს მაროკოში. მაგალითად, ინდიგოთი იღებენ ლურჯ ფერს, ხოლო ზაფრანათი ყვითელს. ამ ყვითელ ფერს თითქმის ყველა ხალიჩაზე შეხვდებით, რადგან სწორედ ზაფრანის ძაფებით იცავენ პროდუქტს ჩრჩილისგან. 

ინდიგო, სურჯი სახლები

შავშაუენი - ლურჯი ქალაქი, ავტობუსით მხოლოდ სამი საათის სავალზეა. მთის ფერდობზე შემაგრებული ქალაქი ლურჯი ფერის თითქმის ყველა გრადაციას მოიცავს და თქვენი მოგზაურობის ერთ დღეს დაიკავებს. რა თქმა უნდა, აქაც ვიწრო ქუჩებითა და კიბეების დაუსრულებელი რაოდენობით შემოივლით მთელ ქალაქს. მთავარი ქუჩები ხალხმრავალია, ხოლო ის ნამდვილი ქალაქი, რომლის ნახვაზეც ათასობით ადამიანი ოცნებობს, სწორედ იმ კუთხეებშია, სადაც ხალხი იშვიათად მოძრაობს. 

შავშაუენი, ფერადი საღებავები

ვისაც ჯიმ ჯარმუშის ფილმი „Only Lovers Left Alive“ უყვარს, შავშაუშენიდან აუცილებლად უნდა გაემართოს ადამისა და ევას სიყვარულის ქალაქის - ტანჯიერისკენ. მიუხედავად იმისა, რომ აქ სანაპიროები  საცურაოდ ნაკლებად გამოდგება, შებინდებულზე, ყვითელი განათებებით შეფერილი მედინას ვიწრო ქუჩებსა თუ ვერანდაზე მდებარე ადგილობრივების კაფეებში, ფილმის მთავარი გმირები შეიძლება სრულიად მოულოდნელად შეგხვდენენ. 

ზღვა, ქვიშა, ქალი ნაპირზე ზის

მას შემდეგ, რაც ტანჯიერს, ფესსა და შავშაუენს მოივლით, შეგიძლიათ თამამად თქვათ, რომ ჩრდილოეთ მაროკოს მთავარი ქალაქები უკვე ნახეთ, თუმცა აუცილებლად უნდა გადაინაცვლოთ სამხრეთისაკენ და მაროკოს დედაქალაქის, რაბათის გავლით უნდა ჩახვიდეთ კასაბლანკაში. ადგილობრივებმა წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ რაბათში აუცილებლად მოვიწყენდით და სწორედ ამიტომ, ჰოსტელი მხოლოდ ერთი ღამით დავჯავშნეთ, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ რაბათი მოსაწყენია.  

ზღვა, მზე, ქოლები, შეზლონგი, ქვიშა, მაროკო

უდაიას სასახლე (Kasbah of the Udayas) ოკეანის სანაპიროს პატარა გორაკზე დგას, რომელიც გარშემო სპილოსძვლისფერი გალავნითაა შემოსაზღვრული, ხოლო შიგნით შესვლისას, პატარა ლურჯ ქალაქს აღმოაჩენთ, ფერადი კარებით, ლამაზი მცენარეებით, გემრიელი საჭმლითა და სტუმართმოყვარე ადგილობრივებით. ამ პატარა ქალაქის, ან უბრალოდ უბნის დასასრული ოკეანის პატარა სანაპიროზე გადის, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ სცადოთ სერფინგი ინსტრუქტორის დახმარებით, ანდაც მის გარეშე. რაბათში მხოლოდ ორი დღე გავჩერდით, რაც სრულებით საკმარისი აღმოჩნდა დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

პორტი, ნავები, ზღვა, ქალაქი ზღვის პირას

ბოლო ქალაქი, რომელსაც მაროკოში მოგზაურობისას ვესტუმრე, თეთრი კასაბლანკა იყო. რაბათიდან მატარებლით სულ ერთი საათის გზაზეა. კასაბლანკაში, მე და ჩემი მეგობრბები, ადგილობრივმა ოჯახმა პირველ დღესვე ვახშამზე დაგვპატიჟა  და შემდეგი სამი დღეც ამ ოჯახთან ერთად გავატარეთ. მაროკოელი ოჯახები, რომლებიც მზად არიან შენი კომფორტისათვის თავი არ დაზოგონ, სტუმარმასპინძლობით ქართველებს ჰგვანან. კასაბლანკაში მოგზაურობიდან, მხოლოდ ამ ოჯახში გატარებული დრო მახსენდება, რადგან სხვა თითქმის არაფერი გვინახავს მნიშვნელოვანი, თუ არ ჩავთვლით აფრიკაში ყველაზე დიდ, ხოლო მსოფლიოში სიდიდით რიგით მესამე, ჰასან II-ის სახელობის  მეჩეთს. 

თეთრი კასაბლანკა, ჰასან მეორეს სახელობის მეჩეთი

ამ ოჯახურ გარემოში დავასრულეთ მაროკოში მოგზაურობა. ფერების ქვეყანა, რომელიც ჩასვლამდე სახიფათოდ მეჩვენებოდა, აღმოჩნდა, რომ გულღიაა იმ უცხოელებისთვის, რომლებიც მათ კულტურასა და კანონებს პატივს სცემენ. და ბოლოს, მაროკოში მოგზაურობისას ერთი მარტივი ჭეშმარიტება არსებობს - ქუჩებში სეირნობისას, აუცილებლად ირგვლივ უნდა იყუროთ, რადგან სწორედ იმ პატარა შესახვევებშია ნამდვილი მაროკო, რომლებიც მოფუსფუსე ქუჩების ფონზე ხანდახან შეუმჩნეველი რჩება.
        

ავტორი: ქეთო შურღაია