facebook logo

ბლოგი

მარტივი გზები სახლის ინტერიერის ცვლილებისთვის

ახალ სახლში გადასვლა, ან ძველში მნიშვნელოვანი  ცვლილებების შეტანა ყოველთვის მღელვარებასა და მოლოდინთანაა დაკავშირებული. სულ გვეჩქარება, ახალი იდეებით ვიტვირთებით, მაგრამ ხშირად ან სახლი აღმოჩნდება ზედმეტად პატარა,  ან - ბიუჯეტი. უცხო და ლამაზი დეკორაციების, ავეჯისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინებაც დიდ ენერგიასა და ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, საფიქრალის უმეტესობა შეიძლება ინტერიერის დიზაინის ძალიან მარტივი და  იაფი ხრიკებით მოვიშოროთ. ხშირად  თითქოს უმნიშვნელო  დეტალსაც კი შეუძლია დიდი ცვლილების მოხდენა -  იქნება ეს სარკის დამატება, ნახატის, ლამპის ან  თუნდაც - მცენარის. 

სახლის ლამაზი დეკორაცია ზღვის პირას

1.    პატარა ზომის ოთახები ნაზ, ღია ფერებში შეღებეთ, რომ სივრცის აღქმა გაფართოვდეს 

პატარა ლამაზი ოტახი სარკიტ და ტანსაცმლის საკიდით

პატარა ოთახები ხშირად ტოვებს უკმარისობის შეგრძნებას, მაგრამ დიდი ფანჯრებით, ნაზ, ღია ფერებში შეღებილი კედლებით და სარკეების გამოყენებით არა მხოლოდ კარიდან შემოსულ ბუნებრივ სინათლეს აირეკლავს, არამედ შექმნის სივრცის ოპტიკურ ილუზიას, რითაც ოთახი თავის რეალურ ფართობზე ბევრად დიდი გამოჩნდება. ამგვარ ეფექტს ვერ მიიღებთ მუქად შეღებილ ოთახში, თუნდაც სარკეების განთავსებით - სივრცე თავის რეალურ ზომაზე ბევრად უფრო პატარა გამოჩნდება. 

2.    გამოიყენეთ დეკორატიული სარკეები  ოთახში სინათლის გასაძლიერებლად

დეკორატიული სარკე ოთახში

სარკეების გამოყენება გარდა იმისა, რომ  პატარა ოთახებში სივრცის აღქმას ზრდის, ასევე ოპტიმალურია დიდი ოთახებისათვისაც, სადაც ბუნებრივი სინათლის ნაკლებობაა. ფანჯრის პარალელურად განთავსებული სარკე ბუნებრივ სინათლეს შემატებს თქვენს ოთახს. დეკორატიული სარკეები შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახატებისა და სურათების ნაცვლადაც  კედელზე ცარიელი ადგილების შესავსებად. არ აქვს მნიშვნელობა ოთახი დიდია თუ პატარა - სარკეები  სინათლესა და განზომილებას მატებს.

3. ერთმანეთში აურიეთ ყველაფერი:  ქსოვილები, ძველი და ახალი ავეჯი, ძვირად ღირებული და უბრალო

ლამაზი ვინტაჟური ავეჯი

არაფერია იმაში ცუდი, თუკი  თანამედროვე სავარძელთან საგვარეულო ნივთებს მოათავსებთ. ნებისმიერი კარგი ინტერიერის  დიზაინერი გეტყვით, რომ  სახლის მოწყობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი თქვენივე ხასიათის და სტილის გამოხატვაა. თომას ჩიპენდეილის საწერი მაგიდა, რომელიც თქვენს ბაბუას ეკუთვნოდა, თავის ამბავს ჰყვება. ჰყვება ისტორიას წარსულის შესახებ.  თქვენი თანამედროვე სავარძელი, რომელიც ასე ძალიან გიყვართ,  აწმყოს მთხრობელია და არ არსებობს მიზეზი, რის გამოც აწმყო და წარსული  გემოვნებით და ლამაზად ვერ მოთავსდებიან ერთ სივრცეში. ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ ნახატების შესახებ. შეიძლება სულაც არ გინდოდეს სალვადორ დალისა და კლოდ მონეს ნახატების გვერდიგვერდ,  კედელზე დაკიდება, თუმცა ერთ ოთახში მათი მოთავსება სრულიად შესაძლებელია. ქსოვილები იქნება ეს, ავეჯი, ხალიჩა თუ ბალიშები - სხვადასხვა ფერისა და პრინტის, სითბოსა და განსხვავებული სტრუქტურის შემოტანა შეუძლია თქვენს სამყოფელში. 

4.    მოთავსდით რაიმე უფრო კომფორტულში

თეთრი ტახტი, ფუმფულა ბალიში

ტახტის გადასაფარებლები ხშირად ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ,  მაგრამ ნამდვილად ძალიან საჭირო რამაა. ისინი შეიძლება გამოიყენოთ როგორც თქვენი ავეჯის ლუქის შემცვლელი წელიწადის დროებთან ერთად. გადასაფარებლები  იდეალურია, თუ სახლში პატარა ბავშვი გყავთ. თეთრი გადასაფარებელი განსაკუთრებულად კომფორტულ, მარტივ და დახვეწილ ელეგანტურობას მატებს ოთახს. 

5.    დაწნული კალათები 

მოწნული კალათა ყვავილისათვის, კაქტუსი

დაწნული კალათები ეკონომიური და ელეგანტური გზაა ნებისმიერ ოთახში ერთგვარი „საწყობის“ წარმოსაქმნელად. კალათები შეგიძლიათ გამოიყენოთ არქიტექტორული და დეკორატიული ჟურნალების, სათამაშოების, პირსახოცებისა და პლედებისათვის. მოათავსეთ რამდენიმე მცირე ზომის დაწნული კალათა  სამზარეულოში, რათა ხილი და ბოსტნეული ლამაზად გამოჩნდეს. 

6.    დეკორისათვის გამოიყენეთ ის, რაც უკვე გაქვთ

ქილები დეკორაციისათვის, თეფშები, ტეთრი სამზარეულო

ალბათ ყველას გვაქვს ისეთი ნივთები, ერთხელ ყუთში რომ მოვათავსეთ და მეორედ თვალიც აღარ შეგვივლია. სახლს თავისი აქსესუარები სჭირდება. იმის ნაცვლად, რომ მაღაზიებში დაიწყოთ მათი ძიება, გადახედეთ ნივთებს, რომლებიც უკვე გაქვთ. ხის, აკრილის, ლითონის ან ვერცხლის ლანგარი შეგიძლიათ მოათავსოთ ჩაის ურიკის, საწოლის მაგიდებისა და ყავის მაგიდების თავზე დამატებითი ტექსტურისა და განზომილებისათვის. დააწყვეთ მასზე სანთლები, ჩარჩოები ან წიგნები. კედელზე დაკიდებულ თეფშებს შეუძლია მშვენიერი კედლის მხატვრული დეკორი შექმნას. ნახატები ბავშვების წიგნებიდან შეგიძლიათ  ჩარჩოებში ჩასვათ და  ბავშვის ოთახში ან სააბაზანოში დაკიდოთ. 

წიგნები დაკიდებული კედელზე, ჭაღი

7.    დაამატეთ დაკიდებული ქოთნის ყვავილები  თქვენს სამზარეულოს

თეთრი სამზარეულო მცენარეებით და ჟალუზით

სამზარეულოები იმისთვისაა, რომ შექმნას თბილი გარემო. დროის უმეტეს ნაწილს ხომ ხშირად სამზარეულოში ვატარებთ -  საჭმლის მოსამზადებლად, გასართობად თუ, უბრალოდ, ყავის დასალევად. დაკიდებული  ქოთნის ყვავილები პრაქტიკული და ელეგანტურია. მათთვის, ვისაც სამზარეულოში ფუსფუსისთვის  დრო არ რჩება და თითქოს უსიცოცხლოდ აქვს მიტოვებული, ამგვარი ყვავილები სილამაზის გარდა სიცოცხლესა და ხალისსაც შემატებს ოთახს. 

8.    გამწვანება თქვენს სახლში

დეკორატიული თაროები კედელზე და ყვავილები სიმწვანისათვის

დაამატეთ ყვავილები თქვენს სახლს. დადგით ისინი თითოეულ ოთახში - პატარაშიც და დიდშიც, ცოტა ან ბევრი. ყვავილები ფერადოვნებასა და ტექსტურას შემატებს თქვენს სახლს. გარდა იმისა, რომ ლამაზია, ბევრი მცენარე ასუფთავებს ჰაერს და აბალანსებს მის ტენიანობას. 

9.    მოხატეთ ან დაპრინტეთ თქვენი წიგნის ყდები

წიგნების თარო, წიგნები ფერადი ყდებით

წიგნის ფერადი შემოსაკრავი ალბათ მარტივი და თან ორიგინალური დეკორაციის ყველაზე კარგი მაგალითია. წიგნის ფერადი შემოსაკრავები გამოგადგებათ ოთახის გასაფერადებლად, თუ თანხა ანდა სურვილი არ გაქვთ დიდი სივრცის მოსახატად და შესაღებად. მოხატვა ძალიან უხდება ბუხრის ზედა სათავსოსა და ტანსაცმლის კარადის შიდა ნაწილს. ასევე დერეფნებსა და ჭერსაც. 

10.    გამოიყენეთ ხალიჩა ხის იატაკის შესარბილებლად

ხალიჩა პარკეტზე, ტაქტი და ვიტრინები

ხალიჩა სითბოს, ფერებსა და ხასიათს შესძენს ოთახს. ხის იატაკი ლამაზი და მარტივად შესანარჩუნებელია, თუმცა აკლია კომფორტი, რომელსაც ხალიჩიანი იატაკი შეგიქმნით განსაკუთრებით კი ცივ თვეებში. ხალიჩები შეგიძლიათ შეცვალოთ წელიწადის დროების მიხედვით - გამოიყენეთ თბილი ფერები ცივ თვეებში და შედარებით ღია ფერები თბილ თვეებში. საინტერესო ტექსტურის მქონე  გასარეცხი  ხალიჩები იდეალურია, თუკი სახლში  ბავშვები გყავთ. 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე