facebook logo

ბლოგი

ამსტერდამული სახლი სოლოლაკში

ამსტერდამში მოგზაურობისას ნებისმიერი ტურისტი შენიშნავს უზარმაზარ ფანჯრებიან სახლებს. როგორც წესი, ფანჯრებზე არ არის ჩამოფარებული ფარდა. სეირნობ უცხო ქალაქში და გრძნობ, როგორ გიზიდავს ამ უფარდო ფანჯრებს მიღმა არსებული სივრცეები. და თითქოს თავისდა უნებურად მოდის ფიქრი, რომ ქალაქის სული არა ვან გოგის მუზეუმში, ტიტების ბაზარში, ან ბოჰემურ უბნებში უნდა ეძებო, არამედ უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანების სახლებშია. ეს ამსტერდამული შთაბეჭდილება იქცა ინსპირაციად გამეკეთებინა სახლი, რომელიც თბილისში ჩამოსულ ტურისტს არა უბრალოდ მყუდრო და კომფორტულ გარემოს შესთავაზებდა, არამედ მოუყვებოდა ამბავს პატარა, ძველისძველ ქალაქზე, რომელსაც საინტერესო და უნიკალური ისტორია აქვს. ჩემი იდეის წარმატება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ძალიან საინტერესო მხატვარმა, სცენოგრაფმა და ინტერიერის დიზაინერმა ქეთი ნადიბაიძემ. ამ შემთხვევაში უბრალოდ ავთენტურობის დაცვა არ იყო ამოსავალი წერტილი, - ვფიქრობ, რომ ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას ქეთიმ თეატრში მიღებული გამოცდილება ძალიან საინტერესოდ გამოიყენა.

პასტელური ფერები, ბიუსტი, კაფელი, პალმა, სანათი, სავარძელი

ზოგადად, სპექტაკლი იწყება სცენოგრაფიით. პირველი მესიჯი მაყურებლისთვის არის სცენური სივრცე, რომელიც მას პარტერში შესვლისთანავე ხვდება და უკვე გარკვეულ განწყობას, მოლოდინს ქმნის წარმოდგენის შესახებ. ზუსტად ამ გამოცდილებით ქეთიმ შექმნა ინტერიერი, რომელიც ამბავს თხზავს, უამბობს და ამბის მონაწილედ აქცევს ჩემი სახლის სტუმრებს. 

სამზარეულო, დოქი, მაგიდა, სკამები, ხის ავეჯი

მიმაჩნია, რომ არ არსებობს მეტად და ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალები - ლამაზი ავეჯიდან თუ ფარდაგებიდან დაწყებული, ჩაის ფინჯნებით და ღვინის ბოთლის გასახსნელით დასრულებული, ყველა დეტალი  გასათვალისწინებელია. ყველაფერი ერთი მთლიანის ნაწილია და განწყობის შექმნისას სწორედ ამ მთლიანობას აქვს მნიშვნელობა. 

დეკორატიული თაროები, წიგნები, ჟურნალები, მარშალის დინამიკი, ტახტი, ხალიჩა

ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ქართულ ხელოვნებაში შექმნილი საინტერესო ნიმუშები, ასე გადაწყდა გიგო გაბაშვილის სულ ახლახან აღმოჩენილი ნუდისტური ფოტოკოლექციიდან ერთ-ერთი ულამაზესი ფოტოს ასლი ჩემს სახლში.

რკინის საწოლი, ნახატი, ტუმბო, სანათი

ასევე მინდა გამოვყო სამზარეულოს დეკორი, სადაც მთელ კედელზე დავიტანეთ ტრადიციული ქართული დოქის პრინტი. ავეჯის თითქმის  უმრავლესობა  საქართველოში დავამზადებინეთ. 

რკინის ვინტაჟურ საწოლზე  ჭედური ხელოვნების ძალიან საინტერესო ოსტატმა ლადო ბორცვაძემ იმუშავა. ამ პროცესში აღმოვაჩინეთ მეორადი ნივთების უნიკალური ხიბლი. 

დოქი, თეთრი კაფელი, ძველი კარადა, მაგიდა

სახლის კედლებიდან რამდენიმე ფენა შპალერი და ბათქაში აიფხიკა, ყველა ეს ფენა საბოლოოდ ის მრავალგვერდიანი რომანია, რომელიც დღეს ჩემი სახლის სტუმრებს ხვდებათ ფეხის შემოდგმისთანავე. 

თეთრი ჭერი, კაფელი, ნახატები, სანათი, კარადა

ძველი ქართული აგურით მოპირკეთებული ნიშები, ულამაზესი ხის კარ-ფანჯრები, რომელთა რამდენიმე პირი სხვადასხვა ფერის საღებავის ქვეშ აღმოჩნდა, და ასევე საოცარი ხის იატაკი აღვადგინეთ და პირველადი სახე დავუბრუნეთ. 

იტალიური ეზო, ხის რიკულები, აივანი, მზიანი დღე

ვფიქრობ,  საბოლოოდ მივიღე სახლი, სადაც თანამედროვეობის კომფორტი იდეალურად ერწყმის დეკორატიულ დეტალებში გადანაწილებულ ქალაქის ისტორიას, მის წარსულს, დღევანდელობას და ყველა ე.წ. სავიზიტო ბარათზე დატანილ ხედს ჯობნის ამ ქალაქის სულის აღმოსაჩენად.

დიდი ნატელი ფანჯარა ღია ფერის ფარდებით

ნებისმიერ სერვისზე მუშაობისას უმთავრესია განისაზღვროს სეგმენტის თვისობრივი მახასიათებლები. Airbnb-ის მომხმარებელი არ არის მხოლოდ  მცირეშემოსავლიანი  ტურისტი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია შეღავათიან ფასად მიღებული ღამის გასათევი კუთხე. ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ მთავარი დაკვეთა სწორედ იმ ტიპის სახლებზეა, რომლებიც თავის ფორმით თუ შინაარსით თავგადასავლის სრულუფლებიან ნაწილად უნდა იქცეს ტურისტისთვის. 

ბოსტნეულის საჭრელი დაფა, ნიორი, ყველი, მწვანილი

გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას. მუდმივი ურთიერთობა  ტურისტთან, მისთვის საინტერესო მარშრუტების დაგეგმვა, ე.წ. must see places  ნუსხის შეთავაზება, საჭიროებიდან გამომდინარე გიდის ან რესტორნის დაჯავშნის უზრუნველყოფა, ცხადია, ამ ბიზნესში დამატებითი ბონუსების მომტანია, რაც აისახება კიდეც დადებით შეფასებებში და სამომავლოდ ზრდის პოტენციური მომხმარებლის რიცხვსაც.

ორნამენტები კარადებზე, მწვანე ყვავილი

დღეს უკვე კონკურენციის სრულიად ახალ საფეხურზეა ტურისტული ბიზნესი და შესაბამისად, ხარისხი არის უპირობოდ მნიშვნელოვანი როგორც თავის დასამკვიდრებლად, ასევე უკვე მოპოვებული წარმატების შესანარჩუნებლად. ამიტომ ყველას, ვინც ახლა ფიქრობს ჩაერთოს ამ პროცესში, ვურჩევ შექმნან პირველ რიგში საინტერესო გარემო, მაქსიმალურად მორგებული ჩვენი ქალაქის ისტორიულ იერსახესა თუ ხასიათზე, სიძველის შენარჩუნება ნიშნავს ისტორიის ვიზუალური ნაწილის დაცვას და ზუსტად ეს სიძველეა დღეს ტრენდი ტურისტულ ბიზნესში.

წითელი სავარძელი, მაგიდა და სკამები, ხის ავეჯი, პარკეტი, დოქი, ბიუსტი

ტურისტი უნდა მივიღოთ როგორც თავისივე სახლში მოსული, რომელსაც შევუქმნით სასიამოვნო განწყობას და გავუჩენთ სურვილს აუცილებლად დაბრუნდეს. ჩემი წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორად არა კალენდარზე შევსებული დღეების რაოდენობას, არამედ სრულიად უცხო ადამიანებისგან დატოვებულ პატარა საჩუქრებს მივიჩნევ, იქნება ეს უბრალო სამკაული თუ ყვავილი და ყველაზე ძვირფასი ბლოკნოტიდან ამოხეულ პატარა ფურცელზე დაწერილი წერილები.

ბიუსტი, თეთრი კაფელი, ყვავილები

წარმატების გამოცდა კი ენერგიაა, რომელიც უკვე ახალი იდეების განხორციელებაში გვიწყობს ხელს.

ავტორი: გვანცა გულიაშვილი

ფოტო:  ალექსანდრე დავითაშვილი

შეიძინე ონლაინ