facebook logo

სიახლე

კონმარის მეთოდი

ყოველდღიურად რამდენი დრო გეკარგება მუშაობის პროცესში ერთი შეხედვით წვრილმანი დეტალების გამო?  - სად დადე დოკუმენტი, რომელზეც ხელი უნდა მოგეწერა. სად გაქრა დაფის მარკერი და რატომ არ არის ორგანიზაციის ბეჭედი პირველ უჯრაში. ორგანიზებულობა მხოლოდ ადამიანისათვის როდია  საჭირო, როცა  საქმე დროის ნაყოფიერ განაწილებას ეხება. ორგანიზებული/მოწესრიგებული სამუშაო მაგიდის მოწყობასა და შენარჩუნებასაც ბევრი დადებითი მხარე აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ იგი გეხმარება  კონცენტრაცია მხოლოდ სამუშაოსკენ მიმართო და  საქმე უფრო ეფექტიანად შეასრულო. კონმარის მეთოდი 8 მარტივი პრინციპისგან შედგება და მისი მეშვეობით მუდამ გეცოდინება  თითოეული ნივთის ყველაზე ოპტიმალური ადგილი სამუშაო მაგიდაზე. 

1.    შეაფასე და წარმოიდგინე
იფიქრე იმ დროზე, რომელსაც  სამუშაო სივრცეში ატარებ და მასთან ასოცირებულ ჩვევებზე. მაგალითად, ვთქვათ, სახლიდან მუშაობ და მეილის შემოწმებისას საუზმეს სამუშაო მაგიდასთან მიირთმევ... მოინიშნე ასეთი  საკითხები და შეაფასე, როგორ გეხმარება  ამგვარი ყოველდღიური რუტინა. წარმოიდგინე შენთვის იდეალური  გარემო და ჩვევები სამუშაო მაგიდასთან.  დაიმახსოვრე ეს წარმოსახვა და გადადგი შემდეგი ნაბიჯები. 

2.    მოიშორე და დაახარისხე
სამუშაო მაგიდიდან აიღე ყველაფერი და გაასუფთავე  სათავსოები ყველანაირი ნივთისაგან. „ყველაფერში“ იგულისხმება უმცირესი დეტალიც კი, თუნდაც სანიშნეები და ფოტოები  კომპიუტერის ეკრანზე. დაახარისხე ყველაფერი 4 კატეგორიად: წიგნები, ფურცლები, პატარა ზომის აქსესუარები და სამახსოვრო (სენტიმენტალური) ნივთები. 

3.    გაასუფთავე
გამოიყენე შესაძლებლობა და გაწმინდე  სამუშაო მაგიდა, კომპიუტერის ეკრანი, კლავიატურა და სხვა დანარჩენიც. მტვერი და ჭუჭყი ყოველდღიურად  გროვდება და რადგან მისი გასუფთავების საშუალება და დრო თითქმის არ  გაქვს, სწორედ ახლა შეგიძლია ეს შანსი გამოიყენო. 

4.    გადაანაცვლე
კარგად დაფიქრდი, რამდენად კომფორტულია შენი ნივთების ახლანდელი წყობა. იქნებ გინდა გადააწყო  ანდა ადგილი შეუცვალო  სამუშაო მაგიდას ან კომპიუტერს.  გადაწყვიტე  და იმოქმედე. 

5.    გათავისუფლდი არეულობისაგან
მიუბრუნდი იმ ოთხ კატეგორიას, რომელიც დახარისხების დროს შექმენი. შეაფასე თითოეული კატეგორია და  დალააგე ნივთები (მაგალითად, საწერი კალმები, ფანქრები, სამუშაო დოკუმენტები და სხვ.). განსაზღვრე - განიჭებს თუ არა სიხარულს თითოეული მათგანი,  გჭირდება თუ არა ისინი  სამუშაოს შესასრულებლად და  უხდება თუ არა შენს სამუშაო სივრცეს. უფუნქციო ნივთები, რომლებიც  არც სიხარულს განიჭებს და არც შენს სამუშაო გარემოს ამშვენებს,  უნდა გადაყარო. 

6.    მოაწყვე
ახლა დროა ნივთები, რომლებიც გადასაყრელად ვერ გაიმეტე,  დააბრუნო  მაგიდასა და შესაბამის სათავსოში.  ეცადე მაგიდის და ნებისმიერი სხვა ნივთის ზედაპირიც რაც შეიძლება კრიალა და სუფთა იყოს. დარწმუნდი, რომ თითოეული ნივთი სწორედ მისთვის განკუთვნილ „სახლშია“.

7.    გადაყარე, დააბრუნე ან გააჩუქე
განსაზღვრე - ნივთებიდან, რომლებიც აღარ გინდა,  რომელი უნდა გადააგდო, გააჩუქო ან დააბრუნო თავის „სახლში“ (მაგალითად, წიგნები, რომლებიც კოლეგას უნდა დაუბრუნო). საქმეს ან ახლავე შეუდექი, ან შეადგინე გეგმა, რომელსაც უახლოეს დროში შეასრულებ. 

8.    შექმენი  ახალი რუტინა 
გაიხსენე ის  პირველი  წარმოსახვა და განსაზღვრე - გინდა თუ არა, რომ შექმნა  ახალი რუტინა  სამუშაო ადგილისა  და გარემოსთვის.  შენი მაგიდა კვლავ არეულობაში რომ არ „გადაეშვას“,  ყოველ საღამოს, მუშაობის დასრულებისას, თითოეული ნივთი, რომელიც გამოიყენე, ისევ თავის ახალ „სახლში“ დააბრუნე.