facebook logo

ბლოგი

მოგზაურობა ზღაპრულ ბრიუგეში

Ray: Bruges is a shithole
Ken: Bruges is not a shithole
Ray: Bruges IS a shithole
Ken: Ray, we’ve only just got off the fucking train. Could we reserve judgement on Bruges until we’ve seen the fucking place?
Ray: I know it’s gonna be a shithole

ეს დიალოგი ალბათ ბევრისთვის საყვარელი ფილმიდან “In Bruges” ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გადავწყვიტე, წავსულიყავი და თავად გამერკვია, თუ რამდენად “Shithole” არის დასავლეთ ფლანდრიის დედაქალაქი ბრიუგე, რომელიც კადრებიდან ყოველთის საკმაოდ მიმზიდველი იყო ჩემთვის.

ჩემი აღქმით, მოგზაურობა საკმაოდ ელასტიური რამაა, როგორსაც გამოძერწავ, ისეთი შეუძლია გახდეს. დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ხარ, რა მოგწონს, რა გაინტერესებს, რა გსიამოვნებს, რა გაბედნიერებს და რისი დანახვა შეუძლია შენს თვალს. ამიტომაცაა ალბათ, რომ ერთსა და იმავე ადგილებში მოგზაურობაზე ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო უკუკავშირები მოგვისმენია. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც - წასვლამდე უამრავი „ერთ დღეზე მეტი რა უნდა აკეთო ბრიუგეში“, „საღამოს ყველაფერი მკვდარია“, მაგრამ ჩვენ სრული კონსოლიდაცია გვქონდა, რომ იქ გატარებულ 2 ღამეს, სიამოვნებით დავამატებდით კიდევ ერთს.

მე ბრიუგეს ჩემს ვერსიას გთავაზობთ.

ბრიუგე ქალაქია, რომელსაც მზე არ უხდება. პირველად გავაკეთე ასეთი შეფასება, რადგან ჩემს ხასიათს მზე ყოველთვის ახალისებს, აქ კი პირიქით იყო - იმდენად ჰარმონიაშია რუხი ცა და წვრილი, თითქმის უხილავი წვიმა იდუმალ და მისტიურ ბრიუგესთან, რომ მზის სხივების მიერ შემოტანილი სინათლე ზედმეტად მეჩვენებოდა. შემოდგომა ალბათ იდეალურია ასეთი ამინდებისთვის, რომელიც ბონუსად იქაურობას თავისი საოცარი ფერებით ღებავს.

მე სიმშვიდის და პატარა მასშტაბის ქალაქების მოყვარული ვარ, ამიტომ, ბრიუგე ჩემთვის ამ მხრივ იდეალური გამოდგა. ზომით იმდენად პატარაა, რომ 1 დღეში თქვენ მოახერხებთ: ქვაფენილის ყველა ფილაზე მოგიხვდეთ ფეხი, გადახვიდეთ ყველა პატარა საყვარელ ხიდზე, გაუღიმოთ და შორიდან მოეფეროთ არხებში მოცურავე ყველა გედს, თვალი მოკრათ იქ მყოფ ყველა ფერად სახლს და შუასაუკუნეების „აგურის გოთიკის“ ღირსეულ წარმომადგენელ შენობებს, რომლებსაც იუნესკო იცავს. ყველა ლუდს ვერ დალევთ, სამწუხაროდ. ზედმეტად ბევრია, თუმცა გამოვარჩევდი სახლის ლუდს, ალკოჰოლის 11.5%იანი შემცველობით, რომელიც ტურისტებისგან თითქოს ძალით დამალულ უვიწროვეს ქუჩაზე მყოფ ბარში მივირთვით😊  

იქაურ სიმშვიდეს მხოლოდ ველოსიპედების ზარების წკარუნი დაგირღვევთ (რომლითაც, სხვათაშორის, თუ მოინდომებ, მელოდიასაც ააწყობ). ველოსიპედის ქირაობა საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება თქვენმა გონებამ ბრიუგეში მოიფიქროს, რომელიც ფასისა და ბედნიერების ხარისხის მატრიცაზე ალბათ საუკეთესო პოზიციაზე მოთავსდებოდა. გარანტირებული ბავშვური ბედნიერება 10 ევროდ, მთელი დღე. ჩემი რეკომდენაციაა, ველოსიპედით მიგრიალდეთ ძველ ხის წისქვილებთან.

ცალკე თავი უნდა მიეძღვნას ალბათ ადგილობრივ კულინარიულ თავდასხმებს, რომლის მუდმივი მონაწილეები არიან კარტოფილი ფრი, შოკოლადი, ვაფლი და რაღა თქმა უნდა, ლუდი.
გართობას რაც შეეხება და „საღამოს მანდ რა უნდა აკეთოთ“...

მოგზაურობის მთავარი დანიშნულება ჩემთვის სიახლეა - ახალი ადგილები, ახალი გემოები, განსაკუთრებით კი ახალი ადამიანები, მათი კულტურული მახასიათებლები და ქცევები. შესაბამისად, საღამოს გასატარებელი დრო თრიფის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ბრიუგეში გატარებული 2 დღე ყველა მხრივ ნაყოფიერი გამოდგა.

საღამოს, განათებული ბრიუგეს წარმოუდგენელი სიმშვიდისა და სილამაზის გამო, თქვენ აუცილებლად გაიფიქრებთ, რომ ეს ის ქალაქია, სადაც ერთხელ, ცოტა უფრო დიდ ასაკში, მარტო აუცილებლად ჩახვალთ, თუმცა არცერთი წამით არ დაგვიშვია, რომ მოვიწყენდით, რადგან გარდა პერსონალური მონაცემებისა, ჩვენი ჰოსტელისკენ მიმავალ ქუჩაზე, არაერთ ბარსა და პაბს მოვკარით თვალი.

დაგეგმილი სპონტანურობა - როცა ზუსტად იცი, რომ უმისამართოდ ბოდიალით და საინტერესო სიახლის ძიებაში გამოფრქვეული ენერგეტიკით, აუცილებლად რაიმე მოულოდნელს და კარგს წააწყდები. პირველივე ღამეს, სახლისკენ მიმავალ გზაზე, მივუახლოვდით ბარს, რომლის ვიტრინაზეც აფიშა იყო გამოკრული წარწერით Revenge 88. ხალხის რაოდენობით მივხვდით, რომ რაღაც საინტერესო ხდებოდა, თუმცა, მაინც ჩავლისკენ განვეწყვეთ, რა დროსაც ოდნავ ასაკოვანმა მამაკაცმა შეგვაჩერა და მიგვიპატიჟა, მისი თქმით, არგამოსატოვებელ, 70იანების ბელგიური პანკ როკ ბენდის ლაივზე, რომელიც რამდენიმე წუთში იწყებოდა. ჩვენ შევპირდით, რომ ნივთებს დავტოვებდით იქვე ჰოსტელში და მივბრუნდებოდით. რა თქმა უნდა, ასეც მოვიქეცით.

საკმაოდ საინტერესო ლაივის შემდეგ, გარეთ მოსაწევად/საკომუნიკაციოდ გამოსულ საზოგადოებაში გავერიეთ და გარდა ბენდის მუსიკოსებისა, ბრიტანელი შუახნის მამაკაცების სამეგობროც გავიცანით. რამდენიმე ჭიქის მერე არც Brexit-ზე საუბარი წარმოადგენდა პრობლემას და რა თქმა უნდა, არც ჩემი საფირმო გიდად ტრანსფორმაცია და საქართველოს ზეპირი პრეზენტაცია სმარტფონის ფოტო თუ ვიდეო მასალისა და ციფრული რუკის დახმარებით. ამ დროს ზღვარი, რის შემდეგაც “annoying” ხდები, ჩემს მეგობრებს თუ დავუჯერებ, ძალიან მარტივი გადასაკვეთია, თუმცა იმდენად სასიამოვნოა ახალგაცნობილი უცხოელებისთვის უმეტესად უცნობი საქართველოს გაცნობა და მათი გაკვირვებული სახეების ყურება, რომ მასპინძლის როლიდან გამოსვლა რთულია. საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო ასამაღლებლად, თან მქონდა ახალი კამპანიის „სტუმრად მასპინძლის“ ნაკრები, რომლისთვისაც მაქსიმალურად სწორი პატრონის პოვნა მინდოდა.

კომუნიკაცია დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, გამორჩეულად დადებითი კავშირი შედგა ჩვენსა და ერთ-ერთ ბრიტანელს შორის, რომელსაც Pixies-ის მაისური ეცვა და რომელსაც შუბლზე ეწერა, ჩვენი მოპატიჟების შემდეგ წამსვლელია იმაზე, ერთ დღესაც მართლა ადგეს და ჩამოვიდეს საქართველოში. ამ ფაქტორის და Pixies 😊 დამსახურებით, გადავწყვიტე, ეს კავშირი სიმბოლურადაც გამომეხატა და Craig-ს სამაჯური შევაბი, რომელზეც ვუთხარი, რომ საზღვრის გადმოსაკვეთად აუცილებელი ატრიბუტია და თან გარანტი იმისა, რომ ჩვენთან ჩამოსვლისას, მე დავხვდები მასპინძლად. თანაც, ფხიზელი თვალით დანახული ხინკალი ხელის აქსესუარზე, გარანტირებული, ცხოვრების ბოლომდე გამყოლი მოგონებაა საქართველოზე. 

ბოლო აქტი, რითიც ბრიუგეს უნდა დაემშვიდობო, ჩემი აზრით, მის მთავარ კოშკზე ასვლაა. საათამდე რიგში დგომის მერე, უკიდურეს სივიწროვეში, უჰაერობაში, ჰენგოვერის თანხლებით 366 საფეხურის როგორც იქნა ავლის შემდეგ, აღმოვჩნდით ერთი უდიდესი ზარის და 53 არც ისე პატარა ზარის ქვეშ, რომლებიც სხვადასხვა მელოდიებს უკრავს შთამბეჭდავი პანორამული ხედის ფონზე. თან ფილმი თუ გაქვთ ნანახი, ცოტა როლშიც შეიჭრებით. 

რომ შევაჯამოთ, ბრიუგეს ყველაზე მეტად ალბათ ეს ეპიტეთი უხდება -ზღაპრული.

“Harry: It’s a fairytale town, isn’t it? How’s a fairytale town not somebody’s fucking thing? How can all those canals and bridges and cobbled streets and those churches, all that beautiful fucking fairytale stuff, how can that not be somebody’s fucking thing, eh?
Ken: What I think I meant to say was —
Harry: Is the swans still there?
Ken: Yeah, there’s swans…
Harry: How can fucking swans not fucking be somebody’s fucking thing, eh? How can that be?“