პლანეტის გარშემო
  1. გამარჯობა. მე ირაკლი ვარ. 4 თვის წინ ჩანთა ხელის კანკალით ჩავალაგე და წავედი. რატო წავედი? არ ვიცი. მაშინ მეგონა - ჩემი ოცნების ასასრულებად: სამოგზაუროდ და თან დედამიწაზე წრის დასარტყმელად.

მალევე მივხვდი: არ შეიძლება იოცნებო იმაზე, რაც ცხვირწინ გაქვს და მას, უბრალოდ, არ აკეთებ. ეს იგივეა, იოცნებო წვიმაში სეირნობაზე და გარეთ როცა წვიმს, სახლში იჯდე.  მგონია, უარს ვამბობთ ბედნიერებაზე და გვეშინია კიდეც მისი. ძალით ვიკლებთ ფერად ემოციებს და თავს ვიზღუდავთ. ალბათ, სტრესით დატვირთულები სისტემას უკეთესად ვეგუებით? ამ სისტემის საწინააღმდეგო არც არაფერი მაქვს... რომ არა ბანკები, ქარხნები, მანქანები, პოლიცია, საზღვრები და სამხედროები, ალბათ უფრო გართულდებოდა, თუნდაც, მოგზაურობა. ან შეიძლება - არც.  მაგრამ ეს სისტემა ჩვენი სამყაროს ნაწილია. იგი ჩვენ შევქმენით და თუ გვინდა მის შიგნით ვიცხოვრებთ, თუ მოგვინდება - მის გარეთ. ჩვენი ოცნება რაც უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია, მას მით უფრო შემდეგისთვის ვდებთ. ასე რომ, არ არსებობს ფრაზა: “მე მოგზაურობაზე ვოცნებობ”!  ჩვენ, უბრალოდ, სახლში ჯდომა გვეკომფორტულება, როცა გარეთ თავგადასავლები წვიმს.

ახლა ჰიმალაის მთებში ვარ. ადგილობრივებისთვის ერთ-ერთ  წმინდა ხეობაში, მთის ფერდზე მოსწორებულ მინდორზე, ჰიპების კომუნაში ვცხოვრობ.  ბოლო ორი კვირაა აქ ვარ. არავითარი კომფორტი, არავითარი ელექტროენერგია. მხოლოდ ტყე, ფეხშიშველი ადამიანები და აქვე მოპოვებული საკვები.

მთის ფერდზე ამოვედი, საიდანაც მზის ჩასვლა კარგად ჩანს და ინტერნეტსაც იჭერს.  ჰოდა, სანამ ფერდზე ამოვდიოდი და გუშინდელი შტორმისგან გაჟღენთილ მიწა ფეხისგულებს მიყინავდა, ვფიქრობდი, აქ როგორ მოვხვდი-მეთქი. ვფიქრობდი, რატომ შეიძლება ამ მძიმე პირობებში ადამიანი უსაზღვროდ ბედნიერი იყოს-მეთქი.  ალბათ მთავარია ის აკეთო, რაც გსიამოვნებს და მერე შენი გზა ყველგან თავისით მიგიყვანს.

ბოლო ოთხ თვეში ფეხით მეხუთე საზღვარი გადავკვეთე. ვერ ვიტყვი, რომ მოგზაური ვარ და არც დათვალიერების სიყვარულით გამოვირჩევი. ტურისტული ღირსშესანიშნაოებების ნახვა გუგლშიც” შეიძლება. რეალურად, მე მხოლოდ შევდივარ ქვეყნებში და იქ ვცხოვრობ, სანამ იქაურობაში მთლიანად არ ჩავიძირები და მერე, ერთ დღეს მივხვდები, რო თუ არ წავალ, ხვალ გამიჭირდება. გამიჭირდება იმიტომ, რომ ყველგან ჩნდებიან ახალი მეგობრები, ოჯახის წევრები, ხანაც სამსახური, ხან საყვარელი ადამიანი. ჰოდა, ამ ყველაფერთან შელევა და სიარულის გაგრძელება ჩემს გზაზე ყველაზე რთულია. ისე, ჩემს გზას „მოგზაურობა“ კი არა,  უფრო მომთაბარეობა”ქვია.

არ ვიცი, რატომ და როგორ ხდება, მაგრამ როცა იმის კეთებას იწყებ, რაც მართლა გინდა და რაც შენია, მაშინვე იღბლიან ადამიანად იქცევი. დადებითი ენერგია გიჩნდება და ეს ენერგია შენ ხო გავსებს და ცოტ-ცოტას გარეთაც ასხივებ. ამიტომაც, სულ საინტერესო ადამიანებთან ხვდები. გეძლევა შანსი და ძალა, სხვებსაც წაეხმარო. უკანაც ასმაგს იღებ. მე იმდენი არც გამიღია, რა მხარდაჭერაც ამ მოგზაურობისას მივიღე. წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი მეხმარება, ცდილობენ შორიდან მიმასწავლონ დასარჩენ ადგილები, მომიგვარონ უწყვეტი ინტერნეტი; ხან ფინანსები..

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ემოციებია რომლებსაც სხვებისგან ვიღებ. ამიტომაც მომწონს რო ვწერ და ჩემს ემოციებს მკითხველი ჰყავს - გაზიარების გარეშე ისინი დამახრჩობდა. ცოტა ხნის წინ სამოგზაურო დაზღვევაც მაჩუქეს და მას შემდეგ თავს უფრო მშვიდად და დაცულად ვგრძნობ. აზიის ქვეყნები ის ადგილი არ არის,  სადაც დაზღვევის გარეშე თავს უსაფრთხოდ იგრძნობ.

წინ დიდი გზაა - პლანეტის გარშემო უმოკლესი გზა.  

ირაკლის მოგზაურობის ისტორიები  იკითხეთ ჩვენ ბლოგზე.