facebook logo

ბლოგი

ოჰრიდის ტბა - ჩრდილოეთ მაკედონიის მასპინძელი

ჩვენი მოგზაურობა საბერძნეთიდან დაიწყო, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიაში თესალონიკიდან მოხვედრა ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული და შესაძლებლობას გაძლევს გზად ფლორინა, ბიტოლა ან თუნდაც ოჰრიდი დაათვალიერო. 

ოტრი სახლი ლამაზი ცა

მოგზაურობის მიზანს  სტუდენტ-არქიტექტორთა  ასამბლეაზე მოხვედრა  წარმოადგენდა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში, ოჰრიდის ტბასთან მდებარე პატარა სოფელში, ტრპეიცაში ტარდებოდა.

ხიდი ტბაში და ბავშვები

წასვლამდე ერთი დღით ადრე კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმს -  ,,ვერონიკას ორმაგ ცხოვრებას“ ვუყურე. ფილმის მიხედვით შესაძლებელია სხვაგან, სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში არსებობდეს ადამიანი, რომელიც ძალიან გგავს და იზიარებდეს იგივე ინტერესებს, ფიქრებს, ოცნებებს ან სულაც ცხოვრებას.  გრძნობა, რომ ერთდროულად დედამიწის სხვადასხვა ნაწილში ხარ, მხოლოდ ფილმებში აღწერილი მოვლენა არ ყოფილა და სწორედ მოგზაურობა   გვთავაზობს  ხოლმე  ასეთ მოულოდნელ დამთხვევებს. მართალია, მწვანესა და ოქროსფერზე მეტად ჩემთან ნარინჯისფერი ჭარბობდა, თუმცა ცოტათი მაინც მივამსგავსებდი ამ  ამბავს  ფილმის  სიუჟეტს.

ლამაზი სარამო ტბაზე

თესალონიკის ავტობუსების სადგურში, რომელიც მხოლოდ ერთ უზარმაზარ გუმბათს წარმოადგენს და სინათლე უმთავრესად სახურავის ცენტრიდან შემოდის, ბერძენი გოგონა შევნიშნე, რომელიც უკვე კარგად ნაცნობ ადამიანს მაგონებდა, თუმცა ვის, ვერ ვიხსენებდი.

ავტობუსების გაჩერების გუმბათოვანი სადგური

აღმოჩნდა, რომ გვერდიგვერდ გვქონდა ადგილები. გზაში გავარკვიე, რომ ისიც არქიტექტურას სწავლობდა... შემდეგ, დაუფიქრებლად, ჩანთის არც ისე შორეული ჯიბიდან, “სტუმრად-მასპინძლის” სამაჯური ამოვიღე და საქართველოში ჩამოსვლა შევთავაზე, თან ვუხსნიდი, როგორი მარტივია ჩვენთან მოგზაურობა და გზადაგზა  იმ შენობების ისტორიას ვუყვებოდი, რომელთაც ერთად მოვინახულებდით... მანაც სიხარულით მოირგო სამაჯური და პირობა მომცა, რომ საქართველოს ესტუმრებოდა. ათი დღის შემდეგ, უკანა გზაზე, სრულიად შემთხვევით, ისევ შევხვდით ერთმანეთს, იმავე ავტობუსში ისევ ერთად ვისხედით... დაპირებების კიდევ ერთხელ გაცვლის შემდეგ, მე და ნიკამ გზა სანაპიროსკენ განვაგრძეთ, ის კი სალონიკის ცენტრიდან ქალაქის სიღრმეში ჩაიკარგა. თუმცა, დანამდვილებით ვიცი, აუცილებლად ჩამოვა. აი ასე, ისიც არქიტექტორია, ტანია ჰქვია და ბეჭედიც კი ჩემნაირი აქვს...

ლამაზი გოგო ზის ავტობუსის სკამზე და იცინის

დანიშნულების ადგილასაც მივედით. პატარა  ბალკანური  სოფელი ტრპეიცა გალიჩიცის ეროვნული  პარკის სიმწვანეშია ჩაფლული.  სოფლის ნებისმიერი წერტილიდან კი ოჰრიდის ტბის  სადაფისფერი წყლის   სივრცე იშლება.  

კლდეში შეჭრილ ისანაპირო ზოლი

ტრპეიცაში ალბათ სულ ოცამდე  სახლია. მოსახლეობას  უმეტესად უფროსი თაობა  შეადგენს.  მათთვის დღე დილის 6 საათზე იწყება და დროს უმეტესად ეზოებში ატარებენ...

ყურძენს წურავენ, წიწაკას  ჰაერზე  აშრობენ, ზამთრისთვის ემზადებიან, შენ კი, რიგით გამვლელს, აივნიდან ,,ზდრავო“-თი გესალმებიან და ყავის დასალევად გეპატიჟებიან, თავის ასაკს თითებით გეუბნებიან და ლაპარაკს ხელებით განაგრძობენ.

მოხუცი ბებო ასწორებს დროშას, ლამაზი ხედები

სოფელ ტრპეიცაში  ორად ორი მაღაზიაა, სადაც ძირითადად ტკბილეული და სანელებლები იყიდება, ფასები კი  საქართველოსთან შედარებით დაბალია.

სახლები ტბის პირას და ხეები

შემოდგომაზე ოჰრიდის ტბა  გამორჩეულად გამჭვირვალე და თბილია.  წყალში  ჩასვლისას კი გრძნობ და ხედავ, როგორ დაცურავენ თევზები შენ გარშემო. 

პატარა კოხტა  თეთრ  პლაჟზე მიმობნეულ ნავსადგომებზე (ხის პირსებზე) მოკალათებული მეთევზეები სახელგანთქმულ ოჰრიდულ კალმახზე თევზაობენ, რომელსაც იქვე, რესტორან ,,რიბარში“ ტრადიციული რეცეპტით მოგიმზადებენ. 

,,რიბარი“ ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი ადგილია ტრპეიცაში (სადაც გემრიელ  საუზმეს მხოლოდ 2 ევროდ მიირთმევ). ქალაქ ოჰრიდიდან  ტურისტები ძირითადად ნავებით მოდიან და მთელ დღეს იქ ატარებენ.

რესტორნის აივანი ხედიტ ტბაზე და ორი გოგონა

პატარა სოფლური ,,მებადურული“ პლაჟი,  მყუდრო, თითქმის ,,შინაურული“ ატმოსფერო, კამკამა წყალი, გამჭვირვალე ჰაერი  შეზავებული  შემწვარი თევზის მადის აღმძვრელი სურნელით, ბალკანური მზით გამთბარი დაისის პეიზაჟები... თუ ეს ყველაფერი გინდათ იხილოთ და განიცადოთ, მაშინ აუცილებლად ესტუმრეთ ტრპეიცას, ჩრდილოეთ მაკედონიის სანტ-ტროპეს, როგორც აქაურები მას სიყვარულით ეძახიან.

გამჭვირვალე წყალი და ქვებიანი სანაპირო

მემორიალი ,,ილინდენი“, იგივე მაკედონიუმი, ტრპეიცადან 2 საათის სავალზე მდებარეობს, ქალაქ კრუშევოში და ეძღვნება 1903  წლის  ე. წ. ილინდენის აჯანყებას ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.  გასული საუკუნის 70-იან წლებში აგებული ეს ფუტურისტულ-ბრუტალური სტილის  შენობა, კოსმოსურ მფრინავ ხომალდს რომ წააგავს, დღესაც გხიბლავს თავისი ფორმებით  და  ოვალური, ფერადი მინის ვიტრაჟული სარკმლებით.

ლამაზი თეთრი შენობა

შემოდგომის ტრპეიცა ტურისტებისგან უკვე დაცლილი დაგვხვდა, მაგრამ სტუდენტებმა  ზაფხული გაახანგრძლივეს და მოსახლეობა გამოაცოცხლეს. სოფელი იმდენად პატარაა, რომ მეორე დღესვე  თითოეული მოსახლე ყოველ ჩვენგანს გვცნობდა. სტუმართმოყვარეობით, ქართველების მსგავსად, ისინიც გამოირჩევიან, თითქოს ისევ სამშობლოში ვიყავი...

ნავი და ქვიანი სანაპირო

ერთ-ერთ საღამოს მაკედონიელები ღვინით გაგვიმასპინძლდნენ, რომელიც საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელმა ასე დაახასიათა: „გასაოცარი ღვინო, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და ფრანგული ტექნოლოგიით მზადდება ჩრდილოეთ მაკედონიაში, ოჰრიდის ტბის ვენახებში“,  შემდეგ კი მიგვიწვია მაკედონიური რქაწითელის!!! დასაგემოვნებლად. 

ღვინის ბოთლი

დღის ბოლოს უკვე ყველამ იცოდა, რომ სიტყვა რქაწითელი და თვითონ ყურძნის ჯიშიც ქართულია. აქაც, სტუმრად ყოფნის დროს, მასპინძლობა მოგვიწია...

 

ავტორი: ნიტა ივანიშვილი

ფოტო: ნიტა ივანიშვილი