facebook logo

ბლოგი

სტუმრად მასპინძელი ნიტა

ჩვენი მოგზაურობა საბერძნეთიდან დაიწყო, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიაში თესალონიკიდან მოხვედრა ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული და შესაძლებლობას გაძლევს გზად ფლორინა, ბიტოლა ან თუნდაც ოჰრიდი დაათვალიერო. 

მოგზაურობის მიზანს  სტუდენტ-არქიტექტორთა  ასამბლეაზე მოხვედრა  წარმოადგენდა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში, ოჰრიდის ტბასთან მდებარე პატარა სოფელში, ტრპეიცაში ტარდებოდა.

წასვლამდე ერთი დღით ადრე კშიშტოფ კიშლოვსკის   ფილმს -  ,,ვერონიკას ორმაგ ცხოვრებას“ ვუყურე. მართალია, ჩემს მოგზაურობაში მწვანესა და ყვითელ ფერზე მეტად ნარინჯისფერი ჭარბობდა, თუმცა ცოტათი მაინც მივამსგავსებდი ჩემს ამბავს  ფილმის სიუჟეტს.

თესალონიკის ავტობუსების სადგურში, რომელიც მხოლოდ ერთ უზარმაზარ გუმბათს წარმოადგენს და სინათლე უმთავრესად სახურავის ცენტრიდან შემოდის, ბერძენი გოგონა შევნიშნე, რომელიც უკვე კარგად ნაცნობ ადამიანს მაგონებდა, თუმცა ვის, ვერ ვიხსენებდი.

აღმოჩნდა, რომ გვერდიგვერდ გვქონდა ადგილები. გზაში გავარკვიე, რომ ისიც არქიტექტურას სწავლობდა... შემდეგ, დაუფიქრებლად, ჩანთის არც ისე შორეული ჯიბიდან, “სტუმრად-მასპინძლის” სამაჯური ამოვიღე და საქართველოში ჩამოსვლა შევთავაზე, თან ვუხსნიდი, როგორი მარტივია ჩვენთან მოგზაურობა და გზადაგზა  იმ შენობების ისტორიას ვუყვებოდი, რომელთაც ერთად მოვინახულებდით... მანაც სიხარულით მოირგო სამაჯური და პირობა მომცა, რომ საქართველოს ესტუმრებოდა. ათი დღის შემდეგ, უკანა გზაზე, სრულიად შემთხვევით, ისევ შევხვდით ერთმანეთს, იმავე ავტობუსში ისევ ერთად ვისხედით... დაპირებების კიდევ ერთხელ გაცვლის შემდეგ, მე და ნიკამ გზა სანაპიროსკენ განვაგრძეთ, ის კი სალონიკის ცენტრიდან ქალაქის სიღრმეში ჩაიკარგა. თუმცა, დანამდვილებით ვიცი, აუცილებლად ჩამოვა. აი ასე, ისიც არქიტექტორია, ტანია ჰქვია და ბეჭედიც კი ჩემნაირი აქვს...

დანიშნულების ადგილასაც მივედით. პატარა  ბალკანური  სოფელი ტრპეიცა გალიჩიცის ეროვნული  პარკის სიმწვანეშია ჩაფლული.  სოფლის ნებისმიერი წერტილიდან კი ოჰრიდის ტბის  სადაფისფერი წყლის    სივრცე იშლება.  

ტრპეიცაში ალბათ სულ ოცამდე  სახლია. მოსახლეობას  უმეტესად უფროსი თაობა  შეადგენს.  მათთვის დღე დილის 6 საათზე იწყება და დროს უმეტესად ეზოებში ატარებენ...

ყურძენს წურავენ, წიწაკას  ჰაერზე  აშრობენ, ზამთრისთვის ემზადებიან, შენ კი, რიგით გამვლელს, აივნიდან ,,ზდრავო“-თი გესალმებიან და ყავის დასალევად გეპატიჟებიან, თავის ასაკს თითებით გეუბნებიან და ლაპარაკს ხელებით განაგრძობენ.

სოფელ ტრპეიცაში  ორად ორი მაღაზიაა, სადაც ძირითადად ტკბილეული და სანელებლები იყიდება, ფასები კი  საქართველოსთან შედარებით დაბალია.

შემოდგომაზე ოჰრიდის ტბა  გამორჩეულად გამჭვირვალე და თბილია.  წყალში  ჩასვლისას კი გრძნობ და ხედავ, როგორ დაცურავენ თევზები შენ გარშემო. 

პატარა კოხტა  თეთრ  პლაჟზე მიმობნეულ ნავსადგომებზე (ხის პირსებზე) მოკალათებული მეთევზეები სახელგანთქმულ ოჰრიდულ კალმახზე თევზაობენ, რომელსაც იქვე, რესტორან ,,რიბარში“ ტრადიციული რეცეპტით მოგიმზადებენ. 

,,რიბარი“ ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი ადგილია ტრპეიცაში (სადაც გემრიელ  საუზმეს მხოლოდ 2 ევროდ მიირთმევ). ქალაქ ოჰრიდიდან  ტურისტები ძირითადად ნავებით მოდიან და მთელ დღეს იქ ატარებენ.

პატარა სოფლური ,,მებადურული“ პლაჟი,  მყუდრო, თითქმის ,,შინაურული“ ატმოსფერო, კამკამა წყალი, გამჭვირვალე ჰაერი  შეზავებული  შემწვარი თევზის მადის აღმძვრელი სურნელით, ბალკანური მზით  გამთბარი დაისის პეიზაჟები... თუ ეს ყველაფერი გინდათ იხილოთ და განიცადოთ, მაშინ აუცილებლად  ესტუმრეთ ტრპეიცას, ჩრდილოეთ მაკედონიის სანტ-ტროპეს, როგორც აქაურები მას სიყვარულით ეძახიან...

მემორიალი ,,ილინდენი“, იგივე მაკედონიუმი, ტრპეიცადან 2 საათის სავალზე მდებარეობს, ქალაქ კრუშევოში და ეძღვნება 1903  წლის  ე. წ. ილინდენის აჯანყებას ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ.  გასული საუკუნის 70-იან წლებში აგებული ეს ფუტურისტულ-ბრუტალური სტილის  შენობა, კოსმოსურ მფრინავ ხომალდს რომ წააგავს, დღესაც გხიბლავს თავისი ფორმებით  და  ოვალური, ფერადი მინის ვიტრაჟული სარკმლებით...  

შემოდგომის ტრპეიცა ტურისტებისგან უკვე დაცლილი დაგვხვდა, მაგრამ სტუდენტებმა  ზაფხული გაახანგრძლივეს და მოსახლეობა გამოაცოცხლეს. სოფელი იმდენად პატარაა, რომ მეორე დღესვე  თითოეული მოსახლე ყოველ ჩვენგანს გვცნობდა. სტუმართმოყვარეობით, ქართველების მსგავსად, ისინიც გამოირჩევიან, თითქოს ისევ სამშობლოში ვიყავი...

ერთ-ერთ საღამოს მაკედონიელები ღვინით გაგვიმასპინძლდნენ, რომელიც საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელმა ასე დაახასიათა: „გასაოცარი ღვინო, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და ფრანგული ტექნოლოგიით მზადდება ჩრდილოეთ მაკედონიაში, ოჰრიდის ტბის ვენახებში“,  შემდეგ კი მიგვიწვია მაკედონიური რქაწითელის!!! დასაგემოვნებლად. 

დღის ბოლოს უკვე ყველამ იცოდა, რომ სიტყვა რქაწითელი და თვითონ ყურძნის ჯიშიც ქართულია. აქაც, სტუმრად ყოფნის დროს, მასპინძლობა მოგვიწია...

ავტორი: ნიტა ივანიშვილი

ფოტო: ნიტა ივანიშვილი