facebook logo

ბლოგი

თბილისის მასპინძელი ეზოები

მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფია მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და მყარად მოიკიდა ფეხი, მივხვდი, რომ ჩემი აღქმა სამყაროს მიმართ სრულიად შეიცვალა. თუ ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი ჩემ გარშემო მიმდინარე ყოველდღიურ მოვლენებს, ახლა ვცდილობ ერთი დეტალიც კი არ გამომრჩეს. მობილურმა ფოტოგრაფიამ საშუალება მომცა, რომ კადრებს დავდევნებოდი და ხელიდან არც ერთი წამი არ გამსხლტომოდა. სიმეტრიების, ფერებისა და შუქ-ჩრდილების კომბინაციები ერთ პატარა ამბავს ყოველთვის მოჰყვება, მით უმეტეს, როდესაც გარემო ამის საშუალებას გაძლევს.

კაცი მისეირნობს ქუცაში

ახლა კი მოგიყვებით იმ ქალაქის შესახებ, რომელიც უამრავ ამბავს  ინახავს თავის სკივრში და თუ ყურადღებით  მოუსმენთ, ის აუცილებლად მოგითხრობს ყველაფერს. ტრადიციები, კულტურა, ისტორიული მემკვიდრეობა   ერთ პეშვში მოუქცევია და ცდილობს არ დაეღვაროს. ტრადიციები ვახსენე და ალბათ სტუმარმასპინძლობა  ის ერთ–ერთი პირველთაგანია, რომლითაც ყოველთვის თავს ვიწონებდით და დღემდე  ვიზიდავთ უცხო ეთნოსს. “მასპინძელი –  სახლისა და ლხინის უფალი“ (სულხან–საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, თბილისი, 1991 წ. გვ. 446) მასპინძლის ამპლუას ისე კარგად ვერავინ ირგებს,  როგორც ქართველი.

ჩემთვის მასპინძლობა ორ უმთავრეს პირობაზეა აგებული: სახლის სიმყუდროვესა და მასპინძლის კეთილგანწყობაზე. აბსტრაქტული ცნებების ასახვა კამერისთვის რთულია, თუმცა რთული არ არის შენი წარმოსახვით დაკვირვება: წარმოიდგინო და გააცოცხლო შეგრძნებები.

გაფენილი სარეცხი, ცისფერი ჟაკეტი

ძველ ქუჩებზე მდებარე ძველი სახლები ყოველთვის მიმზიდველია  ნებისმიერი სტუმრისთვის. სახლი, სიმყუდროვე, ოთახის თბილი სურნელი და, რა თქმა უნდა, მისი განუყოფელი ნაწილი – სარეცხი. დიდი ხნის 
განმავლობაში შევდიოდი უცხო ეზოებში და ვაკვირდებოდი მათ. ყოველ უცხო ადგილას შესულს სხვადასხვა ხმა მესმოდა - ხან იცინოდნენ, ხან ხმამაღლა საუბრობდნენ, ზოგი ჩხუბობდა და ზოგიც მუსიკას დახურული ფანჯრებიდან ათავისუფლებდა.

უცვლელი იყო სახლის ბუნებრიობა, რომლის გაფორმებაც არ სჭირდებათ კედლების მიღმა მყოფ ადამიანებს, რადგან ისინი სახლში არიან. ალბათ ემოციების უჩუმრად აღება ქურდობა რომ იყოს, ემოციების ქურდი ვიქნებოდი. 

სუნებიც განსხვავდებოდა. სეზონების მიხედვით - მით უფრო. შემოდგომა – ზამთარში დამწვარი შეშის სუნი ტრიალებდა. გაზაფხულ-ზაფხულში კი წყლით დასველებული მიწისა და მცენარეების. 

სარეცხი გაფენილია და დაკიდებული ტროსებზე

სრულ სიჩუმესა და უმოქმედობაშიც კი, შიგნით შესულს, სარეცხი აუცილებლად მხვდებოდა. აკვიატებაა თუ რა, არ ვიცი, მაგრამ მართლაც უჩვეულო მდგომარეობაა სარეცხის თოკზე გაკიდებული ნაჭრები. ნაჭრები, რომლებსაც უამრავი ამბის მოყოლა შეუძლია.

ქალის ლანდი და ჩრდილი, რომელიც აფენს სარეცხს

აუცილებლად მოინახულეთ თბილისის ქუჩები, შეიხედეთ ეზოებში, მოათვალიერეთ აივნები და შემდეგ ხედვა ერთ წერტილზე -  სარეცხზე შეაჩერეთ. მარტივად ამოიცნობთ მას, ვისაც ეს სარეცხი ეკუთვნის. ფორმა, ფერი, გაფენის მანერა ... -  ამ ყველაფრის დახმარებით სარეცხი მოგცემთ შანსს გაიცნოთ მისი პატრონი.
პირველი პერსონალური გამოფენაც სარეცხს უკავშირდებოდა, სათაურით „ გამოფინე“.

გაფენილი პირსახოცი, მაისურები და საცვლები შრება

ჩემი აზრით, არცერთი ქალაქი ისეთი მდიდარი არ არის ადამიანების მრავალფეროვნებით, როგორც თბილისი. თავდაპირველად, იმის გამო, რომ მერიდებოდა ადამიანებისგან ნებართვის აღება, რომ მათთვის გადამეღო, ჩემს ნამუშევრებს თითქოს რაღაც აკლდა.

თბილისის მეტრო, ხალხი ზის მეტროს ვაგონში

ნელ-ნელა გავთამამდი და ჩემ გარშემო უცნობი ადამიანების აღწერა დავიწყე. ზოგის ნებართვით, ზოგის უნებართვოდ. ფერადი თუ შავ-თეთრი კადრები. მათ სული შთაბერეს და ბუნებრივი ემოციებით დატვირთეს სიუჟეტი.

ხალიჩები, მოხუცი კაცი სათვალეებით

სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა პერსონაჟი მხვდება. არავინ ერთი და იგივე ამბით. მათ შეიძლება ვერ გიცნონ, მაგრამ შენ ყველა გახსოვს და ხვდები, რომ მათი ცხოვრების ერთი ეტაპი შენი დიდი ისტორიის ნაწილია.

ქალი დგას ჭიშკრის უკან

სტუმარმასპინძლობით გაჯერებულ ჰაერს მოუცავს ქალაქი.  ქუჩაში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხს შეხვდებით. აღფრთოვანებულებს იმ სილამაზით, რასაც  თბილისი სთავაზობს.

მომლოცველი ხალხი შედის სამლოცველოში

ზოგი დროებით არის ჩამოსული, ზოგიც კი  იმ ყოველდღიურობას ინაწილებს, რასაც ქართველები „გადიან“ ამ ამოუწურავ ქალაქში: სახლში, სამსახურში, ღმერთთან საუბრისას... ეს ქალაქი  მასპინძლის  პასუხისმგებლობას იაზრებს და არასდროს ივიწყებს  ამას. 

კაცები ლოცულობენ

პერსონაჟები მეტ ელფერს სძენენ ყოფითობას, ფოტოგრაფიაში გაჩერებულ კადრებს კი მეტ მომხიბვლელობას. ეს ემოციები დაგყვება, სადაც მიდიხარ და უფრო მეტ წყურვილს გიჩენს - შეიმეცნო ყველაფერი და  არ გამოგრჩეს არცერთი მონაკვეთი, რომ საკუთრად არ აქციო.

ყვავილების გამყიდველი კაცი, ყვითელი ყვავილები და ლურჯი ქოლგა

ადამიანები ფიქრებს მალავენ, მზერას კი შორეულ ჰორიზონტს მიაპყრობენ. ადამიანები, რომლებიც ადამიანები არიან. 

ერთხელ დავინტერესდი,  იყო თუ არა შემორჩენილი ძველი დალაქის პროტოტიპი - ძველი სადალაქოთი, თეთრი ხალათითა და ამ ხალათის გულის ჯიბეში ჩადებული მაკრატლით. აი რას გადავაწყდი: არც ხალათი, არც ძველებური გარემო. კლიენტს ზედმეტი ქოჩრისაგან ათავისუფლებდა. გადაღება ვთხოვე. კარგ ფორმაში არ ვარო. მშვენივრად გამოიყურებით მეთქი. გაეცინა. 

„კარგი, თმას მაინც მოვიწესრიგებ...“

სხვისი ქოჩრის მიმხედავს, დატვირთული დღის გამო საკუთარი ქოჩრის დალაგება დავიწყებოდა, ისე, როგორც ამ კადრში დაივიწყა  თავისი კლიენტი და ფოტოს გადასაღებად „გალამაზებას“ შეუდგა. 

თმის სტილისტი კაცი თმას ივარცხნის, და შავი გედის პლაკატი გაკრულია კედელზე

უჩვეულოდ საოცარი და საინტერესო ქცევები გვახასიათებს, ისე რომ, ამას ჩვენც ვერ ვიაზრებთ. დღემდე ამ კადრის ყურებისას, თვალწინ წარმომიდგება უსაყვარლესი ბაბუა, რომელიც საქმისთვის და თავისთვის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ერთდროულად მოტივირებულია. 

ალბათ მიხვდით, ერთი დღე ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთლიანად გაიცნო და შეიგრძნო ეს უჩვეულო ქალაქი. თუმცა, სასიამოვნოდ დაღლილს, დღის ბოლოს დასვენება არ გვაწყენს. არც მოსასვენებელი ადგილების ნაკლებობას უჩივის თბილისი. გააჩნია რისი მოყვარული ხარ: გირჩევნია დაელოდო შებინდებას, რათა ხმაურით გააყრუო გარემო და აისს ცეკვით შეხვდე, თუ სიმშვიდესა და სიმყუდროვეში ათვალიერო შენი შემოქმედება. 

გოგონა ზის მაგიდასთან, რომელიც მზის სხივებით არის განათებული

მე, პირადად, მეორე კატეგორიას  მივეკუთვნები, რომლებიც მზის ჩასვლისას შემოსულ სხივებს საყვარელ ადამიანებთან ერთად ფინჯანი ყავით ელოდებიან.

მაგიდაზე დევს პატარა სანათი, რომელსაც ძალიან ლამაზად ეცემა მზის სხივები

თბილისი ამოუწურავი ქალაქია თავისი გარემოთი და პერსონაჟებით. არ აქვს მნიშვნელობა ფოტოგრაფი ხარ თუ უბრალოდ დროში მოგზაურობა გიყვარს, ეცადე ყურადღებით იყო და არაფერი გამოგრჩეს. აქ თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია. და თუ დაინახავ, შეგიძლია თამამად თქვა: ნუ იქნები ყველაფრის მკადრებელი, აკადრე შენს თავს საკადრისი კადრი.

 

ავტორი: თიკა ჯაბანაშვილი

ფოტო: თიკა ჯაბანაშვილი