facebook logo

სიახლე

ბალადა სახლზე

ცოტა შორიდან დავიწყებ: ეს სახლი მამაჩემმა დააპროექტა და ააშენა (ისიც არქიტექტორია, დედაჩემიც, ჩემი დებიც, ჩემი girlfriend-იც.). ამიტომ  მასთან ყოველთვის ემოციური კავშირი მქონდა. ამ სახლში, პირველ სართულზე, მამაჩემის არქიტექტურულ-სარესტავრაციო კომპანიის ოფისია, მინუს პირველზე -  ნახევრად სარდაფში - ჩემი. ეს სივრცე საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავასუფთავე და მოვაწყვე. მანამდე აქ ჩემები იმ ნივთებს ინახავდნენ, რასაც არასოდეს გამოიყენებდნენ, თუმცა გადაყრა ენანებოდათ. ჩემი ბინა ამავე სახლშია, ბოლო სართულის  ზემოთ, მანსარდაში. 

ტელესკოპი, ყვავილები, ფანჯარა, ნახატი

ვეცდები ისე მოგიყვეთ ჩემს სახლზე, როგორც მე მას ვხედავ:

ჩემი ბინა -  მაქსიმალურად ცარიელი - დღისით ნათელია და ღამით ბნელი. განათება ისეა მოწყობილი, რომ მუდმივად მიმოდიოდე  განათებულ და ბნელ ზონებს შორის. სიბნელე აუცილებელია.

სკამები, მაგიდა, ნახატი, ყვავილი ქოტანში

ჩემთვის სახლი არის "პირადი განაცხადი”, ანუ, როგორც ინგლისელები იტყვიან, statement  იმის შესახებ, თუ ვინ ვარ, რა მაინტერესებს, რას ვაფასებ და რა მჭირდება. 

სახლი არის ის ადამიანი, ვინც შიგნით ცხოვრობს, და ვერ იქნება შიგნით მცხოვრები სხვა და სახლი უბრალოდ თავშესაფარი.

საწოლი, ფარდა, აბსტრაქციონიზმი ნახატში

სახლში  მნიშვნელოვანია სიცარიელე და აქცენტები. ინტერიერი ქმნის აქცენტებს, მთავარ თემებს სახლში. მე არ მიყვარს, როცა მთავარი თემა ტელევიზორი და ტყავის "ტროიკაა" - ეს მაშინვე დაღს ასვამს და დიაგნოზსაც უსვამს  სახლს. მაპატიეთ.

როგორც მიხვდით, უფრო ვაფასებ სივრცეს, ვიდრე პირად ნივთებს.

დერეფანი, კარები

ჩემს სახლში არის მინიმალისტური დიზაინი. აქაა უამრავი ნივთი, რომლებიც გადამუშავებულია (recycled). სახლი სავსეა სხვადასხვა არტისტების ნამუშევრებით. მათგან უმეტესობა  ჩემი მეგობრები არიან.

ნახატი, ხის კარადა მინით. წიგნები, ყვავილები

შიგადაშიგ ჩემს სახლს ვაქირავებ ეარბიენბიზე (Airbnb). ვფიქრობ, რომ გაზიარება მთავარია, რადგან ამ დროს შენი პირადი სივრცე აღარაა მხოლოდ თვითგამოხატვა, არამედ დამატებით სივრცეებს იპყრობს და ალტერნატიულ აღქმას აჩენს. 

სამზარეულო, დაფა, წარწერები, ტიპოგრაფია

კიდევ საკუთარი სივრცის გაზიარება იმითაა კარგი, რომ შემიძლია  ჩემი სახლი სხვისი თვალით დავინახო. ამასთან  მათი კომენტარები და რეკომენდაციები  საშუალებას მაძლევს საკუთარ სივრცეს თავადაც სხვა კუთხით შევხედო.

საძინებელი ოთახი, ტუმბო, საწოლი, საწოლის გადასაფარებელი, სარკე

სახლში მაქვს ბევრნაირი მცენარე. მგონია, რომ ისინი ადგილის  მცველი კეთილი სულები არიან. 

აი სულ ესაა ჩემი სახლი. 

ბევრი ყვავილი სამყოფ ოტახში

პ.ს.: სახლი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება, არის Copper House - Studio Mumbai'-ის მიერ შესრულებული. 

წიგნი, იასამნისფერი განათება

პ.პ.ს.: ეს შენობა მამაჩემმა დააპროექტა და თავისი იდენტობა ჩადო. თბილისში დაბრუნებისას ამ ბინაში შევედი და ჩემი ხედვის შესაბამისად  შევცვალე, რადგან მე ჩემი შეხედულებები მაქვს ინტერიერზე, მამაჩემს კი თავისი. პრაქტიკულად ყველაფერი გადავყარე და სახლი ყველაფრისგან დავცალე. სიცარიელე იყო ყოველთვის ჩემი საცხოვრებელი ადგილის მთავარი იდენტობა. დღეს ეს სიცარიელე აღარ არსებობს, რადგან ჩემი ქალიშვილის ამ ბინაში შემოსვლამ ჩემი იდენტობა გვერდზე გასწია და სიცარიელე თავისი ფერადი, საყვარელი, ფუმფულა “ინფრასტრუქტურით” შეავსო. თურმე არის რაღაცები, რასაც შეუძლია მთელი შენი უაღრესად მოწესრიგებული სამყარო თავდაყირა დააყენოს და შენ კი სრულიად ბედნიერი იყო ამით. 
 

ავტორი: