facebook logo

ბლოგი

კეთილგანწყობილი სახლი ავლაბარში

Airbnb-ით სარგებლობა,  როგორც ტურისტმა,  airbnb-ის შექმნიდან  მალევე დავიწყე. ბიზნეს-მოდელი მომწონდა. მოგზაურობა მომწონდა, მაგრამ „ჰოსთი“ არ ვიყავი.

ჩაიდანი, გაზი, კაფელი

ეს ბინა ვიყიდე ჩემთვის, მშენებარე სახლში, ჩემ საყვარელ უბანში, ავლაბარში. რემონტის დასრულებამდე ჩემთვის ვაკეთებდი ყველაფერს. როცა დავასრულე, გეგმები შემეცვალა და გადავწყვიტე, airbnb-ზე სტუმრებისთვის გამეზიარებინა ჩემი საყვარელი სივრცე, რომლის მოწყობისა და გალამაზებისთვის დიდი ენერგია დავხარჯე.



ძალიან გამიხარდა, რომ განცხადების განთავსებიდან პირველივე თვეში თითქმის ნახევარი წელი დაიჯავშნა - მივხვდი, რომ ე.ი. რაღაცას სწორად ვაკეთებ. ჩემმა „ლისთინგმა“ წარმატებით დაიწყო მუშაობა და დღემდე ასე გრძელდება. 

ტახტი ბალიშებით, ნახატები, ლამფა, მაგიდა

ჩემი ბინა არის ძველ უბანში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს. ფანჯრიდან ჩანს ნარიყალა, ქართლის დედა და ძველი თბილისის ლამაზი სახლები და სახურავები. სტუმრებს ვეუბნები ხოლმე, რომ პრეზიდენტი მათი მეზობელია. აქედან ფეხით დადიან ყველგან და, რა თქმა უნდა, მოსწონთ. 

ძველი თბილისი, ხედი, ეკლესია

მე თვითონ ბევრი დრო  გამიტარებია ქვეყნის გარეთ და მუდმივი ურთიერთობა მაქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, და ეს  ძალიან მიყვარს. Airbnb-იც მაძლევს ამის საშუალებას. არის სერვისები, რომ სხვამ მართოს ჩემი ბინა airbnb-ზე, მაგრამ ყველაზე მეტად სტუმრებთან ურთიერთობა  მომწონს. დაჯავშნის დღიდან სულ ვეკონტაქტები, ვურჩევ ხოლმე, სად ჯობია წასვლა, რა ხდება იმ პერიოდში, როცა ჩამოდიან.

სამზარეულო, მაგიდა, სკამები, ყვავილები, გაზქურა, ონკანი

ბევრი მათგანი 4-5-ჯერ იყო უკვე ჩამოსული ჩემთან, ბევრგან  ერთადაც კი წავსულვართ, თავადაც გვეპატიჟებიან ხოლმე თავიანთ ქვეყნებში. გულწრფელად მიყვარს ეს ურთიერთობა და მგონია, რომ ამას გრძნობენ და ქვეყნიდან წასვლის შემდეგაც ამიტომ  მეკონტაქტებიან. ზოგჯერ უთქვამთ, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოდიან და ყვავილები გამიგზავნია, ზოგჯერ  უწყლობას შეუწუხებიათ ან ხმაურიან მეზობელს და ღვინო გამიგზავნია განწყობის გასაუმჯობესებლად.
 

აბაზანა, დუში, ტეთრი კაფელი, ლამპარი

ინტერიერზე მუშაობისას ვეცადე ყველაფერი ღია და სადა გამეკეთებინა და შემდეგ დამემატებინა ფერები, რომელსაც მობეზრების შემთხვევაში მარტივად შევცვლიდი ახლით. სახლში ბევრი ნივთია, რომელიც საგანგებოდ  შევარჩიე, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიტანე, ზოგი  ძველმანების ბაზრობაზე ვიყიდე, ზოგი გამოვიწერე, ზოგი  ბავშვობიდან მომყვება. ყველაზე მეტი აქცენტი მაქვს წიგნებზე. სტუმრები სულ აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტად წიგნები მოსწონთ ჩემთან. 

ასტრიდ ლინდგრენის წიგნი, წიგნების თარო, წიგნები, ბიუსტი

ყველა სტუმარი ინდივიდუალურია, ამიტომ უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, რომელსაც გამოიყენებ და შენი Airbnb  ბიზნესი აყვავდება. მე იმიტომ გამომივიდა,  რომ სახლში ზერელედ არაფერი გამიკეთებია, ყველაფერზე ნაფიქრი მაქვს. საქართველოში ხშირად ნახავთ მიფუჩეჩებულ დიზაინს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა პატრონს ამ ბინის ტურისტებზე გაქირავება აქვს განზრახული.

წიგნების და დეკორატიული თაროები, ტელევიზორი, ნახატები

ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ის მეხმარება, რომ გულწრფელად მიყვარს ურთიერთობები და ეს ყველაფერში იგრძნობა. ეს კი ყველაზე მთავარი მგონია. არის ხოლმე პრობლემები, მაგალითად, როცა წყალი არ არის ტექნიკური სამუშაოების გამო, ან რაიმე ფუჭდება, მაგრამ იმდენად კარგი დამოკიდებულება გვაქვს,  რომ ეს ყველაფერი მარტივად გვარდება. 

ავტორი: ალექსანდრე დავითაშვილი
ფოტო: ალექსანდრე დავითაშვილი

შეიძინე ონლაინ