facebook logo

ბლოგი

მავერიკი - ანტერპრენერი, რომელიც ცვლის გარემოს

თანამედროვე სამყაროში სტარტაპის კულტურის განვითარებამ მოაზროვნე ადამიანის ახალი არქეტიპი გააჩინა - ის, ვისაც მოსწყინდა კომფორტის ზონაში ყოფნა და საქმის ტრადიციულად კეთება. მავერიკი ის ადამიანია, რომელსაც არ აშინებს საზოგადოებაში დამკვიდრებული განწყობებისა და ნორმების დარღვევა, აქვს განსაკუთრებული იდეა და ამ იდეას ჩემპიონად აქცევს. 

რკალური შენობა, ფანჯრები, ცა

ასეთ ადამიანად ჩამოყალიბება გიორგი ჩუმაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ქართული რეალობისთვის ტერმინები - მავერიკი და სტარტაპერი უცხო იყო. ESM-ის სტუდენტი ბიბლიოთეკაში ხშირად ეცნობოდა უცხოურ ლიტერატურასა და კონკრეტულ მაგალითებს. ერთხელაც, Economist-ზე უძრავი ქონების ახლა უკვე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პლატფორმის - Trulia.com-ის დამფუძნებლის ინტერვიუ წაიკითხა. პიტ ფლინტის საქმიანობა იმ დროს მომგებიანი სულაც არ იყო, თუმცა წამყვანი გამოცემების გვერდებზე მაინც ხვდებოდა და ხშირად სთხოვდნენ საკუთარი ბიზნესის კონცეფციის ახსნას. პიტ ფლინტი კი მოკლედ პასუხობდა: “we are the data driven company”. ეს ტენდენცია იმ წლებში ჯერ კიდევ უცხო იყო. 2005 წელს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ამოკითხული განმარტება გიორგისთვისაც ბუნდოვანი აღმოჩნდა. დღეს კი, 15 წლის შემდეგ, თვითონაც ისეთ კომპანიას ხელმძღვანელობს, რომლის საფუძველი სწორედ მონაცემებია. თუმცა, ისტორია უძრავი ქონების პლატფორმა - Livo.ge-მდე ბევრად ადრე, 20 წლის ასაკში, თბილისის აეროპორტიდან იწყება. 

ლეპტოპი, კუბოკრული პერანგი, ხელები

„არასოდეს ვყოფილვარ გამორჩეული მოსწავლე და სტუდენტი. არ მიმართლებდა ხოლმე გასაუბრებებზე - ბევრი უარი მახსოვს. სწავლის დამთავრების შემდეგ გამიჭირდა საკუთარი ადგილის პოვნა. ეს ის დროა, როდესაც ქართულ ბაზარზე „ტავ ურბან ჯორჯია“ შემოვიდა. მე და ჩემმა მეგობარმა აეროპორტში პატარა ფართის აღება გადავწყვიტეთ. თურქებთან მოლაპარაკება ვერ მოვახერხეთ, თუმცა მოგვიანებით, ერთ-ერთ დირექტორთან შეხვედრა შევძელით და მისი კეთილგანწყობაც მოვიპოვეთ. ასე დავიწყეთ  პირველი ბიზნესი. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი თეორიული ცოდნა საკმარისი არ იყო. ყველაფრის სწავლა პრაქტიკული საქმიანობისას საკუთარ შეცდომებზე მოგვიწია.“

სხვადასხვა გვერდზე გადაშლილი ბევრი წიგნი

8 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი ქართული კუთხე აეროპორტიდანვე წარმატებით აცნობდა ჩამოსულ სტუმრებს საქართველოს. თუმცა, მოგვიანებით, ემბარგო და შეზღუდული რეისები პირდაპირ აისახა პატარა მაღაზიის საქმიანობაზე.

შემდეგი გაჩერება სარეკლამო ბიზნესი და კომპანია „ვიზარდი“ იყო, სადაც, მაგალითად, საქართველოში წლების წინ ყველაზე პოპულარული ბიჭი - ბალი-ბიჭუნა დაიბადა. 

„დიდი  გამოცდილების მიუხედავად, ვგრძნობდი, რომ დამკვეთებთან ურთიერთობა საჩემო საქმე არ იყო. ჩემთვის სუბიექტური და გაუგებარი აღმოჩნდა, რა კრიტერიუმით ვფასდებოდით - რით ვიყავით ზოგჯერ კარგები, ზოგჯერ კი ცუდები.“

პარტნიორმა მეგობარს უთხრა, რომ სხვა გეგმები ჰქონდა. ბიზნესიდან გავიდა და კომპანიიდან მხოლოდ ერთი რამ - ყველა მუსიკალურ ღონისძიებაზე ერთი მაგიდა დაიტოვა. 

წიგნები დევს ერთმანეთზე

2007 წელს სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და მანჩესტერის ბიზნესსკოლის pre MBA კურსებზე ჩააბარა.  

„ჩასვლიდან 2 კვირაში მივხვდი, რომ მონდომების შემთხვევაში სწავლა ყველგან შემეძლო და ამისთვის მანჩესტერში ყოფნა სულაც არ იყო საჭირო. ჩავთვალე, რომ ჯობდა თბილისში ისეთი საქმე დამეწყო, რომელიც წარმატებას მომიტანდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამეგრძელებინა სწავლა. დავიწყე ფიქრი - რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ქართული ბაზრისთვის უცხო და ინოვაციური, როგორი მოდელი შეიძლებოდა ჩამომეტანა, რომელიც ცივილიზებულ, განვითარებულ ბიზნესგარემოს შექმნიდა. მანჩესტერში, ჩემ სახლთან Tesco-ს სუპერმარკეტი იყო, სადაც ძალიან მომწონდა მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. სუპერმარკეტების ქსელის - Walmart-ის დამფუძნებლის - სემ ვალტონის ყველა წიგნი წავიკითხე. სხვადასხვა მსხვილი სუპერმარკეტის მაგალითზე ვარკვევდი - რა იყო სინამდვილეში „რითეილი“. ჩამოვედი საქართველოში და 2 თვე მოვანდომე ბიზნესიდეის დამუშავებას. მაშინ მეგონა, რომ ბიზნესგეგმა შევადგინე. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ვხვდები, რომ ეს უბრალოდ რიცხვების ქაოსი იყო“.

სარბენი ბილიკი დანომრილია ერთიდან სვიდამდე

ახალი იდეით პოტენციურ ინვესტორებთან და პარტნიორებთან დაიწყო შეხვედრა. ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენთან  თანამშრომლობით ბაზარზე „იოლის“ პირველი მაღაზია გამოჩნდა. 

„კონკურენტებისგან განსხვავებული brand id შევქმენი - „იოლი“ უნდა ყოფილიყო უფრო ახალი და ე.წ. ფრეშ პროდუქციის მაღაზია. სუპერმარკეტის წინ პატარა ბაზრის დახლებიც გავაკეთეთ. 2 მსხვილ კონკურენტს “იოლმა“ მალევე გაასწრო გაყიდვებით. თუმცა, ქსელის გაფართოებასთან ერთად ხარისხის შენარჩუნება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დღეღამეში 18 საათი ფეხზე ვიდექი. დასაძინებლად კი ოფისში ვრჩებოდი. იმ დროს ჩვენი ნაბიჯები სწორი იყო. პატარა ბრძოლებს ვიგებდი, მაგრამ მივხვდი, რომ საბოლოო ომს წავაგებდი“.

წელიწადისა და 3 თვის შემდეგ შვებულება აიღო, ტელეფონი გათიშა,  1 თვით ბაკურიანში წავიდა და დაფიქრდა - როგორ უნდა გადაერჩინა ბიზნესი. მისი პარტნიორი სუპერმარკეტის ქსელიდან გავიდა, გიორგიმ კი ლიეტუვური სუპერმარკეტების ქსელი - Maxima და SIF ფონდი დაიპარტნიორა. მომგებიანობის კოეფიციენტი იზრდებოდა. 2012 წელს „იოლის“ მაღაზიების რიცხვი 40-მდე გაიზარდა. 

ფოსფორისფერ ცისფრად შეღებილი ხიდის რკინის კონსტრუქცია

2012 წლის შემდეგი ნაბიჯი უძრავი ქონების ვებპლატფორმა - Allproperty.ge იყო. პარალელურად, პარტნიორთან ერთად მეღვინეობის საწარმო - „შილდა“, მოგვიანებით კი „დეგუსტოს“ ქსელი შექმნა.

„პარტნიორებს, რომლებსაც რიგითი ბურგერ-ბარის გახსნა უნდოდათ, სრულიად ახლებური კონცეფცია შევთავაზე - სამზარეულო ქსელი, რომელიც ყველა ფილიალში ხარისხობრივად ერთნაირ პროდუქტს შესთავაზებდა მომხმარებელს. ამისთვის ჩვენი საწარმო გავხსენით და დაკომპლექტების სისტემა ავაწყვეთ. სწორედ ეს არის „დეგუსტოს“ უპირატესობა, რომლის გამეორებაც ადვილი არ არის. საწარმოში ვაკუუმ-აპარატით ერთად ვათავსებთ ინგრედიენტებს, “დეგუსტოს“ სამზარეულოში კი კომპლექტაცია მიმდინარეობს.“ 

ლამაზი სახლი დიდი გადახურული აივნით ბოლო სართულზე

ამ პერიოდში ძირითადი საქმიანობა 2012 წელს დაწყებული Allproperty.ge იყო, რომელიც 2019 წელს Livo-ს სახელით გაგრძელდა.  

„როდესაც „იოლის“ ქსელს ვავითარებდით, მაკლერებთან და ბროკერებთან ურთიერთობა ჩემთვის უსიამოვნო და რთული  იყო. ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე შემექმნა პლატფორმა, რომელიც უძრავი ქონების სფეროში ჩართულ ყველა სტეიკჰოლდერს გააერთიანებდა. მაშინ სიტყვა ეკოსისტემას არც კი იყენებდნენ. თუმცა, ბიზნესმოდელს, რომელიც მე 2012 წელს შევქმენი, ახლა სწორედ ასე ჰქვია. რა არის ეკოსისტემა? - ყველა ოფლაინ პროცესის მაქსიმალურად გადატანა ონლაინში. ამისთვის გჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა, ტექნოლოგიური ნოვაცია, გამართული UX  და UI, კარგი დეველოპერები და customer journey ექსპერტები“.

ადამიანები განიხილავენ რაღაც საკიტხს და ასწორებენ ფურცელზე დაწერილს

წელს თიბისისთან თანამშრომლობით ბაზარზე უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge-ს სახელით გამოჩნდა, სადაც შესაძლებელია უძრავი ქონების მოძიება, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შედარება, შეფასება და გადაფორმება. უახლესი, მაღალტექნოლოგიური „მატერპორტის“ კამერით გადაღებული 3D ფოტოების საშუალებით კი მომხმარებელს უძრავი ქონების მაქსიმალურად ზუსტად აღქმა ვირტუალურად შეუძლია. გაშვებიდან 3 თვეში პლატფორმის მომხმარებლების რიცხვი 17 000-მდე გაიზარდა. 

„ჩვენი პრინციპია მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია ვიყოთ. ვაგროვებთ მონაცემებს, რომლებსაც სტეიკჰოლდერებს ვუზიარებთ - ეს არის ჩვენი ბიზნესმოდელი. ახლა ვართ ზუსტად იქ, რასაც Trulia.com-ის დამფუძნებელი წლების წინ ამბობდა - we are the data driven company. საბოლოო ჯამში, მომხმარებელს დროს და ფინანსებს ვუზოგავთ - სწორედ ეს არის ნებისმიერი ეკოსისტემის მთავარი არსი. მომავალ წელს მთელი ქვეყნის ინდექსაციას ვიწყებთ. პლატფორმაზე გარემოს შეფასების პარამეტრიც შემოვიტანეთ - ესა თუ ის უძრავი ქონება ეკოლოგიურად როგორ გარემოში მდებარეობს. ასევე, ნელ-ნელა ვნერგავთ ე.წ neighborhood მენეჯმენტს, რომლის საფუძველზე 15 მეტრით დაყოფილ მონაკვეთებში ფასები განსხვავებული იქნება.“

ჟანგისფერი ნაგებობა, კიბეები

წლების განმავლობაში გამოცდილებამ შესაძლოა სხვებისგან განსხვავებული, მაგრამ ანტერპრენერის საქმიანობის საკუთარი მიდგომები და წესები ჩამოუყალიბა.

„ჩემი საქმიანობის მაჯისცემას მე თვითონ უნდა ვაკონტროლებდე. არასოდეს ვიქნები საქმეში, სადაც უბრალოდ ფულს ჩავდებ, მართვა კი სხვას ექნება ჩაბარებული. ასე რომ, ვფიქრობ, ინვესტორი ვერ დადგება ჩემგან. ანტერპრენერს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ ბიზნესი არ არის მისი შვილი. პირიქით, რაც უფრო ცივი და მომთხოვნი იქნები შენი საქმიანობის მიმართ, უფრო რაციონალური იქნება მთელი პროცესი. ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც რაღაც საქმიდან ხელფასს არ ვიღებდი და ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა. ბიზნესი თუ თავიდანვე არ გაძლევს ფულს, ჩემი აზრით, ის ბიზნესი არ ვარგა.“

ანტერპრენერმა, რომელიც 15 წლის განმავლობაში სხვადასხვა საქმის სათავეში იდგა, გარკვეულ ეტაპზე შემდგარ ბიზნესს ყოველთვის თავის გზაზე უშვებდა, თვითონ კი ახალ გამოწვევას ეძებდა, ახლა დაზუსტებით მხოლოდ ის იცის, რომ მომავალი 2 წელი მისი მთავარი საფიქრალი Livo იქნება.

ლამაზი კიბეები, რომელსაც მოაჯირი ქვევიდან უნათებს

„შორიდან რომ შევხედო ჩემს თავს - კონცეპტუალისტი სტარტაპერი ვარ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში არასოდეს შემშლია. პირველი 3 წლის განმავლობაში საქმისთვის მაქსიმალურად ვიხარჯები,  შემდეგ კი ვფიქრობ ხოლმე, რომ ჩემზე უკეთ დაღვინებული მენეჯერი გაუძღვება მას - ის, ვინც სტარტაპერის ეიფორიაში არ არის. სტარტაპის ეტაპზე მე თვითონ ვარ ხოლმე მიმართულების მიმცემი. კონცეფციაში არავინ უნდა შემეცილოს. „ლივოს“ შემთხვევაშიც ასეა - კონცეფციაზე მე ვზრუნავ. ბიზნესიდან გასვლაც თავის დროზე ვიცი - ალბათ, ესეც ჩემი ერთ-ერთი საჭირო თვისებაა. როცა იცი, რომ საქმეში მაქსიმუმი ჩადე, შემდეგ კი რაღაცები აღარ მოგწონს და შენი შექმნილის კრიტიკას იწყებ - მანდ დროა, რომ სხვას გადააბარო პროცესი. ემოციები და თავდაჯერებულობა, ვფიქრობ, ჩემი მომგებიანი მხარეებია. მოლაპარაკებების დროს შემიძლია ჩემი ემოცია მთლიანად მეორე მხარეს  გადავდო. როდესაც რაღაცას კარგად ვაკეთებ და მჯერა, რომ ეს მაგარი იდეაა, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკის არასოდეს მერიდება და არც მეშინია.“

_________________________________________________
საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ პროექტის -  „ბიზნეს კაფეს“ მიზანი, სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელებს შორის ბიზნესსფეროში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების გაცვლასთან ერთად, ბიზნესწრეებისათვის სწორედ ასეთი, ახალბედა ლიდერების გაცნობაა. „ბიზნეს კაფეს“ მხარდამჭერი თიბისი დაზღვევაა და ის მენეჯერებისათვის თანამედროვე ტენდენციებისა და გამოცდილების ერთმანეთთან გასაზიარებლად ტარდება. 


ავტორი: მარიამ ყანჩაველი