facebook logo

ბლოგი

სახლი, სადაც განწყობას ჩვენ ვქმნით

ჩემი სახლი ერთი ნახვით შემიყვარდა.  ის ყველა ჩემს მოთხოვნას აკმაყოფილებდა - იყო პარკთან ახლოს და რაც მთავარია - მზიანი! სხვა  არც მიძებნია, ეს ადგილი რომ ვნახე, მაშინვე დავურეკე აკოს და ვუთხარი, რომ ეს სახლი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც გვინდოდა. 

მე და ჩემს სახლს თითქოს  ერთმანეთის გვესმის, რადგან ყველაფერი ჩვენი გემოვნებით შევქმენით.

ამ სახლს ბევრი დიდი ფანჯარა აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი მზის სინათლე შემოვიდეს. ვცდილობ სახლში ბუნებრივი დეტალები შემოვიტანო - ხის ავეჯი და იატაკი,  ასევე მცენარეები, რომლებიც მინიმუმადე ამცირებს ზღვარს გარემოსთან, აცოცხლებს სივრცეს და სიმშვიდეს ქმნის. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ არ დაგვღალოს და გადაგვტვირთოს.

სახლს ნივთები და კედლები კი არა,  უფრო მეტად იქ მცხოვრები ადამიანები და მათი ხასიათი ქმნის. ვცხოვრობ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად და მგონი, სახლს მეტი არც არაფერი სჭირდება იმისთვის, რომ იდეალური იყოს, რადგან აქ განწყობას ჩვენ ვქმნით.

ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ამ სახლში სხვა ადამიანები რომ ცხოვრობდნენ, სულ სხვანაირი იქნებოდა.  

ყველა ოთახს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩემთვის,  უფრო მეტად იქ მიყვარს  ყოფნა, სადაც მზის სხივები უხვად შემოდის. თუმცა  განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ პატარა ოთახს,  სადაც ვმუშაობ, ვკითხულობ, ვხატავ, ე.ი. ვაკეთებ იმას, რაც მამშვიდებს და ჰარმონიას მიქმნის.

ვცდილობთ ნივთებს არ მივეჯაჭვოთ ხოლმე, მაგრამ ხანდახან არ გამოგვდის. ყველაზე მეტად სტუმრების მიღება მიყვარს. ყოველთვის ასე იყო, მეგობრები სულ ჩემთან იკრიბებოდნენ. აქ გადმოსვლამდე სულ ვამბობდით, რომ ახალი სახლისთვის  აუცილებლად შევიძენდით  დიდ მაგიდას, რათა ყველასათვის საკმარისი ადგილი ყოფილიყო. თუმცა, აკოს მშობლებს დიდი ხნის  წინათ ბატონმა რეზო გაბრიაძემ მოუხატა მაგიდა, რომლითაც ისე ვიყავით აღფრთოვანებულები, რომ დიდი მაგიდის იდეა დავთმეთ და ისევ ამ პატარა მაგიდის ირგვლივ ვიკრიბებით ხოლმე. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზედმეტი არაფერი მოხვდეს სახლში - მხოლოდ ის, რაც გვჭირდება ან ძალიან გვიყვარს. ნახატები კი ნამდვილად ძალიან გვიყვარს. ვცდილობთ  სხვადასხვა მოვლენის  აღსანიშნავად შევიძინოთ, მაგალითად, ახალ სახლში გადმოსვლას დავუკავშიროთ  ან ბავშვების დაბადების დღეებს, თუმცა, ერთი-ორჯერ პირიქით მოხდა, ნახატის შეძენა აღვნიშნეთ.

გადატვირთული გრაფიკის გამო ძალიან ცოტა დროს ვატარებთ სახლში, ამიტომ აქ გატარებული ყოველი წუთი ჩვენთვის უფრო ძვირფასია. ეს არის სივრცე, სადაც  სამსახურის, სკოლისა და ბაღის შემდეგ ყველა ერთად ვიკრიბებით და ერთმანეთს ემოციებს ვუზიარებთ.

კვირაში ერთხელ ვცდილობთ, რომ აუცილებლად  ოთხივემ ერთად ვივახშმოთ, აუცილებლად სახლში და აუცილებლად ჩვენივე მომზადებული ახალი კერძით. 

მუსიკა კი ყველაზე დიდ როლს ასრულებს ამ სივრცეში.  ყოველთვის, როცა სახლში ვართ, დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკა გასდევს ჩვენს ყოველდღიურობას. 

 

ავტორი: სოფო მუსერიძე

შეიძინე ონლაინ