facebook logo

სიახლე

კომპლიმენტები საქართველოს - Spend 4 Seasons in Georgia

გამარჯობა. მინდა მოგიყვეთ ამბავს იმაზე, როგორ უთხრა წელს ათიათასობით ადამიანმა, საკუთარი ნებით, ჩვენს ქვეყანას უამრავი კომპლიმენტი. და ალბათ ძალიან ბანალურად უნდა დავიწყო, თუმცა რა პათეტიკურად და ასჯერ გაგონილ-მობეზრებულადაც  უნდა ჟღერდეს, მაინც გეტყვით, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს, კარგ სიტყვას - კიდევ უფრო დიდი. 

ფოტო: Maria Che

დეკემბრის ბოლო დღეები ყოველთვის ასეთია: სხვისი წლის შემაჯამებელი ვიდეოებით მოტივირებულებს, ინტერესიანებს, უბრალოდ,  ვისაც ახალი წლიდან ახლის დასაწყისის გვჯერა, ან იქნებ ზედმეტად პედანტებს, სულმოუთქმელად რომ ველოდებით გასულ წელს ჩამოწერილი მიზნების სიის ჩაკირკიტებას და  მიღწევების შედარებას (Check-ის დასმის ენით აღუწერელი სიამოვნება ხომ საკუთარი თავისთვის  საუკეთესო საახალწლო საჩუქარია), დეკემბრის ბოლოს გასული წლის შეჯამება გვიყვარს და გვიწევს. ზუსტად ამ დროს რთულად შესასრულებელ ანდერძად  დატოვებული ილიასეული დიდი და ეგზისტენციალური კითხვა - „აბა მე დღეს ვის რა ვარგე?“  საახალწლოდ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს  და ცოტა შემაშინებლად წარმოდგება ხოლმე ჩვენ წინ - აბა, მე წელს ვის რა ვარგე? ჩვენ რა ვარგეთ წელს ერთმანეთს? და საერთოდ, ქვეყანას თუ ვარგეთ რამე?

ფოტო: გიორგი თათარიშვილი

რამდენადაც მძაფრი და დამაფიქრებელია შეკითხვა, იმდენად სასიამოვნოა პასუხის პოვნა, თანაც, თუ ეს პასუხი იმის თამამად თქმის საშუალებას გაძლევს, რომ რაღაც მართლა გირგია შენი ქვეყნისთვის... განსაკუთრებით მაშინ, როცა უამრავი ნეგატივით დატვირთულ ყოველდღიურობაში ადვილია დაგვავიწყდეს, ვარგეთ კი ვინმეს რამე და თუ ვარგეთ, ამის აღნიშვნა აუცილებლად გვეუხერხულება. ალბათ იშვიათად ვყოფილვარ ცხოვრებაში ისეთი დარწმუნებული,  როგორც ახლა იმაში, რომ წელს ქვეყანას მასზე კარგის თქმით დაწყებული იდეის გარშემო შექმნილმა მოძრაობამ ნამდვილად არგო, თან ისე, რომ რაღაც უფრო დიდსაც ჩაუყარა საფუძველი...

ფოტო:  Keekyzz

კამპანია Spend Your Summer in Georgia (დღეს უკვე Spend 4 Seasons in Georgia) ის ამბავია, რომელმაც კიდევ ერთხელ და ყველაზე ძლიერად დამაჯერა, რომ სიტყვებს, განსაკუთრებით კი კარგ სიტყვებს, ძალიან დიდი ძალა აქვთ, რომ ნამდვილი მაგია სწორედ სიტყვებშია და ის ადამიანებიც, რომლებიც სიტყვას სწორად იყენებენ, ნამდვილი ჯადოქრები არიან, რომ არ არის საჭირო ოლივანდერის მაღაზიაში შეძენილი ჯადოსნური ჯოხი და ჰოგვორტსში ნასწავლი Wingardium Leviosa იმისათვის, რომ ერთმანეთს განწყობა შევამსუბუქოთ. სწორად შერჩეულ სიტყვებს შეუძლიათ ისე გაანათონ და ჯადოსნურ ფერებად შეღებონ ადამიანების დღე და განწყობა, რომელსაც ორი დამბლდორის მაგიაც კი არ ეყოფოდა.

ფოტო: ირაკლი კურტანიძე

Spend 4 Seasons in Georgia-ც სწორედ ასეთი კამპანია იყო. კამპანია, რომელმაც ათიათასობით ადამიანი და ისტორია საქართველოზე კარგის ხმამაღლა თქმით გააერთიანა. კამპანიამ მუქარას უპასუხა მოპატიჟებით, საფრთხეს კომპლიმენტებით, ბიუროკრატიას კი - ჩვენს ენაზე მოყოლილი რეალური ამბებით.  ზუსტად მაშინ, როცა ქვეყანაში ისედაც ცხელ ტემპერატურას პოლიტიკური ნეგატივის და დაძაბულობის სიცხეც ემატებოდა, როცა ბევრისთვის ყველაზე მეტად წარმოუდგენელი, შეიძლება შეუფერებელი და უხერხულიც კი ყოფილიყო საქართველოს პოპულარიზაციის კამპანია, ადამიანები ერთმა დიდმა კომპლიმენტმა გააერთიანა, კომპლიმენტმა - საქართველოზე. და ალბათ ბევრსაც დააჯერა, რომ შექება ყველაზე მძიმე მომენტებში არათუ უხერხული,  არამედ ყველაზე საჭირო და აუცილებელია. ქვეყანაც ხომ ადამიანივითაა, სწორედ მაშინ სჭირდება მოტივირება, ახალი ნაბიჯების გადადგმის სურვილის გაღვიძება და წახალისება, როცა ყველაზე ნაკლებად სჯერა საკუთარი სიკარგის... ზუსტად ისე, როგორც - ჩვენ.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

ალბათ ცოტა სფეროსთვის არის კარგის თქმა ისე სასიცოცხლოდ აუცილებელი, როგორც ტურიზმისთვის. კამპანიამ აღმოგვაჩენინა, რომ ათიათასობით ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეიძლება ზოგჯერ ერთადერთი რამ ჰქონდეთ საერთო და ეს ერთადერთი რამ ძალიან პატარა ქვეყნის სიყვარული იყოს. იმ ქვეყნის, სადაც ზოგმა საუკეთესო ზაფხული გაატარა, ზოგმა ღვინის 8000 წლის წინ დაბადების შესახებ გაიგო, ზოგმა ახალი საყვარელი სამზარეულო აღმოაჩინა, ვიღაცამ აქამდე სრულიად უცხო და უნიკალური ენა ისწავლა, სხვამ სტუმრის ნამდვილი სიყვარული საკუთარ თავზე გამოსცადა, ვინმე სხვა კი საერთოდ ცხოვრების საუკეთესო მეგობრებს ან თანამგზავრსაც შეხვდა, აღარაფერს ვიტყვი საოცარი მთების და იშვიათად მაგარი დაცული ტერიტორიების მონახულების ან ისტორიული ექსკურსის შესახებ.

ფოტო: კახა სტოიანოვიჩი

ეპოქაში, სადაც ერთი ცუდი Review-ც კი თითქმის განაჩენის ტოლფასია, ათითასობით ადამიანი საკუთარი ნებით, სრულიად განსხვავებული მოტივებით და დიდი მონდომებით გაერთიანდა, რომ საქართველოსთვის ძალიან ბევრი დადებითი Review დაეწერა. რეალური ფაქტებით გამყარებულმა, გამოცდილებაზე დაფუძნებულმა ან უბრალოდ ემოციურმა შეფასებებმა კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ახალ ადამიანს გაუჩინა საქართველოში ჩამოსვლის და მისი აღმოჩენის სურვილი. 

ფოტო: შაკო მამუკაშვილი

და მე მგონია, რომ ეს ქვეყანა ერთ დიდ კომპლიმენტს იმისთვის მაინც იმსახურებს, რომ ჩვენი მუდმივი შეცდომების მიუხედავად, ისევ ახერხებს, მილიონობით ადამიანს მარტივად და ჯადოსნურად შეაყვაროს თავი.    

ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანის „ნიუსფიდიც“ და რეალური ცხოვრებაც  უამრავი ცუდი ამბით იტვირთება, იმდენად ხშირად და ინტენსიურად, რომ ეს ყველაფერი გავაუბრალოეთ და შევიჩვიეთ კიდეც. თუმცა  ამის პარალელურად, ათასობით ადამიანი ისევ დიდი სიყვარულით საუბრობს საქართველოზე კომპლიმენტებით, მეგობრებს და უცნობებს აქ ჩამოსვლისკენ მოუწოდებს, მონდომებით ეძებს და შემდეგ აზიარებს იმ მიზეზებს, რის გამოც ეს ღირს. ზუსტად რეალობის ეს მხარე, სადაც ქვეყნის და ერთმანეთის შექების ბევრი საფუძველი არსებობს და ადამიანებს კარგის თქმა მოურიდებლად და ხმამაღლა შეუძლიათ, ხანდახან რომ ვერც ვიაზრებთ, ისე გვაძლევს  მოძრაობის და შესაბამისად, უკეთესი მომავლის შექმნის ძალას, იმიტომ რომ... ისევ ილიასეული შეგონებით, მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის (და ადამიანისაც) ღონისა და სიცოცხლის მიმცემი.

ფოტო: ვიტო სიმონიშვილი

ჰოდა დეკემბრის ამ ბოლო დღეებში, New Year’s resolution-ში, საპატიო ადგილი უნდა დაიჭიროს შეგონებამ, რომ არ არსებობს არასწორი დრო, არასწორი ადგილი ან არასწორი მომენტი კარგი ემოციების გასაზიარებლად, კარგი სიტყვის სათქმელად, რომ შექება მოსულა. და თუ მაინც არ გჯერათ, გაგახსენებთ, რომ ჩვენი კამპანიის ნამდვილი წარმატება  არა გაზომვად რიცხვებში, არამედ სწორედ იმ სიტყვებშია, რომლებიც ერთმანეთს გავუზიარეთ, დაგროვებული ნეგატივით დამძიმებული დღეები კი მომავლის იმედით და ერთმანეთის თანადგომით ერთმა დიდმა ქათინაურმა გაანათა, აი ზუსტად ასე -  Expecto Patronum. 

 

ავტორი: ქეთა გოლეთიანი