facebook logo

ბლოგი

თხილამურების პირველი ნაკვალევი

დილით ადრე ადგომა, შემდეგ ზოგი მანქანით, ზოგიც გუდაურისა და ბაკურიანისაკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსით ძალიან თბილად და ძალიან ფერადად ჩაცმული მიიჩქარის მწვერვალებიდან დასაშვებად. უკვე ჩაიცვით თქვენი სასრიალო ბათინკები, ჩამოსრიალდით  გაკვალულ, დატკეპნილ ტრასაზე და ახლა, ფერდობის მიმდებარე ტერასაზე, ცხელი შოკოლადის დროც მოსულა... რა სასიამოვნოა, არა? დღეს უკვე რთულია წარმოიდგინო ზამთარი სხვადასხვა მთის კურორტზე სრიალის გარეშე. მაგრამ ისიც ძალიან საინტერესოა, სად და როგორ წარმოიშვა ათასობით ადამიანისათვის უზღვავი ადრენალინისა და ბედნიერი ემოციის მომტანი სპორტი. 

სასრიალო ტრასა

თხილამურები პირველად 3000-5000 წლის წინათ გამოიყენეს თოვლში გრძელი მანძილის დასაფარად, რისთვისაც ფეხზე სწორედ ისეთ  რამეს იცვამდნენ, რომელიც ძალიან ჰგავს დღევანდელ თხილამურებს. თხილამურები ჩვენს წონას თანაბრად ანაწილებს ზედაპირზე, რაც გვეხმარება, რომ თოვლში არ ჩავეფლოთ. შესაბამისად, თავიდან, დიდთოვლობის დროს უბრალოდ ბარში სასიარულოდ იყენებდნენ და არა ფერდობზე დასაშვებად, როგორც დღეს. 

ძველი ტხილამურები

ალბათ ყველას აინტერესებს, ვინ იყო ის პირველი ადამიანი, ვინც თხილამურები გამოიგონა. ამ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებაში შეთანხმებული აზრი არ არსებობს. ჩინური კედლის მხატვრობა მიგვანიშნებს, რომ თხილამურებს ჯერ კიდევ 5 000 წლის წინ იყენებდნენ. თუმცა, რამდენიმე სხვა ქვეყანა და რეგიონი შეიძლება თხილმაურების წარმოშობის სავარაუდო ადგილად მოვიაზროთ - თხილამურებს ათასობით წლის წინათ იყენებდნენ კანადასა და ალიასკაზე. 

ქვაზე ამოტვფრული ნაწერი და ნახატინახატი გამოქვაბულში ასახავს მოთხილამურეებს, რომლებიც ნადირობენ სინძიანის რეგიონში, ჩინეთში. ჩინელი არქეოლოგების დასკვნით, ნახატი 10 000 წლისაა. 2 000 წლით მეტის, ვიდრე მოთხილამურეების ყველაზე ადრეული არტეფაქტი.

სკანდინავია ხშირად მოიხსენიება, როგორც სრიალის თანამედროვე სტილის შემომტანი: სკანდინავიელი ფერმერები, მონადირეები და მებრძოლები თხილამურებს შუა საუკუნეებშიც იყენებდნენ. ნორვეგიის ისტორია მოგვითხრობს, რომ 1205-1206 წელს ნორვეგიის პრინცი ჰააკონ ჰაკონსონი (Håkon Håkonsson) 2 წლის იყო, როდესაც მამის სიკვდილის შემდეგ, მისივე უსაფრთხოებისთვის, birkebeiner-მა მებრძოლებმა, ბავშვი Lillehammer-იდან Østerdalen-ში მთებით თხილამურების დახმარებით გადაიყვანეს. ეს ისტორიული ფაქტი დღესაც აღინიშნება ნორვეგიაში პოპულარული ყოველწლიური სათხილამურო ივენთით  - Birkebeinerrennet-ით. 

ნახატი მოთხილამურეების და პატარა ბავშვიKnud Bergslien - "Skiing Birchlegs Crossing the Mountain with the Royal Child"

ალპური სრიალი (გაკვალულ და კარგად დატკეპნილ ტრასაზე) მე-18 საუკუნემდე არ განვითარებულა. ნორვეგიელი და შვედი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები  სათხილამურო ვარჯიშებს თავიანთი ჯარისკაცების გამძლეობისა და უნარების შესამოწმებლად იყენებდნენ. 1850-იანებში, ნორვეგიელმა ლეგენდამ, სონდრე ნორჰაიმმა, შეიმუშავა პირველი თაღოვანი და გვერდითჭრებიანი თხილამური, რომელიც კლასიკური თაღოვანი ფორმისაა, ვიწრო ცენტრითა და ფართო ცხვირით, რომელსაც დღესაც ვიყენებთ. 

მთის ფონი და კუსტარული თხილამური

შამონმა, საკურორტო ქალაქმა მონბლანის მთის ძირში, პირველმა უმასპინძლა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 1924 წელს. ოლიმპიური თამაშები მოიცავდა სპორტის ისეთ სახეობებს, როგორიცაა კერლინგი, ყინულზე სრიალი და ბარის თხილამურობა. თუმცა, თხილამურებით დაღმართზე დაშვება 1936 წლის მეოთხე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე ოლიმპიურ სახეობად არ მიიჩნეოდა. 1936 წლიდან თხილამურებით სრიალი ორ სხვადასხვა სახეობად დაიყო - მთის ფერდობზე სწორხაზოვანი დაშვება 128.75 კილომეტრი საათში სიჩქარით, და სლალომი, - შეჯიბრი ფერდობიდან სწრაფდაშვებაში მიხვეულ-მოხვეული მარშრუტით, რომელიც აღნიშნულია საკონტროლო ალმებით. 

ოლიმპიური თანმაშების ლოგო

რაც შეეხება თავისუფალ სრიალს, მისი ისტორია 1930-იანი წლებიდან იწყება, მაგრამ როგორც სპორტის ოფიციალური სახეობა სრიალის საერთაშორისო ფედერაციას 1979 წლამდე არ უღიარებია. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში კი მისი დებიუტი 1988 წელს შედგა.

მიფრინავს ბიჭი თხილამურებით

საქართველოში, ზამთრის ამ სპორტის პირველი წარმომადგენელი კობა წაქაძე იყო, რომელსაც „მფრინავი ტორპედო“ შეარქვეს, - მან ტრამპლინიდან ხტომაში უდიდეს წარმატებას მიაღწია და გასული საუკუნის 50-60-იან წლებში საყოველთაო აღიარება მოიპოვა.

ძველი შავ-თეთრი ფოტო

კობა წაქაძე იყო ერთადერთი ქართველი, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 4-ჯერ იასპარეზა, ხოლო 6-ჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. 

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე
 

გამოყენებული ლიტერატურა:

http://bit.ly/2u0drZD 

https://nyti.ms/2QX8p9k 

http://bit.ly/2FRBVqy 

http://bit.ly/2srVKBN 

http://bit.ly/2RoMkj0  

შეიძინე ონლაინ