facebook logo

ბლოგი

რას ვეუბნებით, როცა კარგს ვეუბნებით ხოლმე

ძველ ამბავს გიყვებით: 

ერთ ჭკვიან კაცს ვკითხე, ამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, თან თქვენზე ბარე ორმოცი წლით უმცროსი მაინც ვიქნები და დღემდე თქვენობით რატო მომმართავთ-მეთქი. ამ ჭკვიანმა კაცმა არც აცია, არც აცხელა და ასეთი რამ მიპასუხა: უხსოვარ დროში ერთ ჭკვიან კაცს ვიცნობდიო, ებრაელსო. ეგ ილეთი იმან მასწავლა და რო ვუკვირდები მაგრად მუშაობსო. ვინმეს ერთხელ თუ გადაუხვედი შენობითზე, მერე თქვენობითზე მობრუნება აღარ გამოგივაო. 

მაშინ ამ იგავისას ბევრს ვერაფერს მივხვდი, მაგრამ იგავი ხო მაგიტომაა იგავი, რო დროდადრო, ნაწილ-ნაწილ, ნელ-ნელა გაგიხსნას კარტები და ბოლოს უროსავით ჩაგცხოს კეფაში მთელი გაკვეთილი ერთიანად.

 

რო ვუფიქრდები, ადამიანი მაშინ მიგვაჩნია მთლად ჩვენიანად, როცა ენას ბოლომდე შევაჩვევთ. რაც უფრო საყვარელი, ძვირფასი და ფასეული ხდება, მით უფრო ვაუხეშებთ მისთვის ნათქვამ სიტყვებს და ბოლოს ვაქვავებთ კიდეც. სანამ უცხოა, სათქმელს ათასჯერ ვზომავთ და ათასმეერთედ ვჭრით - თავს უფლებას არ ვაძლევთ რამე ძვირი და გადაბრუნებული დაგვცდეს.



ქათინაურებით ვავსებთ, ხან ნაღდით, ხან სულელურით, ხან თითიდან გამოწოვილით: „როგორ გიხდება ეს ზედა;“ „იასამნისფერი შენი ფერია“; „რაღაცით სოფი ლორენს ჩამოგავხარ. აი, ყვრიმალებით“... მერე ეს ქათიანაურები ურბანული ლექსიკის ნაწილი ხდება და ჩვენც ახალ-ახალ კომპლიმენტებს ვიგონებთ, რომ მასაში არ ავითქვიფოთ. გვინდა, რომ ჩვენი ხელწერა გვქონდეს, სხვებს არ დავემსგავსოთ. ასე ჩნდება ზეპირსიტყვიერებაში ფრაზები, რომელთაგან ერთ-ერთსაც, ცოტა ხნის წინ ღამის კლუბში მოვკარი ყური - „რა კარგად გულაობთ“. თან თქვენობით, თან - გულაობთ. 

ვაახ - მეთქი. 

მოკლედ, ვნადირობთ. ან, ვთევზაობთ. როგორც კი გულებს მოვინადირებთ და ანკესზე წამოვაგებთ, ანუ ერთმანეთისთვის ძვირფასები გავხდებით, საჭიროებას ვეღარ ვხედავთ, რომ თბილი სიტყვები ვაფრქვიოთ. კაის თქმას ვინ ჩივის, ხშირად ისე ხდება, რომ ამ ჩვენს ფირფიტას სულ უკუღმა ვატრიალებთ და ისე ვუკრავთ. ჯერ შეჩემას შევაპარებთ. როცა შეირგებს, მერე ნაბიჯ-ნაბიჯ მოკლე, ბოლოს კი ძალიან მოკლე სიტყვებამდე მივდივართ. აქამდე ვახურდავებთ ჩვენს სიყვარულს. უფრო სწორად, ასე გამოვხატავთ მას. განა იმიტომ, რომ გრძნობები მინელდა. უბრალოდ, კაის თქმით სარგებელს ვეღარ ვხედავთ, რამეთუ მისია შესრულებულია, გული - დაბევებულია და ვინ ოხერი დაიხარჯება ამ უდროობაში ფუჭად. 

უდროობა თუ აჩქარებული დრო ცალკე ოპერაა და სწორედ სიტყვების გაქვავებაზე ასხამს წყალს. კაი იქით იყოს, მალე იქნებ ესეც სანატრელი გაგვიხდეს. ყველაფერი იქით მიდის, რომ სიტყვის თქმაც აღარ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის. ვარცხნილობა მოგეწონა? აკარი თითი ეკრანს და მისცხე ყვითელი ღიმილაკი თვალების მაგივრად რო გულები აქვს ამოსული. ეთანხმები? -  ორი წითლით გახაზული 100-იანი დაუბაბანე; გაცინა? - მაგისთვისაც არის რაღაც, რო ხარხარებს და კოტრიალობს; გაბრაზდი? - აჭარხლებული სმაილი გამოიყენე.



ეგ კი არა, რომანების წერას დაიწყებს ვინმე ემოჯიებით, აგერ ნახავთ. თუ მაინცდამაინც მკვეთრი ემოციების გამოხატვა გინდა, გიფების სექციაში შეიხედე და რაც იქ ხდება, სულო და გულო... ხელს სთხოვ მიჯნურს სიტყვის უთქმელად; თუ რამეა, ჯვრის აყრასაც შესთავაზებ; ალიმენტზე შეთანხმდები ყოფილ მეუღლესთან; სამაგისტრო ნაშრომის დეტალურ შეფასებას გაუგზავნი სტუდენტს ერთი ამოძრავებული გამოსახულებით;



ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სტაბილურ ჩარჩოებში გადაყვანის ეფექტიან გზებზე ისაუბრებ. მაგრამ თუ ამდენი ჯაფა გეზარება, იქნიე ეს „ლაიქი“ და „დისლაიქი“ კეისარივით და მეყოლე კოხტად. იქნებ ჩემი შვილიშვილების თაობამ აღარც იცოდეს რას ნიშნავს სიტყვა „მშვენიერი“ და ეს სიტყვა რომელიმე კინოვარსკვლავის ემოჯიმ ან გიფმა ჩაანაცვლოს. 

ნელ-ნელა სიტყვა ფუნქციას კარგავს, ჩვენ კი ვკარგავთ სუპერძალას, რომლითაც შეგვიძლია ნამდვილი ემოციები ვაფრქვიოთ. 



არადა, მე სხვანაირად მგონია. ცოტა მეტად რთულად და ამასთანავე ცოტა მეტად მარტივად. ღმერთების მსგავსად ჩვენ, ადამიანები სხვა ადამიანების ლოცვებითა და ლამაზი სიტყვებით ვიკვებებით. თუ ისინი გვაკლდება - ვსუსტდებით და ბოლო სერიაში ვბოროტდებით კიდეც. 

ამ ჭეშმარიტებაში მაშინ დავწმუნდი, როცა შორეულ ნათესავებთან, შუახნის ცოლ-ქმართან ერთად მომიწია ბათუმიდან თბილისისკენ მგზავრობა. მე მათთან სალაპარაკო თითქმის არაფერი მქონდა. რაც მქონდა, ჩოლოქთან გავხარჯე. მერე მიდიოდა წამოკნავლება ამინდზე, ტრაილერებზე, სისწრაფის მოყვარულ BMW-ის მძღოლებსა და ამდაგვარ მწვალებლობებზე. რიკოთის უღელტეხილზე, „ჯარგვალამდე“ არ მისული, საჭის ტრიალით დაღლილმა კაცმა ქალს გახედა და უხერხული სიჩუმე, მთელი ამ ხნის განმავლობაში ავტომობილიდან რომ არ გასულა, ერთი ფრაზით შეარხია: „იცი, რა ლამაზი ხარ?“.



ქალს არაფერი უპასუხია, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ მას შემდეგ მანქანამ უფრო სწრაფად დაიწყო მოძრაობა და არამგონია ეს მძღოლის ან ძრავის დამსახურება ყოფილიყო. ეჭვი მღრღნის, რომ იმ ქალის ენერგია ასწრაფებდა ჩვენს სვლას. მას შემდეგაც სიჩუმე იყო, მაგრამ კისერზე ალესილი ხანჯალივით ჩამოდებულ უხერხულობისგან დაცლილი. სიჩუმე, რომელიც ხმაურობდა. მოგვიანებით, როცა კაცი მოსაწევად გადავიდა, მე კი რატომღაც კომპანიონობაზე უარი ვუთხარი (ალბათ ისევ სალაპარაკო თემის დეფიციტის გამო),  ქალმა მითხრა: „რამ გააგიჟა ეს კაცი. ოცი წელია ცოლ-ქმარი ვართ და პირველად მითხრა "ლამაზი ხარო“. მშვიდობით ჩამოვედით თბილისში. მშვიდობით და ბედნიერად.  

კაის თქმის მთელი ბიზნესმოდელი მარტივია - უმცირესი ინვესტიციით შენს ბიზნესპარტნიორებს აძლიერებ და  არათუ არაფერი გაკლდება, იმათი სიძლიერე გამდიდრებს კიდეც. აი, რა უნდა იყოს იმაზე მარტივი, ვიდრე მეგობრისთვის იმის თქმა, რომ ახალი წლები მისი სახის კანს არ დატყობია. 

ან იმის, რომ საერთოდ არ ეტყობა ბოლო ორ კვირაში რო ორი ახალი წელი გადაიტანა. 

კაის თქმა მოსულა. ისევე, როგორც თოვლი. 

თუ თოვლი არ მოსულა? 

არაუშავს, მოვა. 
 

ავტორი: დათო გორგილაძე