facebook logo

ბლოგი

მატერჰორნი - მთა შვეიცარიის ალპებში

როდესაც მთის მწვერვალზე ბოლო ნაბიჯსაც შედგამ და იქიდან ერთგვარი სიამაყითა და სიხარულით გადმოხედავ განვლილ გზასა და დაძლეულ სირთულეებს, სწორედ მაშინ  გახსენდება ის ჯადოსნური მომენტი, როდესაც პირველად გაგიელვა თავში ამ მთაზე ასვლის აზრმა.  სწორედ მაშინ გეჩვენება, რომ გზა მწვერვალამდე ძალიან შორს და სადღაც ფიზიკურ სივრცეში კი არ იწყება, არამედ ჩვენს ემოციურ და ესთეტიკურ მისწრაფებებში, თავგადასავლების სიყვარულსა და მისტიკური ინსპირაციების ლაბირინთებში. 

ბიჭი ღრუბლებში

მატერჰორნის დანახვისას შეუძლებელია ასეთი შთამაგონებელი ენერგიით არ აივსო. მისი მომნუსხველი ძალა და სილამაზე ერთი ნახვით ატყვევებს ადამიანს და თავისკენ იზიდავს ახალი, მისთვის უცხო და შორეული სივრცეების აღმოსაჩენად, რისთვისაც ხშირად მზად ვართ სიცოცხლის ფასადაც კი გავრისკოთ.  მატერჰორნის მიმზიდველობამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა. მსოფლიოში ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა  სწორედ მატერჰორნს უკავშირდება. თუმცა, ეს დიდებული მთა მაინც ყველა იმ ალპინისტის ოცნებად რჩება, ვისაც რთული და ამაღელვებელი გამოწვევები იზიდავს. 

ადამიანი მთის წვერზე

ბავშვობიდან მახსოვს, როგორ შეუცნობელ ინტერესს აღძრავდა ჩემში ეს მთა, როდესაც მას ჯერ კიდევ ფილმებსა და პოსტერებში ვნახულობდი, ან თუნდაც Toblerones შეფუთვაზე მოვკრავდი ხოლმე თვალს. აი ახლა კი მას ძალიან ახლოდან ვუმზერ. ის ჩემ წინაშეა! 

დათოვლილი მთა

მე და ჩემი მეწყვილე, თემო, "Hörnli Hut"-ის ზამთრის ოთახში ვცხოვრობდით, ზღვის დონიდან 3260 მეტრზე. უკვე გვიანი სეზონი იყო, ამიტომ საბაზო ბანაკის ოთახები დაეკეტათ და მხოლოდ ერთიღა დაეტოვებინათ თავშესაფრად. უამინდობის გამო ოთხი დღე მოგვიწია აქ დარჩენა და ლოდინი. მთელი ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ჯგუფმა სცადა მწვერვალზე ასვლა, თუმცა უშედეგოდ. თოვა და ძლიერი ქარი შეუძლებელს ხდიდა მთაზე უსაფრთხოდ გადაადგილების პერსპექტივას. სხვების შემყურე, ცოტა არ იყოს, ჩვენც ავღელდით. ნუთუ ამხელა გზა ტყუილად გამოვიარეთ? ახლა როცა ასე ახლოს ვართ დიდი ხნის ნანატრ მთასთან, რთულია დანებდე. 

მთების ხედი

უკვე მარტო ვიყავით დარჩენილები, როდესაც მოულოდნელად ჩეხი მთამსვლელები ამოვიდნენ საბაზო ბანაკში. ამინდის  პროგნოზის გამო, ჩვენსავით დაბნეულები ჩანდნენ და ვერ გადაეწყვიტათ, როდის წასულიყვნენ მწვერვალისკენ. ამინდი არც შემდეგი დღისათვის გვპირდებოდა საიმედო ცვლილებებს, შესაბამისად, საკმარისი დრო გვქონდა ერთმანეთის კარგად გასაცნობად. 

ბიჭი მიდის მთის წვერზე და ჩაბმულია თოკით

მე და თემომ ჭაჭაზე დავპატიჟეთ ჩვენი ახლად შეძენილი მეგობრები. მთელი საღამო ოთახში შეყუჟულებმა გავატარეთ საინტერესო ამბების მოყოლასა და მოსმენაში. საქართველოზე ცოტა რამ ჰქონდათ გაგონილი, ამიტომ, შევეცადეთ ჩვენი ქვეყნის კულტურა და ისტორია უკეთ გაგვეცნო მათთვის. მატერჰორნის მშვენიერებით ჩვენსავით აღტაცებულები იყვნენ და აღნიშნეს, რომ ასეთი ლამაზი მთა არასდროს ენახათ. მე ჩვენს მთებზე მოვუყევი და უშბას ფოტოები დავათვალიერებინე. უშბას, ისევე როგორც მატერჰორნს, რაღაც მომაჯადოებელი ენერგია აქვს. როდესაც უშბას ფოტოებს უყურებდნენ, მათ თვალებში აღტაცებისა და შთაგონების ნაპერწკლებს ვხედავდი. როგორი ნაცნობია ეს ემოცია! ვფიქრობ, ნამდვილად ჩამოვლენ, რადგან მათ თვალებში აკიაფებული ნაპერწკლები უთუოდ  სწორედ იმ შორეული გზის პირველი ნაბიჯები იყო,  საოცნებო მწვერვალამდე რომ მივყავართ ხოლმე. 

სამი ადამიანი მთის წვერზე

ისინი საქართველოში დავპატიჟე და შევპირდი, რომ უშბაზე გავყვებოდი. ჩემგან სახსოვრად და საქართველოს მთებში  ერთობლივი ექსპედიციისათვის მოწვევის ნიშნად პროექტის  - "სტუმრად მასპინძელის"  სამაჯურები გადავეცი.

ორი მეგობარი

მომდევნო დღეებში ძალიან ხანმოკლე, რამდენიმესაათიანი „ამინდის ფანჯარა“ გამოჩნდა. მე და თემო მწვერვალისკენ პირველები გავეშურეთ. ახალმოსულ თოვლსა და ქარში დამღლელი ცოცვის შემდეგ მწვერვალს მივაღწიეთ. ჩეხებმა, სამწუხაროდ, ვერ გარისკეს ამოსვლა, რის გამოც, მგონი, ჩვენ უფრო გულნაკლული დავრჩით, ვიდრე ისინი და დიდი იმედი მაქვს, რომ უშბას მწვერვალზე ასვლის სიხარულს ერთად გავიზიარებთ.

 

ავტორი: ბექა ფაჯიშვილი