facebook logo

სიახლე

ალეკო შუღლაძის ბლოგი

წვიმების სეზონმა დიდი-დიდი სექტემბრის შუამდე გასტანოს, მერე იდარებს ხოლმე. იმ წელს კი გაიწელა: უკვე 25 სექტემბერი იყო და ინდოეთში ცა ჩამოიქცა, არადა და არ გამოიდარა. ჰიმალაის მთებისკენ მიმავალნი ერთ-ერთ ქალაქში, ჰარიდვარში ჩავრჩით. სამნი ვიყავით: მე, რამდასი და მისი თხუთმეტი წლის ვაჟი. ხეიბარი ინდოელი, რამდასი, ინვალიდის ეტლში იჯდა, ფეხზე წამოდგომას გაჭირვებით ახერხებდა, თუმცა ნაბიჯს ვეღარ დგამდა და გამწარებული უკანვე ეცემოდა. ვაჟი უვლიდა, ის დაატარებდა. 

მამა და შვილი მას მერე დამემგზავრნენ, როცა გაიგეს, რომ ჰიმალაის ბოლო წერტილში, ჩინეთის საზღვართან მდებარე სოფელში, ბადრინათჰში ვაპირებდი გამგზავრებას. იქიდან  3 კილომეტრში, სოფელ მანაში, მთის სიღრმეში გამოკვეთილი,  5000 წლის წინანდელი ტაძრის ნახვა მქონდა დაგეგმილი. არ დავმალავ, მამა-შვილის წაყვანა ჩემს გეგმაში არ შედიოდა და თავიდან უარზე ვიყავი, სანამ რამდასმა მდინარის საიდუმლო არ გამანდო. იქ, 
3500 მეტრის სიმაღლეზე, პირდაპირ მთის შუაგულიდან მდინარე სარასვატი გადმოდიოდა, დედამიწის ზედაპირზე მხოლოდ 500 მეტრზე მიედინებოდა, შემდეგ სხვა მდინარეს უერთდებოდა და თავად თითქოს ქრებოდა. იმ მდინარეში თუ განვიბანები, დარწმუნებული ვარ, გავლას შევძლებო, მითხრა ხეიბარმა. იდეა ზღაპრული მეჩვენა და მისტიკით აღტყინებულმა გულიანად წამოვიძახე: დაე, ეგრე იყოს-მეთქი!

და აი, ჰარიდვარს მივაღწიეთ, მაგრამ ნუთუ იმიტომ, რომ წყალდიდობას ტყვეებად ვექციეთ? პარადოქსი იყო - ინდოეთში მზეს  შევნატროდით. მალე კი ისეთი ნისლი ჩამოწვა,  3  მეტრში ძროხა წინ გადახრილ მოტოციკლისტში აგერეოდა. ბურუსმა ჩვენი გონებაც მოიცვა, იმედი გადამეწურა, ათ დღეში საქართველოში ვბრუნდებოდი. 

მესამე დღეს გამოიდარა, მაგრამ ბადრინათჰისკენ მიმავალი ჩანგრეული გზა მოკლე დროში ვერ აღადგინეს. სახლში ჯდომით გაბეზრებულებმა ქალაქში დავიწყეთ ბოდიალი და ერთ-ერთ ინდუისტურ ტაძარში შევედით. მსახურება მიმდინარეობდა.  თბილად მიგვიღეს და ბოლოს გაგვიმასპინძლდნენ. იატაკზე ვიჯექი და მუხუდოს წვნიანში ბრინჯს ვაწებდი, როცა გვერდით უცხო  მომიჯდა. 

„შენმა მეგობარმა, რამდასმა, მითხრა, რომ  ბადრინათჰისკენ  გიჭირავთ გეზი“, - თქვა მან. ადგილობრივი მცხოვრები იყო,  40-იდან  50 წლამდე. ძველი ინდური ეპოსის ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელი ერქვა - არჯუნა. 
„არა, - ვუპასუხე მე,  - აღარაფერი იგეგმება, გზები დანგრეულია, გუშინ ავტობუსი გადაჩეხილა, მალე მთაში თოვლი წამოვა, რამდასს სხვა მდინარეში მოუწევს ბანაობა“.

„შემომხედე! - მითხრა უცბად არჯუნამ ისეთი ძალით, რომ ეგრევე თვალებში ჩავაცქერდი, - იქ ასვლას არაფერი უნდა, რაც შენ გითხრეს, ეგ ჭორია, - აგრძელებდა უცხო, - გიყურებ და ვხვდები, რომ ძლიერი ადამიანი ხარ, მიზანმიმართული. აქამდე მოსულხარ, რაღა დროს შიშია?!“ 
„ვერა, - ვუპასუხე მე, - გზაში რომ ჩავრჩე, უკან დაბრუნებას ვერ მოვასწრებ, სახლში ვეღარ გავფრინდები“.  „არ ჩარჩები, - მითხრა მან, - დევაპრაიაგის მერე გზა გაიხსნება, მთაში ისე არ წვიმს, როგორც აქ, დარწმუნებული ვარ, ასვლას შეძლებ. გგონია, რამდასი შემთხვევით გამოგყვა? არა. მამაცი ტიპი ჩანხარ, შენ გვერდით დაცულად გრძნობს თავს. ავადმყოფ ადამიანს იმედს ნუ გაუცრუებ და ნურც მის ვაჟს დააღალატებ.  კარგად მისმინე, ხვალ, სანამ მზე ამოვა, ავტობუსი გავა, გაჰყევი, მამა-შვილიც წაიყვანე, დარწმუნებული იყავი, რომ მეორე დილით იქ იქნებით“.

იმ ღამით ცოტა მეძინა. სიმამაცის რა გითხრათ, მაგრამ არჯუნასთან საუბრის მერე არსებობის აუცილებლობა შევიგრძენი, მიზანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. განა ძალიან უცნაური არ იყო, რამდასმა მილიარდი ინდოელიდან რომ ამომარჩია? 

დილის ოთხზე სახლი დავტოვეთ, რამდასი სავარძლიანად გავაგორეთ და მივყევით. ფეხით ნახევარი საათი ვიარეთ და ის ავტობუსი ვიპოვეთ, რომელსაც ჰიმალაიში უნდა წავეყვანეთ - ჩვეულებრივი, მონჯღრეული „ლოკალბასი“ იყო,  გვერდზე წარწერით - „მფრინავი ჰოლანდიელი“.
და წავედით, ჭრაჭუნით და ჭრიალ-ჭრიალით. 

არჯუნა მართალი აღმოჩნდა, დევაპრაიაგის მერე გზა გაიხსნა. კიდევ  3  საათის შემდეგ  საჭესთან სათადარიგო მძღოლი დაჯდა და დაღამებამდე პედალზე ფეხი არ აუშვია. ღია მარცხენა კარში მთელი გზა ახლა პირველი მძღოლი იყო გადაკიდებული და რთული მოსახვევებისას მეწყვილეს უხსნიდა, ხევში როგორ არ უნდა გადაჩეხილიყო. რამდასი ჯანჯღარმა ცუდად გახადა, ვაჟი არ მოშორებია: „მამა, ცოტაც მოითმინე, თითქმის მისულები ვართო“, - ამხნევებდა და შუბლზე ხელს უსვამდა.

ჯოშიმატის ზემოთ აღარ გვიშვებდნენ,  „You shall not pass!“ - აქ ვერ გაივლითო, გაიძახოდა ულვაშებიანი სამხედრო, ჯადოქარი გენდალფივით. 
„არჯუნამ კი თქვა, რომ აქ გავლას არაფერი უნდაო, - გავყვიროდი მე, - ის ვერ შეცდებოდა, თითქმის მოსულები ვართ, უკან აღარ დავბრუნდებით-მეთქი!“  მთელმა ავტობუსმა მხარი დამიჭირა. „მაშინ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთო.“ „და ცხოვრებაში ხომ ისედაც ეგრეა-მეთქი“, - ვუპასუხე. 

მთლიანობაში 20  საათი ვიარეთ და მეორე დღეს ბადრინათჰში ვიყავით. ვერ ვიჯერებდი: მთელი იმ  5  დღის განმავლობაში, რაც იქ ვიყავით, მზე კაშკაშებდა, შვიდიათასიანი ნილაკანთჰას ყელი ოქროსფრად ბრწყინავდა, სარასვატი მთის ღრმულიდან იმედისმომცემად გადმოჩქებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ დღეს მიწისძვრაც კი იყო. ადგილობრივებმა თქვეს, 50 წელია, რაც მიწა არ ძრულაო და ესეც კარგ ნიშნად მივიღეთ.

როცა რამდასი მდინარეში შეგვყავდა, შეგვეშინდა, სწრაფ დინებას არ წაეღო, ამიტომ სავარძელზე მივაბით და ისე შევაგორეთ. ატირდა ინდოელი... 

დიდი ხანი გავიდა, ალბათ 10  წელი მაინც. ეს ამბავი მივიწყებული მქონდა, სანამ რამდენიმე თვის წინ ელექტრონული ფოსტით წერილი არ მივიღე. რამდასის ვაჟი მწერდა:
„მისტერ ალექს, აქამდეც მინდოდა მომეწერა, მადლობას გიხდით ყველაფრისთვის: უკვე ერთი წელია, რაც მამა წამოდგა და თავისით დადის, თითქოს მეორედ დაიბადაო. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, მისტერ ალექს.“

საპასუხო წერილს მივწერდი და ვეტყოდი, რომ მე კი არა, სამივენი იმ უცხო კაცს უნდა ვუმადლოდეთ - ჰარიდვარის ტაძრიდან. მისმა სიტყვის ძალამ გვიშველა, მისმა თანადგომამ, უმიზეზო სიკეთემ. 
არა, ჯერ არ მივწერ. მალე ისევ ვაპირებ მთაში დაბრუნებას, ახლა უკვე შვილებთან ერთად, და სიმამაცეს, თუნდაც გაბუქებულს, და რწმენას, რომ სიკეთის კეთება მეც შემიძლია, ჩვენი საძმოსთვის დავიტოვებ.