facebook logo

ბლოგი

რა უნდა გაითვალისწინო, თუკი სრიალს იწყებ

სრიალის დასაწყებად ასაკობრივი  შეზღუდვა  არ არსებობს. თუმცა, სასურველია,  ბავშვმა სრიალი 4-5 წლიდან დაიწყოს, როდესაც უკვე მარტივად შეუძლია გაიგოს, რას ითხოვ მისგან და შესაბამისად, გიჯერებს კიდეც. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა უფრო პატარაც   დამდგარა თხილამურებზე, თუმცა 5 წლამდე ბავშვი  რთულად ითვისებს სრიალის პრაქტიკულ ნაწილს და მომავალ წელს კვლავ ნულიდან უწევს ყველაფრის სწავლა. 

პატარა ბავშვი მწვანე ქუდით

თხილამურის არჩევა მნიშვნელოვანი და არცთუ  მარტივი პროცესია. თუკი ბავშვი  იწყებს სრიალს, პირველ ეტაპზე თხილამურისა და ბათინკის ყიდვა არ არის აუცილებელი. მოზარდის ფეხი წლიდან წლამდე იზრდება და მომავალ წელს შესაძლოა არც კი მოერგოს წინა წელს ნაყიდი ბათინკი. სანამ სრიალს  ისწავლი, უმჯობესია, თუ მარტივი თხილამურებით დაიწყებ, ხოლო როცა უკვე კარგად სრიალებ და იმასაც  ირჩევ, როგორი სტილის სრიალი გსიამოვნებს,  შესაბამისად, შეიძენ  თხილამურსა და ბათინკს. არსებობს დამწყების, ანუ სამოყვარულო, საშუალო დონის და პროფესიონალური თხილამურები. როცა პირველად დგები თხილამურებზე, გამოსავალი დამწყები დონისთვის განკუთვნილი,  ანუ სამოყვარულო თხილამურების ქირაობაა. ისინი შედარებით პატარა ზომისაა, დაახლოებით ნიკაპამდე უნდა გწვდებოდეს, რადგან, რაც უფრო მოკლეა თხილამური, უფრო ადვილად სამართავია.  თუკი თხილამურებს ქირაობ, ნაკაწრები პრობლემა არ არის,  თუმცა ყურადღება უნდა მიაქციო, რომ  კანტი გატეხილი არ იყოს და ხელი არ შეგიშალოს გაჩერებაში, მოხვევასა და სწორად სვლაში. 

ვირაც სრიალებს

სასრიალო ინვენტარის არჩევის შემდეგი ნაბიჯია სათხილამურო ბათინკის სწორად ჩაცმა, რაც ბევრს არც ისე მნიშვნელოვანი ჰგონია. საწყის ეტაპზე ბათინკის ჩაცმა გარკევეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. მძიმეა, უხეშია და თავიდან გიჭირს შეგუება, შესაბამისად,  უმჯობესია, თუ ბათინკი იქნება რბილი, დაბალი სიხისტის. უმთავრესად ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ბათინკის ყველა შესაკრავი კარგად იკვრებოდეს. აუცილებლად სწორად უნდა დაფიქსირდეს ბათინკის ენა  და არ მოჰყვეს მასში ზედმეტი მატერია. ბათინკში ხშირად იტანიებენ კომბინეზონს, რაც არასწორია და სრიალის დროს ფეხის ტკივილს იწვევს. კარგი გამოსავალია მაღალყელიანი წინდის ჩაცმა, რომ ნაკეცი არ გაიჩინოს და ფეხის ტკივილიც აირიდო თავიდან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.  მძიმე ბათინკთან თუ თხილამურთან შეგუება მათთვის თავისთავად რთულია,  ხოლო ხელოვნურად შექმნილი სირთულეები სწავლის და სრიალის პროცესში დამატებით დაბრკოლებას ქმნის.  

სატხილამურო ბათინკი

ხშირად ხდება, რომ თხილამურები და ბათინკები წესრიგშია, თუმცა კომბინეზონი, ქურთუკი და ხელთათმანები  ყურადღების მიღმა რჩება. ზოგადად, და ჩემი გამოცდილებითაც, ჯინსებით სრიალი არ არის დასაშვები. გარდა იმისა, რომ ჯინსი ვერ ინარჩუნებს შესაბამის ტემპერატურას და დაცემის შემთხვევაში სველდება, არაკომფორტულია სრიალის დროს მანევრების შესრულებისასაც. ეს საკითხი განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან  სიცივის მიმართ. თუკი საკუთარი კომბინეზონი არ გაქვს, მთის კურორტებზე ბევრგან შეიძლება მისი ქირაობა.  

ზოგადად, ქურთუკსაც აქირავებენ, სათვალესაც და ჩაფხუტსაც. სათვალე აუცილებელია. სრიალის დროს მზე ყოველთვის მწველია და  თვალებს აზიანებს, წვავს - განსაკუთრებით კი ღია ფერის თვალებს. თუმცა, სათვალე არ გულისხმობს ჩვეულებრივ მზის სათვალეს, რომელიც შესაძლოა დაცემის შემთხვევაში შემოგატყდეს კიდეც. სასრიალო სათვალე ჯობია არც ძალიან ღია იყოს, არც ძალიან მუქი. ყველაზე პრაქტიკულია  მოსტაფილოსფრო/მოყვითალო ფერის შუშა, რომელსაც ცუდ ამინდშიც კარგად გამოიყენებ. თუმცა, გარდაუვალი აუცილებლობა მაინც ჩაფხუტია. შეიძლება ძალიან ფრთხილად სრიალებდე, მაგრამ არასდროს ხარ დაცული, რომ სხვა არ დაგეჯახება. ჩაფხუტის გარეშე სრიალი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ტოლფასია. 

სათხილამურო სათვალე

სრიალისას,  არ აქვს მნიშვნელობა თხილამურზე ბავშვი დგას თუ მოზრდილი,  პირველ ნაბიჯებს ყველა სწორ ზედაპირზე იწყებს. შემდეგ ნელ-ნელა იწყება დაღმართები. ბიგელზე დადგომის სირთულის გადალახვისა და გაჩერება/მოხვევის სწავლის შემდეგ, უნდა გადახვიდე საბაგიროზე. ინდივიდუალურია,  ვის რამდენი დრო დასჭირდება საბაგიროზე გადასასვლელად. ბავშვი აუცილებელია  მყარად იჯდეს და არ ცურდებოდეს საბაგიროდან. თუ ის  პატარაა და გამოძრომის შანსი დიდია, უნდა მიჰყვებოდეს გამყოლი -  მწვრთნელი ან გამოცდილი უფროსი. 

პატარა ბავშვი ზის ბიგელზე

ასევე გასათვალისწინებელია, რომ  მხოლოდ ბავშვსა და მწვრთნელს შორის მიმდინარეობდეს სწავლების პროცესი, რაც გულისხმობს მშობლების მინიმალურ ჩარევას. 

სამი მოთხილამურე

ბავშვებს აუცილებლად უნდა ავუხსნათ, რომ სრიალის დროს არ დაიკავონ მთელი ტრასა. აირჩიონ ერთი ზოლი, რადგან ზემოდან წამოსულმა მოსრიალემ შეიძლება ვერ გათვალოს მათი ტრაექტორია და დაეჯახოს. სასურველია,  დამწყებმა სასრიალოდ აირჩიოს ერთი კუთხე და ზოგადად,  იმდენ ხანს ისრიალოს, რამდენიც სიამოვნებას ანიჭებს. თუ ბავშვს სრიალი არ უნდა, ან მალე იღლება, არ შეიძლება დაძალება. 

ორი მოტხილამურე და ერთი პატარაა თან

მწვრთნელს უნდა შეეძლოს ბავშვისათვის გასაგებ ენაზე საუბარი და მისი ინდივიდუალიზმის გათვალისწინება.  რთულია, მაგრამ მწვრთნელი უნდა ხვდებოდეს, როდის იღლება ბავშვი, როგორი მიდგომა იწვევს სტრესს და რა მეთოდი ახალისებს სწავლის პროცესში. თხილამურებით სრიალი არის გართობა. გაკვეთილიც უნდა მიმდინარეობდეს გართობით, მაქსიმალურად ორიენტირებული იმაზე, რომ ბავშვმა სიამოვნება მიიღოს სრიალის პროცესით და მომავალში თავად გაუჩნდეს სურვილი ისევ დადგეს თხილამურებზე და უკეთ ისწავლოს. 

 

ავტორი: მარიამ კოპაძე
 

შეიძინე ონლაინ