facebook logo

ბლოგი

როგორ ვთქვათ კარგი, როცა ცუდიცაა სათქმელი

უკვე კარგა ხანია, რაც კრიტიკა მხოლოდ პროფესიონალი კრიტიკოსების საქმე აღარ არის. ყველას გვიწევს ხოლმე  -  იქნებ კაფე ან რესტორანი გვინდა შევაფასოთ, სხვებმაც რომ იცოდნენ - რას ელოდნენ;  კინოს ან სერიალს ვურჩევთ მეგობარს;  ბავშვის დავალებას ან ნახატს განვიხილავთ... დღეს, გვინდა თუ არ გვინდა, ყველანი კრიტიკოსები ვართ ხოლმე.

ამ დროს, მაშინაც კი, როდესაც შექება გვსურს,  მხოლოდ კაის თქმა არაგულწრფელიც კი შეიძლება გამოვიდეს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სრულყოფილი არაფერია. თან, კარგის თქმა იმაზე, რაც თავად შეფასების ობიექტმაც იცის, რომ მთლად საუკეთესო არ არის, არავის სიამოვნებს. 

იასამნისფერი ფონი

„კონსტრუქციული კრიტიკა“, ცოტა არ იყოს, გაცვეთილი ტერმინია.  ბევრს საერთოდ არ სჯერა, რომ ეგეთი რამ არსებობს. არადა, არსებობს წესები, რომელიც კრიტიკასაც კი კაის თქმად გადააქცევს.  აი ეს წესებია: 

გამოიჩინე პატივისცემა - პირადად  ეტყოდი  თუ  არა  იმავეს?

ერთი მარტივი პირობა, რომელიც ჩემთვის დავაწესე, ასეთია - „ვეტყოდი თუ არა იმავეს ადამიანს პირში?

იასამნისფერ ფონზე წარწერა

დღეს ადვილია ცინიკური სტატუსი დაწერო, შენთვის უცნობი ადამიანი გააბაიბურო ან რომელიმე დაწესებულება აიგდო აბუჩად. რაც, ხანდახან სწორი და საჭიროც კია,   მაგრამ, უმეტესად, მარტივად შეიძლება მეტისმეტი მოგივიდეს. 

ვიდრე რამე კრიტიკულს დავწერდე, ვცდილობ ჩემს თავს ვკითხო ხოლმე - აი, ახლა, ვიზეც ვწერ, ის რომ წინ იჯდეს, იგივე სიტყვებს გამოვიყენებდი? იმავეს ვეტყოდი? 

ყვიტელი წარწერა

ხშირად პასუხი არის - კი ბატონო! აი, ეს ბურგერი მართლა ძალიან გამომშრალი იყო. ფილმის შუისკენ ნამდვილად მოვიწყინე. თუმცა, სხვა დროს შეიძლება მწვავე შეფასება შევარბილო. 

ეს იმიტომ, რომ როდესაც რამეს წერ, მართლაც პირში ეუბნები სხვას. ყველა ყველაფერს კითხულობს, განსაკუთრებით კი ნეგატიურს. 

პირადულში  ნუ გადახვალ - ადამიანი სხვაა, მოქმედება - სხვა!

არ ყოფილა ასე, როდესაც, ვთქვათ, მასწავლებელს დაუმუნათებიხარ - ეს რა ცუდი დავალება დაწერე, ალბათ იმიტომ, რომ მეც, შენი მშობლებიც და საქართველოს მომავალიც ფეხზე გკიდიაო?

ცისფერი ფონი

ან ვინმესთვის დაუწერიათ, ეს  სიმღერა რა საშინლად შეასრულე, ალბათ კარგის და ცუდის გარჩევა სულ არ შეგიძლია და, საერთოდ, გემოვნებასთან მწყრალად ხარო.

შეიძლება არც დავალება ვარგოდა და არც ის სიმღერა. „ნაწერი არ მომეწონა“ და „სიმღერაზე ვერ ვიკაიფე“, წესით, საწყენი არ არის. არა, მართლა - ცივი წყალი დალიონ.

იასასმინსფერ ფონზე წერია წინადადება

მაგრამ ის, თუ რატომ გამოვიდა ცუდი, სხვა საქმეა. იქნება ავად ვიყავი და ვერ დავწერე კარგად. ან მინდოდა „მასებზე მემუშავა“ და ეგეთი სიმღერა ჩავწერე. 

არ ივარაუდო, როცა არ  იცი

ეს წინას გაგრძელებაა. თითქმის იგივეა, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით.

აი, ვთქვათ, ბურგერი ვჭამე, რომელიც მართლაც გამომშრალი იყო. ამ დროს ადვილია, მაშინვე მისი შემქმნელი გაიგდო წიხლქვეშ - რომ, აი, აქ კეთება არ იციან. არც დასიზმრებიათ, როგორია ნამდვილი ბურგერი. ამათ გამომშრალი ხორცი ჰგონიათ სწორი...

ჭიქის დიზაინი

ჰოდა, სინამდვილეში, ეგ ხომ არ ვიცით. იქნებ იციან ბურგერის კეთება და ეს არ გამოვიდა? ან სხვას ყველას გამომშრალი ხორცი მოსწონს და იმიტომაც აკეთებენ ასეთს? 

„ბურგერი მეტისმეტად მშრალი მეჩვენა. ძლივს გადავყლაპე. თან, კეტჩუპის გარდა არაფრის გემო მოდიოდა“, - თუ ეს შეფასება ვინმეს ეწყინა, კიდევ ერთხელ, იცით, რაც უნდა  დალიოს. აი, „ამათ კეტჩუპი და ნახშირი ჰგონიათ კარგი ბურგერი“ კი საწყენია. ვარაუდი ეშმაკისაა.

ორი სიტყვა

ცუდის ნაცვლად,  რა აჯობებდა,  რომ ყოფილიყო

ყველაზე ცუდი კრიტიკული ფრაზები მსოფლიოში ესენია: „მეტს ველოდი“ და „კარგია, მაგრამ უკეთესი შეიძლებოდა“. 

არავის ეს არ აინტერესებს. ვინ იცის, რას ელოდი და რატომ ელოდი? ყველაფერი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. 

გული ფონზე

კაის თქმა მაინცდამაინც ქებას და ლაქუცს არ ნიშნავს. ხშირად, კარგის თქმა სწორედ ისაა, ადამიანს რომ თვალებში ჩახედავ და აუხსნი: ვიცი, რაც გინდოდა გაგეკეთებინა. აი, ეს მგონი, კარგად გამოგივიდა. აი, სხვა მხრივ კი, ეს უფრო მოსაწონი იქნებოდაო.

გულით გამოთქმული კრიტიკა ხშირად უგულო ქათინაურებს ჯობია. აჩვენებს, რომ სხვის გაკეთებულზე იფიქრე, განიცადე და გულთან ახლოს მიიტანე. 

სხვადასხვა ფწრის სიტყვები

ჰოდა, განა ამგვარი კრიტიკა იგივე კაის თქმა არ გამოდის?

 

ავტორი: ნიკო ნერგაძე