facebook logo

ბლოგი

იზოლაციაში გაცოცხლებული ნახატები

გიორგი ჯგუფი ერთობა-ს აქტიური წევრია. იზოლაციის პერიოდში თავისი ნახატების სერიას ქმნის და, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვიზიარებს მათ. თავად ჯგუფი დღევანდელი მდგომაროების გათვალისიწნებით, მოსახლეობის გასამხნევებლად შეიქმნა და უკვე 8 000 ადამიანზე მეტი, ამ პროცესშია ჩართული.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთმა კარგმა ადამიანმა ჯგუფ ერთობაში დამამატა. ზოგადად, ჯგუფების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ  იმ ადამიანის „ხათრით“ გადავავლე თვალი. მომეწონა სიტუაცია და ვიფიქრე: რატომაც არა? მეც  დავდებ ჩემს ნახატსთქო. ამ დროს ჯერ მხოლოდ ერთი სერია მქონდა დახატული.

მთვარე, ფერადი მთები

ნახატი ჯგუფში განვათავსე და მოულოდნელად იმდენად პოზიტიური განწყობით  შემხვდნენ, რომ მეორე დღესვე ტილოები შევიძინე და კიდევ ერთხელ ვცადე. ამასობაში, მივხვდი, რომ ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი.

გოგონა ოქროსფერი საყურით

ზოგადად, როცა რაღაც გიფასდება, რაღაცისთვის გაქებენ და კომპლიმენტს გეუბნებიან, - ეს მოტივაციას გიორმაგებს.  ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა: ცუდ დროს, კარგ სიტუაციაში მოვხვდი.

გოგონა წითელი თმით

ბავშვობაში ვხატავდი. იმის მერე აღარ  დამიხატავს.  ამ სიტუაციამ რაღაცნაირად თვითონ მოიტანა მოთხოვნილება. მივხვდი, რომ  ძალიან მენატრებოდა  ხატვა  და შევყევი. ადამიანებისაგან დადებითმა შეფასებამ ორმაგი სტიმული მომცა, შეძენის მსურველიც ბევრი გამოჩნდა,  მაგრამ ჯერჯერობით უარს ვეუბნები ყველას. მინდა, რომ  ცოტა ხანი ჩემი იყოს ეს ყველაფერი. 

გოგონა წითელი ტუჩებით

ზოგადად, პროფესიით ფოტოგრაფი ვარ. შესაბამისად, ხატვის  ნიჭი ძალიან მეხმარება  საქმიანობაში  და მიმარტივებს  გადაღების პროცესს, ძალიან ბევრი საერთო აქვთ.

გალაქტიკა

რადგან ძალიან ემოციური ადამიანი ვარ  და ყოველდღიურად მჭირდება  ამ ემოციების  რაიმე გზით გამომჟღავნება,  ხატვა  ამ შემთხვევაში იდეალური გამოსავალი აღმოჩნდა   რეალობიდან მოწყვეტისა და რელაქსაციისთვის, განსაკუთრებით კი - ასეთ დროს, როცა სტრესული სიტუაცია ისედაც ბევრია. 

ფერადი სახლები ხის დაფაზეა დახატული

ასეთ ყოველდღიურობაში ვცდილობ სამი  საათი მაინც დავუთმო ხატვას. თუმცა დისტანციურად მუშაობა მიწევს და ამიტომ  მთელ  დღეს ხატვას ვერ ვუთმობ.  ასევე, სტრესისგან დასაცავად ძალიან კარგია   მეგობრებთან  კონტაქტი.  ამ დროს  ცუდი არაფერი  მახსოვს ხოლმე, ამიტომ ვცდილობ დღის რაღაც მონაკვეთი მათთან საუბარში გავატარო. ძალიან ბევრი საშუალება არსებობს სტრესისაგან თავის ასარიდებლად: წიგნები, კულინარია, ფილმები, წერა... მთავარია სტრესს არ ავყვეთ  და დანარჩენს საკუთარი თავი გვიკარნახებს რით გავერთოთ.

ხის დაფაზე დახატული ფრიდა კალო

თავიდან  კარგად მიდიოდა პროცესი, მაგრამ ტილოები რომ დამიმთავრდა,  ძალიან განვიცადე,   ისედაც სტრესულ სიტუაციაში ერთადერთი იმედი რომ გამოგეცლება, ისეთი შეგრძნება მქონდა. ხის დაფები მიყვარს ძალიან. რომ შევხედე დაფას, მივხვდი  ეს ის იყო, რაც მჭირდებოდა. საბედნიეროდ, ჯერ მაქვს  მარაგი, მაგრამ ეგეც  რომ დამთავრდება,  იმედია კედლების მოხატვაზე არ გადავალ. თუმცა, საბოლოოდ, ინსპირაცია და მონდომება წყვეტს ყველაფერს და არა რესურსი - გიორგი ვან დე კამპი. 

 

შემოგვიერთდი  Group Ertoba - ჯგუფი ერთობა - ში და იზოლაციის პერიოდს შენც ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებ.