facebook logo

ბლოგი

ემოჯიებით თამაში იზოლაციაში

ქეთი ჯგუფი ერთობა-ს აქტიური წევრია. იზოლაციის პერიოდში "ემოჯიებით თამაში"-ს სერიას ქმნის და, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვიზიარებს მათ. თავად ჯგუფი დღევანდელი მდგომაროების გათვალისიწნებით, მოსახლეობის გასამხნევებლად შეიქმნა და უკვე 8 000 ადამიანზე მეტი, ამ პროცესშია ჩართული.

შავთმიანი გოგონა

„ყველა ჩემი მეგობარი სუპერგმირია“ - ყოველთვის მომწონდა ამ წიგნის სათაური, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 2020 წლის გაზაფხულზე ყველა ჩემი მეგობარი მართლა გახდებოდა სუპერგმირი. განა რა არის სუპერგმირობა თუ არა სხვებზე, საკუთარ თავზე, ქვეყანასა და სამყაროზე ზრუნვა?! დღეს სუპერგმირობას არ სჭირდება არანაირი სუპერძალა, შესასრულებელი მისია ძალიან მარტივია: #დარჩისახლში! 

წლევანდელი ფილმები ემოჯიებით „ემოჯიებით თამაში“: 2019 წლის ფილმები

მეც შევუერთდი მილიონობით სუპერგმირს და 16 მარტიდან სახლში ვარ.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურად, დრო მაინც თავზე საყრელად მაქვს და ვცდილობ  ისე გამოვიყენო, რომ მომავალში „დაკარგული დროის ძიებაში“ არ აღმოვჩნდე. 

მუსიკალური ბენდები, ემოჯიები  „ემოჯიებით თამაში“: 60-80-იანი წლების მუსიკალური ბენდები

დავალების შესრულებაში დიდი წვლილი შეიტანა თიბისი დაზღვევამ, რომელმაც სოციალურ ქსელ facebook-ში შექმნა ჯგუფი „ერთობა“, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში, ერთმანეთს ურჩევენ სხვადასხვა აქტივობებს, უზიარებენ ონლაინ კურსებს, ასწავლიან მედიტაციას და  ქმნიან სასიამოვნო, საინტერესო და ფერად ატმოსფეროს, სადაც ნამდვილად ვერ მოიწყენ. მეც მალევე ჩავერთე ამ ჯგუფის ყოველდღიურ ცხოვრებაში და გადავწყვიტე ჩემი ერთ-ერთი ჰობი, რომელსაც თამაშის სახე აქვს, სხვებისთვისაც გამეზიარებინა. 

კლასიკური მუსიკა ემოჯიებით „ემოჯიებით თამაში“: კლასიკური მუსიკა

ეს არის ემოჯიებით თამაში, რომელიც ცოტა ხნის წინ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. მოგიყვებით როგორ დაიწყო ეს ყველაფერი: დაახლოებით ერთი  წლის წინ მე და ჩემი მეგობრები ჩეთში ვთამაშობდით ფილმების ემოჯიებით გამოცნობას, მახსოვს, თამაში დილამდე გაგვიგრძელდა, ალბათ ასზე მეტი ფილმი ავაწყვეთ და ნამდვილად არ მინდოდა ეს აქტივობა მესენჯერში ჩაკარგულიყო. მეორე დღესვე გადავხედე მიმოწერას და 30 საუკეთესო გამოცანა ფოტოს სახით შევინახე. გარკვეული დროის შემდეგ ისევ გამიჩნდა სურვილი ემოჯიებით მეთამაშა, თემატიკად კვლავ ფილმები ავიღე, თუმცა ამჯერად - ქართული. 10 ფილმი ავაწყვე და სოციალურ ქსელში დავდე,   დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.  ჩემმა მეგობრებმა ყველა ფილმი გამოიცნეს და მთხოვეს კიდევ გამეკეთებინა ასეთი კოლაჟები. შევპირდი, რომ აუცილებლად გავაკეთებდი, მაგრამ ეს პირობა ერთი  წელი,  თვითიზოლაციაში ყოფნამდე ვერ შევასრულე.

სერიალები „ემოჯიებით თამაში“: სერიალები

მოკლედ, სახლში ყოფნის მე-5 მშვენიერ საღამოს, რომელიც ისეთ შეგრძნებას მიტოვებდა, თითქოს 5 დღე კი არა, უკვე „2 წელი, 8 თვე და 28 ღამე“ მქონდა იზოლაციაში გატარებული, გადავწყვიტე ძველ ჰობის დავბრუნებოდი და სწორედ სალმან რუშდის ამ წიგნის სათაურმა განაპირობა ჩემი შემდეგი კოლაჟის თემატიკა. დავიწყე უცხოური წიგნების აწყობა, რასაც მალევე მოჰყვა როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური ქართული ლიტერატურა და როცა ემოჯიებით „ვეფხისტყაოსნის“ ახსნაზე ვფიქრობდი, იქვე გაჩნდა თამაშის გართულების და აფორიზმების აწყობის იდეა.

აფორიზმები ემოჯიებით „ემოჯიებით თამაში“: აფორიზმები

დაახლოებით 24 აფორიზმი ავაწყვე 2 საათში, გავაზიარე სოციალურ ქსელში და ჩემმა მეგობრებმა ამჯერადაც ყველა გამოიცნეს. გარდა საკუთარი გვერდისა,  კოლაჟები  გავაზიარე   ჯგუფ „ერთობაში“, მინდოდა უფრო მეტი ადამიანისთვის გამეხალისებინა თვითიზოლაცია. ჯგუფის წევრებიც საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ თამაშში და იმის მიუხედავად, რომ ხანდახან 7 წუთში ყველა რებუსი ამოხსნილი იყო, პოსტებზე მაინც უამრავი კომენტარი გროვდებოდა, რამაც ახალი რებუსების შედგენის მოტივაცია მომცა. 

ქართული წიგნები ემოჯიებით „ემოჯიებით თამაში“: ქართული ლიტერატურა

როცა არცერთი რებუსი არ მრჩება პასუხის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ემოჯიები გასაგებად და მარტივად გადმოსცემენ გამოსაცნობი ობიექტის შინაარსს ან სახელს. თუ  ისე მოხდა, რომ რაიმე დარჩა უპასუხოდ, აუცილებლად ვაკვირდები და ვცდილობ შემდეგ კოლაჟში გაუმჯობესებული სახით შევიტანო. არ მიყვარს გამოცანის გადატვირთვა შინაარსის სხვადასხვა დეტალით, მირჩევნია მარტივად, რამდენიმე სიმბოლოთი ავხსნა და თამაში უფრო სხარტი გამოვიდეს.

უცხოური ლიტერატურა ემოჯიებით „ემოჯიებით თამაში“: უცხოური ლიტერატურა

ამ ეტაპზე ჩემი ემოჯიების კოლექცია აერთიანებს სხვადასხვა პერიოდის ფილმებს, 1960-80-იანი წლების მუსიკალურ ბენდებს, სერიალებს, ლიტერატურას, აფორიზმებს და  კლასიკური მუსიკის კომპოზიციებს.
სანამ „სამყარო ონლაინ სერიალია ნეტფლიქსის“ (როგორც KayaKata იტყოდა ერთ-ერთ ტრეკში) და სანამ „შავი სარკეები“ ყველას მომარჯვებული გვაქვს, მეც ვაგრძელებ ემოჯიებით თამაშს და შემდეგი კოლაჟი ქართულ იდიომებზე რომ იყოს, რას იტყვით?" - ქეთი უბილავა. 

 

შემოგვიერთდი  Group Ertoba - ჯგუფი ერთობა - ში და იზოლაციის პერიოდს შენც ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებ.