facebook logo

სიახლე

როგორ მოვაწყოთ პატარა ბავშვის ოთახი

ფეხმძიმობის, დაახლოებით, 36 კვირის განმავლობაში ბევრ ახალ რამეს სწავლობს ადამიანი. მაგალითად, სენდვიჩი მისაღებია საუზმის, ლანჩის, სადილის და მეორე სადილისათვის; ძილი არის ის, რაშიც შენი დროის ინვესტიციის ჩადება ნამდვილად საჭიროა და ასევე  10000 გადაწყვეტილების მიღება გიწევს შენი პატარას მოსვლისათვის სახლის მოსამზადებლად. საბავშვო საწოლთან ერთად, მოწნული კალათაც ხომ არ უნდა მქონდეს? სად უნდა დავდგა ბავშვის საფენების გამოსაცვლელი მაგიდა? მიუხედავად იმისა, თუ რამხელაა შენი სახლი, პატარა ბავშვის ნივთებისთვის მაინც  უფრო პატარა  აღმოჩნდება.  ამ ახალი წევრის შემოსვლით ხომ მთელი სახლი მის ოთახად გადაიქცევა. თუმცა, რამდენიმე მარტივი და მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმით, მინიმალური სტანდარტების დაცვა მათი უსაფრთხოებისა და კომფორტისათვის მაინც შესაძლებელია. 

 

დარწმუნდი, რომ ყველაფერი, რაც შესაძლოა დაგჭირდეს, ახლოსაა ბავშვის საფენების გამოსაცვლელ მაგიდასთან

იფიქრე ბავშვის საფენებზე, პირსახოცებზე, გასარეცხი თეთრეულის კალათაზე, გამოცვლილი საფენებისათვის ურნასა და სხვა მრავალ დეტალზე. ყველაზე მნიშვნელოვანია ყველაფერი ისე გაანაწილო,  რომ საჭირო ნივთის ასაღებად ბავშვისთვის თვალის მოცილება არ გჭირდებოდეს. ამიტომაც, ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდა მოაწყვე ისე, რომ ყველაზე საჭირო ნივთები მისივე უჯრებში მოთავსდეს. 

ორი სიტყვით: გასარეცხი შპალერი

ჯერ ვერც კი წარმოგიდგენია რამდენი რამ შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის ოთახის კედელზე... ამიტომ, თავიდანვე გაითვალისწინე და ისეთი შპალერი ან საღებავი გამოიყენე, რომლის გარეცხვაც მარტივად შეიძლება. ბავშვებს ხომ კედლებზე ხატვა ყველაზე მეტად უყვართ. 

არ შეგეშინდეს სიბნელის

დარწმუნდი, რომ ბავშვის ოთახში განათება ნებისმიერ დროს შეგიძლია მიამსგავსო ღამისას.  ეს ნიშნავს გქონდეს სქელი ფარდა ან ჟალუზი. პატარებს ხომ დღისით სიბნელეში ძილი უადვილდებათ.

ნახატები ქმნის განსხვავებას

ოთახი ღია ფერებში მოაწყვე. არ დაგავიწყდეს, რომ შენი პატარა ძალიან სწრაფად იზრდება და მოხატული კედლების გამო, შესაძლოა რემონტი უდროო დროს თავიდან გასაკეთებელი გაგიხდეს. თუმცა, კედლების მოხატვის ნაცვლად, ნახატების ჩამოკიდებითა და დეკორატიული ნივთებით შეგიძლია სივრცის ლამაზად შევსება. 

ხალიჩა აუცილებელია

პირველი 6 თვის განმავლობაში ხალიჩა სულაც არ არის ის, რაც ბავშვს ოთახში დასჭირდება. თუმცა, როდესაც ხოხვას დაიწყებს, ხალიჩა ყველაზე მეტად გამოადგება.  ამიტომ სპეციალურად პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი ხალიჩა შეგიძლია შეიძინო, რომელიც ძალიან რბილია და მათ ნაზ კანს არ აღიზიანებს, ასევე იცავს მიკრობებისგან. თუმცა, თუ მაინც ბეწვიან ხალიჩას ანიჭებ უპირატესობას, გაითვალისწინე, რომ ჯობია დაბალბეწვიანი  შეიძინო,  რომელიც ნაკლებ მტვერს დაიგროვებს და გასაწმენდადაც მარტივი იქნება. 

სათამაშოების ჰამაკი და დაწნული კალათა

გარდა იმისა, რომ დაწნული კალათები ოთახს  ალამაზებს, სათამაშოებისა და სხვა ნივთების შესანახად ძალიან მოსახერხებელია.  თუმცა, თუ ოთახში თაროც ცოტაა და  ბევრი ნივთიც დევს, მაშინ სათამაშოებისათვის სპეციალური ჰამაკის გაკეთება კარგი გამოსავალია. პირველ ეტაპზე ბავშვი უნდა მოარიდო ფუმფულა სათამაშოებს, ან აკონტროლო, რომ ისინი მხოლოდ ანტიალერგიული ბეწვისა და ნივთიერებებისაგან იყოს დამზადებული. 

ბავშვის ტანსაცმელი დაკიდე საკიდებზე

ბავშვისათვის უჯრებიანი კარადის გაკეთება, ხშირად ცუდი აზრია, რადგან შესაძლოა ოდნავ წამოზრდისთანავე უჯრის ჩამოგდებით რამე დაიშავოს. ამიტომაც, შეგიძლია ტანსაცმელი პირდაპირ კედელზე ლამაზი საკიდებით დაკიდო ან საკიდების ლამაზი სათავსო დადგა. 

დაფარე კარის ურდულის საკეტის  ზედაპირი

ბავშვები მარტივად,  დაბალ ხმაზეც კი იღვიძებენ. ამიტომ, ურდულის საკეტზე სპეციალური საფარი მოათავსე, რომ ყოველ 10 წუთში გაღება-დაკეტვისას ბავშვს არ გაეღვიძოს. 

ავეჯის კუთხის დამცავები აუცილებელია

ავეჯის წვეტიანი კუთხეები ერთ-ერთი რისკია პატარა ბავშვისათვის. მაგიდებს, კარადებს, სათავსოებს კუთხეების დამცავები აუცილებლად უნდა გაუკეთდეს. ამით თავიდან აირიდებ ბევრ უსიამოვნებას. 

შტეფსელის  დამცავი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია

ბავშვებს თითებით სახლის ყველა კუთხის მოსინჯვა სურთ. ხშირად შტეფსელსაც არ ერიდებიან. დამცავის გაკეთებით კი დიდ ნერვიულობას გადაურჩები.  

ბავშვის ოთახის უსაფრთხოდ მოწყობის შემდეგ, შენი სახლის ზოგადი უსაფრთხოებაც არ დაგავიწყდეს. ბინის დაზღვევა აგინაზღაურებს ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ შენი ბინის რემონტი, ავეჯი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო დაზიანდება. დაზღვევის შესაძენად გადადი ბმულზე: https://bit.ly/2XreUTM

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე
 

შეიძინე ონლაინ