facebook logo

ბლოგი

როგორ უნდა მოიქცე, თუ ბავშვს ცუდი სიზმრები ესიზმრება

ცუდი სიზმრები  ალბათ   ნებისმიერ ადამიანს ესიზმრება.  კოშმარული სიზმრების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით კი ბავშვები გამოირჩევიან. მათ უმეტესობას ღამე ნანახი კოშმარი აშინებს და აღელვებს, თუმცა, თუ ცუდი სიზმრების გამომწვევი მიზეზი და ისიც გეცოდინება, როგორ  დაამშვიდო შეშინებული ბავშვი,  მაშინ საშიშიც არაფერია. 

ბავშვი, შლაპა, ძილი

კოშმარები იგივე ცუდი სიზმრებია, რამაც  შესაძლოა ბავშვი შიშისა და აღელვების შეგრძნებით გააღვიძოს. ცუდი სიზმრები მოზარდს ძილის ისეთ ფაზაში ესიზმრება, როდესაც ტვინი ყველაზე აქტიურია. 

გაღვიძებულ ადამიანს ძილის აქტიურ ფაზაში ნანახი  ცუდი სიზმრები, ძილის ტერორებისაგან განსხვავებით, უმეტეს შემთხვევაში ახსოვს. 

ბავშვი, ლეგოს სათამაშო

ძილში ნანახი მკაფიო და რეალისტური სურათები გამოღვიძებისას  ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს სიზმრის თავგადასავალი მართლა გადახდა ადამიანს. სწორედ ამიტომ, ცუდი სიზმრისგან გამოღვიძებულ ბავშვს შესაძლოა ეგონოს, რომ ყველაფერი სინამდვილეში მოხდა და არც ისაა გასაკვირი, თუ სიზმრისას განცდილი ემოციები (შიში, აღელვება, შფოთვა და სხვ.) გამოღვიძებულსაც გამოჰყვება. 

ბავშვი, ჭოგრიტი, დურბინდი

ნორმალურია, თუ ბავშვი ცუდი სიზმრებში ხედავს:  
•    რეალისტურ საფრთხეებს (მაგ., აგრესიული ძაღლი, ზვიგენი ან ობობა)
•    გამოგონილ საშიშ „პერსონაჟებს“ (მაგ.,  მონსტრებს)
•    ფხიზლად ყოფნის დროს განცდილ ისეთ  მოვლენებს, რომლებმაც  სტრესი, შფოთვა  ან შიში გამოიწვია. 

სათამაშო ავოკადო

ბავშვებში ცუდი სიზმრების შემცირებისა და ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე კარგი გზა მათთვის ძილის რეჟიმის  შედგენა და მისი ყოველდღიური დაცვაა. 

ბავშვებში ცუდი სიზმრების გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს: სიტუაციები, რომელთა გამკლავების პროცესში მოზარდი  ნერვიულობს და სიტუაცია, რომელიც მას დღისით აწუხებს. ხშირად შესაძლოა  ღამის კოშმარები ცვლილებებმაც გამოიწვიოს: ერთი სახლიდან მეორეში გადასვლა, სკოლის გამოცვლა, ოჯახში   ახალი წევრის დაბადება (და-ძმა), ან თუნდაც კონფლიქტური და დაძაბული ვითარება სახლში.  

ორი ბიწი თამაშობს, ბავშვები

კოშმარი შესაძლოა ბავშვის ბუნებრივი რეაქცია იყოს გადატანილ ტრავმაზე, ვთქვათ,  ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფა, უბედური შემთხვევა ან რაიმე სახის დაზიანება. 

ბავშვებისთვის,  განსაკუთრებით იმ  ბავშვებისთვის,  რომელთაც კარგი ფანტაზია აქვთ, ძილის წინ ისეთი წიგნის წაკითხვამ, რომელშიც მისტიკური თუ საშიში ამბებია აღწერილი,   ასევე ფილმის ან სატელევიზიო გადაცემის ნახვამ შესაძლოა ცუდი სიზმრების ალბათობა გაზარდოს. 

პატარა ბავშვი, ფუშფუშა კაბა,ზოლიანი ელასტიკი, ლასინები

გამოღვიძებისას ბავშვმა შეიძლება შეშფოთებულმა დაგიძახოს, ან ტიროდეს კიდეც და ამ მომენტში მნიშვნელოვანია დააკვირდე,  რას გეუბნება და გიყვება თავისი განცდებისა და სიზმრის შესახებ და შესაბამისად იმოქმედო. 

შენი სიმშვიდითა და მის გვერდით ყოფნით მასაც სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას შეუქმნი. ის ფაქტი, რომ ბავშვმა იცის ასეთ დროს მის გვერდით ხარ, მას დაცულობის შეგრძნებას მატებს. 

მშვიდი საუბრით დაეხმარე ბავშვს გააცნობიეროს, რომ უბრალოდ ცუდი სიზმარი დაესიზმრა და უკვე ყველაფერი კარგადაა. 
დაანახვე მას, რომ გესმის მისი შიშებისა და  რომ ასეთი განცდები ნორმალურია. ისიც შეახსენე, რომ ცუდ სიზმრებს ყველა ხედავს და ბევრს მასავით ეშინია კიდეც, რაც ბუნებრივი მოვლენაა. 

სათამაშო პინგვინი, დროშა

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებიც  ცუდ სიზმრებში  მონსტრებს ნახულობენ,  კარგი გამოსავალია, თუ „მშობლის მაგიას“  ჩაუტარებ. ამისათვის  ძალიან მარტივად შეგიძლია მოიგონო უვნებელი ტყუილი, თითქოს გაქვს სპრეი, რომელსაც გაასხამ და მონსტრებიც გაქრებიან, საამისოდ კი  სპრეის ბოთლი და წყალი გამოგადგება.

ასევე კარგია, თუ ბავშვის თანდასწრებით, ან სულაც მასთან ერთად  საწოლის ქვეშ, კარადაში, კარის უკან შეიხედავ და დაარწმუნებ, რომ ოთახში არავინაა. 

ბავშვის საწოლთან პატარა სანათის დადგმაც ხშირად კარგი გამოსავალია, მით უმეტეს,  თუ მას  სიბნელის ეშინია. 

სათამაშო სპილო

მნიშვნელოვანია, რომ გამოღვიძებულს ძილის შებრუნებაში დაეხმარო, დაამშვიდო და  მისი საყვარელი სათამაშო მისცე, რომელსაც ჩაიხუტებს. 

თუ ბავშვს ცუდი სიზმრები ინტენსიურად ესიზმრება,  დააკვირდი მის დღის განრიგს და გამოარკვიე, რა შეიძლება უქმნიდეს დისკომფორტს.   შეისწავლე მისი ურთიერთობა სხვა ბავშვებთან და იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ხშირი კონტაქტი  აქვს.

პატარა ბავშვს ძინავს, ვარდისფერი ბოდე ზოლებით

თუ ბავშვი ერთი და იმავე კოშმარს რამდენჯერმე ნახავს, ან თუ ღამე ნანახი სიზმრების დავიწყება უჭირს და ხვდები, რომ იგი სტრესს განიცდის, უმჯობესია  მიმართო ექიმს და ამის შესახებ დაწვრილებით მოუყვე.  

და თუ დილით ბავშვს სურს ღამე ნანახი კოშმარის შესახებ მოგიყვეს,  სულაც არ არის  აუცილებელი დაწვრილებით ჩაეკითხო. აცადე მოგიყვეს ის, რისი მოყოლაც თავად სურს.  ნანახი სიზმრის დაწერა ან დახატვაც კარგი გამოსავალია, რაც ბავშვს ეხმარება ემოციებისგან გათავისუფლებაში  და ხშირად ღამე  ნანახი კოშმარული სურათი თავის გავლენასა და ძალას კარგავს - კოშმარი   ხშირად კომიკურ ამბადაც  კი გადაიქცევა. 

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე