facebook logo

სიახლე

შინაური ცხოველის როლი ბავშვის განვითარებაში

შინაური ცხოველი რომ ბავშვის აღზრდაზე  დადებითად მოქმედებს, ამაზე  ის უამრავი მხატვრული  თუ დოკუმენტური ფილმი და გადაცემა მეტყველებს, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი დიდი სიამოვნებით ვუყურებთ ხოლმე. 

ვთანხმდებით, რომ ცხოვრების თითოეულ ეტაპზე  ბავშვის როგორც ფიზიოლოგიური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის გაცნობიერება ძალზე მნიშვნელოვანია.   ცხოვრების სწრაფი ტემპი და დატვირთული გრაფიკი კი დღეს ყოველი  მშობლის საფიქრალია, თუმცა რას იტყვი, თუ გაიგებ, რომ იმ სითბოსა და ყურადღების მიღება-გაცემა, რომელიც ბავშვს მთელი დღის განმავლობაში სჭირდება,  შესაძლოა შინაურ ცხოველზე ზრუნვამ ცოტათი მაინც შეუვსოს?

სწორედ ამიტომ, მნიშნველოვანია ცოტა რამ შინაური ცხოველებისა და ბავშვების სწორ თანაცხოვრებაზეც იცოდე:

შინაური ცხოველის შერჩევა 

შინაური ცხოველები ბევრი ბავშვისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მშობლის ჩართულობა, ღია დისკუსია და ცხოველზე მეურვეობის  სწორად დაგეგმვა   ოჯახის ყველა წევრისთვის  დადებით გამოცდილებად იქცევა. ა  ბავშვი, რომელიც ოჯახში სწავლობს როგორ მოუაროს შინაურ ცხოველს, როგორ გამოიჩინოს მის მიმართ  სითბო  და მოთმინება,  ასევე სწავლობს ადამიანებთან სწორ ურთიერთობასა და მისადმი  ლოიალობის გამოჩენას. 

შინაური ცხოველის შერჩევისას  მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის სურვილთან ერთად გაითვალისწინო მისი  ხასიათიც (აქტიურია თუ შედარებით წყნარი, როგორი თამაში უყვარს, შენი გათვლებით,  რა დროს  დაუთმობს  ცხოველთან ურთიერთობას) და შესაბამისად შეარჩიო ცხოველის სახეობაც. ც  ისიც გახსოვდეს, რომ  შინაურ ცხოველზე ფიქრისას ალერგიული ფონის წარმოქმნის საფრთხეც  უნდა გაითვალისწინო. 

შინაური ცხოველის მოვლა

შინაურ ცხოველზე ზრუნვა ბავშვს ხშირად ეხმარება სოციალური უნარების გამომუშავებაში. განსაკუთრებით მაშინ, თუ მოზარდს საზოგადოებასთან კონტაქტი უჭირს. თუ გადაწყვიტე შინაური ცხოველის ყოლა (ან თუ უკვე გყავს) ბავშვს უნდა ასწავლო, რომ ცხოველის მოფერებასთან ერთად აუცილებელია მისიმოვლა-პატრონობაც, რადგან:

•     პატარა  ბავშვებს (3-4 წლამდე) თავიანთი აგრესიისა და უარყოფითი იმპულსების მართვა სრულად  არ შეუძლიათ, ამიტომ მუდმივად უნდა ადევნო თვალი  ცხოველთან მის დამოკიდებულებას,  დაკვირვების შედეგად კი მასთან სწორი ურთიერთობა ასწავლო. 
•    შედარებით უფროს ბავშვებსაც (10 წლამდე) არ შეუძლიათ თავად მოუარონ დიდ ცხოველებს  - ძაღლს თუ კატას. შინაურ   ცხოველებს უფრო კომპლექსური მიდგომა  სჭირდებათ. ამიტომაც, თუ სახლში პატარა ლეკვს მიიყვან, პასუხისმგებლობის დიდი წილი საკუთარ თავზე უნდა აიღო. 

•    თუკი ბავშვს შინაური ცხოველის მოვლა  დიდად არ  ეხალისება,  მაშინ თავად  უნდა იზრუნო მასზე  და ამით თავიდან აირიდო  სამომავლო გართულებები ბავშვისა და მისი „მეგობრის“ თანაცხოვრებაში.
•    მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის შინაურ ცხოველს მოიყვან სახლში, მნიშვნელოვანია ბავშვს ხშირად ესაუბრო, რომ მის ახალ მეგობარსაც, ისევე როგორც ადამიანს, სჭირდება კვება, წყალი, თბილი მოპყრობა და ვარჯიში. 
•    თუკი შეატყობ, რომ ბავშვი უარს ამბობს ცხოველის მიღებაზე და მასთან მეგობრულ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებს, აუცილებელია  ცხოველს ახალი, სხვა მზრუნველი ოჯახი მოუძებნო. 
•    მშობლის ურთიერთობა    შინაურ ცხოველთან ც ბავშვისთვის მნიშვნელოვანი მაგალითია,  ამიტომაც გახსოვდეს,  რომ შენს ქცევასა და დამოკიდებულებას თავის ურთიერთობებში  „გადაიტანს“.

დადებითი ეფექტები

ბავშვები, რომლებიც ცხოველებთან ერთად იზრდებიან, ბევრ დადებით თვისებას იძენენ.  ცხოველთან ურთიერთობით მიღებული ემოციები  ეხმარება მათ  თავდაჯერებულობასა  და თვითდამკვიდრებაში. ეს პოზიტიური თანაცხოვრება  ასევე განსაზღვრავს სხვა ადამიანებთან სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რომელიც ურთიერთპატივისცემას  განაპირობებს.

ბავშვისთვის ცხოველთან ურთიერთობა არავერბალური უნარების განვითარებისთვისაც კარგია, რადგან: 
•    შინაურ ცხოველთან ურთიერთობა  ბუნებასთან კავშირის შეგრძნებას უვითარებს
•    ასწავლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების პატივისცემასა და მათ მნიშვნელოვნებას 
•    ძალისხმევა, რომელსაც ბავშვი ცხოველის მოვლაში დებს, უყალიბებს  პასუხისმგებლობის გრძნობას
•    შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობა  ბავშვს ყოფითი გამოცდილების მიღებაში ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევებში ბავშვები ცხოველების მიმართ დადებით დამოკიდებულებას ავლენენ,  ისეც ხდება, რომ  ზოგჯერ აგრესიას იჩენენ და  ცუდად  ეპყრობიან მათ,  რაც ხშირად ემოციური პრობლემებით აიხსნება. ასეთ დროს აუცილებელია ბავშვების ფსიქოლოგს მიმართო და საწყის  ეტაპზევე აღმოაჩინო  აგრესიის გამომწვევი მიზეზი. 

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე