facebook logo

ბლოგი

როგორ დავიცვათ ზაფხულში მოზარდი გონების გაზარმაცებისგან

ზაფხული  ყველასათვის საყვარელი წელიწადის დროა, მაგრამ, დამეთანხმებით,  განსაკუთრებული  საჩუქარია ბავშვებისთვის. ამ სეზონზე ხომ  მათ სრული თავისუფლება და უამრავი დრო აქვთ გართობა/თამაშისთვის, რაშიც სკოლის რუტინული გრაფიკი ხელს ვეღარ უშლით. თუმცა, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია  ბალანსის დაცვა, რათა ორთვიანი დასვენება შენი შვილისთვის  „გონების გაზარმაცებით“ არ დასრულდეს. 

„Summer Slide” - სწორედ ასე მოიხსენიებენ ტერმინს, რომელიც გამოხატავს გრძელვადიან დასვენებას სტრუქტურული სწავლებისა და აკადემიური სამუშაოსაგან, რასაც შედეგად გონების გაზარმაცება მოჰყვება. ამ დროს ბავშვს განსაკუთრებულად  ჩქარა  და  იოლად  ავიწყდება დასწავლილი მასალა. თუმცა, რამდენიმე მარტივი ხერხის დახმარებით შეგიძლია ბავშვი ზაფხულშიც კი დააზღვიო მოულოდნელი გაზარმაცებისგან. 

ორი ბავშვი, ხის სათამაშოები, სამაკატი

1.    ვსწავლობთ მუდამ, თუმცა რას? 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კარგად იცოდე ბავშვის ინტერესები და საკითხები, რომელთა შეცნობაც მას სიამოვნებს. არ დაგავიწყდეს, რომ მოზარდი თამაშის დროსაც აწრთობს გონებას და ბევრ ახალ უნარსა თუ ინფორმაციას ითვისებს. ხშირად ჰკითხე, რა იზიდავს ამა თუ იმ თამაშის დროს და რა მოსწონს. როდესაც მის ინტერესებს აღმოაჩენ, მნიშვნელოვანია მხარი დაუჭირო და წაახალისო. ამ გზით მარტივად მიხვდები, როგორ გადააქციო თამაშის ობიექტი სწავლის ობიექტად. 

ბავში, ნიჟარები, კუ, სათამაშოები, ბიჭუნა

2.    კითხვა, კითხვა და კითხვა

ეს სამი სიტყვა ალბათ ხშირად მოგისმენია და კიდევ მრავალჯერ გაიგებ, რადგან მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი წიგნებს კითხულობდეს. მოზარდები  კი კითხვას  მაშინ იწყებენ, როცა მათთვის საინტერესო ამბავს შესთავაზებ. მაგალითად, თუ ხედავ, რომ შენი პატარა გატაცებულია პრეისტორიული ხანით, მოსწონს დინოზავრების ფიგურებითა და ცხოველებით თამაში, შეგიძლია საბავშვო ენციკლოპედია შესთავაზო, სადაც მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ ცოდნასაც გაიღრმავებს და  ამას გართობადაც აღიქვამს. ყველაზე კარგი გამოსავალია, თუ ბავშვს წიგნის მაღაზიაში ან ბიბლიოთეკაში წაიყვან და მისი ინტერესების გათვალისწინებით  თვითონ  აარჩევინებ სასურველ ლიტერატურას. თუ კითხვის პროცესში თავადაც დაინტერესდები და  ჰკითხავ, რომელი პერსონაჟი მოეწონა და რატომ, რა ინფორმაცია მიიღო და რომელმა პასაჟმა მიიზიდა ყველაზე მეტად, ამ გზით მის ინტერესს წიგნის კითხვისადმი  და მოტივაციას, რომ მეტი იკითხოს, კიდევ უფრო გაზრდი. 

პატარა ბავშვი ფურცლავს წიგნს, ვარდისფერი მაისური, გოგონა

3.    გახსოვდეს, ტექნოლოგიები ბოროტება სულაც არ არის

ბავშვების სწავლისადმი  მოტივაციის ამაღლებისა  და ზაფხულშიც აქტიურობის  კარგი საშუალებაა სწორედ იმ პლატფორმებისა და მედიის გამოყენება, რომელსაც მოზარდი თავის სმარტფონითა თუ სხვა მოწყობილობით ყოველდღიურად ეცნობა. თუ მოინდომებ, ძალიან მარტივად იპოვი მრავალ ინოვაციურ აპლიკაციას, რომელიც ბავშვს თამაშით ავარჯიშებს მათემატიკასა თუ სხვა საგანში. 

სათამასო სათვალე, ვიარი, ბიჭუნა

4.    დაეხმარე  ბავშვს, რომ გამოიკვლიოს...

კვლევის შედეგად მიღებული აღმოჩენები შეიძლება სწორედ ის გასაღები გამოდგეს, რომელიც ბავშვის გონებას სისხარტის შენარჩუნებაში ეხმარება. თუ დასასვენებლად მიდიხარ ისეთ ადგილას, სადაც გარე სივრცეში მუშაობაა შესაძლებელი, კარგი იქნება, თუ შენს პატარას შესთავაზებ და დაეხმარები კიდეც  თავად დარგოს ბოსტნეული და გაზარდოს. ასეთ დროს ყველაზე მარტივი გამოსავალია მზესუმზირის დათესვა, რადგან საკმაოდ მალე იზრდება. მიწაზე მუშაობის პროცესში ბავშვი ბუნებასთან მეტ კონტაქტს ამყარებს, ეცნობა მწერების სხვადასხვა სახეობას და დიდი შანსია მისი ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართაც გაიზარდოს. 

ორი ბავშვი დაკიდებულაი ხეზე

5.    ოჯახური მოგზაურობა და თამაშები 

განსაკუთრებით კარგია, თუ ზაფხულში სხვადასხვა მუზეუმსა და გალერიას ერთად ესტუმრებით. კარგი გიდი კი ბავშვს ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. ხშირად ასეთი „მოგზაურობები“, როგორც წესი, ახალი ინტერესების გაღვივებისა და საკვლევი მასალის აღმოჩენისკენ გადადგმული  მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

ქურთუკი, სალაშქტრო ჩანთა, პატარა ბავშვი დიდი ქალი

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე