facebook logo

ბლოგი

სახლის მოწყობა თანამედროვე დიზაინით

ახალ სახლთან განსაკუთრებული და მოჭარბებული ემოციები გვაკავშირებს, რასაც ხშირად მის მოსაწყობად გაღებული დრო და ენერგია  განაპირობებს. სახლის ინტერიერის თანამედროვე სტილით მოწყობა  ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია.  მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ თანამედროვე (contemporary) სტილი  მოდერნულისგან (modern) სრულიად განსხვავდება. მათ შორის მთავარი განსხვავება კი  ისაა, რომ თანამედროვე სტილი გულისხმობს -  აქ და ახლა, ხოლო მოდერნულ  ინტერიერში შეიძლება შეგხვდეს ყველაფერი - დაწყებული 1950-იანი წლებიდან. ახლა კი  თანამედროვე სტილის ინტერიერის შესაქმნელად  რამდენიმე მარტივ ხერხს და ასევე   მნიშვნელოვან დეტალებს გაგიზიარებთ: 

სახლი ლამაზი ინტერიერით

როგორ იქმნება ინტერიერის თანამედროვე სტილი? 

  • თანამედროვე სტილის მისაღები ოთახისთვის რელევანტურია (არსებითი) მარტივი, კლასიკური ხის იატაკი, ასევე  მარტივი ფორმის  ხალიჩები, შესაძლებელია გეომეტრიულიც. 
  • ეფექტურია აგრეთვე სახლის  მარტივი განათება,  რომელიც, ზოგადად, დეკორაციებსა და არქიტექტურას უფრო ნათლად წარმოაჩენს. 
  • მეტალის, ქვისა და გამჭირვალე ან გაუმჭირვალე (მქრქალი) მინის ნაზავი. 

მცენარეები, მაგიდა, კედლები, ფარდები, ბინა, მოწყობა

ფერები 

თანამედროვე ინტერიერის დიზაინი  ითვალისწინებს  უმეტესად ნეიტრალურ ნაცრისფერს, თეთრსა და შავ ფერებს.  

წარმოიდგინე ნეიტრალური გარემო, სადაც  საწყის წერტილად დამახასიათებელი ფერი უნდა შეიტანო,  რომელიც შემდგომში  საფუძველს შეუქმნის ექსპრესიული ნამუშევრებისა და ობიექტების წარმოჩენას და  მათ  თავ-თავიანთი ხასიათით გამოკვეთს.  მისაღები ოთახისათვის სწორად შერჩეული ნეიტრალური ფერი საშუალებას გაძლევს თანამედროვე სტილისთვის დამახასიათებელი  დეკორატიული ცვლილებები  ინტერიერში მარტივად, უყოყმანოდ  შეიტანო.  თუკი გადაწყვეტ კედლები და ფანჯრები პასტელურ ფერებში შეღებო,  მაშინ დეკორატიციები  ნეიტრალური ფერისა შეარჩიე. 

ხაზები და სივრცე 

თანამედროვე სტილის ინტერიერის ყველაზე აშკარა და გამორჩეული ელემენტია ხაზი - ყველანაირი - სწორი, ვერტიკალური ან ჰორიზონტალური, ანდა  მოხრილი ფორმები. მკაფიოდ გამოკვეთილი თვალსაჩინო ხაზები ნათლად ჩანს თანამედროვე სტილით მოწყობილ ნებისმიერ სახლში. ხაზები ასევე მნიშვნელოვანია  არქიტექტურულ დეტალებში, თამამი ფერის ბლოკების, მაღალი ჭერის, შიშველი ფანჯრებისა და გეომეტრიული ფიგურების გამოყენება კედლის ნამუშევრებსა და სკულპტურებში. 

თავისუფალი, შიშველი სივრცე სხვადასხვა ტიპის ავეჯს შორის და კედლის ზედა ნაწილში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ობიექტებით შევსებული სივრცეები. გახსოვდეთ, თანამედროვე ინტერიერის შესაქმნელად  დამკვიდრებულია ტერმინი „Less is more”.  შესაბამისად, მეტი-ნაკლების პრინციპით, ინტერიერის თითოეული ნაწილი შესაძლოა იყოს  ინდივიდუალურიც და უნიკალურიც.

მნიშვნელოვანია ასევე  სტრუქტურული ელემენტებით სარგებლობაც. საჰაერო მილები შესაძლოა მიჰყვებოდეს  ჭერს, სანტექნიკის მილების გამოჩენაც მშვენივრად ერგება თანამედროვე სტილს. ყურადღების მისაქცევად ეს სტრუქტურული დეტალები შესაძლებელია  თამამი კონტრასტული ფერებით შეღებო/მოხატო, ხოლო თუ მათი „დამალვა“  გინდა, მარტივად შეგიძლია შეუხამო კედელს, ასე ვთქვათ, თვალს მოაფარო. 

ავეჯი

 ავეჯი ინტერიერში შენი თამამი განაცხადი  უნდა იყოს, თუმცა, ამავდროულად, სიმარტივითა და ფორმით  გამორჩეულიც,  მომრგვალებებისა და დეკორაციების გარეშე. აუცილებლად გაითვალისწინე გლუვი, მკვეთრი გეომეტრიული ფორმები. რბილი ავეჯი ხშირად  შავი, თეთრი ან სხვა ნეიტრალური ტონისაა, რომლისთვისაც იყენებენ  ბუნებრივ ბოჭკოებს და შედეგად, ტექსტურას გამოკვეთენ. მაგალითად, ასეთი ქსოვილებია:  მატყლი, ბამბა, აბრეშუმი, ტილო ან თუნდაც ჯუთი. სუფთა  გეომეტრიული ფორმების  ბალიშები კი ტექსტურისა და ფერის დასამატებლად შეგიძლია გამოიყენო. 

დივნები, სკამები და ოტომანები გაშლილფეხებიანი,  საწოლები კი  კალთების, მორთულობისა და ჩუქურთმების გარეშე  შეარჩიე. თანამედროვე სტილის ინტერიერში არ გამოგადგება  მეტისმეტად ამოკვეთილი, მოჩუქურთმებული დეტალები, მაგალითად,   ყვავილები ან სხვა რამ. 

განათება

Track lighting და ჭერის სანათები (recessed lighting) კედლებზე სინათლის სწორად განაწილებაში დაგეხმარება. როგორც არსებული ინტერიერის განახლებისას, ასევე სრულებით ახალი კონსტრუქციის შექმნისას გაითვალისწინე თაღოვანი  ან არაპირდაპირი განათების დაყენება. ხოლო თავად სანათები ფერადი ან მეტალის ელემენტებით შეარჩიე. 

ნახატების, პრინტებისა და პოსტერებისათვის პროჟექტურული განათება გამოგადგება. ამ გზით სტუმრების  ყურადღებას შენთვის მნიშვნელოვანი დეტალებისაკენ მიმართავ. თანამედროვე სტილისათვის სახასიათო სკულპტურები  თვალის ხედვის დონეზე, სტრუქტურულ სვეტზე ან პიედესტალზე განათავსე. 

მხატვრული ნამუშევრებისათვის შესანიშნავია  ძალიან პრიალა ან მქრქალი შავი ჩარჩოები, ხის ან მეტალის მარტივი ჩუქურთმებით.  თუ რამდენიმე ნამუშევრის ერთად დაკიდებას აპირებ, უმჯობესია ისინი  ისე ახლო-ახლო იყოს, რომ ერთიანი სურათის  განცდა  შექმნას. თანამედროვე სტილის ოთახს არ უხდება ზედმეტად ბევრი კოლექციისა და ნამუშევრის გამოფენა, ვინაიდან თავისუფალი სივრცე არანაკლებ მნიშვნელოვანია. 

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებ, თანამედროვე ინტერიერის დიზაინით მოწყობილი სახლი შენს კომფორტს უზრუნველყოფს და ერთფეროვნებისგან მაქსიმალურად დაგაზღვევს. ხოლო შენი სახლის დაზღვევაზე კი ჩვენ ვიფიქრებთ. დაგვიტოვე  საკონტაქტო ნომერი და სახლიდან გაუსვლელად გაიგე ბინის დაზღვევის პირობები: https://bit.ly/2GFNeFY

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე

ფოტო: Joana Franca