facebook logo

ბლოგი

მოგზაურობა ნიუ-იორკში პანდემიის დროს

ნათიას, ჩემს მეუღლეს, და მე, პროფესიებიდან გამომდინარე, ხშირად გვიწევს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. რამდენიმე თვეა, რაც ჩვენს ოჯახში პატარა სასწაული - ნიკო გამოჩნდა და ჩვენც გადავწყვიტეთ, ტრადიცია ტრადიციად დარჩენილიყო და შესაბამისად, აქტიურად ვგეგმავდით - როგორ და სად გვემოგზაურა, უკვე მთელი შემადგენლობით. 

თუმცა, ისევე როგორც  მოსახლეობის აბსოლუტურ  უმრავლესობას, პანდემიის გათვალისწინებით, ჩვენც მოგვიხდა  გეგმების მოულოდნელად  შეცვლა.  

გადაიდო ძალიან ბევრი საქმიანი ვიზიტი და კიდევ უფრო საინტერესო მოგზაურობა. მათ შორის, ჩემი საქმიანი ვიზიტიც ნიუ-იორკში, რაც ნამდვილად ძალიან ბევრ პრობლემას ქმნიდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ დარდი დიდხანსაც არ გაგვიგრძელდა, ვინაიდან მოულოდნელად გავიგე, რომ თურმე საქართველოდან ორი  რეისი - ერთი პოლონეთიდან და მეორე საფრანგეთიდან - ნიუ-იორკის მიმართულებით დაფრინავს. გავარკვიე დეტალები და მაშინვე გავფრინდი. 

ალბათ, ისედაც ყველასთვის ნათელია, რომ მოგზაურობა პანდემიის პირობებში ბევრად განსხვავებულია. აეროპორტი და თვითმფრინავი ნახევრად ცარიელი იყო. ვისხედით თითო სავარძლის გამოტოვებით. ყოველ წამს სიცხეს გვიზომავდნენ და სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა ძალიან ფრთხილი და შეშინებული ჩანდა. 

 ნიუ-იორკში, ჩემდა გასაკვირად, ძალიან მარტივად, ყოველგვარი კარანტინისა და PCR ტესტის გარეშე შევედი. ამ ქალაქში 2008 წლიდან ვცხოვრობ (პერიოდულად) და ასეთი ცარიელი მხოლოდ ერთხელ მახსოვს - ქარიშხალ „სენდის“ დროს. მაშინ ელექტრომომარაგება შეწყდა და  თაიმ-სქვერის გარდა, მთელი ნიუ-იორკი ჩაბნელებული იყო. მხოლოდ ბარები მუშაობდნენ და ისიც იმიტომ, რომ მანქანის გენერატორზე მოახერხეს დენის წყაროს გადაერთება. მაშინაც კი  ყველა  ბარი ხალხით იყო სავსე. ახლა  ყველაფერი დაცარიელებული დამხვდა - სასტუმროები დაკეტილი, ასევე  ბარებისა და რესტორნების დიდი ნაწილიც, მუზეუმებსა და სხვა სივრცეებზე აღარაფერს ვამბობ...

თუმცა, მეორე მხრივ, ნიუ-იორკი ყოველთვის გადატვირთული იყო ადამიანებით, რიგებისა და ტრანსპორტის მუდმივი საცობების გამო რეალური სილამაზის აღქმა შეუძლებელი ხდებოდა. ახლა კი საშუალება მომეცა ჩემი საყვარელი ადგილები თავიდან მენახა -  ხალხისა  და მანქანებისგან დაცარიელებული. ამიტომ, რამდენიმე დღე მხოლოდ სეირნობას დავუთმე, დავდიოდი და სულ სხვა თვალით ვაკვირდებოდი იმ ადგილებს, რომელიც ვერც კი მოვთვლი, იმდენჯერ მქონდა ნანახი:


ჰაი-ლაინი 

ჰაი-ლაინი, high line park

მანჰეტენის დასავლეთში, ვესთ ვილიჯსა და ჩელსიში ადრე ქარხნები, საწარმოები და საწყობები იყო. დროთა განმავლობაში ქარხნები და საწყობები ბრუკლინსა და ნიუ ჯერსიში გადავიდა და დარჩა ინფრასტრუქტურა, რომლის ერთი ნაწილი საცხოვრებლებად, ხოლო მეორე ნაწილი მულტიფუნქციურ სივრცეებად და ოფისებად გადაკეთდა. 

ქალაქის ამ ნაწილს პატარა რკინიგზა უერთდებოდა, რომელიც ქუჩის დონის ზემოთ იყო და სავარაუდოდ, საწარმოებს ტვირთით ამარაგებდა. ეს ნაწილი კი ახლა პარკად არის გადაკეთებული, რომელსაც ჰაი-ლაინს ეძახიან. 

ეს არის გრძელი, 2-3 კილომეტრიანი პარკი, რომელიც ფაქტობრივად ღია მუზეუმია.  აქ  განთავსებულია თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრები,  გარდა ამისა, პარკი მიუყვება შენობებს, რომლებიც არქიტექტურულადაც ძალიან საინტერესოა და ზოგის კედლებზე კი საკმაოდ ცნობილი სტრიტარტისტების ნახატებია. 

აქ ბუნება, სიმწვანე, ხეები, ძველი ინდუსტრიული არქიტექტურა და თანამედროვე ხელოვნება ერწყმის ერთმანეთს და საკმაოდ თვითმყოფადი, განსხვავებული და ემოციურად ძალიან შთამბეჭდავი აურა იქმნება. 


Lombardi's pizza

pizza პიცა

როცა სეირნობით დაიღლებით და მოგშივდებათ, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ, როგორც თვითონ უწოდებენ, ნიუ-იორკის პირველ პიცერიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატუსი  ბევრისთვის სადავოა, არავინ დავობს იმაზე, რომ ლომბარდიის თხელ, ხრაშუნა, შეშაზე გამომცხვარ ნეაპოლიტანურ პიცას ნიუ-იორკში ანალოგი არ აქვს. ეს პიცერია ე.წ. პატარა იტალიაში მდებარეობს, დიზაინითა და მომსახურებით დიდად არ გამოირჩევა და რესტორანს „ა-გრეიდი“ ალბათ ისტორიის ხათრით თუ მიანიჭეს, თუმცა პიცა მართლაც ძალიან გემრიელი გამოსდით.


big aLICe brewing


ცნობილი კოქტეილის სამშობლო - ლონგაილენდი ბევრი რამით გამოირჩევა - ჰემპტონის ძვირად ღირებული დასახლებებიდან დაწყებული, მსოფლიოში ცნობილი ვენახებით დამთავრებული, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ აქ ძალიან ბევრი ადგილობრივი  ლუდის მწარმოებელი იყრის თავს. ამიტომ, ვისაც ლუდი უყვარს და ჭეშმარიტად უნიკალური გემოს, კრაფტ ლუდის გასინჯვა სურს, ლოგაილენდში აუცილებლად მიდის. ერთ-ერთი ასეთი ადგილი Bigalicebrewing-ია, სადაც 40-მდე სხვადასხვა სახეობის ლუდს აწარმოებენ.  ეს არის ლუდის ქარხანა, რომელსაც წინ პატარა ბარი აქვს   გახსნილი. პანდემიის გამო ბარი დაკეტილი დამხვდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, კასრები გარეთ აქვთ გამოტანილი და ასე უმასპინძლდებიან სტუმრებს. 

 

კონი აილენდი და ბრაიტონ ბიჩი

coney island

როცა პირველად ჩავედი ნიუ-იორკში, ამ მიდამოებში ვცხოვრობდი, ამიტომ ნოსტალგიამ აქაც წამიყვანა. ბრაიტონი, ალბათ ყველამ იცით, ემიგრანტების დასახლებაა პოსტსაბჭოთა სივრციდან. მანჰეტენიდან საკმაოდ შორია - მეტროთი ასე საათ-ნახევარი; მანქანით ორმოცი წუთი, თუმცა პიკის საათის დროს შეიძლება სამი საათიც დაგჭირდეთ. ვინაიდან ქალაქი ნახევრად ცარიელი იყო, ორმოც წუთზე ნაკლები დამჭირდა. აქ შედარებით ნაკლებად იცავდნენ რეგულაციებს: ზოგს არ სჯერა ვირუსის არსებობის, ზოგს ჰგონია, რომ ხელოვნურად შექმნილი ვირუსია. უმეტესობას კი საერთოდ არ ეშინია ვირუსის, რადგან მათ მხარს საბჭოთა ე.წ. ბე-ცე-ჟე-ს აცრის „შრამი“ (ნიშანი) ამშვენებს.  აქ რუსული დამკვიდრებული ენაა, მაღაზიებში შეიძლება ინგლისურად ვერც კი გააგებინოთ რაიმე მომსახურე პერსონალს. 

ბრაიტონს ძალიან ლამაზი, ყვითელქვიშიანი პლაჟი აქვს, რომლის ბოლოშიც კონი აილენდის ცნობილი გასართობი პარკია.  პარკი დაკეტილია და ატრაქციონებიც არ მუშაობს, თუმცა საღამოს ძალიან კარგი სასეირნოა - ოკეანის სასიამოვნო ნიავი უბერავს. შეგიძლია ქვიშიან სანაპიროზე ისეირნო და ფეხებიც დაისველო. ხალხი ძალიან ბევრი იყო. თუმცა, მაინც ცდილობდნენ დისტანციის დაცვას.


დამბო 

dumbo
დამბო არის ადგილი მანჰეტენის ხიდისა და ბრუკლინის ხიდის ქვეშ, ბრუკლინის მხარეს. აქაც რამდენიმე მიტოვებული ქარხანა და საწარმოა, შენობებს შორის ხიდების ფრაგმენტები ჩანს, რაც ძალიან შთამბეჭდავია. აქ მზის ჩასვლისას უნდა მოხვიდეთ, გაისეირნოთ პატარა ქუჩებში, და ნელ-ნელა ჰადსონის სანაპიროსკენ გახვიდეთ, საიდანაც მანჰეტენის სკაილაინი ჩანს. მზის ჩასვლისას ნელ-ნელა ინთება მანჰეტენი და სანახაობაც საოცარია. 

თუ პანდემიის დროს ნიუ-იორკში შენც აღმოჩნდები და დღევანდელი რეგულაციები ამის შესაძლებლობას მოგცემს, გირჩევ ჩემი მარშრუტი გაიმეორო და გარწმუნებ,  სულ სხვანაირ ნიუ-იორკს იხილავ. 

ავტორი: ვაკო კირკიტაძე