facebook logo

ბლოგი

ვაქცინაციის მნიშვნელობა ბავშვებში

რატომ არის ბავშვთა ვაქცინაცია ასე მნიშვნელოვანი? 

ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხი ალბათ ასეთია:  უმჯობესია და გაცილებით მარტივიც დაავადების პრევენცია, ვიდრე მისი მკურნალობა. 

ვაქცინაციის მეშვეობით  შესაძლებელია თავიდან აირიდო ის დაავადებები და ინფექციები, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ რეგიონში   იყო  გავრცელებული, მათ შორის, წითელა, დიფტერია, ყივანახველა, წითურა (გერმანული წითელა), ყბაყურა, ტეტანუსი, როტავირუსი და სხვ. ვაქცინებმა წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანი გადაარჩინა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ხშირ შემთხვევაში ლეტალობისგანაც იხსნა. 

იმუნიტეტი გვიცავს დაავადებებისგან

იმუნიტეტი  ორგანიზმის საბრძოლო „იარაღია“  დაავადებების პრევენციის გზაზე. ბავშვები იბადებიან იმუნური სისტემით, რომელიც შედგება მთელ სხეულში განლაგებული უჯრედების, ჯირკვლების, ორგანოებისა და სითხეებისგან. 

იმუნური სისტემა ცნობს მიკრობებს, რომლებმაც სხეულში შეღწევა მოახერხეს „უცხოელი დამპყრობლების“ სახით  (მათ ანტიგენებს უწოდებენ) და მათთან საბრძოლველად გამოიმუშავებს ცილებს, რომლებსაც ანტისხეულები ეწოდება. 

და რა არის იმუნიტეტი? 

როცა ბავშვი პირველად ინფიცირდება სპეციფიკური ანტიგენით (მაგ.: წითელას ვირუსით) იმუნური სისტემა ისეთ ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რომელიც სწორედ მასთან საბრძოლველადაა შექმნილი. ამას კი დრო სჭირდება... როგორც წესი, იმუნური სისტემა იმდენად სწრაფად ვერ მუშაობს, რომ თავიდან აირიდოს დაავადების გამომწვევი ანტიგენის გააქტიურება, ამიტომაც, მიუხედავად ორგანიზმში იმუნური სისტემის არსებობისა, ბავშვი მაინც ავადდება. 

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ იმუნური სისტემა „იმახსოვრებს“ ანტიგენის ტიპს და წლების შემდეგაც კი, თუ კვლავ შემოაღწევს,   ორგანიზმს შეუძლია გამოიმუშაოს უკვე გადატანილი დაავადების საწინააღმდეგო  ანტისხეულები, თანაც საკმარისად სწრაფად, ისე რომ დაავადება არ განმეორდეს. თავდაცვის ამ გზას ეწოდება იმუნიტეტი. 

ალბათ, ყველა მშობელი ოცნებობს მიაკვლიოს გზას, რითაც  შეძლებს ბავშვს გამოუმუშაოს იმუნიტეტი, ისე რომ საამისოდ  მის პატარას დაავადების გადატანა არ დასჭირდეს. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ეს გზა მართლად არსებობს და მას ვაქცინაცია ეწოდება. 

ვაქცინა 

ვაქცინები შეიცავს  დაავადების გამომწვევ ანტიგენებს (ან ანტიგენების ნაწილს). მაგალითად, წითელას ვაქცინაში არის წითელას ვირუსი. თუმცა, ვაქცინებში შემავალი ანტიგენები ან უკვე მკვდარია, ან დასუსტებული, რათა დაავადება არ გამოიწვიოს.

თუმცა,  ანტიგენები საკმარისად ძლიერია  იმისათვის, რომ იმუნურ სისტემას ანტისხეულების გამოყოფა აიძულოს. შესაბამისად, ბავშვი არამოწყვლადი ხდება დაავადების მიმართ, ინფექციის გადატანის გარეშეც კი. ეს იმას  ნიშნავს, რომ ვაქცინაციის საშუალებით ბავშვებს უვითარდებათ იმუნიტეტი.  

დამატებითი ფაქტები

•    ახალშობილი ბავშვები იმუნურები არიან ბევრი დაავადების მიმართ, ვინაიდან მათ ორგანიზმშია ის ანტისხეულები, რომლებიც დედისაგან ერგოთ. თუმცა, ეს იმუნიტეტი ერთი წლის განმავლობაში ქრება. 
•    თუ აუცრელი  ბავშვის სხეულში მიკრობი შეიჭრა, დიდი ალბათობით მისი ორგანიზმი შესაძლოა არ იყოს საკმარისად ძლიერი დაავადების გასამკლავებლად. 
•    ბავშვების ინდივიდუალური იმუნიზაცია აფერხებს დაავადების გავრცელებას და შესაბამისად, ხელს უწყობს საზოგადოდ ჯანმრთელობის დაცვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის,  რომელთაც ვაქცინის გაკეთება  არ შეუძლიათ (მაგალითად, ბავშვები, რომლებსაც  ვაქცინაციისათვის განსაზღვრული ასაკი არ აქვთ, ან მათთვის,  რომლებიც  ვერ იღებენ გარკვეულ ვაქცინებს სამედიცინო მიზეზების გამო), ასევე  იმ მცირე ნაწილისთვის,  რომელთა ორგანიზმიც არ რეაგირებს კონკრეტულ ვაქცინაზე. 
•    დაავადებების ვაქცინაციის გზით თავიდან არიდება ასევე დადებითად აისახება  ფინანსურ დანახარჯებზეც. დაავადების თავიდან აცილებით ხომ ექიმთან ვიზიტის, ჰოსპიტალიზაციისა და მკურნალობის ხარჯებისგანაც თავისუფალი ხარ. 

ხოლო მათთვის, ვინც თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობს, ვაქცინაციაც ძალიან მარტივია და უმეტეს შემთხვევაში, სადაზღვევო ნაკრებით გათვალისწინებულიც.

 

ავტორი: ლიკუნა ხაზარაძე